სახელმწიფო ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს საეკლესიო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ამ მსხვილი რეგიონული პროექტების განხორციელებისას მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი მუნიციპალური განვითარების ფონდია.
ბოლო წლებში ფონდი პროექტების მნიშვნელოვან ნაწილს მართლმადიდებელი ეკლესიების გარშემო გეგმავს.
- წმინდა ნინოს წყარომდე მისაყვანი გზა ბოდბის ეკლესიამდე;
- პარკინგები და ტურისტული ცენტრები მონასტრებთან;
- წყლის რეზერვუარები კაცხის სვეტის ბერებისთვის;
- ხელნაკეთი სუვენირების მაღაზიების მშენებლობა;
- გალავნების შეკეთება და საფეხმავლო ბილიკები.
ეს არასრული ჩამონათვალია იმ მსხვილი პროექტებისა, რომლებზეც ფონდი მუშაობს და რომელთა ბიუჯეტი, როგორც წესი, რამდენიმე მილიონია ლარია.
2-მილიონიანი გზა სალოცავამდე
საგანგებო მდგომარეობისა და ეპიდემიის პირობებში ტყიბულის მუნიციპალიტეტში ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის ფონდმა სახელმწიფო ტენდერი 18 მაისს გამოაცხადა. სალოცავამდე მისასვლელი გზის გაკეთებაში სახელმწიფო თითქმის 2 200 000 ლარს გადაიხდის. 3-კილომეტრიანი გზა უშუალოდ სალოცავთან მდებარე პატარა მოედანზე გადის, იქ იგეგმება ავტოსადგომის მოწყობაც.
თანხა, რომელსაც ფონდი სალოცავამდე მისასვლელის მოწყობაში იხდის, სვანეთში სამი სოფლისთვის 50 ბავშვზე განკუთვნილი საბავშვო ბაღის შენობის აშენებას ეყოფოდა.
3-მილიონიანი გზა წმინდა ნინოს წყარომდე და 2 მილიონიც მონასტრის პარკინგზე
სახელმწიფოს 3 მილიონზე მეტი უჯდება 3-კილომეტრიანი მონაკვეთის დაგება ბოდბის მონასტრიდან წმინდა ნინოს წყარომდე.
ბოდბის მონასტერთანვე ფონდი აკეთებს ორდონიან პარკინგს 1,8 მილიონ ლარად. ჯამში, ბოდბის მონასტრის ირგვლივ ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გადახდილი 5 000 000 ლარი იმდენივეა, რამდენიც ორი, 150 ბავშვისთვის განკუთვნილი, სკოლის შენობის აშენებას დასჭირდებოდა. ესეც ფონდისავე გათვლებით.
3 მილიონი სანათლავზე, მაღაზიაზე, სადეგუსტაციო სივრცეზე და ა.შ. ფოკის დედათა მონასტრთან
კიდევ ერთი დედათა მონასტერი, რომლის პერიმეტრის მოწესრიგებაზეც ფონდი ზრუნავს, ფოკის დედათა მონასტერია ჯავახეთში. 2019 წლის აგვისტოში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, აქ ფონდი 3 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს და ეს თანხა ხმარდება ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას, საეკლესიო მაღაზიის აშენებას, ფარავნის ტბის ნაპირას საყოველთაო სანათლავისა და საფეხმავლო პანდუსის მშენებლობას, ფარავნის ტბის ნაპირას ავტოსადგომის აშენებასა და სამონასტრო კომპლექსიდან საყოველთაო სანათლავამდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკების მოპირკეთებასა და გარე განათების სისტემის მოწყობას.
ფონდი თვლის, რომ ფარავნის ტბის ნაპირისა და წმინდა ნინოს ტაძართან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ პოტენციალს და ადგილობრივების სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ის თანხა, რომელიც ფოკის მონასტრის პერიმეტრის მოწესრიგებისთვის იხარჯება, საკმარისია 130 მუნიციპალიტეტის აღჭურვისთვის კომპიუტერებითა და პრინტერებით.
მილიონ ლარზე მეტი კაცხის სვეტის კეთილმოწყობისთვის
2017 წლის შემდეგ ცდილობს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მაქსიმალურად კეთილმოწყობილი იყოს კიდევ ერთი, კაცხის სვეტზე მდებარე, მამათა მონასტერი.
კაცხის სვეტთან სენაკებისა და მომსახურების შენობის ასაშენებლად 2017 წელს 1,5 მილიონი ლარი გამოიყო.
ამავე პროექტის ნაწილი იყო წყლის რეზერვუარების სისტემის აწყობა. მიწის ნაკვეთები, რომელზეც სატუმბი სადგური, მილსადენი და რეზერვუარი მოეწყო, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, გამწმენდი ნაგებობა კი სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზეა მოხვედრილი და, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდი მაშინ ამბობდა, მუშაობდნენ ამ ტერიტორიის ტყის ფონდიდან ამორიცხვაზე.
258 მეტრის წყალსადენი მილი გადის ტყის ფონდისა და კერძო პირის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე. მისი მესაკუთრე ამ ნაკვეთით ვეღარ სარგებლობდა, მაგრამ ვინაიდან მასზე არც მდელო, არც ხეები და არც შენობა-ნაგებობები და ღობეებია, მუნიციპალური განვითარების ფონდი ფიქრობს, რომ მოქალაქეს ზიანი არ ადგება.
პროექტის დოკუმენტაციას თან ახლავს მესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რაც გამორიცხავს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
1 მილიონ ლარზე მეტი პარკინგისთვის, საპირფარეშოებისა და ბილიკებისთვის ატენის სიონთან
მილიონ ლარზე მეტი ჯდება ატენის სიონის გარშემო მიმდინარე სამუშაოებიც, რაც 7 ავტომობილისთვის განკუთვნილი პარკინგის, 5 წერტილზე განთავსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოებისა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობასა და არსებული - დაახლოებით, 300 მეტრის სიგრძის - გზის რეაბილიტაციას გულისხმობს. პროექტში შედის ასევე ღობე-კარიბჭის მოწყობა სამონასტრო კომპლექსის დღევანდელ შესასვლელში, ცენტრალური გზის გასწვრივ. ამ პროექტისთვის ფონდმა თანხები ევროპის საინვესტიციო ბანკიდან მოიძია. პროექტის დასრულების ვადად 2020 წლის მარტი იყო დასახელებული, თუმცა სამუშაოები აპრილის თვეშიც არ იყო დასრულებული.
კიდევ რამდენიმე მილიონი სხვა რელიგიური ნაგებობების ინფრასტრუქტურაზე
სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დონორების დაფინანსებით ან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან აღებული კრედიტებით საეკლესიო ნაგებობების ირგვლივ ინფრასტრუქტურული პროექტები გზების ან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სახელით ხორციელდება.
ასე მაგალითად:
- 2019 წლის სექტემბერში დაიწყო გელათის მონასტერთან მისასვლელი გზისა და საყრდენი კედლის მშენებლობა. პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება, დაახლოებით, 1.6 მილიონი ლარია. ამ პროექტის დაწყებამდე ფონდმა გელათის მონასტერთან მოაწყო კულტურული ზონები, მათ შორის, ტურისტული ინფრასტრუქტურა.
- 1,4 მილიონი ლარი ასევე მსოფლიო ბანკიდან მოზიდული რესურსიდან დაიხარჯა მოწამეთას მონასტერთან გალავნის კედლების გასამაგრებლად, ვიზიტორთა ცენტრის, პარკინგისა და საპირფარეშოების რეაბილიტაციისთვის, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და განთავსდა ნაგვის ურნები, გარე ვაჭრობის დახლები და საინფორმაციო დაფები.
- მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მოეწყო ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზა და ავტოსადგომი. პროექტი, რომელიც 2018-19 წლებში განხორციელდა, 3,4 მილიონი ლარი დაჯდა.
- 1 871 000 ლარი დაჯდა შუამთაში მონასტრების წყლით უზრუნველყოფა, საფეხმავლო ბილიკების, სუვენირების მაღაზიისა და საპირფარეშოების მოწყობა. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღნიშვნით, სამუშაოებზე 40-მდე ადგილობრივი იყო დასაქმებული.
- 2 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც გულისხმობდა საინფორმაციო ცენტრის, ავტოსადგომის, მონასტრამდე მისასვლელი გზისა და საპირფარეშოების გაკეთებას და აშენებას. მუნიციპალური განვითარების ფონდი მიიჩნევს, რომ პროექტის ძირითადი ბენეფიციარი ადგილობრივი მოსახლეობაა, რომელსაც გაუუმჯობესდება სოციალური მდგომარეობა. ტურისტები კი უფრო იოლად შეძლებენ იმერეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნახვას.
უცხოური დახმარება თუ ვალი?
მხოლოდ აქ ჩამოთვლილი რელიგიური დაწესებულების ირგვლივ განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჯამი 23 მილიონს უახლოვდება. მუნიციპალური განვითარების ფონდი დაფინანსების წყაროდ უთითებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერას და ეს მხარდაჭერა უმეტეს შემთხვევებში კრედიტია. საქართველოს საგარეო ვალის დინამიკა გასული წლების განმავლობაში მზარდია და სხვადასხვა ორგანიზაციიდან აღებული სესხების მნიშვნელოვანი ნაწილი მუნიციპალური და საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვისაა განკუთვნილი.
რამდენად და როდემდე სჭირდება ეკლესიას სახელმწიფოს დახმარება?
2002 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, საქართველოს საპატრიარქომ ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამში, დაახლოებით, 276,5 მილიონი ლარი მიიღო. საქართველოს თვითმმართველი თემები და ქალაქები ასევე გადასცემენ საქართველოს საპატრიარქოს მატერიალურ სიკეთეს (ყოველწლიურად, დაახლოებით, ოთხიდან ხუთ მილიონამდე ლარს).
საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფოსგან იღებს ასევე დიდი მასშტაბის უძრავ ქონებას - მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს. TDI-სა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით, დღემდე სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კვ. კმ-მდე ფართობს მოიცავს.
ასევე ნახეთ მიტროპოლიტი ნიკოლოზი: 25 მლნ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაასაქართველოს პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანა ტყის კანონი, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს კოდექსში ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი (არა უმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში) და, ასევე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. მიჩენილ ტერიტორიაში იგულისხმება ტყის ფართობი, რომლის მესაკუთრე არის სახელმწიფო, თუმცა საერთო მართვის უფლებამოსილება აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, საპატრიარქოს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს როგორც ახალი, ასევე აქამდე მიჩენილი ტერიტორიები. მსგავსი უფლება სხვა არც ერთი სუბიექტისთვის არ არის განსაზღვრული.
ასევე ნახეთ ინფოგრაფიკა: ქალაქის ფული ეკლესია-მონასტრებს