რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მრავალი წელი ითხოვდა ტრეტიაკოვის გალერეაში დაცული ანდრეი რუბლიოვის „წმინდა სამების“ ხატის ეკლესიისათვის გადაცემას, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება ბოლო დრომდე ითვალისწინებდა გალერისტების, ხელოვნებათმცოდნეებისა და რესტავრატორების პოზიციას და უარს ამბობდა მოსკოვის საპატრიარქოსთვის ხატის გადაცემაზე.
XV საუკუნის შედევრის მუზეუმიდან გატანის წინააღმდეგი იყო ტრეტიაკოვის გალერეის ყველა ყოფილი დირექტორი, თუმცა 2022 წლის თებერვალში გალერეის დირექტორად დაინიშნა ელენა პრონიჩევა, რომლის მამა არმიის გენერალი ვლადიმირ პრონიჩევი მრავალი წლის განმავლობაში იკავებდა მაღალ თანამდებობებს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში (იყო ფე-ეს-ბეს დირექტორის მოადგილე, საზღვრის დაცვის ფედერალური სამსახურის უფროსი და ა.შ.).
გალერეის ახალ ხელმძღვანელს არ გაუპროტესტებია რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, დაუბრუნდეს ეკლესიას რუბლიოვის „სამება“, რომელიც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლია და სავალალო მდგომარეობის გამო განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს.
რუბლიოვის „სამების“ ისტორია ძალიან ჰგავს ანჩისხატის ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ეკლესიაში გადატანის მრავალწლიან მოთხოვნას.
ასევე ნახეთ მღელვარება ანჩისხატის გამო - საპატრიარქო ადასტურებს, რომ მისი მიზანი ხატის ეკლესიისთვის დაბრუნებაარუსი ხელოვნებათმცოდნეების ნაწილი მიიჩნევს, რომ პუტინის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია როგორც უკრაინასთან წარუმატებელმა ომმა, ასევე ომის მხარდაჭერაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალმა ჩართულობამ, რასაც ე.წ. ჩეკისტური მართლმადიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებად მიიჩნევენ.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური ვებსაიტი იუწყება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო „მართლმადიდებელი მორწმუნეების არაერთი თხოვნის პასუხად".
მოსკოვის საპატრიარქოს თქმით, რუბლიოვის სამებას ერთი წლის განმავლობაში დაასვენებენ მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში „საერთო სახალხო თაყვანისცემისთვის, მოგვიანებით კი, ხატი სამუდამოდ განთავსდება ღირსი სერგი რადონეჟელის სამების საკათედრო ტაძარში“.
მოსკოვის საპატრიარქოს კულტურის საბჭოს თავმჯდომარემ, ტიხონ შევკუნოვმა განაცხადა, რომ პრიორიტეტული იქნება მუზეუმის მოთხოვნა „რუბლიოვის სამების“ შენახვის წესებთან დაკავშირებით. „ტაძარსა და ხატს შესაბამისად მოვამზადებთ“, - უთხრა მან საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტის“.
ტრეტიაკოვის გალერეის ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, პუშკინის სახელობის მუზეუმის დირექტორმა ელიზავეტა ლიხაჩოვამ არ დამალა, რომ რუბლიოვის „სამების“ ეკლესიაში გადატანა შეიცავს მსოფლიოს კულტურისთვის უმნიშვნელოვანესი შედევრის დაკარგვის სერიოზულ რისკს.
„ის შეიძლება უბრალოდ დაიკარგოს, შეიძლება ნაწილებად დაიშალოს: იქ არის დაფები, რომლებიც ცუდად არიან ერთმანეთზე მიმაგრებული. ამასთან ეს ხატი არასოდეს ყოფილა წარმოდგენილი როგორც სასწაულმოქმედი ხატი. რუბლიოვის "სამება" - ეს არის რუსეთის მთავარი წვლილი ქრისტიანულ იკონოგრაფიაში არა რელიგიური, არამედ ხელოვნების მნიშვნელობის თვალსაზრისით“, - განაცხადა ელიზავეტა ლიხაჩოვამ.
„დაფები დეფორმირებულია და მათი შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ უცვლელი პირობების დაცვით. იგივე ეხება გრუნტისა და საღებავის ფენის მყიფე და მოძრავ სისტემას. ნებისმიერი მოქმედების შემდეგ ისინი იშლება, იქერცლება და იფშვნება. ხატის შენარჩუნება შესაძლებელია ოპტიმალური ტენიანობისა და ტემპერატურის პირობებში,“- განმარტა ხელოვნების ისტორიკოსმა ქსენია კორობეინიკოვამ, რომლის თქმითაც, სპეციალისტების ძალისხმევამ, ათწლეულებით დაკვირვებამ, საგულდაგულო შესწავლამ, კონსერვაციამ და რესტავრაციამ შესაძლებელი გახადა ძეგლის მდგომარეობაში უკიდურესად მყიფე წონასწორობის მიღწევა, რაც იოლად შეიძლება დაირღვეს არასამუზეუმო პირობებში.
პაველ კუდიუკინიც, რუსი პოლიტიკოსი და ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქომ სერიოზულად მოჰკიდა ხელი კულტურული ფასეულობების მითვისებასა და, დიდი ალბათობით, მათ შემდგომ განადგურებას:
„ეს განსაკუთრებით საშინელებაა რუბლიოვის „სამებასთან“ დაკავშირებით, რადგან კანონიკური თვალსაზრისით, გადაწერილ ხატს (ასლს) იგივე ძალა აქვს, რაც ორიგინალს. ჯერ კიდევ შარშან შედევრის დროებითმა გატანამ სერიოზული ზიანი მიაყენა მას. „საერთო სახალხო თაყვანისცემა“ მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ანდრეი რუბლიოვის ქმნილების განადგურებისკენ. არც კი ღირს იმაზე ლაპარაკი, რომ ტაძრის პირობებში მკვეთრად შემცირდება „სამების“ ხილვის ხელმისაწვდომობა“.
რუსი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი ბორის ვიშნევსკი ამბობს, რომ ფედერალური კანონი საერთოდ კრძალავს რუსეთის ფედერაციის მუზეუმის ფონდის შემადგენლობაში შემავალი ექსპონატების რელიგიური ორგანიზაციებისთვის გადაცემას.
„შეუძლებელია, რომ მასში „სამება“ არ შედიოდეს. თუ ასეა, ვერც ერთი პრეზიდენტი ვერავის ვერაფერს გადასცემს“, - ამბობს პოლიტიოლოგი.
მხოლოდ რელიგიური თაყვანისცემისთვის
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, პუტინის გადაწყვეტილება მოიწონეს რუსეთის მმართველი პარტიის ლიდერებმა, მათ შორის კულტურის პოლიტიკაზე პასუხისმგებელმა პირებმა. ელენა იამპოლსკაიამ რუსეთის სახელმწიფო დუმის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ არსებობენ გენიალური ნამუშევრები, რომლებიც შექმნილია არა მზერის დასატკბობად, არამედ თაყვანისცემისთვის, ანდრეი რუბლიოვის „სამება“ კი სწორედ ერთ-ერთი ასეთი ნამუშევარია.
„უღრმესი მადლობა მუზეუმის მუშაკთა რამდენიმე თაობას, რომლებმაც შეინარჩუნეს ჩვენი სულიერი მემკვიდრეობა. კიდევ ერთი მადლობა სიბრძნისთვის, რომ არ გაწვნენ გზაზე და არ დაიწყეს იმის გარჩევა, თუ ვის მეტი უფლება აქვს მასზე. ასმაგად დაჯილდოვდებიან, ამის გულწრფელად მჯერა. საერთოდ, რეალობის დაბრუნება პირვანდელ ჩანაფიქრში, გამრუდებულის გასწორება - სამადლო საქმეა და ყველას მატებს ძალას“, - განაცხადა ელენა იამპოლსკაიამ.
იგორ ხოლმოგოროვი, რუსული პროპაგანდისტული არხის „Russia Today“-ის მიმომხილველი კი ლაპარაკობს ხატის პატიმრობიდან დახსნაზე, რომ ანტიეკლესიური მედიისა და „ხელოვნების ისტორიკოსების“ ჩხავილის მიუხედავად, ღვთის ნებით მოქმედმა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნა უდიდესი სალოცავი:
„არაა საჭირო თვალთმაქცობა „საღებავი დაიშლება, ხატი დაიღუპება“ და ა.შ. ჯერ ერთი, თუ გულწრფელად გვწამს, უნდა ვიცოდეთ, რომ უფალი არ დაუშვებს არაფერს ისეთს, რაც მისი სურვილი არ არის. მეორეც, როგორც განათლებულმა ადამიანებმა, ვიცით, რომ ხატის უმეტესი ნაწილი არსებითად ხელახლა შექმნა რესტავრატორმა გრიგორი ჩირიკოვმა და, რომ ამ ხატში მთავარია არა "ნამდვილი რუბლიოვი", არამედ ის, რომ ეს არის სამების ლავრის საკათედრო ხატი. დიდი რელიგიური ხელოვნება დიდია ზუსტად იმიტომ, რომ ის ღმერთს ემსახურება. შეუძლებელია ესთეტიკურმა ფუნქციამ გადაფაროს საკრალური. ღმერთის მსახურების გარეშე ჩვენ და ჩვენი ხატები მხოლოდ მოხატული დაფები ვართ“.
რა მდგომარობაში მოხვდა მუზეუმში რუბლიოვის ხატი?
ბიბლიის მკვლევარი, პროფესორი ანდრეი დესნიცკი იხსენებს 100 წლის წინანდელ ამბავს იმაზე, თუ როგორ გადაარჩინეს რუბლიოვის „სამება“ მუზეუმის მუშაკებმა და რესტავრატორებმა მე-20 საუკუნის დასაწყისში, როცა რუბლიოვის შედევრი ჯერ კიდევ არ იყო სათანადოდ დაფასებული, რადგან დაფარული იყო მასიური მოჭედილობით და განახლებული - პალეხის მინიატიურის სტილში.
„როგორც ჩანს, ისტორია მეორდება“, - ამბობს პროფესორი დესნიცკი.
რუსი ხელოვნებათმცოდნეების თქმით, რუბლიოვის „სამება“ საღებავის სამი ფენით იყო დაფარული და, შესაბამისად, ხატში თავად რუბლიოვისა თითქმის აღარაფერი იყო.
„პირველი რესტავრაცია ფაქტობრივად რეანიმაციული ღონისძიება იყო, რომელმაც შედევრი კვდომისგან იხსნა. მხოლოდ მეორე რესტავრაციამ დააბრუნა საკუთრივ რუბლიოვი. მარტივად რომ ვთქვათ, ყოფილი მფლობელი მსოფლიო შედევრს ისე ეპყრობოდა, როგორც მოეპყრობოდა ახალი რუსი ოლიგარქი თავის აუზში ბეტონის საყრდენზე მიქელანჯელოს „დავითი“ რომ შემოედგა. ახალმა მფლობელმა გადაარჩინა შედევრი, შექმნა პირობები მისი მომავალი თაობებისთვის გადასაცემად და ყველას მისცა შესაძლებლობა შეხებოდა ხელოვნების ამ ძეგლს. ცხადია, შეხებოდა არა ხელით, არამედ თვალებით - მუზეუმში“, - განმარტა ბლოგერმა ანატოლი ნესმიანმა, რომლის თქმითაც, არსებობს „სამების“ ეკლესიისათვის დროებით გადაცემის სავალალო გამოცდილებაც: „ხატი ფაქტობრივად ხელახლა გახდა გადასარჩენი, რადგან რესტავრატორებმა მასზე 61 მიკროდაზიანება დათვალეს. ანუ - ყოფილმა მფლობელმა გაკვეთილიდან სწორი დასკვნა ვერ გამოიტანა და განსაკუთრებული ღირებულების საგანს ისე მოეპყრო, როგორც ყოველთვის ეპყრობოდა - მომხმარებლურად“.
რა ამოძრავებს პუტინს?
რუსეთში გაიხსენეს, რომ რუბლიოვის „სამებამდე“ რუსეთის ხელისუფლებამ ეკლესიას ასევე გადასცა ალექსანდრე ნეველის ლუსკუმა, რაზეც პოლიტიკოსმა ნიკოლაი ტრავკინმა იხუმრა, ბარემ კულტურის მთელი სამინისტრო გადავცეთ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასო.
რუსი კინოკრიტიკოსი და კინოფესტივალების ორგანიზატორი ვიაჩესლავ შმიროვი კი მიიჩნევს, რომ რუბლიოვის ქმნილება „არ შეიძლება მხოლოდ მორწმუნეებს ეკუთვნოდეს. „სამება“ ყველა ადამიანს ეკუთვნის. მომხდარი ვანდალიზმისა და ქურდობის აქტია“.
რუს კოლექციონერსა და გალერისტს მარატ გელმანს არ სჯერა, რომ, გადაწყვეტილების მიღებისას, პუტინს რწმენა ამოძრავებდა.
„იქნებ პუ (პუტინი) ასეთი მორწმუნე გახდა? თუ წარმართულად მსხვერპლის გაღებით ცდილობს დაიბრუნოს იღბალი? იმედია მღვდლები მიხვდებიან, რომ ხალხი არ აპატიებს, თუკი ისინი რუბლიოვის ქმნილებას სანთლებით გამჭვარტლავენ“.
ვლადიმირ პუტინის მცდელობაზე, თავის საქმეებში ჩარიოს ზებუნებრივი ძალები და ზეციური მხედრობა, რომელიც დაეხმარება უკრაინის დამარცხებაში, ხუმრობს პოლიტიკის ექსპერტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, DW-ის კოლუმნისტი ივან პრეობრაჟენსკიც:
„რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნეს ალექსანდრე ნეველის ლუსკუმა. ალექსანდრე ნეველი კი, მოგეხსენებათ, რუსული არმიის მფარველია. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ასევე აძლევენ ანდრეი რუბლიოვის "სამებას", რომელიც ერთიანობის სიმბოლოდ ითვლებოდა. როგორც ჩანს, იმავე მითოლოგიისა და ჩეკისტური მართლმადიდებლობის ფარგლებში, „სამების“ გადაცემაც უნდა ემსახურებოდეს რუსეთის გაძლიერებას, რომ ის უკრაინასთან ომის დროს არ დაიშლება“.
„ერთ დღეს ლუსკუმას დაბრუნება, ხოლო მეორე დღეს - „სამებისა“, დღევანდელ კონტექსტში, ეს არის სახელმწიფო მართვაში მისტიკური მექანიზმების, მძიმე სულიერი არტილერიის ჩართვის მცდელობა. გარდა ამისა, გარკვეული გაგებით, ეს ასევე არის „ზებუნებრივ ძალებთან“ პასუხისმგებლობის განაწილების სურვილი. თუკი საქმეს ვერ უშველის მისტიკური რესტიტუცია, მაშინ იტყვიან, საქმე უზენაესის ნებაში ყოფილაო“, - ამბობს ალექსანდრე ბაუნოვი - რუსი პუბლიცისტი:
ცნობილ პუბლიცისტ ალექსანდრე არხანგელსკის კი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი პუტინის გადაწყვეტილებამ სტალინის რელიგიურობაზე შექმნილი ყველაზე ცნობილი მითი გაახსენა:
„აშკარაა, უფროსს უამბეს ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ ბრძანა სტალინმა ღვთისმშობლის ხატით მოსკოვის შემოფრენა 1941 წლის დეკემბერში, კრიტიკულ სიტუაციაში და როგორ ითხოვა თავის ჩაბნელებულ კაბინეტში მყოფმა ბელადმა პილოტთა კაბინაში ხმის აწევა, რადგან უკეთ მოესმინა გალობა. არ ვიცი რა მდგომარეობაშია ალექსანდრე ნეველის ლუსკუმა, მაგრამ სამება აშკარად საფრთხის ქვეშაა. როგორც ჩანს, ვითარება იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე პრიგოჟინი ლაპარაკობს“.