ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ საპატრიარქო სახელმწიფოსგან ძალიან ცოტა დაფინანსებას იღებს. ასე გამოეხმაურა ის ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის კვლევას TV პირველის ეთერში.
"საზოგადოებრივ მაუწყებელს ბევრად მეტი აქვს და ითვლება, რომ მისი დაფინანსება არის მიზერული... ჩვენ გვაქვს ეს თანხა, რასაც გვაძლევს სახელმწიფო, ეს არის კონსტიტუციური შეთანხმება. ოღონდ, 25 მლნ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა", - თქვა მან.
მანვე განმარტა, რომ მას ნახევარი მილიონი აქვს ეპარქიაში საგანმანათლებლო ცენტრისთვის და "ვალებში იხრჩობა".
ძვირადღირებულ მანქანის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს კი მიტროპოლიტმა თქვა, რომ 42 ათასდოლარიანი მანქანა 2006 წელს მას პატიოსანმა ადამიანმა შესწირა.
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია, რომ რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემების დიდი ნაწილი სისტემური ხასიათისაა, სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცული რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის პრინციპი ხშირად ირღვევა საქართველოს საპატრიარქოსთვის ფინანსური, სამართლებრივი და სოციალური პრივილეგიების მინიჭებისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის გამო.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს საპატრიარქოს პრივილეგირებული მდგომარეობა ვლინდება ეკლესიის დაფინანსების სახელმწიფო პოლიტიკასა და პრაქტიკაშიც. ამის საპირისპიროდ კი სახელმწიფო უხეშად ერევა ზოგიერთი სხვა რელიგიური ორგანიზაციის ავტონომიაში.