Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის 100 დღეა, პუტინის ერთსა და იმავე სიტყვას ასმენინებენ


ალექსეი ნავალნი, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სასამართლოს ვიდეოზარით ერთვება კოლონიიდან
ალექსეი ნავალნი, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სასამართლოს ვიდეოზარით ერთვება კოლონიიდან

ასი დღეა, პატიმრობაში მყოფ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის ყოველდღე ვლადიმირ პუტინის 2-საათიან სიტყვას ასმენინებენ. ნავალნი ადვოკატების მეშვეობით ჰყვება, რა ხდება მის თავს კოლონიაში.

„ნორმალურები ხართ, საერთოდ? სხვა პუტინი ჩართეთ, განა ცოტა სიტყვით გამოსვლა ჰქონია?“- ამბობს ნავალნი.

კოლონიის თანამშრომელს კი ასეთი პასუხი აქვს: „ეს 2023 წლის მიმართვაა, შესაბამისად, მას მთელი 2023 წლის განმავლობაში უნდა ვუსმინოთ. გამოვა შემდეგი მიმართვა - მას მოვუსმენთ“.

ნავალნიმ სასამართლოსაც მიმართა განმარტებისთვის, რა საფუძვლით ასმენინებენ პუტინის სიტყვას და არ ურთავენ რადიოს. სასამართლოში ეს გადაწყვეტილება ახსნეს საგანმანათლებლო მუშაობის შესახებ გარკვეული ინსტრუქციით.

კოლონიაში კი განმარტეს, რომ პუტინის გზავნილს რთავენ „მსჯავრდადებულებში კანონმორჩილი ქცევისადმი, ადამიანისადმი, შრომისადმი, საზოგადოებრივი ნორმებისადმი პატივისცემის ჩამოყალიბების მიზნით“.

უფლებადამცველ ოლგა რომანოვას განცხადებით, ასეთი „საგანმანათლებლო“ სამუშაო, რა თქმა უნდა, წამებას ნიშნავს და როგორც ჩანს, ეს კოლონიის ინიციატივაა.

მისივე თქმით, მსგავსი „საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი“ სამუშაოების ნაწილია პატიმრებისთვის „შამანის და ბაბკინას ამაზრზენი პატრიოტული სიმღერების მოსმენა“.

ამას გარდა, ალექსეი ნავალნის ხშირად ათავსებენ სამარტოო საკანში, სადაც დამაბრმავებენ სინათლეს ურთავენ; მასთან საკანში შეჰყავდათ „არასასურველი მეზობლები“; გვერდით საკანში ათავსებენ ადამიანს, რომელიც ღამ-ღამობით ყვირის.

ფსიქოანალიტიკოსი ანასტასია რუბცოვა „Current Time-სს" უყვება, რომ ყოველ საღამოს პუტინის სიტყვით გამოსვლის სმენა „ფსიქიკისთვის სახუმარო ამბავი არაა.“ „როგორც ვიცი, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის სამარტოო საკანში იმყოფება და ადამიანებთან ნორმალურად დალაპარაკების საშუალებაც არ აქვს. ეს ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური წამებაა“, - ამბობს რუბცოვა.

რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის, თაღლითობის ბრალდებით 9 წლით აქვს პატიმრობა მისჯილი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. თავად ნავალნი, რუსი უფლებადამცველები და საერთაშორისო თანამეგობრობა მის დევნას პოლიტიკურად მიიჩნევენ. ნავალნის მიერ დაარსებული "კორუფციასთან ბრძოლის ფონდი" რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული და აკრძალულია.

ნავალნის კიდევ სამი ათწლეულით ემუქრება პატიმრობა - 19 ივნისს დაიწყო ახალი პროცესი, რომელზეც მას ექსტრემიზმის ბრალდებით ასამართლებენ.

XS
SM
MD
LG