ტაბუს გამო, ეს მონაცემები რეალურზე ნაკლებია.
თვითმკვლელობის თავიდან აცილება ხშირად შესაძლებელია, განსაკუთრებით, თუ ეს ღია სივრცეში, სხვების დასანახად ხდება. ბევრ ქვეყანაში ასეთ დროს მაშველებთან ერთად ადგილზე მიდის სპეციალურად მომზადებული კადრი, ხშირად ფსიქოლოგი, რომელიც პოტენციური თვითმკვლელის გადარწმუნებას ცდილობს.
არსებობს თუ არა ასეთი ადამიანი - სპეციალური მომლაპარაკებელი - საქართველოში? შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიო თავისუფლებას ამ კითხვაზე არ უპასუხა.
ფსიქოლოგი ნანა აღაპიშვილი და მისი გუნდი დიდი ხნის განმავლობაში ცხელ ხაზზე უფასოდ ეხმარებოდა მათ, ვინც სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემით რეკავდა, მათ შორის თავის მოკვლის მსურველებსაც.
რადიო თავისუფლება: ერთია, როდესაც ადამიანი თვითმკვლელობის წინ სადმე ჩაიკეტება და ცდილობს მის განზრახვას ხელი არავინ შეუშალოს, მეორეა, როცა სხვების დასანახად აპირებს თავის მოკვლას, მაგალითად, ხიდიდან გადახტომას. შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეცნობიერად მას სურს, რომ ვიღაცამ ხელი შეუშალოს?
ნანა აღაპიშვილი: დიახ, ეს არის სიგნალი: „გადამარჩინეთ“. ასეთ დროს აუცილებელია მას დაველაპარაკოთ. ვინც თავის მოკვლას აპირებს, თავისი გეგმა აქვს, მივიდეს კონკრეტულ ადგილამდე, იქიდან გადახტეს... ასეთ დროს წვრილმანმაც კი, რამე უბრალო შეკითხვამ, შეიძლება ამ გეგმას მოწყვიტოს. ის კი არ უნდა ჰკითხო, რატომ ხტებიო. რამე მარტივი შეკითხვა უნდა დაუსვა, რომ იმ წუთას ყურადღება გადაიტანოს და პასუხი გაგცეს. შემდეგ თუ გაგრძელდა ლაპარაკი, შეიძლება რამე პოზიტიურზეც დააფიქრო, რომ რაღაც სინათლის სხივი შემოვიდეს მის ცხოვრებაში. უნდა მოწყვიტო თავის გეგმებს. თავის მოკვლა ადვილი ხომ არ არის, ამაზე ძალიან დიდი ფსიქიკური ძალა იხარჯება.
რადიო თავისუფლება: არ არის ადვილი? იქნებ, ის უფრო ძნელია, ცოცხალი დარჩე?
ნანა აღაპიშვილი: ორივე ძნელია, მაგრამ ვიღაცა მიდის, ელაპარაკება, გადართო თავის გეგმებიდან. იმ წუთას ხომ ჩერდება? ძალიან დიდი შანსი არსებობს იმისა, რომ იმ მომენტში ადამიანი გადარჩეს.
რადიო თავისუფლება: თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს კატეგორიულად აქვს გადაწყვეტილი თავის მოკვლა.
ნანა აღაპიშვილი: რა თქმა უნდა, ეს ფორმულა ყველაზე არ მუშაობს, მაგალითად, ძალიან მძიმე დეპრესიების დროს. მაგრამ უფრო მეტად არიან ისეთები, ვისთანაც შეიძლება გამოსავალი იპოვო. კვლევებიდან ჩანს, რომ შეიძლება ადამიანის ფიქრების 98% უარყოფითი იყოს, მაგრამ 2% მაინც თუ დადებითია, უკვე შეიძლება ამას ჩაეჭიდო და მდგომარეობიდან გამოიყვანო.
რადიო თავისუფლება: ძირითადად რა უბიძგებს ადამიანს თვითმკვლელობისკენ, ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ცხოვრებისეულ პრობლემებს, რადგან ეს მაინც ყველას სხვადასხვაგვარად გადააქვს.
ნანა აღაპიშვილი: თუნდაც ის, რომ ადამიანი უსარგებლოდ გრძნობს თავს, ესეც ხომ მოუგვარებელი პრობლემაა?! ეს უნდა დაალაგოს ადამიანმა საკუთარ თავთან. რას ნიშნავს იყო უსარგებლო? ხომ არ შეიძლება, ყველაფერში უსარგებლო იყო.
რადიო თავისუფლება: მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული ნიშნები, ყველა შემთხვევაში შეიძლება შევამჩნიოთ ადამიანს, რომ ის თავის მოკვლას აპირებს?
ნანა აღაპიშვილი: შეიძლება ვერც შეამჩნიო. თუ უკვე გადაწყვიტა და გეგმაც შეიმუშავა, არც უნდა, შეატყონ და ხელი შეუშალონ.
რადიო თავისუფლება: თუმცა, ისეთი შემთხვევებიც კია, როდესაც ადამიანი გაცხადებულად ამბობს, თავს მოვიკლავო და ამას სერიოზულად არავინ იღებს.
ნანა აღაპიშვილი: კი, რატომღაც მიიჩნევენ, რომ ვინც თავს იკლავს, ამაზე არ ლაპარაკობს. მთლად ასეც არ არის. ვიღაც განიშნებს, მათ შორის სიტყვითაც. განსაკუთრებით ეს საშიშია, თუ ერთხელ უკვე სცადა თვითმკვლელობა.
რადიო თავისუფლება: ძირითადად რა საშუალებას ირჩევენ თავის მოსაკლავად?
ნანა აღაპიშვილი: მიმართავენ იმას, რაც მათთვის უფრო ხელმისაწვდომია. თუმცა, ხანდახან ცდილობენ, რომ სუიციდს შემზარავი სახე ჰქონდეს.
სუიციდის ბუმი COVID-19-ის შემდეგ
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 720 ათასზე მეტი ადამიანი იკლავს თავს. უფრო მეტად მამაკაცები, უფრო ხშირად - ღარიბ და განვითარებად ქვეყნებში. 15-29 წლის ასაკის ადამიანებში სუიციდი სიკვდილის გამომწვევი მესამე მიზეზია.
სუიციდის შემთხვევების რაოდენობა 30 წლის მანძილზე გაორმაგდა 15-19 წლის ახალგაზრდებში და გასამმაგდა 10-14 წლის მოზარდებში. საქართველოში იყო შემთხვევა, როდესაც 2015 წელს 7 წლის ბავშვმა მოიკლა თავი.
ფსიქიატრ ეკა ჭყონიას მონაცემებით, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ამ კუთხით ნაკლებად მიმართავენ სხვებს დასახმარებლად, ასევე იშვიათად მიდიან ოჯახის ექიმთან (პირველადი ჯანდაცვა მთლიანად ამოვარდნილია ამ რგოლიდან) და პირდაპირ მიმართავენ მათთვის სასურველ სპეციალისტს.
ეკა ჭყონია ამბობს, რომ სუიციდის სტატისტიკაზე იმოქმედა კოვიდმაც, მაგალითად, თუ 2020 წელს საქართველოში 379 თვითმკვლელობა მოხდა, 2021 წელს ეს რიცხვი 467-მდე გაიზარდა.
„მსოფლიო გამოცდილება ასეთია - იზოლაციის პერიოდში, როდესაც ხალხი სახლებში იყო ჩაკეტილი, თვითმკვლელობების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ შემდეგ ისევ გაიზარდა. მიზეზებს რაც შეეხება, ჯერ ერთი, თავად იზოლაციამაც ძალიან იმოქმედა, სტრესიც მეტი იყო და სტრესთან დაკავშირებული ფსიქიკური აშლილობებიც. ვარაუდია, რომ ოჯახში მაინც ერთმანეთის თვალთახედვის არეში იყვნენ და თავის მოსაკლავად განცალკევებას ვერ ახერხებდნენ. ამასთან, დახურული იყო ღამის კლუბები და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე ნაკლებად მიუწვდებოდათ ხელი. როგორც კი კარანტინი მოიხსნა, სუიციდის შემთხვევების რაოდენობა მაშინვე გაიზარდა“, - ამბობს ეკა ჭყონია.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, თუ როგორ შეიძლება მივხვდეთ, რომ ადამიანი შესაძლოა თავის მოკვლას ფიქრობდეს:
ხშირად ლაპარაკობს სიკვდილსა და თვითმკვლელობაზე.
- ეძებს და იკვლევს თავის მოკვლის სხვადასხვა გზას.
- სასოწარკვეთილია. ვერ ხედავს ცხოვრების მიზანს.
- თავს გრძნობს ხაფანგში. გრძნობს გაუსაძლის ტკივილს.
- ამბობს, რომ ტვირთია სხვა ადამიანებისთვის.
- ხშირად მოიხმარს ალკოჰოლს და ნარკოტიკს.
- მუდმივად შფოთავს.
- თავს გრძნობს გარიყულად, არ არის სოციალურად ადაპტირებული.
- სძინავს ბევრი ან ძალიან ცოტა.
- აგრესიულია, ლაპარაკობს შურისძიებაზე.
- ხშირად რადიკალურად ეცვლება ხასიათი.