საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად, კვლავ სავალდებულოდ რჩება იზოლაციის წესების დაცვა. ყველა შესაძლო შემთხვევაში გადაწყვეტილებას სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი შესაბამისი პირები იღებენ.
ეს წესი, რომელიც მოქალაქეების ნაწილს თავისუფლებას უზღუდავს, 22 მაისიდან მოქმედებს, თუმცა მთავრობამ მასში ცვლილებები გუშინ, პირველ ივნისსაც შეიტანა.
ბოლო ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო აღარ შეაფასებს იმ სივრცის უსაფრთხოებას, სადაც პირი 14 დღეს თვითიზოლაციაში გადასვლას მოითხოვს. ეს მხოლოდ მის კეთილსინდისიერებაზე იქნება დამოკიდებული და პასუხისმგებლობას კი დოკუმენტზე ხელმოწერის შემთხვევაში აიღებს.
დადგენილების წინა ვერსიისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში უკვე ჩამონათვალი გაჩნდა, რა შემთხვევებში შეიძლება თვითიზოლაციაში გადასვლა.
თვითიზოლაციაში მოთავსება/გადაყვანა შესაძლებელია:
- პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის (მაგ.: ქირურგიული ოპერაციების შემდეგ, ქიმიოთერაპიის, დიალიზის სეანსების საჭიროებისას და სხვა) გათვალისწინებით, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენისას;
- საქართველოში საერთაშორისო მისიების წარმომადგენლების, აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების შუამდგომლობის გათვალისწინებით;
- სხვა განსაკუთრებული გარემოებების/სოციალური ფაქტორების (შშმ, არასრულწლოვნობა და მსგავსი) არსებობისას, რომელიც ამართლებს თვითიზოლაციაში პირის ყოფნის უპირატესობას.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს გაუქმდა, თუმცა ამ დღესვე საქართველოს პარლამენტმა მთავრობას უფლება მისცა 15 ივლისამდე კანონით რიგი საკონსტიტუციო უფლებები შეზღუდოს. მათ შორის მსგავსი შეზღუდვის დაწესებაც ამ კანონის მიხედვით ლეგიტიმურია.