„დოპელგენგერი“ და „პორტალ-კომბატი“: როგორ ცდილობს კრემლის დეზინფორმაცია თქვენს მოტყუებას

ფეისბუკი საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია - სწორედ აქ ვაწყდებით ძირითადად დეზინფორმაციას

რუსულ დეზინფორმაციის კამპანიას ახალი მეთოდი აქვს - ცნობილი და სანდო მედიაგამოცემების იმიტაცია და ტყუილების ამგვარად გავრცელება. მათი მორიგი სამიზნე საფრანგეთი აღმოჩნდა, თუმცა საქართველოში ამბობენ, რომ მსგავსი პრაქტიკა არც აქაა უცხო.

საფრანგეთში ბოლო ერთ თვეში ორი არჩევნები ჩატარდა - ერთი დაგეგმილი, მეორე კი სრულიად მოულოდნელი. მას შემდეგ, რაც შვიდ ივნისს ჩატარებულ ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის ულტრანაციონალისტურმა პარტიამ, „ეროვნულმა გაერთიანებამ“ გაიმარჯვა, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.

როგორც ირკვევა, გასული კვირები მხოლოდ ფრანგებისთვის არ ყოფილა დატვირთული - ბოტებთან მებრძოლი კოლექტივის, antibot4navalny-ს თანახმად, ამ პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურებულან რუსული ბოტები, რომელთაც სამიზნეში სწორედ ფრანგი ამომრჩეველი ჰყავდათ.

Antibot4navalny იუწყება, რომ ბოტების მიერ გავრცელებულ მასალას ორი მთავარი მიმართულება ჰქონდა - პრეზიდენტ მაკრონის კრიტიკა ან მისი მთავარი ოპონენტის, „ეროვნული გაერთიანების“ გაძლიერება.

კრემლის დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც საამისოდ იქნა გამოყენებული, „დოპელგენგერი“ (გერმანულად ორეული) შეარქვეს. პრინციპი შემდეგნაირია - სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია ყალბი ვებგვერდებიდან, რომელთა სახელიც ისეთი ცნობილი გამოცემებისას წააგავს, როგორებიცაა სააგენტო ფრანს-პრესი, ფრანგული ჟურნალი „ლე პუანი“ და ტელეარხი BFMTV.

კამპანიის მთავარი მიზანი კი უკრაინის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შექმნაა ექსტრემისტული ძალების გაძლიერების პარალელურად.

„ჩვენს ლიდერებს წარმოდგენა არ აქვთ, ჩვეულებრივი ფრანგი როგორ ცხოვრობს, მაგრამ მზად არიან, უკრაინის დახმარების სახელით საფრანგეთი გაანადგურონ“, - ასე იყო, მაგალითად, დასათაურებული ერთ-ერთი ყალბი სტატია, რომელიც 25 ივნისს გავრცელდა.

კიდევ ერთი ყალბი ამბავი მკითხველებს არწმუნებდა, რომ მაკრონის პარტია ხმის სანაცვლოდ ას ევროს იხდიდა, შემდეგ კი შესაბამის ბმულს მკითხველი მაკრონის პარტიის ნამდვილ ვებგვერდზე გადაჰყავდა.

„ამის მიზანი მაინცდამაინც ხალხის გასულელება არაა, რათა მათ იფიქრონ, რომ მართლა „ნიუ-იორკ ტაიმზს“ კითხულობენ. ხალხი სულელი არაა. მიზანი უფრო მეტად საინფორმაციო სივრცის დაბინძურება და იმდენი განსხვავებული ვერსიის შექმნაა, რომ გეგონოს, სიმართლეა“, - ამბობს ევრონიუსთან როს ბერლი, ინფორმაციის მედეგობის ცენტრის თანადამფუძნებელი და კამპანიას იაფსა და ეფექტურს უწოდებს.

ნოემბრის შემდეგ, antibot4navalny-მ 4400 პოსტი შეისწავლა, რომლებიც ძირითადად ფრანგებსა და გერმანელებზე იყო გამიზნული. კვლევის თანახმად, ყალბი გვერდების მიერ კვირაში 100-დან 200-მდე პოსტი ქვეყნდებოდა, ერთადერთი გამონაკლისი კი ცხრა მაისის კვირა აღმოჩნდა, როცა რუსეთში ოფიციალური დასვენების დღეა.

„პორტალ-კომბატი“

საფრანგეთის საწინააღმდეგოდ მიმართული რუსული ონლაინკამპანია შარშან ზაფხულში დაიწყო, თუმცა განსაკუთრებით გამძაფრდა გასული წლის ოქტომბერში, როცა ისრაელსა და ჰამასს შორის ომი გაჩაღდა.

მაშინ რუსეთთან დაკავშირებულმა ათასზე მეტმა ბოტმა დაიწყო პარიზსა და მის შემოგარენში დახატული დავითის ვარსკვლავის ფოტოების გავრცელება.

მოგვიანებით გამოქვეყნებული ფრანგული დაზვერვის ანგარიშის თანახმად, საფრანგეთში დავითის ვარსკვლავების გრაფიტის გაკეთება, ისევე როგორც ჰოლოკოსტისას ებრაელების მხსნელების მემორიალთან ჩადენილი ვანდალიზმი, ეფესბეს, რუსული უშიშროების სამსახურის მიერ დაგეგმილი დესტაბილიზაციის კამპანიის ნაწილი იყო.

2024 წლის 12 თებერვალს კი ვიჟინუმმა, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თვალთვალისა და უცხოური ციფრული ჩარევისაგან დაცვის დეპარტამენტმა, წარმოადგინა ანგარიში, რომელშიც გამოვლენილი იყო 193 ყალბი ვებგვერდისაგან შემდგარი ქსელი.

ფრანგმა გამომძიებლებმა მას „პორტალ-კომბატი“ უწოდეს („მორტალ კომბატი“ ჰქვია ვიდეოთამაშების ცნობილ სერიას).

„პორტალ-კომბატი მხოლოდ დეზინფორმაციის აისბერგის წევრია, ის უკავშირდება ციფრული გვერდების გაფართოებასა და სოციალური მედიის სწრაფ გავრცელებას“, - ამბობდნენ მაშინ ფრანგულ უწყებაში.

„ვიჟინუმის“ მიერ იდენტიფიცირებული ვებგვერდები, რომელთა დიდი უმრავლესობაც მსგავსი დიზაინის იყო, პრორუსული პროპაგანდისა და რუსულ სატელევიზიო არხებზე გაჟღერებულ გზავნილებს ავრცელებდნენ.

ამ ვებგვერდებს ეკუთვნოდა ე.წ. „პრავდას ეკოსისტემა“ – ფრანგული ვერსია Pravda-fr, ისევე, როგორც მისი ბრიტანული, გერმანული და ესპანური ანალოგები. 2023 წელს შექმნილი ამ ვებგვერდების მიზანი ევროპის ქვეყნებში საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა იყო.

„გავრცელებული სტატიები ძირითადად უკრაინის კონფლიქტს ეხებოდა - ერთი მხრივ, დასავლეთის მოსახლეობისთვის დადებითად წარმოაჩენდა რუსეთის შეჭრას და, მეორე მხრივ, უკრაინასა და მის ლიდერებს მუდამ წარმოაჩენდა „კორუმპირებულებად“, „ნაცისტებად“ ან „არაკომპეტენტურებად“, - ნათქვამია „ვიჟინუმის“ ანგარიშში.

ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, რუსული დეზინფორმაციის მანქანა საფრანგეთში კიდევ უფრო გააქტიურდა.

ეს პირდაპირ უკავშირდება ემანუელ მაკრონის მიერ მარტში გაკეთებულ განცხადებას, როცა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის მიმართ კიდევ უფრო გაამკაცრა ტონი და არ გამორიცხა, რომ საფრანგეთმა შესაძლოა უკრაინაში საკუთარი ჯარი გაგზავნოს.

ამ განცხადებიდან სულ მალე გაჩნდა ყალბი ვებგვერდი, რომლითაც, თითქოს, უკრაინაში ფრანგული არმიის მობილიზაცია ხდებოდა. გავრცელდა უამრავი მსგავსი შინაარსის პოსტი რუსულ და ფრანგულენოვან ტელეგრამარხებზეც.

პირველ ივნისს კი რუსულმა კამპანიამ კიდევ უფრო პირქუში სახე შეიძინა, როცა ეიფელის კოშკთან კუბოები გამოჩნდა წარწერით „ფრანგი ჯარისკაცები უკრაინაში“.

ფრანგული დაზვერვის რწმენით, ამის უკან სწორედ რუსული სპეცსამსახურები იდგნენ. ამ აზრს აძლიერებს ის ფაქტი, რომ გამოვლინდა კუბოების ინციდენტის გამო დაკავებული სამი ადამიანის კავშირი ჰოლოკოსტის მემორიალის შებღალვაში ეჭვმიტანილ კაცთან.

„ეჭვიც არ მეპარება, საინფორმაციო სფეროს ჩათვლით“, - ასე უპასუხა აპრილში ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტების დასმულ კითხვას, ფიქრობდა თუ არა, რომ რუსეთი ოლიმპიურ თამაშებს იღებდა მიზანში.

„ყოველდღე [რუსები] ავრცელებენ ამბებს, რომ ან ამას ვერ ვიზამთ ან იმას, რომ [ოლიმპიური თამაშები] რისკის ქვეშაა“, - ამბობდა აპრილში საფრანგეთის პრეზიდენტი.

Antibot4navalny-ს თანახმად, 30 ივნისის შემდეგ, პროპაგანდისტულ გზავნილებში ოლიმპიადასთან დაკავშირებული ძალადობის შიში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ საპროტესტო გამოსვლების რისკთან იყო შერეული.

2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს უნდა დაიწყოს. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს მასში მონაწილეობა აუკრძალეს, რის გამოც წლევანდელი ოლიმპიური თამაშები რუსული დეზინფორმაციის კამპანიის მნიშვნელოვან სამიზნედ იქცა.

რა აქვს ამ ყველაფერს საერთო საქართველოსთან?

დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციის, ევროკავშირის დეზინფორმაციის ლაბორატორიის თანახმად, დოპელგენგერის სქემა პირველად 2022 წელს გამოვლინდა და ამ ეტაპისთვის უკვე არაერთ ქვეყანაში იქნა გამოყენებული.

მაიკო რატიანი, „მითების დეტექტორის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ სწორედ ამ დროიდან ვაწყდებით მსგავსი სქემების საქართველოშიც გამოყენებას. მისი თქმით, საფრანგეთის მსგავსად, მთავარი ხაზი აქაც უკრაინის დისკრედიტაციაა:

„ჩვენ ბევრი მაგალითი შევისწავლეთ და შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ ზუსტად რუსული წყაროებიდან მოდის მსგავსი დეზინფორმაციის შემთხვევები და, შესაბამისად, კრემლის პროპაგანდა დგას ამის უკან.

ყველა შემთხვევაში, შინაარსი მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ.

მიზანი იყო უკრაინელი პოლიტიკოსების და ზოგადად, უკრაინის დისკრედიტაცია და იმ აზრის გავრცელება, რომ დასავლური გამოცემები დასცინიან ან ძალიან მკაცრად აკრიტიკებენ ზელენსკისა და მის გარემოცვას“, - ამბობს ის.

მაიკო რატიანის თანახმად, საქართველოში „დოპელგენგერობის“ ორი ფორმა გამოიკვეთა.

პირველი ცნობილი გამოცემების გარეკანების გაყალბებაა. ფეისბუკზე ვრცელდება, მაგალითად, „დოიჩე ველეს“ ან BBC-ის სახელით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია.

BBC-ის სახელით გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელსაც ფეისბუქზე ქართული აღწერა ახლავს

ასეთ შემთხვევაში, გაყალბებული გარეკანი იმ გამოცემის ენაზეა, რომლის სახელიც ზედაა დატანილი, ხოლო აღწერა უკვე ქართულადაა.

მაიკო რატიანის თქმით, ასეთი აღწერები, როგორც წესი, პირდაპირაა გადმოთარგმნილი რუსული ტელეგრამჯგუფებიდან, რომლებიც, თავის მხრივ, მსგავსი დეზინფორმაციის პირველწყაროა ხოლმე.

ცნობილი დასავლური გამოცემების სახელით დეზინფორმაცია თავდაპირველად რუსულ ტელეგრამარხებზე ვრცელდება

ინფორმაციის გაყალბების მეორე მეთოდი კი ყალბი სიუჟეტების შექმნაა. „მითების დეტექტორის“ რედაქტორის მოადგილე ამბობს, რომ ასეთმა ცრუ სიუჟეტებმა „ბევრი ქართული მედია და ფეისბუკგვერდი შეიყვანა შეცდომაში“.

მოგვიანებით, ორგანიზაციამ მათი შესწავლით დაადგინა, რომ ასეთ სიუჟეტებს რამდენიმე საერთო მახასიათებელი აქვს:

  • გამოყენებულია ზოგადი კადრები და არა ისეთი, რაც უშუალოდ სიუჟეტში განხილულ მოვლენას ასახავს
  • სიუჟეტებს თან ახლავს ტიტრები და მუსიკა, მაგრამ არ ისმის კომენტარი
  • შეიცავს ნაწყვეტებს სხვა ინტერვიუებიდან, არ ისმის რესპონდენტის ხმა და ადევს ტიტრები, რომელშიც შეცვლილია თავდაპირველი ინტერვიუს შინაარსი

მაიკო რატიანი ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც, დეზინფორმაციის პირველწყაროა რუსულენოვანი ტელეგრამარხები და რუსული მედია.

იმ ფონზე, როცა საფრანგეთში რუსული დეზინფორმაციის გააქტიურება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდა, რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში, სადაც ოქტომბერში საპარალამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

მაიკო რატიანის თქმით, ამ ეტაპზე რუსული დეზინფორმაციის გააქტიურება არ შეიმჩნევა, თუმცა ის წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ელოდება, რომ დეზინფორმაცია აგვისტოდან ან სექტემბრიდან გახშირდება, როცა არჩევნებამდე უფრო ცოტა დრო იქნება დარჩენილი.