როგორც ალექსეი ნავალნის ადვოკატები და ოჯახის წევრები ამბობენ, პატიმრობაში ის იმყოფებოფა აუტანელ, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის სახიფათო პირობებში - რომელიც შეუძლებელს ხდიდა ძილს, ყურადღების კონცენტრირებას, დასვენებას; მას არ აწვდიდნენ სათანადო კვებასა და სამედიცინო მომსახურებას; ნავალნისთან სპეციალურად ათავსებდნენ გადამდები დაავადებით ინფიცირებულსა და ასოციალურ პატიმრებს; უვრცელებდნენ სხვა პატიმრებში აგრესიის გამომწვევ ხმებს და ხშირად ათავსებდნენ საჯარიმო იზოლატორში, სადაც მრავალი დღის განმავლობაში იძულებით ასმენინებდნენ თავისი მთავარი ოპონენტის - პრეზიდენტ პუტინის გამოსვლის ერთსა და იმავე ჩანაწერს; ღამ-ღამობით მის საკანში ტოვებდნენ ძლიერი ინტენსივობის განათებას და ა.შ.
რუსი პოლიტოლოგის ალექსანდრ მოროზოვის თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ალექსეი ნავალი მოკლეს:
„არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება სიკვდილის შესახებ შედგენილი საბოლოო დასკვნა. უნდა ითქვას, რომ ეს არის პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც აუცილებლად გააყალბებს ნებისმიერ ასეთ მოვლენას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე დაიჯერებს რაიმე ოფიციალურ ვერსიას, რომელსაც კრემლი წამოაყენებს, რადგან ბოლო 10 წლის განმავლობაში ყოველი ტრაგიკული შემთხვევის ინტერპრეტაციას სულ მუდამ ახლდა ტყუილი. ეს არის არა მხოლოდ კაციჭამიური, არამედ უკიდურესად ცინიკური რეჟიმი, რომლისთვისაც ასეთი სიკვდილები არაფერს ნიშნავს“.
ალექსეი ნავალნის ცოლმა, იულია ნავალნაიამაც 19 თებარვალს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მისი ქმარი მოკლეს კოლონიაში 3-წლიანი ტანჯვის და წამების შემდეგ:
„ის არ იჯდა ციხეში ისე, როგორც სხვები ისხდნენ, მას აწამებდნენ, ამყოფებდნენ კარცერში, ბეტონის კოლოფში. <...> მას დასცინოდნენ, არ აძლევდნენ კალამს და ფურცელს, რომ დაეწერა ჩემთვის ან ჩვენი შვილებისთვის წერილი; აშიმშილებდნენ 3 წლის განმავლობაში, ის კი არათუ არ ნებდებოდა, პირიქით, სულ მხარს გვიჭერდა ჩვენ, გვამხნევებდა, ხუმრობდა. ერთი წამითაც კი არ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რისთვისაც იბრძოდა და რის გამოც განიცდიდა. ჩემი მეუღლე არ გატყდა და სწორედ ამიტომ, პუტინმა მოკლა ის”.
როგორ დაიწყო
ალექსეი ნავალნი პატიმრობაში იმყოფებოდა 2021 წლის 17 იანვრიდან -ის მოწამვლის შემდეგ გერმანიიდან დაბრუნებული პირდაპირ შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
2021 წლის 2 თებერვალს მოსკოვის სიმონოვსკის რაიონულმა სასამართლომ 3,5-წლიანი პირობითი პატიმრობა, რომელიც ალექსეი ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე ჯერ კიდევ 2014 წელს ჰქონდა მისჯილი, ნამდვილი პატიმრობით შეუცვალა.
ამის შემდეგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოსკოვის იზოლატორიდან („მატროსკაია ტიშინა“) ჯერ ვლადიმირის ოლქის საგამოძიებო იზოლატორში (СИЗО-3), შემდეგ კი ქალაქ პოკროვის გამოსასწორებელ კოლონიაში (ИК-2) გადაიყვანეს.
2023 წლის მარტის ბოლოს ნავალნის დაეწყო მწვავე ტკივილი ზურგისა და ფეხის არეში. იძულებული გახდა მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების მოთხოვნით შიმშილობა გამოეცხადებინა. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ჯიუტად აცხადებდა, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილური და "მიმდინარე სამედიცინო ჩვენებების შესაბამის" სამედიცინო დახმარებას იღებდა, სამოქალაქო ექიმს არ აძლევდნენ მისი ნახვისა და გასინჯვის შესაძლებლობას.
2021 წლის აპრილში ნავალნის ადვოკატმა ოლგა მიხაილოვამ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხერხემალზე ორი თიაქარი აღმოუჩინეს. პატიმარი უჩიოდა სიცხეს, მკლავებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვას და ზურგის ძლიერ ტკივილს. პატიმარს არ მისცეს MRI დასკვნა, კოლონიის ექიმმა კი სამკურნალოდ გამოუწერა მხოლოდ დიკლოფენაკი და ნიკოტინის მჟავა, რომელიც, როგორც ადვოკატები შენიშნავდნენ, „მედიცინაში 30 წელია აღარ გამოიყენება“.
ალექსეი ნავალნი მალე მაღალი სიცხით გადაიყვანეს კოლონიის სამედიცინო განყოფილებაში, ხოლო მისი რაზმიდან სამ ადამიანს ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს. რუსეთში მცხოვრებმა რამდენიმე ექიმმა გამოაქვეყნა ღია წერილი და მოითხოვა პატიმრის ნახვა სამედიცინო შემოწმების მიზნით. ექიმებმა ილაპარაკეს ალექსეი ნავალნის საგანგაშო ანალიზებისა და ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის შესახებ, რომ „შესაძლებელი იყო მისი გარდაცვალება ნებისმიერ მომენტში“.
სასჯელაღსრულების პოკროვის N2 კოლონიაში (ИК-2) ნავალნი აღრიცხვაზე აიყვანეს, როგორც „გაქცევისკენ მიდრეკილი“ პატიმარი: საათში ერთხელ მასთან შედიოდა სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომელი და რთავდა ვიდეოკამერას, რითაც ყოველ ჯერზე აღვიძებდა მას და დაძინების საშუალებას არ აძლევდა. ნავალნიმ პროტესტის ნიშნად 23 დღის განმავლობაში იშიმშილა. ექიმებმა დაასკვნეს, რომ „შიმშილობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა პატიმრის ჯანმრთელობას და მის გაგრძელებას შეიძლებოდა გამოეწვია სავალალო შედეგი“. კოლონიაში მისვლიდან შიმშილობის დასრულებამდე ალექსეი ნავალნიმ 15 კილოგრამი დაიკლო.
„72 კილოგრამზე ჩამოვედი, ამდენს ვიწონიდი მე-7 კლასში. გუშინ აბანოში წამიყვანეს, რათა დღეს შედარებით წესიერად გამოვიყურებოდე. ჩემს თავს სარკეში რომ შევხედე, გავიფიქრე - ნამდვილი ჩონჩხი ვარ“, - თქვა მაშინ სასამართლო დარბაზში მიყვანილმა პოლიტიკოსმა.
2022 წლის 22 მარტს ალექსეი ნავალნის პატიმრობის ვადა დაუმატეს: მიესაჯა ცხრა წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონულმა სასამართლომ ნავალნი დამნაშავედ ცნო განსაკუთრებით მსხვილ თაღლითობასა და მოსამართლის შეურაცხყოფაში. პროკურორის თქმით, პოლიტიკოსმა მიითვისა მხარდამჭერების შემოწირულებები „პირადი მიზნებისა და ექსტრემისტული საქმიანობისთვის“.
ვადის ნახევარი საჯარიმო იზოლატორში
2022 წლის ივნისში ალექსეი ნავალნი გადაიყვანეს ვლადიმირის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში (ИК-2), რომელიც ცნობილია პატიმართა სისტემატური წამებითა და გაუპატიურებებით. სწორედ ამ კოლონიის ერთ-ერთმა პატიმარმა გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ ადმინისტრაციამ აიძულა ეცემა სხვა პატიმარი, რომელიც მოგვიანებით თავის საკანში გარდაიცვალა. ალექსეი ნავალნიმაც, ამ კოლონიაში გადაყვანიდან ერთი კვირის შემდეგ განაცხადა, რომ კოლონიის მართვის მთავარი მეთოდი „ცემა და წამება“ იყო.
2022 წლის აგვისტოში ნავალნიმ ციხეში შექმნა პატიმართა და კოლონიის თანამშრომელთა პროფკავშირი, რისთვისაც იგი საჯარიმო იზოლატორში (ШИЗО - სიზო) მოათავსეს, თუმცა კოლონიის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პატიმარი ისჯებოდა დღის განრიგის დარღვევისთვის: თითქოსდა მუდმივად შეხსნილი ჰქონდა ხალათის ზედა ღილი.
მეორედ ალექსეი ნავალნი სიზოში დააბრუნეს გამოსვლიდან რამდენიმე დღეში. ამჯერად ფორმალურ მიზეზად დასახელდა ის, რომ საჯარიმო იზოლატორში გადაყვანისას დროულად არ წაიღო ხელები ზურგს უკან.
„არასწორად წარუდგინა თავი ციხის ოფიცერს“; „უარი თქვა ღობის (მესრის) გარეცხვაზე“; „კარგად არ მიალაგა პატიმართა გასასეირნებელი ეზო“; „თანასაკნელთან საუბარში გამოიყენა სკაბრეზული სიტყვები („пиздец“, „блядь“ და ა.შ.); „პირი დაიბანა დღის განრიგით გათვალისწინებულ დროზე ნახევარი საათით გვიან“ და ა.შ. - ესაა იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალი, რომლებისთვისაც ნავალნი საჯარიმო საკანში გადაჰყავდათ.
ამგვარი განუკითხაობის გამო ნავალნი კოლონიას სასამართლოში უჩიოდა, თუმცა სასჯელები სულ უფრო და უფრო სასტიკი ხდებოდა. 2022 წლის სექტემბერში კოლონიის ადმინისტრაციამ ალექსეი ნავალნი გამოაცხადა „გამოუსწორებელ დამრღვევად“ და 15 დღით გაუშვა საჯარიმო იზოლატორში.
ალექსეი ნავალნის ფაქტობრივად აწამებდნენ, როცა ერთიმეორის მიყოლებით, ნახევარ-ნახევარი თვით (ჯამში 27-ჯერ) აგზავნიდნენ საჯარიმო იზოლატორში რეჟიმის უმცირესი დარღვევისთვის. ასე გრძელდებოდა მომდევნო წლინახევრის განმავლობაში. მთლიანობაში, 1 წლისა და 8 თვის განმავლობაში პოლიტიკოსმა საჯარიმო საკანში 295 დღე გაატარა.
როგორც ნავალნის ადვოკატები ჰყვებიან, ხშირ შემთხვევაში მას საჯარიმო საკანში ერთ დღეზე ნაკლებ დროში აბრუნებდნენ. ბოლოს საერთოდ უარი უთხრეს პატიმრებისთვის განკუთვნილ ჩვეულებრივ ბარაკში ცხოვრებაზე. 2022 წლის ნოემბერში ნავალნის მოთავსების ადგილად განისაზღვრა „საკნის ტიპის სადგომი“ - იზოლირებული საკანი ცალკე შენობაში, რომელიც დიდად არ განსხვავდებოდა საჯარიმო სიზოსგან.
ასეთ „კამერებში“ ცხოვრობენ ის პატიმრები, რომელთა გამოსწორება, კოლონიის ადმინისტრაციის აზრით, განსაკუთრებულად მძიმე პირობებს მოითხოვს. ასეთ პატიმრებს ეკრძალებათ ხანგრძლივი პაემნები (ამანათების მიღება მხოლოდ ყოველ ექვს თვეში ერთხელ აქვთ ნებადართული), ასევე შეზღუდული აქვთ (ნაწილობრივ) საკვების კოლონიის მაღაზიაში შეძენის ლიმიტი, მაგრამ ნავალნისთვის ეს შეზღუდვები კიდევ უფრო მეტად გაამკაცრეს: მწირ სურსათს, რომელსაც პატიმარი ყიდულობდა, კოლონიის თანამშრომლები მის თვალწინ, მისსავე საკანში ანადგურებდნენ.
ამგვარი წამების შედეგად ალექსეი ნავალნის გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. 2022 წლის დეკემბერში მან კვლავ დაიჩივლა ხერხემლის ტკივილზე. კოლონიის ადმინისტრაციამ პატიმარს რაღაც გაურკვეველი ინექციებით უმკურნალა.
2023 წლის იანვარში, როდესაც მეათედ მოათავსეს სადამსჯელო იზოლატორში, ნავალნის დაეწყო ციებ-ცხელება. თვითონ პატიმარმა განაცხადა, რომ ცუდად გახდა მას შემდეგ, რაც კოლონიის ადმინისტრაციამ მასთან საკანში შეასახლა პატიმარი, რომელიც კვირაობით არ იღებდა შხაპს და არ იცავდა ჰიგიენის ელემენტარულ ნორმებს. ადვოკატების თქმით, ეს პატიმარი რამდენიმე დღით გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში გრიპით დაავადებულებთან, შემდეგ კი უკან, კვლავ ნავალნისთან დააბრუნეს. პოლიტიკოსის თქმით, ეს სცენარი რამდენჯერმე გაიმეორეს. როგორც ნავალნი ამტკიცებდა, მის თანასაკნელს კოლონიის ადმინისტრაცია იყენებდა როგორც „ბაქტერიებით სავსე ჩვარს “. ამასთან, კოლონია უკან აბრუნებდა იმ მედიკამენტებს, რომელთა მიწოდებასაც ნავალნის ოჯახის წევრები და ადვოკატები ცდილობდნენ.
2023 წლის ივლისში სასამართლო პროცესზე ვიდეოჩართვისას ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ ყოველდღე ვლადიმირ პუტინის 2-საათიან სიტყვას ასმენინებდნენ. ნავალნიმ სასამართლოს მიმართა განმარტებისთვის, რა საფუძვლით ასმენინებენ პუტინის სიტყვას და არ ურთავენ რადიოს. მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება ახსნა „საგანმანათლებლო მუშაობის შესახებ გარკვეული ინსტრუქციით“.
ასევე ნახეთ ნავალნის 100 დღეა, პუტინის ერთსა და იმავე სიტყვას ასმენინებენროდესაც ალექსეი ნავალნი მე-12-ედ გადაიყვანეს საჯარიმო იზოლატორში მორიგი 15 დღით, როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, მან კუჭის დაავადების გამო მთელი რვა კილოგრამი დაკარგა. 2023 წლის დეკემბერში იმდენად ცუდად გახდა, რომ კოლონიის ადმინისტრაციამ მედიკოსებს ნავალნისთვის წვეთოვანის დადგმისა და გადასხმების გაკეთების ნება დართეს.
საჯარიმო იზოლატორში ყოფნის პირობები ისედაც მძიმეა, ალექსეი ნავალნისთვის კი ეს პირობები კიდევ უფრო დაამძიმეს. იზოლატორში დააყენეს სამი მძლავრი ნათურა კაშკაშა შუქით, საიდანაც, როგორც თავად პოლიტიკოსი წერდა, დაბრმავება შეიძლებოდა. მოპირდაპირე საკანში მოათავსეს პატიმარი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად ღრიალებდა ისე, რომ შეუძლებელი იყო დაძინება. გარდა ამისა, როგორც ადვოკატები ამტკიცებენ, კოლონიის ადმინისტრაციას ნავალნის თანამესაკნე განზრახ მიჰყავდა „პირუტყვულ მდგომარეობამდე“, რათა იზოლატორში გაუსაძლისი სიმყრალე ყოფილიყო.
2023 წლის სექტემბერში ალექსეი ნავალნის დაეკისრა ყველაზე მკაცრი სასჯელი, რაც კი არსებობს რუსეთში პატიმრებისთვის: მთელი ერთი წლით გადაიყვანეს „კამერული ტიპის სამარტოო ნაგებობაში“ - ერთგვარ კოლონიის შიდა ციხეში, სადაც ათავსებენ რეჟიმის ყველაზე გამოუსწორებელ დამრღვევებს. მაგრამ ნავალნიმ იქ მხოლოდ ორი თვე დაჰყო (ამ ორ თვეშიც სამჯერ გაგზავნეს სიზოში): 2023 წლის 7 დეკემბერს ნავალნი ისე გაიყვანეს ვლადიმირის კოლონიიდან, რომ მთელი 19 დღის განმავლობაში არც ადვოკატებმა და არც მისი ოჯახის წევრებმა მის შესახებ არაფერი იცოდნენ.
26 დეკემბერს პოლიტიკოსის თანამოაზრეებმა გამოაქვეყნეს მისი წერილი, საიდანაც გაირკვა, რომ პატიმარი სხვა კოლონიაში გაუყვანიათ:
„მე ვარ თქვენი ახალი თოვლის ბაბუა. აბა, რა? მაქვს ტყაპუჭი, ყურებიანი ბეწვის ქუდი, მალე მაჩუქებენ თექის ჩექმებს, ეტაპირების 20 დღის განმავლობაში წვერიც გამეზარდა. მართალია, ირმები ჯერ არ არიან, მაგრამ სამაგიეროდ არიან უზარმაზარი, ფუმფულა, ძალიან ლამაზი ნაგაზები. <…> ეტაპირების 20 დღე საკმაოდ დამღლელი იყო, მაგრამ მაინც მშვენიერ განწყობაზე ვარ, როგორც ეს თოვლის ბაბუას შეეფერება“.
როგორც გაირკვა, ნავალნი გადაიყვანეს იამალში, სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებაში ეგზოტიკური სახელწოდებით „პოლარული მგელი“, სადაც კვლავ გაგრძელდა მისი წამება. 2024 წელს 9 იანვარს ნავალნი პირველად გაგზავნეს სიზოში - შვიდი დღით. 22 იანვარს კვლავ გადაიყვანეს (ამჯერად 10 დღით) საჯარიმო იზოლატორში, 1 თებერვალს - კიდევ 10 დღით...
ალექსეი ნავალნის დედამ შვილი ბოლოს 12 თებერვალს ნახა. ლუდმილა ნავალნაიას თქმით, ის იყო "ცოცხალი, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე".
14 თებერვალს, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, ალექსეი ნავალნის X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) გამოქვეყნდა პოსტი, რომლითაც მან მეუღლეს, იულიას ვალენტინობის დღე მიულოცა:
„პატარავ, ყველაფერი ისე გვაქვს როგორც სიმღერაშია: ჩვენ შორის ქალაქები, აეროდრომების შუქები, ქარბუქების სილურჯე და ათასობით კილომეტრებია, მაგრამ ვგრძნობ, რომ ყოველ წამს ჩემ გვერდით ხარ და უფრო და უფრო მიყვარხარ."
ამ პოსტის შემდეგ, მალევე გამოჩნდა ახალი პოსტი, რომელიც იტყობინებოდა, რომ ალექსეი ნავალნი კვლავ გადაიყვანეს საჯარიმო იზოლატორში.
„იამალის კოლონიამ გადაწყვიტა გააუმჯობესოს ვლადიმირის კოლონიის მიერ დამყარებული რეკორდი ლაქიობასა და მოსკოველი უფროსობის მაამებლობაში. ეს-ესაა 15 დღე მომისაჯეს. ანუ ეს არის მე-4 სიზო მას შემდეგ, რაც აქ გადმოვედი, ე.ი. 2 თვეზე ნაკლებ დროში. მაწრთობენ“, - ეს არის ალექსეი ნავალნის სახელით დაწერილი ბოლო შეტყობინება.