Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენცენტრი გმობს „სულაკაურის გამომცემლობის“ მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიას


ხატია ჯანაშია პოსტერს აკრავს "სულაკაურის გამომცემლობის" შენობაზე
ხატია ჯანაშია პოსტერს აკრავს "სულაკაურის გამომცემლობის" შენობაზე

საქართველოს პენცენტრი შეშფოთებას გამოთქვას „პრორუსული ძალების და პრორუსული ტელევიზიების მიერ“ “სულაკაურის გამომცემლობის” მისამართით დაწყებული „ცილისმწამებლური კამპანიის გამო“. ამის შესახებ ნათქვამია პენცენტრის განცხადებაში, რომელსაც 100-ზე მეტი მწერალი აწერს ხელს.

პენცენტრი სამწუხაროს უწოდებს 30 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლისას გაკეთებულ შეფასებას. მან „გაიმეორა პრორუსული ძალების და ტელევიზიების მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია", - ნათქვამია პენცენტრის განცხადებაში.

საქმე ეხება XVII საუკუნის ცნობილი მეზღაპრის, შარლ პეროს ერთ-ერთ ზღაპარს, რომელიც თავისი შინაარსითა და მორალით არაფრით განსხვავდება ამავე ავტორის საყოველთაოდ ცნობილი ისეთი ზღაპრებისაგან, როგორიცაა “წითელქუდა”, “ჩექმებიანი კატა” თუ ბავშვებისთვის საყვარელი მისი არაერთი სხვა ტექსტი.

სამწუხაროდ, ცილისმწამებლური და ცრუ კამპანია მიმართულია არა რომელიმე კონკრეტული გამომცემლობის, არამედ საქართველოს ევროპული არჩევანის წინააღმდეგ. იმის გამო, რომ რუსეთს არაფერი აქვს შესათავაზებელი ადამიანებისთვის ჩაგვრის, განადგურების, სიძულვილის, განსხვავებულის მიუღებლობის გარდა, რუსეთი და საქართველოში მოქმედი პრორუსული ძალები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს არსებობს ქართველი ხალხის წინააღმდეგ არსებული შეთქმულება, რომლის მიხედვითაც ხდება ბავშვებისთვის რაიმე უცხო ღირებულებების თავს მოხვევა. ამ კამპანიის ერთადერთი რეალური მიზანი არის საქართველოს ევროპული გზისთვის საბოტაჟის მოწყობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პენცენტრი და წერილზე ხელმომწერი ადამიანები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „მეტი სიფრთხილით მოეკიდოს იმგვარ რუსულ ინიციატივებს, რომელსაც შეუძლია შეაფერხოს და დააზიანოს საქართველოს სწრაფვა ევროპისაკენ“, ასევე - „არ გააგრძელოს რუსული კანონების მიღების მცდელობა და ამ გზით ქართველი ხალხის ევროპული ინტეგრაციისთვის საბოტაჟის მოწყობა“.

ამასთან ისინი მიმართავენ საქართველოს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე, „რათა არარსებული საფრთხეების წარმოჩენით მას არ მოჰპარონ საქართველოს და მის შვილებს ევროპული მომავალი, რომელიც უალტერნატივოა ამ ქვეყნისა და მისი მომავლისთვის და განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით“.

პენცენტრში აცხადებენ, რომ დაიცავენ ნებისმიერ გამომცემელს, მწერალს, ნებისმიერი სფეროს ხელოვანსა თუ ინსტიტუციას, „რომლის გაჩუმება ან განადგურებაც ენდომებათ რუსეთს და მის მსახურებს“.

ჩვენ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რათა რუსეთისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ცხადი გახდეს ქართველი ხალხისთვის და ის სრულად იყოს ინფორმირებული იმ საფრთხეების შესახებ, რაც საქართველოს სახელმწიფოს, მსგავსი რუსული კამპანიებისა და ინიციატივების გამო ემუქრება“, - ნათქვამია პენცენტრის განცხადებაში.

"სულაკაურის გამომცემლობამ“ ფეისბუკის გვერდზე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა "უზარმაზარი მხარდაჭერისა და კეთილგანწყობისთვის".

"თქვენმა მხარდაჭერამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ჩვენ არ ვართ მარტო თანასწორობის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში და რომ ამ გზას ჩვენს ერთგულ მკითხველებთან, ავტორებთან, მთარგმნელებთან, ილუსტრატორებთან, კოლეგებთან, პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად გავდივართ, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას. გპირდებით, რომ ჩვენ მიერ გამოცემული წიგნებით, ამბებითა და ისტორიებით მუდამ ვიქნებით იმ ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულნი, რომლებისთვისაც არასდროს გვიღალატია", - ნათქვამია "სულაკაურის გამომცემლობის" განცხადებაში.

30 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენების ფარგლებში ჰომოფობიური განცხადებით გამოვიდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგია. პრემიერმა თქვა, რომ ამ „საკითხებს სჭირდება დარეგულირება, ვინაიდან ეს საკითხები დაისვა ღიად, ამიტომ ჩვენ, ხელისუფლებას მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება".

პრემიერ-მინისტრმა „მაკდონალდსის" კამპანიის წინააღმდეგაც ილაპარაკა და თქვა რომ „ამორალური იყო ის კამპანია, რომელიც „მაკდონალდსმა“ აწარმოა." შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა „სულაკაურის გამომცემლობის" შესახებ განაცხადა, რომ "ამაზე საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან მკვეთრი და მძაფრი. ამიტომ ამ საკითხებს სჭირდება დარეგულირება. ვინაიდან ეს საკითხები დაისვა ღიად, ამიტომ ჩვენ, ხელისუფლებას, მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება".

მანამდე, 27 ივნისს, „სულაკაურის გამომცემლობის“ ოფისში ორი ადამიანი მივიდა - ხელში შეურაცხმყოფელი პლაკატებით, „პედოფილებოს“ ძახილითა და ფეისბუკზე ჩართული ლაივით.

ისინი გამომცემლობის თანამშრომლებს სთხოვდნენ პასუხს მათ მიერ გამოცემული ერთ-ერთი ცნობილი წიგნის - „ძილისპირული ამბები გოგონებისთვის“ - შინაარსის გამო. წიგნში, სხვა ამბებთან ერთად, ტრანსგენდერი გოგოს ამბავიცაა მოთხრობილი.

გამომცემლობაში მისული ადამიანებიდან ერთ-ერთი აღმოჩნდა ხატია ჯანაშია, ვატო შაქარიშვილის კონსერვატიული მოძრაობის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, წევრი, რომელიც ორბელიანების სასახლის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის გამო პოლიციამ 1000 ლარით დააჯარიმა.

ჯანაშიამ მაშინ ამ ფორმით გააპროტესტა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, შეწყალება.

ჯარიმის თანხის შეგროვება კი მისთვის საჯაროდ აიღო საკუთარ თავზე „პოსტივის“ ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ.

„სულაკაურის გამომცემლობამ“ პოლიციას მიმართა.

პარლამენტში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტიის, „კონსერვატიული მოძრობის", ლიდერებისა და ტელეკომპანია „ალტ-ინფოს" წამყვანების ავტორობით მომზადებული კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც სამ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი შესწორებით, „სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა“ იკრძალება.

პარალელურად, 2 მაისს დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მზადაა, კანონპროექტად დაარეგისტრიროს ის ინიციატივები, რომლებიც "უცნობის" ორგანიზებით გამართულ აქციაზე გაჟღერდა. ამ აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა "ლგბტ პროპაგანდის" კანონით აკრძალვა იყო.

ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებული 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთში ვკითხულობთ: „სასწრაფოდ გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვა, მათ შორის, მოძალადეების და ამ ძალადობის დამკვეთების მართლმსაჯულებისადმი უფრო შედეგიანად წარდგომის გზით”.

„LGBT+ პროპაგანდის" ამკრძალავი კანონი რუსეთში 2013 წლიდან მოქმედებს. გასულ წლის ბოლოს რუსეთში კანონმდებლობა გამკაცრდა.

XS
SM
MD
LG