როდის აღდგება გარდაბანი-რუსთავი-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლა

რუსთავის რკინიგზის სადგური

სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზა“ ამ ეტაპზე მზად არ არის, უზრუნველყოს სამგზავრო მატარებლის მიმოსვლა გარდაბანი-რუსთავი-თბილისის სარკინიგზო ხაზზე, სარკინიგზო ტრანსპორტისთვის შემუშავებული რეგულაციების გამო.

„საქართველოს რკინიგზიდან“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გარდაბნიდან თბილისამდე საგარეუბნო მატარებლით მგზავრობა აღდგება, როცა შესაძლებელი გახდება ხსენებული რეგულაციების დაცვა.

15 ივნისიდან რკინიგზის ხუთ მაგისტრალურ მიმართულებაზე განახლდა სამგზავრო გადაყვანები.

„ჯანდაცვის სამინისტრომ სარკინიგზო ტრანსპორტისთვის შეიმუშავა გარკვეული რეგულაციები. ყველა ამ რეგულაციას აკმაყოფილებენ ის მატარებლები, რომლებმაც აღადგინეს მუშაობა. „საქართველოს რკინიგზა“ ეტაპობრივად განახორციელებს ყველა იმ პროცედურას, რომლის მიხედვით მატარებლებში შესაძლებელი იქნება რეგულაციების შესრულება. შესაბამისად, ეტაპობრივად მოხდება სხვა რეისების განახლება“, უთხრეს რადიო თავისუფლებას „საქართველოს რკინიგზაში“, რომლის 100-პროცენტიანი წილი სახელმწიფოს ეკუთვნის.

ასევე ნახეთ მატარებელი - რუსთაველების „მაშველი რგოლი“

გარდაბანი-რუსთავი-თბილისის მატარებლით, რომელიც დღეში ერთ რეისს აკეთებდა, სარგებლობდნენ როგორც გარდაბნელები და რუსთაველები, ასევე რკინიგზის გასწვრივ მდებარე დასახლებული პუნქტების მცხოვრებნი. მატარებლის მოძრაობა შეწყდა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ.

საგულისხმოა, რომ პანდემიამდე მოძრავი მატარებლის შემადგენლობა ვერ უპასუხებს ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელ რეგულაციებს. მაგალითად, სამგზავრო ვაგონებში არ იყო სველი წერტილები. ახლად დადგენილ წესებს ვერც რკინიგზის სადგურის შენობა უპასუხებს, სადაც შეჩერებულია მოსაცდელი დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.