როგორ იმოქმედა პანდემიამ ბათუმის მუსიკისა და კინოს ფესტივალებზე

საქართველოს მთავრობის გეგმით, ადგილობრივი ტურისტებისთვის სეზონი 15 ივნისიდან იხსნება. პანდემიის გამო ტურიზმის სფეროში შექმნილი კრიზისის პირობებში სწორედ შიდატურიზმზე ამყარებენ იმედებს აჭარაში როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორები.

ადგილობრივ დამსვენებელს ზაფხულობით ბათუმში იზიდავს ზღვა და სხვადასხვა ფესტივალი. ტრადიციად ქცეული ბათუმური ფესტივალების ჩატარება წელს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. განსაკუთრებით ხალხმრავალის.

ბათუმის შავი ზღვის ჯაზფესტივალის ორგანიზატორი „ისტერნ პრომოუშენის“ დირექტორი გიორგი კერესელიძე ამბობს, რომ წელს ფესტივალის ივლისიდან სექტემბერში გადატანას გეგმავდნენ, თუმცა ეს საკითხიც ჯერ გაურკვეველია:

„რა თქმა უნდა, ასეთი ტრადიციული ფესტივალები უნდა იყოს. ახლანდელ სიტუაციაში ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული არც ჩვენთან და არც საზღვარგარეთ. მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე რომ იყოს, გადავწყვეტდი, მაგრამ არტისტები ძირითადად უცხოელები არიან. ახლა ფრენების პრობლემაცაა და, ზოგადად, კომპლექსური პრობლემაა, რომელიც მასშტაბურად უნდა გადაწყდეს. რა თქმა უნდა, ივლისში, ალბათ, არ მოესწრება. ორიენტირი გვქონდა სექტემბერში, მაგრამ ახლა სიტუაციის გარკვევას ველით. არტისტები დღეს კონტრაქტს ხელს არ მოაწერენ გაურკვევლობის გამო“.

გაურკვევლობაში არიან სხვა ფესტივალების ორგანიზატორებიც, რომლებიც რეგიონის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების გამოქვეყნებას ელიან და ფესტივალების ორგანიზებაზე კონკურსს ამის შემდეგ გამოაცხადებენ. რეგიონის წლევანდელ ბიუჯეტში კულტურის მიმართულებისთვის თითქმის მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. ეს თანხა განახევრდა პანდემიის გამო ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების გამო.

ზაფხულში ერთ-ერთი პირველი ბათუმის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ბლეკ სი საუნდი“ იყო. ექსპერიმენტული და ქუჩის მუსიკის სექციებით, განათლებისა და ტრენინგების მიმართულებით ფესტივალი 2014 წლიდან ტარდება. მისი დამფუძნებელი ლევან გელიაშვილი ამბობს, რომ წელს ფორმატის შეცვლა მოუწევთ:

„დიდ კონცერტებს ვერ ჩავატარებთ, თუმცა განათლების ნაწილს წამოვწევთ და კიდევ ვგეგმავთ ელექტრონული მუსიკის ონლაინლაივებს, რომელიც იქნება საინტერესო. ამის გაკეთება პანდემიამდე, შარშანაც გვინდოდა, იმიტომ რომ პროექტების გაკეთებას უფრო „დიჯითალ“ ტექნოლოგიით ვცდილობთ, ვიდრე ტრადიციული აქტივობების გამოყენებით, და, ვფიქრობ, სიახლეს მოვერგებით. თუმცა კონცერტების მთელი ხიბლი სცენასთან ყოფნაა, სადაც არის მუხტი. მაგრამ თანამედროვე სამყაროში უკვე ციფრულია მნიშვნელვანი და ჩვენც უნდა გადავიდეთ, როგორც შეგვიძლია“.

თუმცა, როგორც ლევან გელიაშვილი ამბობს, ჯერ კიდევ არ იციან როგორ უნდა შეცვალონ ფესტივალის ფორმატი, რადგან მისი ძირითადი მხარდამჭერის, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროდან არ აქვთ ინფორმაცია, გაგრძელდება თუ არა ეს თანამშრომლობა:

„ოფიციალური ფორმაც კი არ გვაქვს, რომ ჩვენ ვაკეთებთ ამ ფესტივალს. უკუღმა კეთდება ყველაფერი: თუ ივნისიდან და ივლისიდან სეზონი იწყება და მე უნდა ჩავატარო, თუ არ მექნა დაფინანსება, ღონისძიებებს როგორ დავგეგმავ, ან თუ არ მეცოდინება, რომ სამინისტრო პარტნიორია, როგორ მოვემზადები?“

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კი ფესტივალების მიღების კონკურსი მარტის დასაწყისში გამოაცხადა. კონკურსში სხვებთან ერთად მონაწილეობდნენ „ბლეკ სი საუნდის“ ორგანიზატორებიც. უწყებაში აცხადებენ, რომ პანდემიის გამო პროცესი შეჩერდა, ადგილობრივ ბიუჯეტში კი საფესტივალო ღონისძიებების დაფინანსება განახევრდა. სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი თამარ გუდავა ამბობს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს ელიან:

„შემუშავების პროცესშია ხალხმრავალი ღონისძიებებისთვის გასათვალისწინებელი ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ნორმები. ესაა ყველა ფესტივალის გამართვის მთავარი პირობა. ველოდებით და დიდი იმედი გვაქვს, რომ ფესტივალების ჩატარების ნებას დაგვრთავენ რაღაც ფორმით მაინც. შესაძლოა იმ მასშტაბის აღარ იყოს, როგორც ტარდებოდა ბათუმში ადრე“.

ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინოფესტივალი BIAFF-ი კი, როგორც დამფუძნებლები ამბობენ, ისევ 13-20 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალის დამფუძნებელი ზვიად ელიზიანი ფიქრობს, რომ სექტემბრისთვის ეპიდსიტუაცია ნორმალური იქნება და ამიტომ არაფერი შეცვალეს. შემცირდა მხოლოდ ფესტივალის დაფინანსება ქალაქის ბიუჯეტიდან:

„წელს გაცილებით მცირე ბიუჯეტი გვექნება. ქვეყნის ხელისუფლება საჰაერო ფრენების აღდგენას გეგმავს, თუმცა ვფიქრობთ, რომ სტუმრების ნაწილი მაინც თავს შეიკავებს მოგზაურობისგან. ამიტომ საერთაშორისო კომპონენტი ნაკლები დოზით გვექნება. თუმცა გვაქვს ახალი სექცია - COVIDEO სექცია, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი, რომელიც პანდემიის დროს იზოლაციისა და კარანტინის პირობებშია გადაღებული“.

ბათუმის კინოფესტივალის ერთ-ერთი პარტნიორი, ქალაქ ბათუმის მერია სხვა ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების დამფინანსებელიცაა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს მერიის პრესსამსახურში, ბიუჯეტის ცვლილებებისა და სახეცვლილი თუ გაუქმებული ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილებას კვირის ბოლოს მიიღებენ.