ანტიდასავლური პროპაგანდა ის უცვლელი იარაღია, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირს და დღევანდელ რუსეთს აერთიანებს. ხშირად, ამ პროპაგანდის და დეზინფორმაციის გავრცელებას რუსეთი თავის საზღვრებს გარეთაც ახერხებს.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მხარდაჭერით, იკვლია საბჭოთა კავშირში ანტიდასავლური პროპაგანდის მაგალითები, რომლებსაც დღესაც აქტიურად იყენებს რუსეთი და კრემლის მოქმედი რეჟიმი. წყაროდ კი 1970-იანი წლების გაზეთი „კომუნისტი“ აიღეს - იმ დროის ყველაზე გავლენიანი გამოცემა, რომელსაც დასავლეთის წინააღმდეგ ყოველდღიური საინფორმაციო ომი ჰქონდა გაჩაღებული.
უკვალოდ არც ხანგრძლივ საბჭოთა პროპაგანდას ჩაუვლია და არც მის დღევანდელ გამოძახილს - კვლევის ავტორების აზრით, საზოგადოების ნაწილს, არა მხოლოდ რუსეთში, არამედ საქართველოშიც, დღემდე, სწორედ ამიტომ შემორჩა ერთიანი საბჭოთა კავშირის ნოსტალგიაც და ევროპული ღირებულებების თუ ცხოვრების წესის მიმართ შიშიც.
„პროპაგანდის მთავარი მესიჯი მაშინაც იყო - რა ცუდია დასავლეთი. საბჭოთა მოქალაქეს უნდა შექმნოდა არასწორი წარმოდგენა, რომ იქ რაღაც კატასტროფა ხდება. ამის გადამოწმების ძალიან მცირე შესაძლებლობა არსებობდა“, - გვეუბნება კვლევის ერთ-ერთი ავტორი სოფო გელავა, საქართველოს უნივერსიტეტის საგამოძიებო მედიალაბორატორიის ხელმძღვანელი.
საბჭოთა კავშირს მაშინაც იმ დროის საერთაშორისო პოლიტიკა აინტერესებს და მისი ანტიდასავლური პროპაგანდის საგანიც ეს მოვლენებია: ამერიკაში ანტისაომარი გამოსვლები, აშშ-ის მიერ ვიეტნამიდან ჯარების გაყვანა; ირანში შაჰის ჩამოგდება და ისლამური რესპუბლიკის დაარსება; ომი ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის; საბჭოთა ჯარების შეყვანა ავღანეთში და ა.შ.
ეს საერთაშორისო ამბები კარგი მასალა იყო დეზინფორმაციის გასავრცელებლად და პროპაგანდის ახალი ძალებით ასამუშავებლად. მიზანი კი დასავლეთის დემონიზება და საბჭოთა რეჟიმის გამყარება იყო.
„თუ ამ მოვლენებს დღეს მიმდინარე ამბებით ჩავანაცვლებთ, ვნახავთ, რომ რუსეთის დღის წესრიგი უცვლელია“, - გვეუბნება კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ანტონ ვაჭარაძე, IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი.
როგორ "უჭირს" აშშ-ს და ევროპას
ერთ-ერთი თემა (1970-1972 წლებში), რომელსაც გაზეთი „კომუნისტი“ სულ უბრუნდებოდა, იყო უმუშევრობა, ინფლაცია, ფასების ზრდა დასავლეთში.
„ინფლაციისა და მატერიალური მდგომარეობისათვის შეშფოთების ვითარებაში დაიწყო მილიონობით ამერიკელისათვის ახალი 1970 წელი“, - ასე იწყება, მაგალითად, ერთ-ერთი სტატია აშშ-ის ეკონომიკის შესახებ.
ამ საკითხზე წერას გამოცემა შემდგომ ნომრებშიც აგრძელებს. ახლა უკვე ფრანგული გაზეთის, „ვი ფრანსეზის“ მოშველიებით, რომლის მიხედვითაც, „ინგლისი ინფლაციამ მოიცვა, აშშ-სა და დასავლეთ გერმანიაში იზრდება უმუშევართა რაოდენობა“.
„აქ შეგვიძლია გავიხსენოთ, რას წერდა რუსული პრესა გასულ წელს, როგორ გაუჭირდა ევროპას, რომ ბრიტანელებს არჩევნის გაკეთება მოუწევდათ ბუნებრივ აირსა და საკვებს შორის. ეს კარგად გამოცდილი პროპაგანდის ნაწილია და ცხადია, ის დღეს არ მოუფიქრებიათ“, - გვეუბნება სოფო გელავა.
„ამერიკას ჰქონდა პრობლემები და არც ვიეტნამის ომია მისი ისტორიის საუკეთესო პერიოდი, ბრიტანეთშიც ნამდვილად მაღალი იყო უმუშევრობის მაჩვენებელი, თუმცა საინტერესო სწორედ ესაა, პროპაგანდა ამას როგორ იყენებდა - „იქ ყველაფერი ცუდადაა, აქ ყველაფერი კარგად“, ამბობდა ის და ეს მუშაობდა. ისევე, როგორც დღეს ხდება რუსეთში. გასულ შემოდგომაზეც გვესმოდა, როგორ გაიყინებოდა ამ ზამთარში ევროპა, რომელსაც აღარ ექნებოდა ენერგორესურსი“, - ამბობს ანტონ ვაჭარაძე.
ნატო - მაშინაც და ახლაც
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საბჭოთა კავშირისთვისაც ისეთივე თავის ტკივილი იყო, როგორიც დღესაა რუსეთისთვის - „ნატოს სურს კვიპროსის დესტაბილიზაცია” - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში ნატო დადანაშაულებული იყო კვიპროსის კონფლიქტის პირადი ინტერესებისთვის გამოყენებაში. ციტატა სტატიიდან:
„რით აიხსნება ჩრდილოეთ ატლანტიკის ბლოკის ასეთი ჭეშმარიტად ავბედითი საქმიანობა კვიპროსის მიმართ? ამ კითხვაზე პასუხს იძლევა, მაგალითად, ბურჟუაზიული ინგლისური გაზეთის „სანდი ტელეგრაფის“ ცნობა, რომელიც ამ დღეებში წერდა, რომ ნატოს შტატებში იხილავენ ჩრდილოეთ კვიპროსში პენტაგონის სამხედრო ბაზის შექმნის საკითხს. მოკლედ რომ ვთქვათ, ნატოს ხელს აძლევს კვიპროსის გათიშვის ყოველგვარი ვარიანტი, ოღონდ კი მიიღოს სამხედრო ბაზა ამ კუნძულზე”.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე ათეული წელია გასული, რუსეთის რიტორიკა არ შეცვლილა.
„თუ ამ ტექსტებიდან კვიპროსს ამოვიღებთ და მას საქართველოთი ჩავანაცვლებთ, ზუსტად იმავე შინაარსის პროპაგანდას მივიღებთ. სამწუხაროდ, რასაც ადრე კრემლი ამბობდა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის შესახებ, დღეს იგივე გვესმის "ქართული ოცნების" ლიდერებისგან“, - გვეუბნება სოფო გელავა და პარალელებზე საუბრისას იხსენებს წლების წინ „კომუნისტში“ გამოქვეყნებულ ორ კარიკატურას:
ერთზე მშვიდობიანი ცხოვრება ჩანს სოციალიზმში - საბჭოთა მოქალაქე საპირველმაისოდ ემზადება, მეორეზე კი ხატია კაცი სამხედრო ხომალდით ხელში. ამ ორმა ნახატმა სოფო გელავას გაახსენა საახალწლოდ, თბილისის „მშვიდობით სავსე ქალაქად“ მონათვლა მაშინ, როცა რუსეთი უკრაინას ბომბავდა.
„აქაც იგივე გზავნილი იყო: ნახეთ, ჩვენთან მშვიდობაა, როცა სადღაც ომია. ომში ვერ ჩაგვითრევენ“.
აშშ-ს მიერ იარაღის ახალ სახეობათა შექმნის საშიშროების პროპაგანდაც საბჭოთა პრესის უცვლელი თემა იყო. რეჟიმი ამ გზით ცდილობდა საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რამდენად რეალური საფრთხე იყო ეს საბჭოთა კავშირისთვის.
„პენტაგონმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს გააცნო „მტრის თანამგზავრების“ მოსპობის საშუალებათა შექმნის პროგრამა. უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში გათვალისწინებულია, შეიქმნას დამჭერი, რომელიც შეძლებს „ჩამოაგდოს“ ორბიტიდან საბჭოთა თანამგზავრი“, - წერდა „კომუნისტი“ 1977 წელს.
„კამიკაძე დელფინები“
ცოტა ხნით ადრე, 1972 წლის 22 იანვრის ნომერში კი ქვეყნდება სტატია სათაურით „დელფინი-კამიკადზე (სტილი დაცულია) ანუ პენტაგონელი მწვრთნელები“, რომელშიც ნათქვამია, რომ თურმე, უკვე ოცდაათი წელია „ამერიკის სამხედრო ხროვა ცდილობს ბევრი ცხოველის ინსტინქტები და ჩვევები მილიტარისტული მიზნებით გამოიყენოს“ - სტატიაში საუბარია სელაპის, დელფინის, თოლიის, ღამურას, სკუნსის სამხედრო მიზნით გაწვრთნაზე:
ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთულ დელფინს უნდა ამოეცნო მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავი და აეფეთქებინა. იმისათვის, რომ დელფინს გაერჩია საკუთარი და მოწინააღმდეგის მოწყობილობა, ამერიკულ წყალქვეშა ნავებს კორპუსზე ექნებოდათ ლითონის ზოლები. რაც შეეხება პროექტს „ღამურა“ – ფუგასური ბომბების ნაცვლად ამერიკელები ჩამოყრიდნენ ათასობით ღამურას, რომლებსაც ექნებოდათ მინიატიურული ცეცხლგამჩენი ბომბები. თვითმფრინავიდან გამოშვებული ღამურები, დღის შუქს დაემალებოდნენ და შენობების სხვენში შეფრინდებოდნენ, შემდეგ კი მათ ცეცხლს გაუჩენდნენ. სკუნსები კი ვიეტნამელთა გვირაბებში უნდა გაეშვათ, სუნით შეწუხებული ვიეტნამელები გვირაბებიდან გამოვიდოდნენ და ამერიკელი სამხედროების ხელში აღმოჩნდებოდნენ...
ამერიკაში მოგზაურობის შემდეგ
ძალიან იშვიათად გაზეთში იბეჭდებოდა რომელიმე ცნობილი ადამიანის შთაბეჭდილებები დასავლეთში მოგზაურობის შემდეგ.
ერთი ასეთი მასალა 1970 წლის თებერვალში გამოქვეყნდა: აშშ-ის ქალაქებში, რეჟისორების, ელდარ შენგელაიას და გიორგი დანელიასა და მხატვარ ირაკლი თოიძის მოგზაურობის შესახებ. თოიძეს აშშ-ზე კარგი მოგონებები აქვს, მაგრამ მასალას თან ერთვის მისი პროპაგანდისტული ჩანახატებიც: „ფეხსაცმლის მწმენდავი ბროდვეიზე“ და „თვალები ვიეტნამში დავტოვე“.
უცხოური მედია მიზანში
ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილი იყო „მამხილებელი“ სტატიები ანტისაბჭოთა რადიოებზე. მათ შორის, „ამერიკის ხმასა“ და რადიო „თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებაზე“. ამ საკითხს ანალიტიკურ სტატიებსაც კი უძღვნიდნენ.
„ეთერის დივერსანტები. ბურჟუაზიული იდეოლოგიის კრიზისი“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში მისი ავტორი დაწვრილებით აღწერდა რადიოების განთავსების ადგილებს, თანამშრომლების რაოდენობას და მისი დაფინანსების დეტალებს.
რადიო თავისუფლებას (და უკვე არა მხოლოდ მას, არამედ ყველა კრიტიკულ მედიას) რუსეთში დღეს „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი აქვს. მათი უდიდესი ნაწილი რუსეთს გარეთ მაუწყებლობს.
მტრები საზღვარს გარეთ
„მაწანწალა ანტისაბჭოელი“ - ასე მოიხსენიებს გამოცემა ცნობილ დისიდენტს ალექსანდრ სოლჟენიცინს და მადრიდის ცენტრალურ ტელევიზიაში გასულ მის ინტერვიუს. კვლევის ავტორები წერენ, რომ „კომუნისტი” რიტორიკულ კითხვას სვამდა სოლჟენიცინის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, რისი საშუალებითაც მისი სამომავლო განცხადებების დელეგიტიმიზაციას ცდილობდა.
ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობა, საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული რეპრესიის ერთ-ერთი მძიმე ფორმა იყო. პროპაგანდა ამ საკითხს ირონიული ფორმით აღწერდა.
კარგიც ხომ ხდება?
დროდადრო შუქდებოდა ისეთი ამბებიც, რომლებიც საბჭოთა კავშირს დადებითად წარმოაჩენდა. მაგალითად, როგორ მოუწოდებდა აშშ-ის ფინანსთა მინისტრი კონგრესში გამოსვლისას საბჭოთა კავშირთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას.
ზოგიერთი ქვეყნის დადებით კონტექსტში მოხსენიებისთვის კი ურთიერთგამომრიცხავ სტატიებს წააწყდებით - მაგალითად, 1980 წლის 5 აპრილის „კომუნისტში”, იბეჭდება ორი სტატია - „სან-პაულუელი აიბოლიტები“, სადაც საუბარია, თუ როგორ მკურნალობენ ერთ-ერთ საავადმყოფოში ქალაქის ზოოპარკიდან მოყვანილ ავაზებს, ვეფხვებს, ლომებს, თუ როგორ მაღალ დონეზე შეუწებეს კუს ნიანგის მიერ დაზიანებული ჯავშანი და ა.შ.
და იქვე მეორე სტატიაა: „ჩეხავენ ამაზონის ჯუნგლს”, რომელიც ეხება ამერიკელი ბიზნესკორპორაციების მიერ „მსოფლიოს ფილტვების”, ამაზონის ჯუნგლების უსისტემო გაჩეხასა და ექსპლუატაციას.
ანტიდასავლური პროპაგანდა ზუსტად ემთხვევა თანამედროვე დეზინფორმაციის გავრცელების მეთოდებს: ამბების დიდი ნაწილი ფაქტობრივ ინფორმაციას ეყრდნობოდა. დღეს რომ ორმოცი წლის წინანდელი ფაქტები გადავამოწმოთ, ვნახავთ, რომ აშშ-ს რომელიღაც შტატში, ვიღაც მართლაც შეიჭრა რომელიღაც მაღაზიაში და გაძარცვა ის მაღაზია, როგორც ამას „კომუნისტი“ აღწერდა, მაგრამ აქ მთავარი კონტექსტია, გვეუბნება სოფო გელავა:
„რა ადგილას იბეჭდება ეს მასალა გაზეთში? რა წერია სტრიქონებს შორის? რა ინფორმაციაა მის გვერდით დაბეჭდილი? როგორ მოხდა, რომ მის გვერდით არის სტატია სოციალისტურ ბანაკში არსებულ კეთილდღეობაზე?"
სოფო გელავას შეფასებით, რუსული პროპაგანდის ეს მეთოდები ხშირად გვხვდება როგორც მექანიზმი „ქართული ოცნების“ ხელში, რომელსაც ის ოპონენტების ან ზოგადად, ქვეყანაში არსებული კრიტიკული აზრის წინააღმდეგ იყენებს.
რუსეთი და მისი დღევანდელი ანტიდასავლური პროპაგანდა
კვლევის ავტორები შენიშნავენ, რომ თანამედროვე რუსული პროპაგანდა დღეს უკვე სოციალიზმს აღარ, მაგრამ ქრისტიანობის და სულიერების, ოჯახის თუ სხვა ასოცირებული ცნებების დამცველის როლში გამოდის და ამას აქტიურად ემსახურება ე.წ. Русский мир-ის კონცეფციაც.
ფონდ Русский мир-ს პარტნიორები საქართველოშიც ჰყავს.
ასევე ნახეთ რას საქმიანობენ რუსეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები საქართველოშიკარგი მაგალითია ომი უკრაინაშიც - რუსული პროპაგანდა, რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს უკრაინაში „სპეციალურ ოპერაციას” უწოდებს და მის მიზნად უკრაინის დენაციფიკაციასა და მშვიდობის უზრუნველყოფას ასახელებს. ომის დაწყებამდეც რუსეთი თავის ყველა ნაბიჯს „მშვიდობის“ ცნებით ნიღბავდა და რუსეთს შიგნით ამ პროპაგანდას აქვს შედეგიც.
ისევე როგორც საბჭოთა დროს, რუსეთის ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილია უწყვეტი საინფორმაციო ომი პოსტსაბჭოთა სივრცეში გახსნილი ამერიკული ლაბორატორიების მიმართ. ამ მხრივ, საქართველოში არსებული ლუგარის ლაბორატორიაც გამუდმებით არის დეზინფორმაციული თავდასხმის ობიექტი.
ასევე ნახეთ რუსეთი ისევ უკრაინულ ლაბორატორიებსა და ღამურებზე ლაპარაკობსანტონ ვაჭარაძე გვეუბნება, რომ ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებაზე საგანგებოდ მუშაობდნენ. ეს ტაქტიკა რუსეთში არც დღეს შეცვლილა.