2022 წლის თებერვალში რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი აგრესიის პასუხად აშშ-მა და ევროკავშირმა გაამკაცრეს რუსეთში ისეთი ტექნოლოგიის ექსპორტზე კონტროლი, რომელთა გამოყენება როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო დანიშნულებით შეიძლება.
მიუხედავად დასავლეთის მცდელობისა, რომ ხელი შეუშალოს ცენტრალური აზიის სახელმწიფოების გავლით რუსეთში ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტს, როგორც რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, ყირგიზული და ყაზახური კომპანიები ასეთ პროდუქციას კვლავაც უხვად აწვდიან კრემლის სამხედრო მანქანასთან დაკავშირებულ სამხედრო ფირმებს.
მოსკოვის ეგიდით მოქმედი ევრაზიული კავშირის წევრი ყირგიზეთსა და ყაზახეთის მეშვეობით რუსეთი იღებს ისეთი ამერიკული გიგანტების ელექტრონულ მოწყობილობას, როგორიც არის Texas Instruments-ი და Analog Devices-ი. ამ პროდუქციის კომპონენტები აღმოჩნდა იმ ტექნიკასა და შეიარაღებაში, რომელსაც რუსეთის არმია უკრაინაში იყენებს.
ორმაგი დანიშნულების პროდუქცია ციფრებში
საბაჟო მონაცემების შესწავლით გამოვლინდა, რომ ყირგიზულ და ყაზახურ კომპანიებს რუსეთში გააქვთ მიკროჩიპები, სატელეკომუნიკაციო მოწყობილობი და სხვადასხვა ისეთი ელექტრონული კომპონენტი, რომელთა ანალოგებსაც უკრაინელი სამხედროები რუსულ რაკეტებში, ტანკებში, დრონებში, შვეულმფრენებსა და რადიოსისტემებში პოულობენ.
ძნელია იმის დადგენა, თუ რას უკეთებენ ამ კომპონენტებს, როდესაც ისინი რუსი კლიენტების ხელში ხვდება, ვინაიდან რუსეთის ძალოვანი სტრუქტურებისათვის მიწოდებული ორმაგი დანიშნულების საქონლის შესახებ ცნობები გასაიდუმლოებულია.
მაგალითისთვის, 2022 წლის დეკემბრის მხოლოდ ერთ დღეს ყაზახეთის კომპანია „ელტექსალატაუმ“ რუსეთში გაგზავნა ორმაგი დანიშნულების ელექტრონიკის სულ მცირე 100 პარტია, რომელიც, კიევის ცნობით, რუსეთის არმიის მიერ უკრაინაში გამოიყენება.
კერძოდ, რუსეთში გაიგზავნა სხვადასხვანაირი ჩიპები, რომლებიც რუსეთის ტანკებზე დამონტაჟებული ღამის ხედვის მოწყობილობებში გამოიყენება. ამასთან, კომპანიის რუსული ფილიალის ოფიციალური პარტნიორი თავის მუდმივ შემკვეთად ასახელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და უშიშროების ფედერალურ სამსახურს (ეფ-ეს-ბეს).
საყურადღებოა ასეთი რიცხვებიც. 2002 წელს ყაზახეთის მიერ იმპორტირებული კომპიუტერების მოცულობამ 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელს იმპორტირებულ ანალოგიურ პროდუქციაზე შვიდჯერ მეტია. თანაც 310 მილიონი ევროს ევროკავშირიდან განხორციელებულ იმპორტზე მოდის. საყურადღებოა, რომ ამავე პერიოდში ყაზახეთიდან რუსეთში იმავე პროდუქციის ექსპორტის მოცულობა 300 მილიონი დოლარით გაიზარდა, რაც 2300 ერთეულით მეტია წინა წელთან შედარებით ექსპორტირებულ კომპიუტერებზე.
გაეროს მონაცემებით, 2021 წელს ყირგიზეთს საერთოდ არ განუხორციელებია თვითმფრინავებისა და დრონებისათვის საჭირო დეტალების იმპორტი. მაგრამ 2022 წელს დასავლეთიდან, ძირითადად აშშ-დან, ყირგიზეთში შეიტანეს 3,5 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია, ამავე პარტიიდან 1,5 მილიონი დოლარის მოცულობის საქონელი კი რუსეთში იქნა ექსპორტირებული
ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიის მიწოდებით დაკავებული ზოგიერთი კომპანიის საბაჟო და კორპორაციული მონაცემების ანალიზით და ასევე, რუსეთის შეიარაღებაში აღმოჩენილი დასავლეთის ელექტრონიკის შესახებ უკრაინის დაზვერვის მიერ მოწოდებული ცნობებით აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ასეთი კომპანია რუსეთის მსხვილ სამხედრო-სამრეწველო ცენტრში, იჟევსკშია დარეგისტრირებული და უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სულ რამდენიმე თვეში დაფუძნდა. რადიო თავისუფლების ჟურნალისტებმა ვერ აღმოაჩინეს მონაცემები, რომელიც მიუთითებდა, რომ ეს კომპანია წარმოადგენს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიმწოდებელს, მაგრამ მისი დირექტორი, კარატეში ყოფილი ინსტრუქტორი, ადრე მუშაობდა სწორედ იჟევსკის ქარხანაში, რომელიც, ამერიკის ხელისუფლების მტკიცებით, „რუსეთის არმიისთვის ტექნოლოგიებისა და საქონლის გამოშვებით არის“ დაკავებული.
ამ კომპანიის მთავარი სასაქონლო პარტნიორი, საბაჟო დოკუმენტების თანახმად, ელექტროსაქონლის ექსპორტიორი ყირგიზული ფირმაა, რომელიც რუსეთის ინტერვენციიდან რამდენიმე კვირაში დაფუძნებულა.
სხვა შემთხვევებში ელექტრონიკის რუსი მიმწოდებლები ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტს ყაზახი პარტნიორების მეშვეობით ახორციელებდნენ.
მსხვილი რუსული კომპანია ITC-ი, რომელიც პროდუქციას სხვადასხვა სამხედრო-სამრეწველო კომპანიას აწვდის, აშშ-ისა და უკრაინის სანქციების ქვეშაა. საბაჟო დოკუმენტებით ჩანს, რომ კომპანია ITC-მა ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ყაზახური კომპანიისათვის მიწოდების პროცესში ჩააბა ლატვიური ლოგისტიკური კომპანია, ხოლო თავად ყაზახური კომპანია ITC-ის მიერ წლების წინ დაარსებული აღმოჩნდა.
რიგ შემთხვევაში კი ყირგიზული და ყაზახური ფირმების გავლით აშშ-დან და ევროპიდან იმპორტირებული ორმაგი დანიშნულების საქონელი, ცენტრალური აზიის გვერდის ავლით პირდაპირ ეგზავნება მიმღებ რუსულ კომპანიას.
„ფული და სახელშეკრულებო დოკუმენტები ბიშკეკიდან მოდის. საქონელი მიდის პირდაპირი გზით რუსეთში“, -უთხრა რადიო თავისუფლებას ანდრეიმ, იმ ყირგიზული კომპანიის წარმომადგენელმა, რომლის საიტიც კლიენტებს აშშ-დან და ევროკავშირიდან საქონლის ექსპორტთან დაკავშირებულ მომსახურებას სთავაზობს.
ამერიკულ-ევროპული კომპონენტებით აღჭურვილი რუსული ჯავშანტრანსპორტიორები
უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვეში უკრაინაში, ფოტო და ვიდეოკადრებმა აღბეჭდეს ხარკოვის ქალაქ კუპიანსკის ქუჩებში მოძრავი რუსული ჯავშანმანქანა БМП-1АМ „ბასურმანინი“. როგორც გაირკვა, ამ ტიპის ჯავშანმანქანები აღჭურვილი ყოფილა რადიოსადგურ „აკვედუკით“, რომელიც ბრძოლის ველზე დაცულ კავშირს უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ რადიოსადგურები რუსული წარმოებისაა, მათში ფართოდ გამოიყენება ამერიკული და ევროპული კომპანიების: Texas Instruments-ის, Atmel-ისა და Xilinx-ის მიერ იმპორტირებული ელექტრონიკა.
უკრაინის დაზვერვამ „აკვედუკში“ აღმოაჩინა ასევე მასაჩუსეტსის შტატში მდებარე კომპანია Analog Device-ის მიერ გამოშვებული საოპერაციო გამაძლიერებელი.
ერთი თვის თავზე მას შემდეგ, რაც უკრაინაში „ბუსურმანინი“ შენიშნეს, იმავე პერიოდში შექმნილმა ყირგიზულმა კომპანიამ (RM Design and Development) ანალოგიური გამაძლიერებლები AD822 მიაწოდა რუსულ კომპანიას, რომელიც სამხედრო დანიშნულების სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობით არის დაკავებული.
უცნობია, აღმოჩნდა თუ არა რუსულ შეიარაღებაში კონკრეტულად სწორედ ამ პარტიის გამაძლიერებლები, მაგრამ 2002 წლის მარტში ბიშკეკში დაფუძნებულმა კომპანია RM Design and Development-მა რუსეთს ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ასეულობით პარტია მიაწოდა.
2022 წლის მაისში კი კომპანია RM Design and Development-მა კომპანია Analog Devices-ის მიერ წარმოებული გამაძლიერებლები რუსულ კომპანია „მიკროხელსაწყოს“ მიაწოდა. აღნიშნული კომპანია კი მოკლე ხნის წინ იყო შექმნილი ზემოხსენებულ ქალაქ იჟევსკში, რომელიც რუსეთის „იარაღის დედაქალაქად“ ითვლება. კერძოდ, ამ ქალაქში იწარმოება ცნობილი რუსული „კალაშნიკოვის“ ფირმის ავტომატები.
როგორც რადიო თავისუფლების ჟურნალისტური მოკვლევით ირკვევა, გასულ წელს RM Design and Development-მა კომპანია „მიკროხელსაწყოს“ 300-ზე მეტჯერ მიაწოდა ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, რომელიც აშშ-ის სანქციათა სიაში ფიგურირებს, როგორც „მაღალპრიორიტეტული“ იმის გამო, რომ ასეთი პროდუქცია რუსეთის შეიარაღებაში გამოიყენება.
რუსული ძირების მქონე ყაზახური ფირმები
2022 წელს, უკრაინის საზღვაო ქალაქ მარიუპოლის თითქმის სამთვიანი ალყის განმავლობაში რუსეთის არმია აქტიურად იყენებდა თავის ძირითად T-72Б3М-ის მოდიფიკაციის ტანკს. ცნობილ ტანკ Т-7-ის ეს მოდერნიზებული ვერსია რუსეთის არმიის მიერ ფართოდ გამოიყენება უკრაინაში. გასული წლის დეკემბერში ამ ტანკის მწარმოებელმა კომპანია „ურალვაგონზავოდმა“ განაცხადა, რომ ამ ტანკების ახალი პარტია გადასცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს.
თავის მხრივ, ტანკი Т-72Б3М-ი აღჭურვილია სამიზნე „სოსნა-უ“-თი, რომელშიც, როგორც ჯავშანტრანსპორტიორ „ბუსურმანინის“ ოპტიკურ სამიზნე „აკვედუკში“, ფართოდ გამოიყენება დასავლური ელექტრონიკა. კერძოდ, უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი ტანკების მოდელებში აღმოჩნდა ამერიკული კომპანია Analog Devices-ის მიერ წარმოებული ორარხიანი ტრანსივერები.
2022 წლის დეკემბრის დასაწყისში, ანუ იმავე პერიოდში, როდესაც რუსეთის არმიამ ზემოხსენებული ტანკების ახალი პარტია მიიღო, ალმატიში მდებარე კომპანიამ რუსეთს მიაწოდა არაერთი სახეობის ორმაგი დანიშნულები პროდუქცია, რომელიც, ევროპელი ექსპერტების მტკიცებით, რუსეთის სამხედრო მანქანის მხარდასაჭერად გამოიყენება.
რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში არ არის მითითებული ამერიკული წარმოების ტრანსივერებისა და სხვა ორმაგი დანიშნულების საქონლის მიმღები; გამგზავნად კი მითითებულია ყაზახური კომპანია „ელტექსალატაუ“, რომელიც რუსული სატელეკომუნიკაციო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „ელტექსის“ ოფიციალური პარტნიორია. კიდევ ერთი ოფიციალური პარტნიორი კომპანია „ელტექს-მსკ“, თავის ოფიციალურ საიტზე აცხადებს, რომ მისი მუდმივი კლიენტები არიან: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, ეფ-ეს-ბე და სახელმწიფო დაცვის სამსახური.
ახალი სანქციების ძველი სამიზნე
რადიო თავისუფლება კომენტარისთვის ყირგიზეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტების ადმინისტრაციებს დაუკავშირდა, მაგრამ ამ მასალის გამოქვეყნებამდე მათგან პასუხები ვერ მიიღო.
ამასთან, ამ კვირაში ასტანაში ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა „საერთაშორისო ბაზარზე მიღებულ ყველა წესს“ იცავს.
"რაც შეეხება რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის ე.წ. ექსპორტს, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს", - განაცხადა ტოყაევმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რას მიიჩნევს სიცრუედ.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, თავის მხრივ, 20 ივნისს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ბრიუსელი და ასტანა მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა რუსეთმა დასავლეთის სანქციებს თავი ვერ აარიდოს.
"ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ყველა შესაძლო ძალისხმევა, რათა თავიდან ავიცილოთ სანქციებისგან თავის არიდება. ჩვენი მოლაპარაკების დროს მოვისმინეთ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ყაზახეთის და ევროკავშირის შესაბამისი უწყებები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან", - განაცხადა შტაინმაიერმა.
ასტანაში შტაინმაიერის მიერ გამართული ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე. როგორც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარემ, შვედეთმა განაცხადა, დოკუმენტში ხაზგასმულია „სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე“.
კერძოდ, პაკეტში შედის ზომები, რომლებიც მიმართულია უკვე არსებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის წინააღმდეგ, ასევე ფართოვდება სანქციების ადრესატი ფიზიკური და იურიდიული პირების სია.
წინასწარი მონაცემებით, სანქციები შეეხება 70 პირს, მათ შორის მათ, ვინც დაკავშირებული იყო უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციასთან, და 30 კომპანიას. სიები პარასკევს გამოქვეყნდება.
ასევე ნახეთ ევროპულმა საბჭომ უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების მე-11 პაკეტი დაუწესა რუსეთსროგორც BBC აღნიშნავს, დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ უკვე შემოიღო ყოვლისმომცველი ფინანსური და სავაჭრო სანქციები და ახლა უფრო იმაზეა კონცენტრირებული, თუ როგორ სრულდება ეს სანქციები და არ ცდილობს ახალი შეზღუდვების გამონახვას.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 21 ივნისს განაცხადა, რომ ახალი სანქციები კრემლის მხარდამჭერი ორგანიზაციებისადმი მიმართული საექსპორტო შეზღუდვების გამკაცრებით, კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებს პუტინის სამხედრო მანქანას.
„ჩვენი ინსტრუმენტი არ დაუშვებს, რომ რუსეთმა სანქციების გვერდის ავლით ხელთ იგდოს სანქცირებული საქონელი“, - წერს ფონ დერ ლაიენი თავის ტვიტერში.