„სულაკაურის გამომცემლობაში“ რამდენიმე ადამიანის თვითნებურად მისვლის, იქ გამომცემლობის შეურაცხმყოფელი პლაკატების გაკვრის, მათი გამოცემული წიგნების შინაარსის გამო მუქარის შემდეგ, ძალადობრივი წარწერები, მაგალითად, ასეთი - „ჩვენი შვილების გარყვნისთვის გაგინგრევთ თავ-ყბას“, თბილისის სხვა უბნებშიც გამოჩნდა. ჰომოფობიური ჯგუფები გამომცემლობას ღიად ემუქრებიან „გაქრობით“ და დღესაც წერენ, რომ „მათი შვილების გარყვნის გამო, დედების რისხვა არ ასცდებათ“.
ამ ანტილგბტ პროპაგანდისტულ განცხადებებს დაემთხვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 30 ივნისის საჯარო გამოსვლაც პარლამენტში, სადაც მან პირდაპირ თქვა, რომ „ბაღებში, სკოლებში ეს ლგბტ პროპაგანდა... არ შეიძლება“ და, რომ „ამ საკითხებს სჭირდება დარეგულირება“.
- რა კავშირია წიგნებთან ბრძოლას, „ბავშვების გარყვნას“, შარლ პეროს ზღაპარ „ვირისტყავას“, ანტილგბტ+ კანონმდებლობის შესაძლო შემოღებასა და, პრემიერის თქმით, „ამ თემაზე დებატების გახსნას“ შორის?
- სინამდვილეში, რა შეიძლება იდგეს ამ გზავნილების უკან?
- მოსალოდნელია, რომ სწორედ ეს თემა იქცეს წინასაარჩევნოდ ხელისუფლების „ახალ სატყუარად“ ხალხისთვის?
„სულაკაურის გამომცემლობის“ დირექტორი, თინა მამულაშვილი იხსენებს, რომ გამომცემლობას, მათ მიერ გამოცემული წიგნების გამო, აქამდეც არაერთი შეტევა მოუგერიებია, მაგრამ ეს წლების წინ იყო. ფიქრობდნენ, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას აღარაფერი ემუქრებოდა, მაგრამ მოულოდნელად, გამომცემლობა ახალი ბრალდებების სამიზნე გახდა:
„რამდენიმე წლის წინ გამოცემულ, უკვე სრულად გაყიდულ წიგნებზე თავდასხმა რომ დაიწყეს, მაშინვე გაგვიჩნდა ეჭვი, რომ კიდევ ერთი “რუსული კანონისთვის” ამზადებენ ნიადაგს, რაც უდავოდ საგანგაშოა“, - ამბობს თინა მამულაშვილი.
„ბრძოლა სიტყვასთან. საბოლოოდ კი - ტოტალური კონტროლის მცდელობა“
მწერალი და დრამატურგი ბესო სოლომანაშვილი დარწმუნებულია, რომ გამომცემლობაზე შეტევა არის ბრძოლა სიტყვის და ზოგადად, სიმართლის თქმის წინააღმდეგ.
მისი აზრით, წლების წინ, „სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ დასტამბული შარლ პეროს ზღაპრის დამახინჯებული ინტერპრეტაცია მხოლოდ საბაბია. სინამდვილეში კი, მისი აზრით, მთელი ამ კამპანიის უკან, კერძო გამომცემლობების კონტროლის სურვილი დგას:
„როცა ყველაფრის დახურვა და საბეჭდი მანქანების ჩამორთმევა შეეძლოთ. დღეს რომ ეს ქნან, ჩემთან სახლში უნდა მოვიდნენ და ჩემი პირადი კომპიუტერი წამართვან. სწორედ ამიტომ მოქმედებენ ასეთი ბინძური მეთოდებით, ამიტომ მიაბეს რელიგია და ლგბტ საკითხები ერთმანეთს. ასე ფიქრობენ გააკონტროლონ ლიტერატურა, კინო, მხატვრობა, ჟურნალისტიკა. ყველაფერი, სადაც სიმართლის თქმა შეიძლება. სადაც სიტყვაა, სადაც შინაარსია. სიმართლის ართქმის უკან კი რა დგას? „მე უნდა მოვიპარო, მე უნდა სხვის ხარჯზე ვაცხოვრო ჩემი შვილები და ეს შემრჩეს. საბოლოო ჯამში კი ქვეყანა დიქტატორულ გარემოში შევაგდო“. ეს არის ამ ყველაფრის ზეამოცანა“, - გვეუბნება ბესო სოლომანაშვილი.
მწერალი ფიქრობს, რომ ლგბტ თემით ხელისუფლება თავის მთავარ მიზანს ფუთავს - ჰქონდეს ტოტალური კონტროლი არა მხოლოდ სიტყვაზე, არამედ საზოგადოების პროტესტზე, უკმაყოფილებაზე.
„ზუსტად ისე, როგორც ეს დღეს რუსეთში ხდება...რას ვიფიქრებდი, რომ 21-ე საუკუნეშიც ამაზე ვილაპარაკებდით“, - გვეუბნება ბესო სოლომანაშვილი.
„ხელისუფლების ახალი მესიჯი, ახალი სატყუარა“
რაც უფრო წინ წაიწევს უკრაინა ფრონტზე და მეტად თვალსაჩინო გახდება რუსეთის მარცხი, მით უფრო დასუსტდება და საბოლოოდ გაქრება საქართველოს ხელისუფლების დღეს მოქმედი მთავარი პროპაგანდისტული მესიჯიც - „აბა, ომი გინდათ?“ - ასე ფიქრობს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.
მისი აზრით, ეს მესიჯი, რეალურად უსაფუძვლო, მაგრამ ხელისუფლებისადმი მხარდაჭერის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი არგუმენტი და „ეროვნული მასშტაბის“ სატყუარა იყო.
„ხელისუფლებას ასეთი მესიჯები მუდმივად სჭირდება. ასეთი იყო, მაგალითად, 2020 წლის არჩევნებზე დავითგარეჯის თემა და „გარეჯი საქართველოა“. ახლა ახალი მესიჯია საჭირო. მას ხელისუფლება გაფაციცებული ეძებს და ჯერჯერობით რასაც მიაკვლია, ეს არის ლგბტ თემა“.
სოციოლოგის შეფასებით, არც ეს არის შემთხვევითი, რადგან ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ უმრავლესობა, ამ საკითხს მაინც ეროვნული იდენტობის საფრთხედ აღიქვამს.
იაგო კაჭკაჭიშვილს ამ თემის საკანონმდებლო რეგულირებაზე საუბრის დაწყებაც პროპაგანდის ნაწილად მიაჩნია და ამბობს, რომ ყველაფერი ამაზე მიანიშნებს - პრემიერის გამოსვლა იქნება ეს, საპატრიარქოს გაცხადება თუ ბრძოლა წიგნებთან.
იაგო კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ლგბტ+ პროპაგანდის ამკრძალავი ან რაიმე მსგავსი კანონის მიღება კანდიდატის სტატუსის მიღების საბოლოო საბოტაჟის მიზეზი გახდება.
„ვშიშობ, რომ იმდენი ხალხი, რამდენიც „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამოვიდა ქუჩაში, ამ კანონის წინააღმდეგ არ გამოვა - ეს კოზირი ახლა ხელისუფლებას ნამდვილად უჭირავს და მას აუცილებლად აამოქმედებს. ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება მან ეს ნაბიჯი არ გადადგას და თავი შეიკავოს: თუ მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ მისი დარჩენა ხელისუფლებაში სტატუსის მიღების გარეშე უფრო რთული იქნება... რაც შეეხება ირაციონალურ შიშს წიგნებისადმი, ასე იყო გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის გარიჟრაჟზე... მაგრამ დღეს 21-ე საუკუნეა. დღეს ასე მარტივად არ გაუვათ“.
სოლიდარობა
„სულაკაურის გამომცემლობის“ წინააღმდეგ აგორებულ ჰომოფობიურ კამპანიას, საზოგადოების მხრიდან გამომცემლობის მიმართ სოლიდარობის და მხარდაჭერის არაერთი განცხადება მოჰყვა.
მათ შორის იყო მწერალთა სახლის, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის, საქართველოს პენცენტრის გამოხმაურებები.
ამ უკანასკნელს ხელს აწერს ასზე მეტი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი თუ გამომცემელი, რომელთა აზრით, „სულაკაურის გამომცემლობის“ მიმართ დაწყებული ცილისმწამებლური კამპანია, სინამდვილეში, მიმართულია არა რომელიმე კონკრეტული გამომცემლობის, არამედ საქართველოს ევროპული არჩევანის წინააღმდეგ:
„იმის გამო, რომ რუსეთს არაფერი აქვს შესათავაზებელი ადამიანებისთვის ჩაგვრის, განადგურების, სიძულვილის, განსხვავებულის მიუღებლობის გარდა, რუსეთი და საქართველოში მოქმედი პრორუსული ძალები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს არსებობს ქართველი ხალხის წინააღმდეგ არსებული შეთქმულება, რომლის მიხედვითაც ხდება ბავშვებისთვის რაიმე უცხო ღირებულებების თავს მოხვევა. ამ კამპანიის ერთადერთი რეალური მიზანი არის საქართველოს ევროპული გზისთვის საბოტაჟის მოწყობა“, - წერია პენცენტრის წერილში.
ასევე ნახეთ პენცენტრი გმობს „სულაკაურის გამომცემლობის“ მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიასწიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაც წერს, რომ გამოხატვის თავისუფლებას არაფერი აქვს საერთო აგრესიულ თავდასხმებთან.
ასოციაციის ხელმძღვანელი და გამომცემლობა „დიოგენეს“ დამფუძნებელი, თამარ ლებანიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ან თუნდაც რამდენიმე გამომცემლობის პრობლემა და ის მალე შეეხება ყველას, რადგან სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ.
იხსენებს მსგავს გამოცდილებასაც „დიოგენეს“ წარსულიდან, როცა წლების წინ, გამომცემლობის მიერ დაბეჭდილი წიგნის შინაარსით აღშფოთებული ხალხი ოფისში მიცვივდა. მაშინ წიგნიც დაწვეს.
„ძალიან ხშირად ასეთი ფაქტები სრულიად უწყინარ წიგნებს უკავშირდება ხოლმე. განსაკუთრებით კი, საბავშვო წიგნებს, მაგრამ ასეთი ფაქტების შემდეგ, არასოდეს ვმსჯელობთ ეს რატომ მოხდა, არასოდეს განვიხილავთ რაზეა სინამდვილეში ეს წიგნი. მხოლოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები ტრიალებს და აგრესიულად განაწყობს საზოგადოებას, რომელსაც ისედაც ბევრი მოუგვარებელი პრობლემა აქვს. სამწუხაროდ, ასეთი აგორებული ტალღა შემდეგ იწვევს ძალიან მძიმე გამოცდილებას“.
„სულაკაურის გამომცემლობას“ თავს 27 ივნისს დაესხნენ.
„დედების სახელით“ და მათი თქმით, „ბავშვების გარყვნის“ წინააღმდეგ, გამომცემლობის ოფისში ორი ქალი მივიდა (მათ შორის, ერთ-ერთმა, ხატია ჯანაშიამ, ცოტა ხნის წინ, ნიკა გვარამიას შეწყალების გასაპროტესტებლად, ევროკავშირის დროშა დაწვა და პრეზიდენტის სასახლის ეზოში გადააგდო), ოფისის კედლებზე მათ შეურაცხმყოფელი პლაკატების გაკვრა დაიწყეს და თან გამომცემლობის თანამშრომლებს სთხოვდნენ პასუხს, გამომცემლობის მიერ წლების წინ გამოცემული წიგნების, შარლ პეროს ერთ-ერთი ზღაპრის, „ვირისტყავას“ და ფემინისტური კრებულის, „ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისათვის“ შინაარსების გამო.
სამი დღის შემდეგ, 30 ივნისს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ „საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგია“ და მკაფიოდ უნდა ითქვას, „რას ვემხრობით და რა არის მიუღებელი“.
მერე გაიხსენა „მაკდონალდსის“ გლობალური კამპანიაც, მისი სიტყვებით, „ამორალური“ და „კატასტროფა“ და ბოლოს ისიც თქვა, რომ „შეიძლება გაიხსნას დებატები პარლამენტშიც. მათ შორის, შეიძლება, საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს ეს საკითხიო“.
ამავე კონტექსტში მიუბრუნდა ირაკლი ღარიბაშვილი „სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნებსაც და სწორედ მაშინ თქვა:„ასევე მიუღებელი არის ერთ-ერთი გამომცემლობის... „სულაკაურის გამომცემლობაში“ იყო ასევე... ვფიქრობ, საგანგაშო იყო ეს ფაქტიც. ამაზე საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან მკვეთრი და მძაფრი. ამიტომ ამ საკითხებს სჭირდება დარეგულირება“.
„ლგბტ+ პროპაგანდის“ ამკრძალავი კანონის მიღების ინიციატივით საქართველოს პარლამენტს ერთხელ უკვე მიმართეს ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტიის, „კონსერვატული მოძრაობის“ ლიდერებმა. ეს ჯერ კიდევ 2022 წლის ბოლოს ხდებოდა.
ამ პროექტის თანახმად, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი შესწორებით, „სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა“ უნდა აკრძალულიყო.
თუმცა მაშინ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ გეგმავდა ისეთი კანონპროექტის მიღებას, რომელიც „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვას შეეხებოდა.