21 ნოემბერს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა არ გამორიცხა, რომ რუსეთი ამ ოპერაციას დაიწყებს 2022 წლის იანვარში, ან თებერვალში. სააგენტო „ბლუმბერგის“ წყაროების თანახმად, რუსეთმა უკრაინაზე იერიში შესაძლოა დაიწყოს ბელარუსის ტერიტორიიდან, ან ანექსირებული ყირიმიდან, რასაც უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ.
ამ ინფორმაციას რუსეთის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილს უწოდებენ კრემლში და აცხადებენ, რომ ისევე, როგორც 2008 წელს საქართველოს ხელისუფლება, დასავლეთის წაქეზებით უკრაინა საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად თავად ემზადება.
რუსეთის საინფორმაციო ომი სრული არსენალით
რუსეთი თავის ხელთ არსებული საინფორმაციო და სადაზვერვო რესურსებით ცდილობს ისე წარმოადგინოს ვითარება, თითქოს უკრაინა ომისა და ქაოსისკენ თავად მიექანებოდეს, მისივე ხელისუფლებისა და დასავლელი პარტნიორების წყალობით.
„უკრაინას ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოედოს ალი ისე, რომ მილიონობით უკრაინელი სხვა ქვეყნებს მიაშურებს თავშესაფრისთვის“, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ასევე ნახეთ ნიკოლაი პატრუშევი: "უკრაინას ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოედოს ალი"ამ განცხადების დასამტკიცებლად პატრუშევს არ მოჰყავს არავითარი არგუმენტი. რუსი მაღალჩინოსანი უბრალოდ დარწმუნებულია, რომ ასეთი განვითარება გარდაუვალია იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც უკრაინაში და მის გარშემო დასავლეთის ქვეყნებმა შექმნეს. დასავლეთმა „უკრაინაში თავისი პროტექტორატი დაამყარა“ და „საზოგადოება უკანონობამდე მიიყვანა, მოსახლეობის ცალკეული ფენები კი - სიღატაკემდე“, აცხადებს პატრუშევი და დაასკვნის, რომ სოციალური პროტესტის თავიდან ასაცილებლად უკრაინის ხელისუფლებას თავად სჭირდება სამხედრო მოქმედებების პროვოცირება.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ეს შეფასება უმალვე აიტაცა და განავრცო რუსეთის საგარეო დაზვერვამ, რომლის ანგარიშის თანახმად, აშშ და ევროკავშირი კიევს მიზანმიმართულად უძლიერებენ ყველაფრის უფლების ქონის და დაუსჯელობის განცდას, საერთაშორისო საზოგადოების დეზინფორმირების მიზნით კი სახელმწიფო დეპარტამენტი დიპლომატიური არხებით აწვდის თავის პარტნიორებსა და მოკავშირეებს „სრულიად მცდარ“ ინფორმაციას რუსეთის ტერიტორიაზე ჯარის კონცენტრირების შესახებ, უკრაინაში შესაჭრელად.
„განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს აშშ-ისა და ევროკავშირის პროვოკაციული პოლიტიკა, რომელიც კიევს უმყარებს ყველაფრის უფლების ქონის და დაუსჯელობის განცდას. მსგავსი სიტუაცია ვიხილეთ საქართველოში, 2008 წლის მოვლენების წინ. მაშინ მ. სააკაშვილმა "ჯაჭვიდან აიწყვიტა" და შეეცადა რუსეთის მშვიდობისმყოფელების და სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო მოსახლეობის განადგურებას. მას ეს ძვირად დაუჯდა“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის უწყების განცხადებაში.
ასევე ნახეთ რუსეთის საგარეო დაზვერვა ერთმანეთს ადარებს უკრაინის და 2008 წლის საქართველოს მოვლენებსროგორც საბჭოთა კავშირის, ისე მისი სამართალმემკვიდრე რუსეთის მხრიდან ასეთი მასირებული საინფორმაციო ომის ტაქტიკა კარგად არის ცნობილი სამხედრო ექსპერტებისათვის. ისინი დარწმუნებული არიან, რომ საქართველოსთან შედარება შემთხვევითი არ არის და კრემლი შესაძლოა ამჯერადაც ამზადებდეს ნიადაგს საომარი მოქმედების დაწყების გასამართლებლად.
„დიდი ანგარიშით, ეს ორი სიტუაცია ამა თუ იმ ნიშნით მართლაც ჩამოჰგავს ერთმანეთს. მაგრამ როგორია ამ მსგავსების განმარტება? მსგავსება მდგომარეობს იმაში, რომ როგორც მაშინ (საქართველოს შემთხვევაში), ისე ახლაც, რუსეთი ცდილობს დაასაბუთოს შესაბამის მიმართულებებზე თავისი ჯარების კონცენტრაცია, შემდეგ კი მოიძებნება საბაბი კაზუს ბელისთვის (ომისათვის). ეს ძალიან ცნობილი ისტორიული მეთოდია, რომელსაც რუსეთი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმართავს. იგი თავის დროზე ფინეთის წინააღმდეგ ომის დროს გამოიყენა საბჭოთა კავშირმა, ხოლო ახლა საბრძოლო მოქმედებებისა და შესაბამისი პროვოკაციების განსახორციელებლად ამ მეთოდს მიმართავს რუსეთი. გამოიყენებოდა იგი დნესტრისპირეთშიც და საქართველოშიც, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, და აქ, უკრაინაშიც. ამიტომ გამოიყენება პროპაგანდა და საინფორმაციო უზრუნველყოფა... იმ ჰიბრიდულ ომში, რომელიც ახლა მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის, საინფორმაციო მდგენელი ძალიან მნიშვნელოვანია და ის სრული მასშტაბით ხორციელდება რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან და მასზე კოლოსალური ფული იხარჯება“, - უთხრა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ რომანენკომ რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივ რუსულენოვან პროექტ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“.
უკრაინელი მაღალჩინოსანი ადასტურებს დასავლეთისა და უკრაინის დაზვერვების ცნობებს, რომ მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესიის შემთხვევაში რუსეთი არა მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინის საზღვართან და დროებით ოკუპირებულ ყირიმში კონცენტრირებულ დაჯგუფებებს აამოქმედებს, არამედ შესაძლოა გამოიყენოს ასევე დნესტრისპირეთში დისლოცირებული რუსული არმია და გარკვეული ძალა ჩრდილოეთიდან, ანუ ბელარუსის მიმართულებიდანაც გადმოისროლოს.
რუსეთი გაფართოვდება: ვლადისლავ სურკოვის ჰიპოთეზა
აშშ-ის მედიაში უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ცნობებით, ამერიკის დაზვერვას სავარაუდოდ მიაჩნია უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრა. მოსკოვმა იერიში შეიძლება დაიწყოს ბელარუსის ტერიტორიიდან და ანექსირებული ყირიმიდან, აცხადებენ Bloomberg-ის წყაროები. ვარაუდობენ, რომ იერიშში მონაწილეობას მიიღებს 100 ჯგუფი, საერთო ჯამში, 100 ათასამდე ჯარისკაცი. უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის საფრთხის შესახებ ოფიციალური კიევიც აცხადებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი მიიჩნევს, რომ ინტერვენცია შეიძლება 2022 წლის იანვარში ან თებერვალში დაიწყოს.
სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნის თქმით, სავარაუდო თავდასხმა მოიცავს საარტილერიო და საავიაციო დარტყმებს, რომელსაც მოჰყვება სადესანტო ძალების იერიში აღმოსავლეთ უკრაინაზე, ასევე ოდესასა და მარიუპოლზე. ბუდანოვის თქმით, რუსეთის მიერ წლის დასაწყისში ორგანიზებულმა მასშტაბურმა სამხედრო წვრთნამ „დასავლეთი 2021“, ცხადყო, რომ რუსეთს ერთდროულად სამხედრო-საჰაერო და სპეციალური ოპერაციის ძალების 3500-ზე მეტი მებრძოლის გადასროლა შეუძლია.
ასევე ნახეთ უკრაინის დაზვერვის ცნობით, 2022 წლისთვის რუსეთი აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადებაინტერვენციის საფრთხის გარდა, დასავლეთის მედიაში ლაპარაკია იმაზე, რომ რუსეთი შეეცდება ქვეყანაში დათესოს ქაოსი, რომელსაც შესაძლოა უკრაინის ხელმძღვანელობის პრორუსულით შეცვლა მოჰყვეს.
ნიშანდობლივია, რომ რუსეთის მხრიდან მორიგ აგრესიაზე საუბარს დაემთხვა კრემლის ყოფილი „რუხი კარდინალის“, ვლადისლავ სურკოვის ანალიტიკური სტატიის გამოქვეყნება.
პუტინიზმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის პოლიტიკური ტრაქტატის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა დიდმა და ძლიერმა სახელმწიფომ თავის მეზობელს ქაოსი უნდა დაატეხოს თავს, ხოლო რუსეთი კვლავ გაფართოვდება, რაც, სურკოვის თქმით, ფიზიკური კანონზომიერებაა.
„ჯერჯერობით სამყარო ტკბება თავისი მრავალპოლარულობით, პოსტსაბჭოთა ნაციონალიზმისა და სუვერენიტეტების აღლუმით. მაგრამ შემდგომ ისტორიულ ციკლში დღეს დავიწყებული გლობალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია დაბრუნდება და ამ ბუნდოვან მრავალპოლარულობას დაფარავს. და მსოფლიოს ახალი მიწების (უფრო ზუსტად, სივრცეების) შეგროვებიდან თავის წილს მიიღებს რუსეთი, რომელიც, როგორც ერთ-ერთი იშვიათი გლობალიზატორი, კვლავ დაამტკიცებს თავის სტატუსს, როგორც ეს ხდებოდა მესამე რომისა თუ მესამე ინტერნაციონალის ეპოქებში. რუსეთი გაფართოვდება არა იმიტომ, რომ ეს კარგია და არა იმიტომ, რომ ეს ცუდია, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ფიზიკა“, - წერს სურკოვი.
ეს მისი პირველი პუბლიკაციაა მას შემდეგ, რაც 2020 წლის დასაწყისში ვლადიმირ პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ასევე ნახეთ ვლადიმირ პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ვლადისლავ სურკოვიაღსანიშნავია, რომ პუტინის ამ გადაწყვეტილების მიზეზად კრემლის კულისებში „უკრაინასთან დაკავშირებით კურსის ცვლილება“ დასახელდა.
სურკოვს მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში რუსეთის მხრიდან. პრეზიდენტის თანაშემწის პოსტზე იგი გარკვეული ხნის განმავლობაში ასევე კურირებდა კრემლის პოლიტიკას ოკუპირებულ აფხაზეთში და პირადად მონაწილეობდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში, რასაც შედეგად მოჰყვა პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბის გადადგომა და ახალი არჩევნების დანიშვნა.
ასევე ნახეთ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ინსპექცია აფხაზეთშიასევე ნახეთ
ელის თუ არა უკრაინას 2014 წლის კონფლიქტის განმეორება?ნიკ კარტერი: შეცდომას შეიძლება რუსეთსა და დასავლეთს შორის ომი მოჰყვესლოიდ ოსტინი და უკრაინა-საქართველოს სამხედრო დახმარების საკითხი