"სხვა გზა არ არის" - როგორ შეიძლება ახალ არჩევნებამდე მისვლა?

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალი არჩევნების შესახებ მოლაპარაკება შესთავაზა ბიძინა ივანიშვილს, ფოტო გადაღებულია 2018 წელს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მომდევნო ერთი კვირის მანძილზე ახალი არჩევნების შესახებ შეთანხმება უნდა შედგეს და ბიძინა ივანიშვილს მოლაპარაკებებს სთავაზობს. ამ სტატიაში აგიხსნით, როგორ შეიძლება ქვეყანა ახალ არჩევნებამდე მივიდეს.

საქართველოში ფართომასშტაბიანი პროევროპული პროტესტის დაწყებიდან თითქმის ერთი თვის თავზე, დემონსტრანტებს ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ - აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები.

„გადავდივართ ყველანი ერთად ახალ ეტაპზე იმ ძირითადი მოთხოვნისა - რასაც ჰქვია ახალი არჩევნების დანიშვნა“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 21 დეკემბერს ათონელის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც წინ უძღოდა ეუთო/ოდირის კრიტიკული დასკვნა 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ.

პრეზიდენტმა, რომლის უკან ოპოზიციონერები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იდგნენ, დასძინა, რომ დასახულია „შეტევის სტრატეგია ყველა მიმართულებით“.

22 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა, რუსთაველის გამზირზე მრავალათასიან შეკრებას მიმართა და პრეზიდენტის სასახლეში მიიწვია ბიძინა ივანიშვილი. თქვა, რომ მათ 29 დეკემბრამდე უნდა შეათანხმონ ახალი არჩევნების თარიღი.

29 დეკემბერი ის დღეა, როცა სალომე ზურაბიშვილი ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უნდა ჩაანაცვლოს.

სამართლებრივი გზები

ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელად ორი გზა არსებობს.

პირველი ხელახალი არჩევნებია, რომელიც მაშინ იმართება, როცა ამა თუ იმ მიზეზით საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ ჯამდება.

კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ სამართლებრივი მიზეზების გამო, ამ ეტაპზე ხელახალი არჩევნების ვეღარ ჩატარდება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნები უკვე შეაჯამა, ხოლო სასამართლოებს ის არ გაუუქმებია, იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტმა არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომელიც მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

მეორე გზა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა. ამისათვის საჭიროა, პარლამენტში მთავრობის ნდობის საკითხი დადგეს.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ტექნიკურად ეს ამგვარადაა შესაძლებელი: პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან უნდა გადადგეს, რის შემდეგაც პარლამენტმა ახალი მთავრობა აღარ უნდა აირჩიოს. ასეთ შემთხვევაში, კონსტიტუცია პრეზიდენტს ავალდებულებს, რომ პარლამენტი დაითხოვოს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.

ასევე ნახეთ ორი პარასკევი 14-დან 29 დეკემბრამდე - რა ხდება ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ?

ამგვარად, დღევანდელი მოცემულობით, ახალი არჩევნების დანიშვნას აუცილებლად დასჭირდება „ქართული ოცნების“ თანხმობა.

„ახალი არჩევნების დანიშვნა არის დაკავშირებული პოლიტიკურ თანხმობასთან და პოლიტიკურ პროცესთან. თუ ყველა ჯგუფი შეთანხმდება იმაზე, რომ ახალი არჩევნები არის გამოსავალი, მაშინ ფორმალურად ამის გაფორმება მარტივი იქნება“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია.

რა გეგმა აქვს პრეზიდენტს?

სალომე ზურაბიშვილი ახალი არჩევნების საკითხს 23 დეკემბრის მიმართვაში კიდევ ერთხელ შეეხო. მან გაიმეორა თავისი მოწოდება ბიძინა ივანიშვილისადმი, დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების შესახებ მოლაპარაკებას სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე.

მაგრამ რა მოხდება, თუ ივანიშვილი პრეზიდენტის შეთავაზებაზე უარს იტყვის და 29 დეკემბრამდე ახალი არჩევნების ჩატარებას არ დათანხმდება?

ასეთ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია, რომ ხელისუფლების თანხმობის გარეშე დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები.

ეკა ბესელია, რომელიც სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენდა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ჩარჩოდან გასულია, ზურაბიშვილის ივანიშვილისადმი გაკეთებული შეთავაზება კი ჩიხიდან გამოსვლაზე თანამშრომლობას ემსახურება.

ასევე ნახეთ გზა ხმოსნებამდე და ყაველაშვილამდე - საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების ისტორია

ბესელია დარწმუნებულია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალია იმის მიუხედავად, დათანხმდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი 29 დეკემბრამდე სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკებას.

„თუ ასეთ ვითარებაში არ ხდება შეთანხმება, მოქალაქეები აგრძელებენ თავისი კონსტიტუციური უფლებების დაცვას.

საბოლოო ჯამში, ეს კრიზისი მაინც მივა არჩევნების დანიშვნამდე“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

იმავე აზრზეა საქართველოს პრეზიდენტი. ზურაბიშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ ხანგრძლივი პროტესტი არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას მოიტანს:

„მეორე ვარიანტი - მაინც მივდივართ არჩევნებამდე, მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით. სხვა გზა არ არის, უკვე იშლება ეს რეჟიმი ყოველდღე“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა 23 დეკემბრის გამოსვლაში.