როცა საფრთხე რეალურია, საქართველო კი ვერ გიცავს

ჩეჩენი უფლებადამცველი აბუბაქარ იანგულბაევი

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვისა და მისი გარემოცვის მხრიდან მომდინარე მუქარის გამო, ჩეჩენმა უფლებადამცველმა აბუბაქარ იანგულბაევმა დატოვა საქართველო, სადაც თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობდა მასზე თვალთვალის დაწყების შესახებ მიღებული ინფორმაციის შემდეგ.

„ამის თაობაზე მე მაცნობეს ადამიანებმა, უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებმა. გადავწყვიტე, რომ არ გამომეცადა ბედი და დამეტოვებინა საქართველო. თვალთვალი ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება მაღალჩინოსნების - რამზან კადიროვის, ადამ დელიმხანოვისა და სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელთა მუქარებს“, - განმარტა უფლებადამცველმა.

მანამდე ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანი სიკვდილით დაემუქრა იანგულბაევების ოჯახს, ხოლო ჩეჩნეთის ერთ-ერთი რაიონის პოლიციის უფროსმა, რუსტამ აგუევმა, მოუწოდა ევროპაში მცხოვრებ ჩეჩნებს, რომ იანგულბაევის ოჯახის წევრებს თავები დააჭრან და ჩეჩნეთში ჩაიტანონ.

ასევე ნახეთ უფლებადამცველმა აბუბაქარ იანგულბაევმა საქართველო დატოვა კადიროვის მუქარის შემდეგ დაწყებული თვალთვალის გამო

„ღამით დედა აბაზანაში იკეტებოდა და ტიროდა“

ჩეჩენი მოსამართლის, საიდ იანგულბაევის შვილები, აბუბაქარი და იბრაგიმი ჩეჩნეთის პრომოსკოვურმა ხელისუფლება მიზანში ოპოზიციური ტელეგრამის არხის „1 ადათის“ დაფუძნებისა და მოდერირების გამო ამოიღო. 7 წლის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებული კრიტიკული პუბლიკაციების გამო ჩეჩენმა სამართალდამცველებმა სახლიდან წაიყვანეს და პირდაპირ ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს მიჰგვარეს საიდ იანგულბაევი და მისი შვილები.

ჩეჩნეთის ლიდერის რეზიდენციაში მათ სცემეს. აბუბაქარი და მისი მამა მოგვიანებით გაათავისუფლეს. იბრაგიმი კი დააპატიმრეს და ნახევარი წელი პატიმრობაში ჰყავდათ.

„ასე ველოდებოდით დილიდან შუადღემდე, შუადღიდან საღამომდე და საღამოდან შუაღამემდე ძმის დაბრუნებას. ღამით დედა აბაზანაში იკეტებოდა და ტიროდა, რომ სხვებს არ გაეგოთ. ეს ყველაფერი ძალიან მძიმე იყო. 2016 წელს ძმა დააბრუნეს. როგორც გაირკვა, იგი სწრაფი რეაგირების სპეციალური რაზმის „ტერეკის“ (დღეს მას „ახმატი“ ეწოდება) სარდაფებში ჰყავდათ დამწყვდეული. იქ მას სისტემატურად სცემდნენ, შიმშილით კლავდნენ, დენს ურტყამდნენ და ცემდნენ. ის გვიყვებოდა, რომ იქ იმყოფებოდნენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც იურიდიულად მკვდრებად ითვლებიან, არსებობს ცნობა მათი სიკვდილის შესახებ, მაგრამ ფაქტობრივად ცოცხლები იყვნენ“, - განუცხადა აბუბაქარ იანგულბაევმა რადიო "ეხო კავკაზას".

მაგრამ იანგულბაევების ოჯახის დევნის ისტორია ამით არ დასრულებულა.

Your browser doesn’t support HTML5

როდის "შეჭამს" კადიროვი 1323-ეს?

კადიროველების მიერ პირველი „დაპატიმრებად“ ერთი წლის შემდეგ იბრაგიმ იანგულბაევმა კვლავ გახსნა საკუთარი გვერდი სოციალურ ქსელში, რის შემდეგად მის წინააღმდეგ კვლავ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ამჯერად იბრაგიმ იანგულბაევს ციხეში წელიწად-ნახვერის გატარება მოუხდა.

„გასაგებია, რომ კადიროვისადმი სიძულვილის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრა შეუძლებელი იყო, ამიტომ მათ გააყალბეს სისხლის სამართლის მასალები, თითქოს ეს ყოფილიყო სიძულვილი რუსი ჯარისკაცებისადმი. 2020 წლის დასაწყისში ის (იბრაგიმი) გაათავისუფლეს, ვინაიდან პუტინმა იმ მუხლის დეკრიმინალიზაცია მოახდინა, რომლითაც ის იყო მსჯავრდადებული“, - აცხადებს აბუბაქარი.

ძმის პატიმრობის განმავლობაში თავად აბუბაქარი „წამების საწინააღმდეგო კომიტეტში“ უფლებადაცვითი საქმიანობით იყო დაკავებული. თავისი ძმის საქმის გარდა, ის დაკავებული იყო ჩრდილოეთ კავკასიაში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული სხვა საქმეებით.

აბუბაქარ და იბრაგიმ იანგულბაევების მამას, საიდ იანგულბაევს, რომელიც მაშინ ფედერალურ მოსამართლედ მუშაობდა, შვილის დაპატიმრების შემდეგ აიძულეს, რომ დაეწერა განცხადება და თანამდებობა დაეტოვებინა. თავად საიდ იანგულბაევი და მისი ცოლი, ზარემა მუსაევა, ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში ცხოვრობდნენ.

ცოტა ხნის წინ, რამზან კადიროვის ხელი იანგულბაევების მშობლებსაც მისწვდა.

20 იანვარს კი ჩეჩნეთის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში მდებარე იანგულბაევების ბინაში შეიჭრნენ და ძალის გამოყენებით, ჩეჩნეთში წაიყვანეს აბუბაქარ და იბრაგიმ იანგულბაევების დედა, ზარემა მუსაევა. მისი ქმარს, საიდ იანგულბაევს, რომელიც მოსამართლის სტატუსის გამო ხელშეუხებლობის სტატუსით სარგებლობს, ხელი არ ახლეს.

თავდაპირველად სოციალურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ პოლიციელებმა ცოლ-ქმრის გარდა, სცემეს ყველას, ვინც ბინაში იმყოფებოდა. მოგვიანებით ტელეგრამის არხით გავრცელდა ვიდეო, რომელზეც მუსაევა ჩეჩნეთის უფლებადამცველთან საუბარში ამტკიცებს, რომ პოლიციას არ გამოუყენებია მის წინააღმდეგ ძალა და მას დიაბეტის წამალიც კი უყიდეს.

თავდაპირველად ზარემა მუსაევს პოლიციელების შეურაცხყოფისთვის 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, შემდეგ კი მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს იმის გამო, რომ ოქმის შედგენისათვის თითქოს თავს დაესხა უბნის ინსპექტორს და სახე დაუკაწრა. წარდგენილი სისხლის სამართლის მუხლი ასეთი დანაშაულისთვის 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე ნახეთ რამზან კადიროვი საჯაროდ დაემუქრა იანგულბაევების ოჯახს

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია იბრაგიმ იანგულბაევის მიმართაც. ტელეგრამის არხ Baza-ს ცნობით, მას ბრალად ედება ტერორისტული საქმიანობისკენ საჯარო მოწოდებები. კერძოდ, საკითხი ეხება ტელეგრამის არხ „1ADAT“-ით გავრცელებულ ძველ მასალებს, რომლებიც კრემლის მიერ ტერორისტებად შერაცხული ასლან მასხადოვის, შამილ ბასაევისა და დოკუ უმაროვის საქმიანობის გამართლების ნიშნებს შეიცავს. ტელეგრმის არხ „1ADAT“-ის ადმინისტრატორად, ჩეჩნეთის ხელისუფლება იბრაგიმ იანგულბაევს მიიჩნევს, რომელიც ამჟამად რუსეთის ფარგლებს გარეთ იმყოფება.

„თუ მოვიხელთეთ, ჩვენ მათ ვესვრით“

გასული წლის დეკემბრიდან ჩეჩნეთის მეზობელ საქართველოში იმყოფებოდა იბრაგიმის ძმა, აბუბაქარ იანგულბაევი. ყოფილმა უფლებადამცველმა და „წამების საწინააღმდეგო კომიტეტის“ იურისტმა საქართველოს დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც მასზე დაწყებული თვალთვალის შესახებ მიიღო ინფორმაცია.

„თვალთვალი ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება ჩეჩნეთის მაღალი რანგის მოხელეების - რამზან კადიროვის, ადამ დელიმხანოვისა და სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელთა მუქარებს“, - განაცხადა რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივ რუსულენოვან პროექტ „ნასტოიშჩეე ვრემიასთან“ ინტერვიუში აბუბაქარ იანგულბაევმა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, ადამ დელიმხანოვმა ინსტაგრამის საშუალებით გამართა პირდაპირი ეთერი, რომელშიც ანგარიშსწორებით დაემუქრა იანგულბაევების ოჯახს.

„იცოდეთ, რომ დღისით და ღამით, საკუთარი სიცოცხლის, ქონებისა და შთამომავლების დაუზოგავად, ჩვენ თქვენს დევნაში ვიქნებით, სანამ არ დაგაჭრით თავებს და არ დაგხოცავთ. ჩვენ მართლა გვამოძრავებს თქვენდამი მტრობა და სისხლის აღება. ეს ეხება მათაც, ვინც ამ ვიდეოს რუსულ ენაზე გადათარგმნის“, - განაცხადა ადამ დელიმხანოვმა, რომლის ჩეჩნურ ენაზე გაკეთებული მიმართვა რუსულ ენაზე ტელეგრამის არხმა „1ADAT“-მა გამოაქვეყნა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის მსგავსად, იანგულბაევების მისამართით მუქარა არც ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს დაუშურებია. „ამიერიდან მათი ოჯახი შიშით დაელოდება და კარზე ნებისმიერი კაკუნის გამო იკანკალებს. ყველა ჩეჩენი შეურაცხყოფილია იმის გამო, რომ იანგულბაევების ჯილაგმა ხელი აღმართა ყველაზე წმინდაზე. დაგვიჯერეთ, სასჯელი აუცილებლად დადგება. ჩვენ მათ არ ვაპატიებთ გამოხდომებს ჩვენი რელიგიის წინააღმდეგ და ჩვენი ხალხის მრავალრიცხოვან შეურაცხყოფას“, - განაცხადა რამზან კადიროვმა, რომელმაც უცხოეთის ქვეყნებს მოუწოდა, რომ „კინწისკვრით“ გამოყარონ იანგულბაევების ოჯახი, რომლის წევრებსაც კადიროვმა „ტერორისტები“ და „ბანდიტები“ უწოდა.

ხოლო ჩეჩნეთის ერთ-ერთი რაიონის პოლიციის უფროსმა, რუსტამ აგუევმა, მოუწოდა ევროპაში მცხოვრებ ჩეჩნებს, რომ იანგულბაევის ოჯახის წევრებს თავები დააჭრან და ჩეჩნეთში ჩაიტანონ.

კავკასიის ქედს იქით, იანგულბაევების მშობლიურ ჩეჩნეთში კი, იანგულბაევებს განაჩენი გამოუტანა არა მხოლოდ პრომოსკოვურმა ხელისუფლებამ, არამედ იმ კლანმაც, რომელსაც, ჩეჩნური ტრადიციის თანახმად, იანგულბაევების გვარი განეკუთვნება.

კადიროველებს ნებისმიერი იანგულბაევი მკვდარიც აწყობთ, მაგრამ თუ მას თბილისიდან გროზნოში ცოცხლად ჩაიყვანენ ჩეჩნეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი დაუმთავრებელი გზით, მაშინ კადიროვი გაიხარებს: განმეორდება 2015 წელი, როდესაც ჩვენ მას მიგვგვარეს...
აბუბაქარ იანგულბაევი

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ ისინი არ არიან ჩვენი ნაწილი. თუ ისინი აქამდე ჩვენს გვარს წარმოადგენდნენ, ამიერიდან ჩვენ მათზე შურს ვიძიებთ. ჩვენ უარს არ ვამბობთ მათ მოკვლაზე. თუ მოვიხელთეთ, ჩვენ მათ ვესვრით“, - განაცხადა აბუბაქარ იანგულბაევის მამის, საიდ იანგულბაევის ძმამ. იანგულბაევების ოჯახის ნათესავების მიმართვა ჩეჩნეთის ოფიციალური სახელმწიფო ტელეკომპანია „გროზნოს“ მიერ გავრცელდა.

აბუბაქარ იანგულბაევმა თხოვნით მიმართა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელ ალექსანდრ ბასტრიკინს, რათა შეამოწმოს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვისა და სამართალდამცველი ორგანოების სხვა ხელმძღვანელების გამონათქვამები, რომლებიც შეიცავს სიკვდილის მუქარას, სისხლის აღების მოტივებით მკვლელობისკენ მოწოდებას და თესავს სიძულვილსა და მტრობას.

„კადიროველებს ნებისმიერი იანგულბაევი მკვდარიც აწყობთ, მაგრამ თუ მას თბილისიდან გროზნოში ცოცხლად ჩაიყვანენ ჩეჩნეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი დაუმთავრებელი გზით, მაშინ კადიროვი გაიხარებს: განმეორდება 2015 წელი, როდესაც ჩვენ მას მიგვგვარეს“, - აცხადებს აბუბაქარ იანგულბაევი, რომელმაც, როგორც თავად ამბობს, გადაწყვიტა, რომ არ გამოეცადა ბედი და დაეტოვებინა საქართველო, სადაც მისი უსაფრთხოება აღარ იყო გარანტირებული.

კადიროვის მტრები და საქართველო

აბუბაქარ იანგულბაევმა არც ის გამორიცხა, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლებას უკვე დაქირავებულიც ჰყავდეს კილერი, რომელსაც მისი მოკვლა დაევალა.

საქართველოს ხელისუფლებაში არ აკეთებენ კომენტარს იმის თაობაზე, თუ რამდენად ემუქრებოდა ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების მხრიდან სისხლიანი ანგარიშსწორების საფრთხე საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ აბუბაქარ იანგულბაევს და ხომ არ გააცილეს იგი გარდაუვალ საფრთხეს თავად საქართველოს სპეცსამსახურებთან დაახლოებულმა პირებმა.

მაგრამ ფაქტია, ასეთი საფრთხე ორი წლის წინ სრულიად რეალური იყო ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას შემთხვევაში.

2020 წლის 12 ივნისს საქართველოს სპეცსამსახურებმა დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც, გავრცელებული ცნობით, რამზან კადიროვის მიერ იყო გამოგზავნილი გიორგი გაბუნიას მოსაკლავად იმ უცენზურო გამონათქვამებისთვის, რომლითაც მან 2019 წელს პირდაპირ ეთერში მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.

მკვლელობის შემსრულებელი, ანუ კილერი, აღმოჩნდა ვასამბეკ ბოკოვი, რომელმაც 2000-იან წლებში ჩხუბის დროს მოკლა საკუთარი თანაკურსელი და მიიმალა. მან შეძლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადასვლა, სადაც ასევე აღმოჩნდა კაზბეკ დუკუზოვი, რუსული გამოცემა „ფორბსის“ მთავარი რედაქტორის, პოლ ხლებნიკოვის, მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი და შემდეგ სასამართლოს მიერ გამართლებული.

2010 წელს ორივე, ბოკოვი და დუკუზოვი, დუბაიში გაასამართლეს და 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს აზერბაიჯანელ ბიზნესმენზე თავდასხმის გამო, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ ისინი ამნისტიის საფუძველზე საპატიმროდან გამოვიდნენ და ჩეჩნეთში დაბრუნდნენ.

ჩეჩნეთში ისინი ცხოვრობდნენ ე.წ. ნეფტოპოლკის ტერიტორიაზე, სადაც ჩეჩენი ბლოგერის, ტუმსო აბდურახმანოვის თქმით, მათ არავინ ეძებდა.

მოგვიანებით დუკუზოვმა კავშირი დაამყარა კადიროვის გარემოცვასთან. თავისუფლად ცხოვრობდა, ააშენა სახლი და ძვირად ღირებული „მაიბახით“ დადიოდა, ხოლო გუციევი გადაკეთებული პასპორტით უკრაინაში გაემგზავრა საცხოვრებლად.

აბდურახმანოვის ვერსიით, ბოკოვი ორი წლის წინ დააკავეს თბილისში უკრაინული სპეცსამსახურების მიერ მიწოდებული ინფორმაციის კვალზე (უკრაინაში მის მიმართ ასევე არსებობს პრეტენზიები), ხოლო დუკუზოვი ჩეჩნეთში წაახალისეს იმ მკვლელობებისთვის, რომლებიც რამზან კადიროვის ხელისუფლების ინტერესებს უპასუხებდა.

ბლოგერის თანახმად, დუკუზოვი უნდა იდგეს, ასევე, შარშან ივლისში ვენაში დისიდენტის, ანზორის, იმავე მამიხან უმაროვის, მკვლელობის უკან.

თავის გარემოცვაში დუკუზოვი არაერთხელ შეუქია ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს, რომელმაც ქართველ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია.

ასევე ნახეთ ან ბოდიში, ან სიკვდილი: ვინ და რატომ ემუქრება გიორგი გაბუნიას საქმის მოწმე ჰასან ხალიტოვს