ევროპული საქართველო” დაგროვებითი პენსიის არსებული სისტემის შეჩერებას ითხოვს და პარლამენტს სთავაზობს განიხილოს მათ მიერ შემუშავებული და, მათი თქმით, უკეთესი საპენსიო მოდელი, რომელიც მეტად უზრუნველყოფს ღირსეულ სიბერეს.
რით განხვავდება “ევროპული საქართველოს” შემუშავებული სისტემა „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული და დღეს მოქმედი სისტემისგან?
- დაგროვება არის ნებაყოფლობითი, ადამიანი თვითონ წყვეტს ჩაერთოს თუ არა პროგრამაში, როდის დაიწყოს დაგროვება სიბერისთვის და რამდენი თანხა გადაიხადოს ამისათვის ყოველთვიურად.
- დაგროვებითი პენსიიდან პროგრამაში ჩართული ადამიანი იხდის მაქსიმუმ 24 ლარს დამატებით, დანარჩენი თანხა პენსიის დაგროვებისთვის მას შეუძლია აიღოს საშემოსავლო გადასახადიდან, რომელსაც ისედაც იხდის მთლიანი შემოსავლის 20 %-ის ოდენობით.
- რაც უფრო დაბალშემოსავლიანია ადამიანი, მით უფრო მეტი თანხის გამოყენება შეუძლია თავისივე საშემოსავლო გადასახადიდან, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ დაბალშემოსავლიანი ადამიანი სიბერეშიც სიდუხჭირეში არ ცხოვრობდეს. მოქმედი სისტემით, პენსიის ოდენობა ხელფასის პროპორციულია, რაც იმას ნიშავს, რომ მაღალშემოსავლიანი ადამიანი მეტს ზოგავს, დაბალშემოსავლიანი ნაკლებს.
- დამსაქმებლები თავისუფლდებიან დამატებითი გადასახადისგან, რაც მათ დამატებითი ფინანსური ვალდებულებისგან ათავისუფლებთ. მოქმედი სისტემით, დამსაქმებელი ვალდებულია საპენსიო ფონდში გადარიცხოს ხელფასის 2 %.
- სისტემა არის უფრო სენსიტიური სხვადასხვა გარემოების მიმართ და ყოველთვიური შესატანი საპენსიო ფონდში არ განისაზღვრება მხოლოდ ხელფასის ოდენობით. მოქალაქეს აქვს თავისუფლება თვითონ გადაწყვიტოს რამდენის გადახდა შეუძლია, თავისი ფინანსური ვალდებულებებიდან გამომდინარე.
- იმ შემთხვევაში, თუკი დაგროვებით პენსიაში მონაწილეობას დროთა განმავლობაში ვეღარ შეძლებთ ან გადაიფიქრებთ, დაგროვილი თანხა სრულად ან ნაწილობრივ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიტანოთ, თუმცა გარკვეული შემზღუდავი პირობებით. დაგროვებიდან 20 წლის შემდეგ თანხა გამოგაქვთ უპროცენტოდ, უფრო ნაკლები დროის გასვლის შემდეგ გამოსატანი თანხა იბეგრება.
- საპენსიო დანაზოგი თავს იყრის არა ერთ ადგილას, სახელმწიფო საპენსიო ფონდში, არამედ, მოქალაქის არჩევანის მიხედვით, კერძო საპენსიო ფონდებში, რაც მის ფულს უფრო დაცულს ხდის. ამ სისტემით, ეროვნულ ბანკს ეკისრება არსებითი როლი, რათა დაცულ იქნეს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესები.
“პირველ რიგში, გეტყვით, რომ „ევროპული საქართველოს“ დაგროვებითი პენსიის იმ მოდელს მომხრეები ჰყავს თვითონ „ქართული ოცნების“ დეპუტაციაშიც კი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოდელი ნამდვილად იძლევა ღირსეულ პენსიას. შედარებისათვის, თუ 40 წლის მასწავლებელ ქალს თუ დღეს 500 ლარი აქვს ხელფასი და, „ქართული ოცნების“ მოდელით, მხოლოდ 85 ლარს აიღებს, როცა ის 20 წლის მერე პენსიაში გავა, ჩვენი მოდელით, ის აიღებს 575 ლარს, რაც მნიშვნელოვანი სხვაობაა და მართლა იძლევა ღირსეულ პენსიას.
ჩვენი მოდელი ამას უზრუნველყოფს იმით, რომ საშუალებას აძლევს ადამიანებს ნებაყოფლობით და არა ძალდატანებით, როგორც ამას „ქართული ოცნება“ აკეთებს და, რაც მთავარია, თავისი პენსიისთვის გამოიყენოს საშემოსავლოს ნაწილი, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ ხარბ და გაუმაძღარ მთავრობას მიაქვს ბიუჯეტში და უყაირათოდ ფლანგავს“, - თქვა პარლამენტარმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 11 თებერვალს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამავე პრესკონფერენციაზე “ევროპული საქართველოს” წევრებმა ილაპარაკეს საპენსიო სააგენტოს ფუნქციონირების ხანმოკლე პერიოდში არსებულ ხარვეზებზე.
ტოვებს თუ არა კითხვის ნიშნებს სააგენტოს მუშაობა?
სერგი კაპანაძის თქმით, “არ არის გარკვეული, სად მოხდება საპენსიო ფონდში მობილიზებული თანხების დაბანდება. ჯერ არ არის შექმნილი საინვესტიციო საბჭო. საპენსიო სააგენტო შეიქმნა მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა მიიღოს ძალიან მაღალი, რამდენიმეათასლარიანი, ხელფასი”.
საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან სურგულაძის თქმით, საინვესტიციო საბჭო ჯერ, მართლაც, არ ფუნქციონიერებს, ვინაიდან სააგენტომ პირველად თანხების მიღება 2019 წლიდან დაიწყო და სანამ მათ მიერ აკუმულირებული თანხები 100 მილიონს არ გადასცდება, ამ საბჭოს საჭიროება არ არის. ამ დროისთვის საპენსიო სააგენტოში, დაახლოებით, 50 მილიონის ოდენობის თანხებია შესული და, როგორც ლევან სურგულაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, მათ უკვე მიღებული აქვთ ეროვნული ბანკისგან ნებართვა, რომ ეს თანხა კერძო ბანკებში შემნახველ ანაბრებზე განათავსონ მაღალი საპროცენტო განაკვეთით, სამომავლოდ კი თანხები, კანონში გაწერილი წესების მიხედვით, ნაკლებრისკიან სფეროებში ჩაიდება, რაც ეკონომიკას წაადგება და გამოაცოცხლებს.
საინვესტიციო საბჭოს არარსებობით საპენსიო სააგენტო თანხებს ზოგავს, ვინაიდან, როგორც აქ ამბობენ, საინვესტიციო საბჭოს თანამშრომლები მაღალკვალიფიციური და, შესაბამისად, მაღალანაზღაურებადი პირები უნდა იყვნენ და მათი ადრეულ ეტაპზე აყვანა დიდ დანახარჯებს გამოიწვევდა.
ასევე ნახეთ საპენსიო რეფორმა: რამდენად გათვლილია რისკებიამ დროისთვის საპენსიო სააგენტოს ვებსაიტზე 11 ვაკანტური თანამდებობაა, რომელთაგან, როგორც გვითხრეს, ერთი, დირექტორის მოადგილე, უკვე შეარჩიეს და ამ თანამდებობას ირაკლი ბურჭულაძე დაიკავებს.
“ევროპული საქართველოს” კიდევ ერთი წევრის, ირმა ნადირაშვილის, თქმით, “რაც ეს სააგენტო ფუნქციონირებს, მათ უკვე განახორციელეს პირდაპირი შესყიდვებით 250 000 ლარის ოდენობის შესყიდვები ყველანაირი ტენდერის გარეშე”.
საპენსიო სააგენტოში ამბობენ, რომ შესყიდვები მათ, მართლაც, ტენდერის გარეშე განახორციელეს, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ის შეზღუდულ ვადებში გაიხსნა და პირველი საპენსიო დანაზოგების მიღებისას მათ სჭირდებოდათ ვებსაიტი, მართვისა და აღრიცხვის ელექტრონული სისტემა, მოქალაქეთა მისაღები სივრცე და კომპიუტერები თანამშრომლებისთვის. შესაბამისად, ამ სერვისებისა და პროდუქტების შესყიდვა მათ გადაუდებელი საჭიროების გამო პირდაპირი შესყიდვით განახორციელეს.
ასევე ნახეთ პენსიის სავალდებულო დაგროვების რისკები და მოქალაქეთა კრიტიკული განწყობაკიდევ ერთი ალტერნატივა უმრავლესობის დეპუტატისგან
11 თებერვალს საპენსიო სისტემის კრიტიკა ისმოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდანაც. ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ნაცვლიშვილმა თქვა, რომ მზადაა საპარლამენტო უმრავლესობაც კი დატოვოს, თუკი მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს მისი პროექტი დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.
ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტი თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპს ეფუძნება. კერძოდ, დღევანდელი დასაქმებულები აფინანსებენ არსებულ პენსიონერებს, ხოლო დღევანდელ დასაქმებულებს პენსიაზე გასვლის შემდეგ დააფინანსებენ იმ დროის დასაქმებულები.
რადიო თავისუფლებამ ჰკითხა საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს, რამდენად განიხილავს ის არსებული სისტემის ცვლილებას მიმდინარე კრიტიკის ფონზე, რაზეც ლევან სურგულაძემ გვითხრა, რომ სისტემის დახვეწა მიმდინარეობს, თუმცა ეს მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს შეეხება, რათა კომპანიებმა და ბუღალტრებმა უფრო მარტივად შეასრულონ გადარიცხვები საპენსიო ფონდში, თავად პენსიის დაგროვების სისტემის გადახედვის საჭიროებას კი ვერ ხედავს, ვინაიდან მისი თქმით, ეს მოდელი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით ადგილობრივ რეალობაზე მორგებული სისტემაა, რომელმაც კარგად უნდა იმუშაოს.
მთავრობის რეფორმის მიხედვით, საპენსიო სქემაში ავტომატურად ერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს. სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს. 40 წელს ზემოთ ადამიანებს აქვთ არჩევანის საშუალება, გაწევრიანდნენ თუ არა ამ სისტემაში, 40 წლამდე პირები კი ვალდებულნი არიან ჩაერთონ. საპენსიო სქემის მიხედვით, 2 %-ს ფონდში დასაქმებული რიცხავს, 2 %-ს დამსაქმებელი, ხოლო კიდევ დამატებით 2 %-ს სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან რიცხავს ფონდში.