როგორ მოკლეს აითაჯი - 14 წლის გოგო დმანისიდან

აითაჯ შახმაროვა 7 ოქტომბერს დაკრძალეს.

14 წლის აითაჯ შახმაროვა წელს მეცხრე კლასში უნდა წასულიყო. აითაჯი დმანისიდან, სოფელ უსეინქენდიდან იყო. სკოლაში კი მეზობელ სოფელში, ზემო ყარაბულახში დადიოდა. აითაჯი შაბათს, 7 ოქტომბერს დაკრძალეს.

გამოძიების თანახმად, 14 წლის აითაჯი 27 წლის ალიმ სადიკოვმა, იარაღით მოკლა. კაცი ახლა მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

9 ოქტომბერს, თელავის რაიონულმა სასამართლომ ალიმ სადიკოვს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. გამოძიება მას ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება - სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 109-ე მუხლს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, რომ აითაჯის საქმეზე გამოძიება დაწყებულია კიდევ ერთი, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლით, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს. გამოძიებას ქვემო ქართლის პოლიცია აწარმოებს.

რა მოხდა სოფელ ლამბალოში?

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯის მკვლელობის ამბავი 6 ოქტომბერს, საღამოსკენ გავრცელდა.

მეორე დღეს, ​აითაჯის დედამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ 27 წლის კაცმა მისი შვილი, ქორწინების მოტივით, ორი თვის წინ დმანისის სოფლიდან, „საძოვრებიდან გაიტაცა“, კახეთში, სოფელ ლამბალოში წაიყვანა, ბავშვს კაცთან დარჩენა არ სურდა და მისგან თავის დაღწევას ცდილობდა.

მოკლული აითაჯის დედა ამბობს, რომ შვილის წამოსაყვანად ვერ მიდიოდა, რადგან კაცი მასაც მოკვლით ემუქრებოდა:

„არ მოგვეშვა, წინ და უკან იარა. ერთ დღეს ბავშვი ხბოს მოსაყვანად წასულა, მე არაფერი ვიცოდი. ჩასაფრებული ყოფილა. მანქანაში ჩაუტენია. ჩემს შვილს გაქცევა სდომებია, ტირილი აუტეხავს. მას მანქანაში გაუწვენია და წიხლები ურტყამს, უგინებია. იქ რომ მიიყვანა, კიდევ უცდია ბავშვს გაქცევა. ბაღში დაუჭერია, ყელზე თოკი გამოუბამს და ასე თრევით წაუყვანია სახლში... მე არ გამიტანებია. ვუთხარი, ჯერ ამის დრო არ არის-მეთქი, 17-18 წლის რომ გახდება, მერე გეტყვი პასუხს-მეთქი. ვითხოვ, რომ ეს ადამიანი მოკვდეს ან სამუდამო მისცენ, ან მე მოვკლავ ტყვიით [ტელეკომპანია „ფორმულას“ თარგმანი]“.

ქალი, სხვა პირებზე დაყრდნობით, ჟურნალისტებს უყვება შვილის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, სოფელ ლამბალოში, ალიმ სადიკოვის სახლში მომხდარ ამბავს:

„ჩემს გოგოს უთქვამს, არ მიყვარხარ, ძალით მომიტაცე, 14 წლის ვარ, არ მინდიხარ, 112-ში დავრეკავ და გიჩივლებო. ამის მერე, იარაღი აუღია და ჩემი შვილისთვის დაუხლია“.

14 წლის გოგოს გატაცების, ორთვიანი ტყვეობისა და მკვლელობის დეტალების აღდგენა ჟურნალისტებს ახლა მხოლოდ ოჯახის წევრებზე, მშობლებზე, ახლობლებზე, სკოლაზე დაყრდნობით უწევთ.

საგამოძიებო უწყებას, ამ დრომდე, არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია არასრულწლოვანი გოგოს გატაცების, ქორწინების იძულებისა და მკვლელობის შესახებ.

აითაჯის გატაცებისა და შემდეგ მკვლელობის ამბავს ყველა სხვადასხვაგვარად ჰყვება. მაგალითად, გოგოს ოჯახის ახლობელი, ხალილ ომაროვი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გოგოს ოჯახმა გამტაცებელს პოლიციაში იმიტომ არ უჩივლა, რომ „გოგომ უთხრა დედას, რომ ბიჭი უყვარდა და ვრჩები, არ იჩივლოთო... ჩვენც რას ვიზამდით, ამიტომ არ მივმართეთ პოლიციას“.

27 წლის კაცის მამა, ადალათ ასლანოვი კი ირწმუნება, რომ 14 წლის არასრულწლოვანს და მის შვილს „კარგი ურთიერთობა ჰქონდათ“. მკვლელობის დღეს რა მოხდა, არ იცის: „გოგო დანიშნული იყო და ეს მისი მშობლების თანხმობით მოხდა“.

სახლი სოფელ ლამბალოში, სადაც 14 წლის აითაჯი ორი თვის განმავლობაში ცხოვრობდა

სოფელ ლამბალოში ამბობენ, რომ 14 წლის აითაჯმა 6 ოქტომბერს, სახლიდან გაქცევა კიდევ ერთხელ და უკანასკნელად, გამტაცებლის ბიძაშვილის საქორწინო სამზადისის დროს სცადა.

თანასოფლელების თქმით, სწორედ მაშინ ესროლა ცეცხლსასროლი იარაღი კაცმა არასრულწლოვან გოგოს, რომელთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა.

სანამ აითაჯს მოკლავდნენ, იყო 4 წლის ნინო, 14 წლის ნინი, 15 წლის ლუკა...

14 წლის აითაჯის სიკვდილი არ არის პირველი საქმე, როდესაც ბავშვი ძალადობის პირისპირ სრულიად მარტო დატოვა სისტემამ.

ასეთი საქმე იყო 2019 წელს, 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების საქმე, რომელიც თვეების განმავლობაში დედის მხრიდან სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო, ბავშვი საავადმყოფოშიც მოხვდა, ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმირებული იყო ზრუნვის სააგენტოც, თუმცა, სისტემამ ბავშვის სიკვდილი მაინც ვერ აიცილა თავიდან.

2019 წლის 22 იანვრის დილას, ბავშვი საკუთარ საწოლში ნახეს გარდაცვლილი. სასამართლომ ნინოს დედას 11-წლიანი პატიმრობა შეუფარდა და ის დამნაშავედ ცნო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ე.ი. სხეულის დაზიანებისათვის, რომელმაც არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სახლი, სადაც 4 წლის ნინო ცხოვრობდა

4 წლის ნინოს საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ორი სოციალური მუშაკის მიმართაც, მათ მიერ შესაძლო ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

2022 წლის მაისში, ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტებს, გენერალურმა პროკურატურამ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ საქმეზე განაჩენი დადგა, თუმცა, რა სახის განაჩენი, გაამტყუნეს თუ გაამართლეს სოციალური მუშაკები, ეს დეტალები მათ წერილში არ ეწერა.

სოციალური მუშაკების მიმართ დამდგარი განაჩენის შინაარსით რადიო თავისუფლება 9 ოქტომბერს დაინტერესდა, თუმცა, გენერალური პროკურატურისგან პასუხს ამ დრომდე ველოდებით.

მერე იყო 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც 2019 წლის 11 დეკემბერს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების („ამ ცხოვრების დედაც“) გამო გამოკითხეს.

ლუკას გარდაცვალების შემდეგ, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავეს საქმის გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი, რომელიც ბრალს არ აღიარებდა.

წარწერა "მწვანე სკოლის" კედელზე

ლუკას სირაძის საქმეში მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ისიც, რომ, სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ „მწვანე სკოლამ“ დაარღვია მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გავრცელების წესები.

კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, როდესაც სისტემამ ვერ მოახერხა მოზარდის დაცვა, 2021 წლის თებერვლის დასაწყისში, ქობულეთში მოხდა. 14 წლის ნინი ცეცხლაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მას შემდეგ, რაც მასზე სექსუალურად იძალადა 23 წლის ახალგაზრდამ და რის შესახებაც ინფორმირებულნი იყვნენ სამართალდამცავები და ზრუნვის სააგენტო, ბავშვი ოჯახის წევრების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის შემდეგაც ნინიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ნინი ცეცხლაძის დაკრძალვა

საქმეზე ორი პირი დააკავეს, 23 წლის კაცი, რომელმაც 14 წლის მოზარდზე სექსუალურად იძალადა და გარდაცვლილის ბაბუა, 76 წლის კაცი, რომელიც შვილიშვილს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდა, რაც გაიგო, რომ ბავშვზე სექსუალურად იძალადეს.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, რომელიც მაშინ 14 წლის ნინის დის, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესებს იცავდა, სავარაუდო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას ითხოვდა, თუმცა, უშედეგოდ.

ახლაც, ანა თავხელიძე, ორგანიზაციის იურისტი, აითაჯის მკვლელობის საქმეზე საუბრისას, ჯერ იმ საქმეებს იხსენებს, როდესაც სისტემამ ვერ მოახერხა ბავშვების დაცვა და მათი სიცოცხლის გადარჩენა:

„საზოგადოებას არ აქვს განცდა, რომ როდესაც ამ ტიპის დანაშაულები ხდება, როდესაც გულგრილობას ან უმოქმედობას იჩენენ სახელმწიფო სტრუქტურები, ამის გამო ვინმე დაისჯება. შესაბამისად, წახალისებულია პასუხისმგებელი პირების უმოქმედობა“, - ამბობს ის.

გარდა მკვლელისა, კიდევ ვისი ბრალეულობა უნდა (შეიძლება) გამოიკვეთოს აითაჯის საქმეში?

  • ვისთან ერთად გაიტაცა 14 წლის აითაჯი 27 წლის კაცმა?
  • როგორ მოხდა, რომ ორი თვის წინ გატაცებული არასრულწლოვნის შესახებ არაფერი იცოდა, მაგალითად, სკოლამ? ადგილობრივმა პოლიციამ? ზრუნვის სააგენტომ?
  • რატომ არ შეატყობინა აითაჯის ოჯახმა სამართალდამცავებს, სკოლას, ბავშვის გატაცების შესახებ?
  • რატომ არ მიაწოდეს სამართალდამცავებს ინფორმაცია მეზობლებმა, რომ 27 წლის ალიმ სადიკოვს 14 წლის მოზარდი იძულებით ჰყავდა სახლში გამოკეტილი?
  • რატომ არ მოიკითხა დროულად სკოლის ადმინისტრაციამ ბავშვი, რომელიც ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან სკოლაში აღარ მისულა?


ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

სწორად წარმართული გამოძიებისა და საქმის გარემოებების დადგენის შემთხვევაში, აითაჯის მკვლელობის საქმეში შესაძლოა არა მხოლოდ ერთი ბრალდებული, უშუალო მკვლელი, არამედ სხვა არაერთი ბრალდებულიც აღმოჩნდეს.

იურისტი ანა თავხელიძე მიიჩნევს, რომ დღეს,14 წლის გოგოს მკვლელობის საქმე არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 109-ე მუხლით უნდა მიმდინარეობდეს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს, არამედ, გამომძიებლები საქმეს კიდევ არაერთი მუხლით უნდა იძიებდნენ.

მათ შორის პირველია - სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილი, არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რაც ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობას და არის მძიმე კატეგორიის დანაშაული:

„იყვნენ თუ არა ბავშვის გატაცებაში ჩართული სხვა პირები? ჰყავდა თუ არა მამაკაცს დამხმარე? ამ ფაქტის შესახებ ვის ჰქონდა ინფორმაცია? - ამბობს ანა თავხელიძე.

ამას გარდა, სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლი, დანაშაულის შეუტყობინებლობა, რაც ისჯება 2-დან 7 წლამდე.

აითაჯის საქმეში, ვინ შეიძლება იყვნენ ის ადამიანები, რომლებზეც შესაძლოა გავრცელდეს სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი? - დანაშაულის შეუტყობინებლობა?

„ყველა ის ადამიანი, ვინც იცოდა, რომ გატაცებული იყო 14 წლის ბავშვი, რომელზეც ძალადობდნენ და ამის შესახებ შეტყობინება არ გაუკეთებია არსად“, - გვეუბნება ანა თავხელიძე და კიდევ უფრო აკონკრეტებს:

ანა თავხელიძე

„ბავშვის ოჯახის წევრები, მეზობლები, სკოლა... ყველა იმ ადამიანს, ვინც იცოდა, რომ ბავშვი გატაცებული იყო და ეს ინფორმაცია არ შეატყობინეს პოლიციას, მათ სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი. გამონაკლისია ბრალდებულის ოჯახის წევრები, რომლებიც კანონმდებლობის თანახმად, საკუთარი ოჯახის წევრის წინააღმდეგ არ აძლევს ჩვენებას და, შესაბამისად, ამ ვალდებულებისგან თავისუფლდებიან“.

ანა თავხელიძის თქმით, კიდევ ერთი გამონაკლისი შეიძლება გავრცელდეს ადამიანზე, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს შიში, რომ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, ის შესაძლოა, თავად იქცეს ძალადობის მსხვერპლად, თუმცა, ეს გარემოებაც გამოძიების დასადგენია:

„გამოძიებამ უნდა შეისწავლოს, შეაგროვოს მტკიცებულებები და ამის მიხედვით უნდა დადგეს, მაგალითად, ბავშვის ოჯახის წევრების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დანაშაულის შეუტყობინებლობასთან მიმართებით. ინტერვიუში დედა ამბობს, რომ გამტაცებელი მას მოკვლით ემუქრებოდა, უნდა დაადგინოს გამოძიებამ, რატომ არ მიმართა ქალმა პოლიციას“.

გამოძიებამ უნდა გამოიკვლიოს, ჰქონდა თუ არა ბავშვის გატაცების შესახებ ინფორმაცია სკოლას და თუკი მათ ეს ინფორმაცია ჰქონდათ, ანა თავხელიძის თქმით, ამ შემთხვევაშიც უნდა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი:

„არადამაჯერებელია სკოლის განცხადება, რომ თითქოს სკოლას დედა არწმუნებდა, რომ ბავშვი სტუმრად იყო და ამის გამო არ დადიოდა სკოლაში. სკოლას ამის გადამოწმების ვალდებულება ჰქონდა. რა ზომა მიიღო სკოლამ, რომ გადაემოწმებინა ეს ინფორმაცია? პირველ რიგში, სკოლას საფუძვლიანად უნდა მოეკვლია ეს საკითხი, მეორე, უნდა შეეტყობინებინა ინფორმაცია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთვის და სამართალდამცავი უწყებისთვის. სკოლის პასუხისმგებლობის საკითხი ძალიან კარგადაა შესასწავლი. თუკი მათ იცოდნენ ბავშვის გატაცების შესახებ, ეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და ყველა ამ პირზე უნდა გავრცელდეს დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლი“.

მაია ხმალაძე, დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ირწმუნება, რომ სოფელ ზემო ყარაბულახის სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, რომ მეცხრეკლასელი მოსწავლე 27 წლის კაცმა ქორწინების მიზნით მოიტაცა.

მისი თქმით, აითაჯის დამრიგებელი ერთი კვირა ცდილობდა ბავშვის დედასთან დაკავშირებას, თუმცა, ქალი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, „ტელეფონი გათიშული იყო“. 23 სექტემბერს კი დამრიგებელმა აითაჯის ძმას, ამავე სკოლის მოსწავლეს სთხოვა, დედისთვის გადაეცა, რომ მას სკოლაში იბარებდნენ:

„მშობელი კვლავ არ გამოცხადდა, კვლავ არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს. დედა სკოლაში მივიდა 5 ოქტომბერს. ჩემი ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში, ქალი ფიზიკურად არ იმყოფებოდა სოფელში. იმ დღეს სკოლის დირექტორი თავად ესაუბრა ქალს. უთხრა, რომ თუკი ბავშვი დაუყოვნებლივ არ მივიდოდა სკოლაში, მას მოსწავლის სტატუსი შეუჩერდებოდა. აუხსნა ყველა დეტალი. მშობელი ლამის მუხლებში ჩაუვარდა, სტატუსი არ შეუჩეროთ, მაქსიმუმ ორ დღეში მოვა სკოლაში, სტუმრადაა წასულიო“.

მაია ხმალაძე ამბობს, რომ სკოლაში მისულ დედას არ უთქვამს, რომ მისი შვილი გატაცებული იყო და მათ დახმარება სჭირდებოდათ:

„ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში, მით უმეტეს, რომ პატარა სოფელია, ოჯახს არ გაუმჟღავნებია, რომ ასეთი პრობლემა ჰქონდათ. პირველი შემთხვევა იყო, რომ ჩვენ არ გვქონდა არანაირი ეჭვი და ინფორმაცია ბავშვის გატაცების შესახებ. ოჯახს მინიშნება მაინც რომ გაეკეთებინა, რომ დახმარება სჭირდებოდათ, რომ ემუქრებოდნენ, სულ სხვა ფორმით შევძლებდით მათ დახმარებას, შევატყობინებდით პოლიციას და აუცილებლად ვიმოქმედებდით კანონის შესაბამისად“.

ანა თავხელიძისთვის არადამაჯერებელია ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ბავშვის გატაცების შესახებ არაფერი იცოდნენ ადგილობრივმა სამართალდამცავებმა:

„მსგავსი ტიპის საქმეებში ხშირად იკვეთება, რომ პოლიცია სათანადოდ არ რეაგირებს და ამის ყველაზე კარგი მაგალითია 14 წლის ნინი ცეცხლაძის საქმე, სადაც დაწყებული იყო გამოძიება სექსუალურ ძალადობაზე და მაშინაც კი პოლიციამ და ზრუნვის სააგენტომ ვერ გააკეთეს ვერაფერი იმისთვის, რომ ბავშვი დაეცვათ და ფაქტობრივად, სახელმწიფო უწყებების უმოქმედობამ გამოიწვია ბავშვის თვითმკვლელობა“.

კიდევ ერთი მუხლი, რომლითაც გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს, ანა თავხელიძის აზრით, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი, გაუპატიურება, რადგან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის კაცს 14 წლის მოზარდთან მისი ნების საწინააღმდეგოდ ჰქონდა სქესობრივი კავშირი.

იურისტის თქმით, გამოძიების ინტერესის არეალში უნდა მოექცეს სისხლის სამართლის კიდევ ერთი, 144-ე პრიმა მუხლი, რაც წამებას გულისხმობს:

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაცი ბავშვზე ძალადობდა, აბამდა, სცემდა, ეს ყველა ეპიზოდი უნდა გასცდეს ოჯახში ძალადობის მუხლს და შესაძლოა, ის გაუთანაბრდეს წამებას“.

რაც შეეხება ქვემო ქართლის პოლიციის მიერ, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს, ანა თავხელიძე ამბობს, რომ ამ მუხლით დაწყებული გამოძიება ვერ ჩაანაცვლებს ვერც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ვერც გაუპატიურებისა და ვერც დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებს:

„150-ე პრიმა მუხლი ერთ-ერთი რელევანტური მუხლი შეიძლება იყოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, გატაცების, ოჯახში ძალადობის და გაუპატიურების გვერდზე გაწევის ფონზე“.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით მომზადებულ გამოკვლევაში, რომელიც 2022 წელს გამოქვეყნდა, 2020-2022 წლებში, ბავშვთა ქორწინების მიზნით ჩადენილ 407 საქმეზე დაიწყო გამოძიება.

2020 წელს, არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილი დანაშაულის გამო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 42 პირის მიმართ. 2021 წელს - 67 პირის მიმართ. 2022 წელს (6 თვე) – 44 პირის მიმართ.

საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირის ქორწინება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც, 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა. მხოლოდ ერთ წლის განმავლობაში, 2017 წლამდე არსებობდა ასევე სამოქალაქო კოდექსში ჩანაწერი, რომ 17 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვებოდა მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით, ისეთი პატივსადები მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება. 2017 წლის პირველი იანვრიდან, ეს მუხლი ძალადაკარგულად გამოცხადდა. ანუ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 18 წლამდე მოზარდი მის სრულწლოვან პარტნიორთან მხოლოდ ფაქტობრივ თანაცხოვრებაში იმყოფება და არა ქორწინებაში.

ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, რომელიც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, ითვლება მძიმე დანაშაულად და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე.