როგორ ცხოვრობენ ქუთაისში კარანტინის მეორე დღეს

საქართველოში, ფაქტობრივად, სრული კარანტინის გამოცხადების შემდეგ ქუთაისის ქუჩებში სულ უფრო ნაკლებ ადამიანს შეხვდებით. შედარებით სიმრავლეა სასურსათო მაღაზიებთან, აფთიაქებთან, ბანკების ფილიალებსა და ბანკომატებთან, სადაც დაწესებულებების თანამშრომლები ცდილობენ რიგი მოაწესრიგონ,მომხმარებლებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ და სადეზინფექციო ხსნარით ხელის დამუშავებისკენ მიუთითებენ.

ასევე ნახეთ საქართველო კარანტინშია. 21 საათიდან გადაადგილებაც იკრძალება

როგორც რადიო თავისუფლების რესპონდენტები ამბობენ, წესების გამკაცრება მისაღებია და სახლიდან ძირითადად აუცილებელი საჭიროებისთვის გამოდიან. არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ კარანტინისა და კომენდანტის საათის გამოცხადება საჭირო არ იყო, რადგან თვითდასაქმებულთა დიდი ნაწილი უმუშევრად დარჩა:

„ასე სიმკაცრეც არაა, მგონი, საჭირო. მე ხელოსანი ვარ და საერთოდ ვეღარ ვმუშაობ, საშუალო შემოსავლის ოჯახი ამ პირობებში, ალბათ, ერთ თვეს გაძლებს, შემდეგ გაჭირდება ძალიან ცხოვრება“.

„ჯობია, ყველა სახლში ვიყოთ, მაგრამ საჭმელ-სასმელი ხომ გვინდა?!“

„კარანტინი უნდა იყოს. შეშფოთებულია მსოფლიო და სულ ხომ არ იქნება, დავამარცხებთ ამ ვირუსს და იმუშავებს ყველაფერი“.

ჯერჯერობით განსაკუთრებული შეზღუდვების გარეშე ფუნქციონირებს ქუთაისის ცენტრალური აგრარული ბაზარი, თუმცა, მეორე დღეა, დახლების დიდი ნაწილი ცარიელია. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ბევრმა მათგანმა ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო სახლში დარჩენა ამჯობინა.მოვაჭრეები, რომლებიც დღემდე მუშაობენ, საკუთარი ავტომანქანით ან ტაქსით მოძრაობენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მყიდველის სიმცირის გამო მუშაობა თავადაც შეწყვიტონ.

„ტაქსით მოვედი და ტაქსით უნდა წავიდე. იმდენი ვერაფერი ვიმუშავე, ტაქსის ფული გადავიხადო“;

„ბაზრის დახურვას არ აპირებენ, მაგრამ დავანებებ თავს, ხვალიდან არც მე მოვალ. ისედაც მესამედი ვმუშაობთ“, - ამბობენ მოვაჭრეები.

ასევე ნახეთ 21:00 საათიდან საქართველოში კომენდანტის საათი ამოქმედდა

კომენდანტის საათის შემოღების შემდეგ სამუშაო საათები შეამცირეს ზოგიერთ სავაჭრო ობიექტში. როგორც ერთ-ერთი მაღაზიის მენეჯერმა, თინათინ სულაკაძემ, გვითხრა, მაღაზია საღამოს 10 საათამდე მუშაობდა, თუმცა 31 მარტის შემდეგ ობიექტს 8 საათზე კეტავენ. მისივე თქმით, მკაცრად იცავენ მომსახურების წესებს, რაც ზოგჯერ მომხმარებელთა უკმაყოფილებას იწვევს:

„ზოგი უხეშად მოგვმართავს და არ გვემორჩილება, მაგრამ ვკეტავთ კარს და ერთად ორ მომხმარებელზე მეტს არ ვუშვებთ“.

ქუთაისის ქუჩებში ქვეითად მოსიარულეთა ნაწილს პირბადე და ხელთათმანი უკეთია, ნაწილს - ან პირბადე, ან ხელთათმანი. არიან ისეთებიც, ვინც არც ერთს იყენებს და არც მეორეს. ქუთაისის შემოსასვლელებში 18 ადგილზეა განთავსებული სპეციალური პუნქტი, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საჯარისო დანაყოფები პატრულირებენ.