როდის დაიწერა პრემიერის საპარლამენტო მოხსენება? - 6 აქცენტი

"ქართული ოცნების" აქცია რუსთაველის გამზირზე. 29 აპრილი, 2024 წელი

მოხსენება, რომლითაც პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე 28 ივნისს უნდა წარდგეს, არ ასახავს პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც „აგენტების კანონის“ მიღებამ შექმნა. ანგარიში განსხვავდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რიტორიკისგან, რომელიც ხშირად საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას აკნინებს.

171-გვერდიანი მოხსენება „სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია, 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

ანგარიშში მთავარი ევროკავშირში გაწევრიანების მიზანია, რაც „აგენტების კანონის“ მიღებამ სათუო გახადა.

ტექსტში ხაზგასმულია საერთაშორისო პარტნიორების დახმარების მნიშვნელობა, მათ შორის - ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაში, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო პერიოდში საკამათო თემად აქცია. გამოკვეთილია აშშ-ის როლი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.

მეზობელ რუსეთთან მიმართებით ლაპარაკია დეოკუპაციასა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზანზე.

და ხაზგასმულია ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობაც.

„რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველო განუხრელად ემხრობოდა და ახორციელებდა დაბალანსებულ პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო რეგიონში სტაბილურობის აღდგენისა და ხანგრძლივვადიანი მშვიდობის მიღწევისაკენ“, - წერია პრემიერის საპარლამენტო მოხსენების ტექსტში.

რადიო თავისუფლებამ მოხსენება წაიკითხა და თავი მოუყარა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ძირითად აქცენტებს.

გზა ევროკავშირისკენ

პრემიერ-მინისტრი წერს, რომ ისტორიულმა გადაწყვეტილებამ - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ - სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, მკვეთრად გაზარდა ურთიერთობების დინამიკა და ევროპის ქვეყნების ჩართულობა საქართველოში“ და "დამატებითი იმპულსი შესძინა ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის ურთიერთსასარგებლო სფეროების გამოკვეთასა და მათ შემდგომ განვითარებას“.

აღნიშნულია, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ „გრძელდებოდა მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის განხორციელების მიზნით შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესრულების მიმართულებით“; თუმცა ხელისუფლების ოპონენტები და ექსპერტები მუდმივად საპირისპიროზე მიუთითებენ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ „ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით, საქართველომ ვალდებულებების დაახლოებით 55% განახორციელა“.

ასევე ნახეთ ჟოზეპ ბორელი საქართველოზე: გადაწყვეტილებას მივიღებთ ივნისის საგარეო საქმეთა საბჭოზე

მოხსენების ტექსტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას; ხოლო ქართული მხარე განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და მნიშვნელოვნად მიიჩნევს „მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის აუცილებლობას, რასაც მისიის მანდატი ითვალისწინებს“.

ანგარიშში არ არის ასახული, რომ „აგენტების კანონის“ დამტკიცების შემდეგ, ევროკავშირში დაიწყო მსჯელობა საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების გადახედვის შესახებ. ბრიუსელიდან თუ ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებიდან არაერთხელ გააფრთხილეს თბილისი, რომ ეს კანონი ხელს შეუშლიდა ევროინტეგრაციას. არავინ გამორიცხავს, რომ ზომები შეეხოს როგორც ევროკავშირის დახმარებას, ასევე - პოლიტიკოსების წინააღმდეგ სანქციების შემოღებასა და სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერებას.

თავის მოხსენებაში, პრემიერ-მინისტრი ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის გაწეულ წარმატებულ სამუშაოზე, მათ შორის - ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

აშშ-ის დახმარება, თავდაცვა

პრემიერის მოხსენებაში, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს დახმარების არაერთი ფაქტია აღრიცხული.

აღნიშნულია, რომ აშშ-ის ხაზით, 2023-2024 წლებში გაგრძელდა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) იმპლემენტაცია და „აქტიურად მიმდინარეობდა შეიარაღების/აღჭურვილობის მოდერნიზაციის პროცესი“.

2023 წელს, საქართველომ აშშ-სგან მიიღო:

  • საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში (FMF) - 35 მილიონი დოლარი;
  • აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის 333- პარაგრაფის ფარგლებში - 37 მილიონი დოლარი.
  • 2024 წლის სავარაუდო გეგმაა, ჯამში, კიდევ 55 მილიონი დოლარის მიღება.

„მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA), რომელიც 2024 წლისთვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს; მასში დაფიქსირებულია უმნიშვნელოვანესი ჩანაწერები როგორც საქართველოს ეროვნული ინტერესების, ასევე რეგიონული უსაფრთხოების მხარდაჭერის კუთხით“, - წერია ტექსტში.

მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ 2023-2024 წლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი რეგულარულად მონაწილეობდა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UDCG) შეხვედრებში.

აშშ-ის დახმარება გადამწყვეტია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხითაც. სამთავრობო ანგარიშის თანახმად, „საანგარიშო პერიოდში ნატო-საქართველოს თანამშრომლობა აქტიურად წარიმართა“ და „წარმატებით გადავიდა ნატოსთან თანამშრომლობის ახალ პრაქტიკულ მექანიზმზე, ინდივიდუალურად მორგებულ პარტნიორობის პროგრამაზე“.

თუმცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ სვლაში საქართველოს ხელისუფლებას მონდომებას უკვე კარგა ხანია ვეღარ ატყობენ პოლიტიკოსები და ექსპერტები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ.

თავდაცვის სფეროს მიმართულებით ხაზგასმულია საქართველოსთვის სხვა ქვეყნების მიერ გამოყოფილი დახმარებაც:

  • შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოყო 18,000 ევრო თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისთვის ინგლისური ენის კურსების ჩასატარებლად;
  • დანიის მშვიდობისა და სტაბილიზაციის პროგრამით, დანიურმა მხარემ JTEC-ს გადასცა 403 000 აშშ დოლარის ღირებულების ტექნიკა;
  • 2019 წელს თურქეთთან ხელმოწერილი 100-მილიონიანი გრანტით, საანგარიშო პერიოდში, გამოიყო 6 მლნ ლირა (210,000 დოლარი), რომლითაც სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა შეიძინეს;
  • 2024 წელს თურქეთის რესპუბლიკა 10 მილიონ ლირას, ხოლო დანიის სამეფო − 198,897 ევროს გამოყოფს.

ასევე ნახეთ ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოგვიცხადებია, მაგრამ არ ვიყოყმანებთ - სახელმწიფო დეპარტამენტი

„აგენტების კანონის“ გამო, რომელშიც საერთაშორისო პარტნიორები დემოკრატიის ძირის გამომთხრელ ინსტრუმენტებს ხედავენ, საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა აშშ-მაც დაიწყო.

სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადებისა და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის“ გადაწყვეტილება 23 მაისს თავად სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა; ხოლო 3 ივნისს, დეპარტამენტის პრესსპიკერმა სწორედ ამ გადაწყვეტილებით ახსნა ის ფაქტი, რომ ბლინკენმა საქართველო არ ახსენა აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტის დროს. ითქვა, რომ რისკის ქვეშ არის ასობით მილიონი დოლარის დახმარება.

არაღიარება, საერთაშორისო დახმარება

პრემიერ-მინისტრი თავის ანგარიშში ასევე აღნიშნავს, რომ „აშშ-ის მხრიდან ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა მათ შორის - აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი [საბიუჯეტო კანონი - Consolidated Appropriations Act FY24], რომელშიც უკვე წლებია, აისახება საქართველოს მხარდამჭერი მნიშვნელოვანი ჩანაწერები ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით და გამოხატულია ურყევი პოზიცია ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“ და ასევე - შენარჩუნებულია საქართველოსთვის გათვალისწინებული დაფინანსების უმაღლესი ნიშნული ($ 132 025 000).

ასევე ნახეთ „აგენტების კანონი“ საფრთხე არაღიარების პოლიტიკისთვის? - „ოცნებისთვის“ საკითხის ასე დასმა „გამაოგნებლად“ ჟღერს

ეს აქტი პირდაპირ უკავშირდება არაღიარების პოლიტიკას.

ასიგნებების აქტის თანახმად, აშშ-ის დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუკი ეს ქვეყანა აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, ან მათთან დაამყარებს დიპლომატიურ ურთიერთობებს. ასევე, აშშ-ის დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, ბოლო პერიოდში, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს დასავლელი პარტნიორების წვლილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პროცესში.

პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არაღიარება არა კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკის, არამედ - საერთაშორისო სამართლის დამსახურებაა და ამაში დასამადლებელი არაფერია.

საპარლამენტო ანგარიშში პრემიერ-მინისტრი გამოყოფს საერთაშორისო მხარდაჭერას შერიგებისა და ნდობის აღდგენის კუთხითაც.

„ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, გრძელდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციების ჩართულობა და მათ მიერ ნდობის აღდგენისა და ჰუმანიტარული პროექტების განხორციელების მხარდაჭერა“, - წერია ტექსტში, ხოლო განმარტების სახით დართულია დამატებითი ინფორმაციაც:

„2023 წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ თანხმობა გაიცა ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების 23 ახალ ჰუმანიტარულ და ნდობის აღდგენის პროექტზე; 2024 წელს - დამატებით 28 პროექტზე; ხოლო 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში - სულ 46 პროექტზე“.

29 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ, „აგენტების კანონის“ მხარდამჭერ აქციაზე გამოსვლისას, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ უცხოელები საქართველოს დახმარებას ტყუილად „ამადლიან“, რადგან მთელი დახმარება სინამდვილეში თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება“.

ო’ბრაიენის ვიზიტი

მაღალი დონის ვიზიტების ჩამონათვალში პრემიერ-მინისტრი ახსენებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო'ბრაიენის ორ ვიზიტს საქართველოში, მათ შორის ერთხელ - დელეგაციასთან ერთად, აშშ-ის სანქციების კოორდინატორის რანგში [2023 წლის ივნისში] და აღნიშნავს, რომ მაშინ „საქართველომ, დასავლელ პარტნიორებთან [რუსეთისთვის დაწესებული - რ.თ.] სანქციების საკითხში თანამშრომლობის კუთხით, მაღალი შეფასება მიიღო“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში - ჯეიმს ო’ბრაიენი, ბოლოს, საქართველოში 2024 წლის 14 მაისს იმყოფებოდა, „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით დამტკიცების დროს. მანამდე, მას უკვე ჰქონდა გამოთქმული არაერთი კრიტიკული მოსაზრება „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით.

ო’ბრაიენს პრემიერ-მინისტრი კობახიძე შეხვდა, მაგრამ მასთან შეხვედრაზე უარი თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

საერთაშორისო პარტნიორებისთვის ნათქვამი უარი თავად კობახიძემ გაახმაურა და ივანიშვილის კუთვნილი ორი მილიარდი დოლარის დე ფაქტო სანქცირებით ახსნა. იქვე ითქვა, რომ ეს ორი მილიარდი „გლობალური ომის პარტიას“ ჩაუვარდა ხელში.

ჯეიმს ო'ბრაიენმა გაკვირვება გამოხატა და თბილისში ისიც თქვა, რომ, თუკი კანონი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ შეიცვლება, აშშ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს დააწესებს.

რუსეთი

„საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებდა მუშაობას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში და ხაზგასმულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მკაფიოდ საჯაროდ უჭერდა მხარს საქართველოს, მათ შორის „რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებების“ შეფასებისას.

ტექსტში ჩამოთვლილია ათობით საერთაშორისო შეხვედრა, დოკუმენტი თუ განცხადება, რომლებშიც საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს დეოკუპაციის აუცილებლობას უსვამენ ხაზს და საოკუპაციო რეჟიმის პრობლემატიკას განიხილავენ.

ანგარიშში მოხსენიებულია საერთაშორისო სამართლებრივი დავები რუსეთის წინააღმდეგ, როცა საქართველო მნიშვნელოვან შედეგებს აღწევს.

ტექსტში აღნიშნულია ასევე, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა წნეხი „განსაკუთრებით, რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან აფხაზეთის რეგიონში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ“.

რუსეთთან მიმართებით არ არის ნახსენები პირდაპირი ავიარეისების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება პირადად ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, გასული წლის გაზაფხულზე, რაც საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის საგნად იქცა.

ანგარიშის ტექსტში აღნიშნულია, რომ „საქართველო რჩება ერთგული თავისი პოზიციისა, რომ საქართველოს ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლის მიზნითდა მოყვანილია სტატისტიკაც „1200-ზე მეტ შემთხვევაში“ იმპორტზე/ექსპორტზე უარის თქმის შესახებ.

ჩინეთი

პრემიერის ანგარიშში განხილულია ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხი.

„საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღების შემდეგ, მნიშვნელოვნად გააქტიურდა ორმხრივი თანამშრომლობა პოლიტიკის, ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის, განათლებისა და ხალხთა შორის კონტაქტების მიმართულებით“, - ხაზგასმულია 2024 წლის 28 მაისიდან ამოქმედებული შეთანხმება - სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად განთავისუფლების შესახებ.

  • 2023 წლის მონაცემებით, ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
  • 2023 წელს საქართველოს ეწვია 48.304 ჩინელი ტურისტი (ზრდა, გასულ წელთან შედარებით - 555%).

ასევე ნახეთ რა ვიცით ანაკლიის პორტის ინვესტორ კომპანიაზე?

ტექსტში ნახსენებია ჩინური კომპანია - China Communications Construction Company Limited, რომელსაც, დიდი ალბათობით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ჩააბარებენ და რომელსაც არაერთი ეჭვი, ვარაუდი თუ უკმაყოფილება უკავშირდება.

აღნიშნულია, რომ ამ კომპანიის განაცხადი/დოკუმენტაციის შესწავლა „ამჟამად მიმდინარეობს სააგენტოსა და მისი კონსულტანტების მიერ, ხოლო შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება განხორციელდება შესარჩევი კომისიის მიერ, დადგენილი წესით უახლოეს პერიოდში“.

„წინასწარი გათვლებით, ზაფხულის პერიოდში, უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება გამარჯვებულ პრეტენდენტთან და შესაბამისად დაიწყოს საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა“, - წერია პრემიერის მოხსენებაში.