როგორ ემზადება პოლონეთი რუსეთთან ომისთვის

პოლონეთის შეიარაღებული ძალების დღის აღნიშვნა ვარშავაში

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ვარშავაში წარმოუდგენლად აღარ ეჩვენებათ რუსეთის შესაძლო აგრესია პოლონეთის წინააღმდეგ. ამასთან, ვარშავა არ აპირებს მხოლოდ NATO-ს იმედად ყოფნას. პოლონეთის მთავრობის გეგმებით, მალე პოლონეთის არმია (Wojsko Polskie) იქნება ყველაზე ძლიერი სახმელეთო არმია ევროპაში.

ვარშავა იმედოვნებს, რომ ძლიერი არმია საშუალებას მისცემს პოლონეთს, არა მხოლოდ გააუმჯობესოს საკუთარი თავდაცვისუნარიანობა, არამედ გახდეს რეგიონის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე. მიუხედავად ვლადიმირ პუტინის მტკიცებისა, რომ რუსეთს ინტერესები არ აქვს აღმოსავლეთ ევროპაში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პირდაპირ განაცხადა, რომ ქვეყანა უკვე ცხოვრობს „ომისწინა პერიოდში“ და ელოდება აგრესიას.

თუმცა, ანალიტიკოსები შენიშნავენ, რომ ელოდება არა გულხელდაკრეფილი: პოლონეთი იარაღდება.

ვარშავა ლიდერია ნატოს ქვეყნებს შორის არა მხოლოდ თავდაცვის ხარჯების პროცენტული მაჩვენებლით, არამედ სამხედრო ბიუჯეტში იარაღის შესყიდვის წილითაც.

2024 წელს პოლონეთი თავდაცვაზე დახარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 4.12%-ს, 2025 წელს კი თითქმის 5%-ს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებს შორის ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დიდი გადაიარაღება

შვედეთის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) 2024 წლის კვლევის მიხედვით, პოლონეთის თავდაცვის ხარჯები 2022 წელს (რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ) 75%-ით გაიზარდა და 31,6 მლრდ დოლარს მიაღწია. ეს იყო ყველაზე დიდი ზრდა ნატოს წევრ ევროპულ ქვეყნებს შორის. შთამბეჭდავია შესყიდვების მოცულობა და მრავალფეროვნებაც. პოლონეთმა შეერთებული შტატებიდან შეიძინა:

  • AH-64E Apache ვერტმფრენი - 96 ერთეული
  • HIMARS - 486 ერთეული
  • M1A2 Abrams ტანკი - 366 ერთეული (მათ შორის 250 უახლესი მოდიფიკაციის SEPv3)
  • F-35A მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებელი - 32 ერთეული
  • Patriot საჰაერო თავდაცვის სისტემა - 2 ბატარეა

პოლონეთი ასევე აქტიურად თანამშრომლობს სამხრეთ კორეასთან, რომელთანაც ვარშავას გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები 648 ერთეული K9 Thunder-ის (თვითმავალი ჰაუბიცის) და 980 ერთეული K2 Black Panther-ის (ტანკის) შესაძენად.

პოლონეთმა ასევე შეუკვეთა დიდ ბრიტანეთს 3 ერთეული Mecznik-ის კლასის ფრეგატი.

ცოცხალი ძალა

პოლონეთის ჯარი, ცოცხალი ძალის რიცხოვნობით, მესამეა ნატოს წევრ ქვეყნებს შორის შეერთებული შტატებისა და თურქეთის შემდეგ. პოლონეთი ნატოს რიგებშია 1999 წლიდან.

პოლონეთის მთავრობის მონაცემებით, მისი ქვეყნის არმიის რიცხოვნობა ამჟამად არ აღემატება 200 ათას კაცს, თუმცა ვარშავის გეგმა ითვალისწინებს ცოცხალი ძალის 300 ათასამდე გაზრდას. ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა რაოდენობა დაახლოებით 800 ათასი ადამიანია, რუსეთისა კი - 1 მილიონზე მეტი.

2017 წელს პოლონეთში ფუნქციონირება დაიწყო ტერიტორიული თავდაცვის ძალებმა - ჯარის ახალმა სახეობამ, რომლის მიზანია ათიათასობით რეზერვისტის მომზადება ძირითადი სამუშაო ადგილიდან მოწყვეტის გარეშე.

როგორც ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის (BBC) უკრაინული სამსახურის თანამშრომელი სვიატოსლავ ფომენკო ამბობს, 2014 წლამდე, ანუ ყირიმის ანექსიისა და დონბასში ომის დაწყებამდე, პოლონეთის შეიარაღებული ძალები ვითარდებოდნენ საექსპედიციო არმიის სახით, რომლის მთავარი ამოცანა იყო შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა ისეთ ოპერაციებში, როგორიც იყო ერაყის ან ავღანეთის კამპანიები, მაგრამ ყირიმის ანექსიამ და დონბასში საომარმა მოქმედებებმა რადიკალურად შეცვალა პოლონეთის პოლიტიკური ელიტის აზროვნება და მიდგომა ქვეყნის შეიარაღებული ძალების განვითარებისადმი.

2015 წლიდან დაიწყო ე.წ. წერტილოვანი (კუნძულოვანი) მოდერნიზაცია, როცა ხდებოდა არა მთელი შეიარაღებული ძალების, არამედ მისი ცალკეული ნაწილების მოდერნიზაცია. ვითარება მკვეთრად შეიცვალა 2022 წლის თებერვლის, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

პოლონელი სამხედროები ვარშავაში. 2024 წ. 15 აგვისტო

„ეს იყო სიგნალი ყველა ჩვენგანისთვის: ”ალო, პოლონელებო, გაიღვიძეთ! მეტის ლოდინი არ შეიძლება!“ ცხადი გახდა, რომ პოლონეთის სახელმწიფოს აღარ შეეძლო იმის იმედად ყოფნა, რომ რუსები შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ უკრაინით. იმის მიხედვით, თუ რას აკეთებს მოსკოვი, უნდა განვიხილოთ პოლონეთისთვის ყველაზე პესიმისტური სცენარები. ეს კი ნიშნავს, რომ სერიოზულად უნდა გავაფართოოთ ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვის პოტენციალი, თანაც უკვე ახლავე, სასწრაფოდ“, - უთხრა BBC-ს პოლონეთის არმიის გადამდგარმა გენერალმა ტომაშ ბონკმა.

2024 წლის თებერვალში, კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რუსეთმა თავი ჯარები პოლონეთში გაგზავნოს, ვლადიმირ პუტინმა უპასუხა: „მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუ მოხდება რუსეთზე თავდასხმა პოლონეთის მხრიდან. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინტერესი არც პოლონეთში, არც ლატვიასა და არც არსად“.

ასევე ნახეთ "ნატოს წევრი პატარა ქვეყნები უნდა დაფიქრდნენ, თუ რას ეთამაშებიან“ - ვლადიმირ პუტინი

თუმცა პოლონეთში პუტინის არ სჯერათ. 2024 წლის მარტში ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა იაცეკ სევერამ განაცხადა, რომ პოლონეთს აქვს სამი წელი მოსამზადებლად. დაახლოებით ამავე პერიოდში პოლონეთში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 48% შესაძლებლად მიიჩნევს პოლონეთზე რუსეთის თავდასხმას.

ვინ იმსახურებს არმიაში?

2022 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, პოლონეთში 37 მლნ ადამიანი ცხოვრობს, სავალდებულო სამხედრო გაწვევა გაუქმებულია 2009 წლიდან, დარჩენილია ე.წ. სამხედრო კვალიფიკაცია, რაც გულისხმობს სამედიცინო კომისიის გავლას და სამხედრო ბილეთის აღებას. 2025 წელს სამხედრო კვალიფიკაციის გავლა შეეხება 230 ათას ადამიანს.

სვიატოსლავ ფომენკოს თქმით, პოლონეთი ჯერჯერობით თავს იკავებს სავალდებულო სამსახურის შემოღებისგან, თუმცა, არახელსაყრელი დემოგრაფიული ტენდენციები ეჭვქვეშ აყენებს მთავრობის გეგმას, შექმნას 300 000-იანი არმია 1-მილიონიანი რეზერვით.

საყოველთაო სავალდებულო სამსახურის ალტერნატივად განიხილება რამდენიმე გზა:

  • საგადასახადო შეღავათები ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ნებაყოფლობით მიიღებენ მონაწილეობას საბაზისო სამხედრო მომზადების პროგრამაში
  • სკოლებში სამხედრო-პატრიოტული აღზრდის ახალი სისტემის დანერგვა
  • ტერიტორიული თავდაცვის რაზმებში ჩაწერა
  • ორკვირიანი წვრთნა მოქმედ სამხედრო ნაწილებში

პოლონეთი ასევე ატარებს შეიარაღების როგორც წარმოების, ასევე შესყიდვების სისტემის რეფორმას: 2010-იანი წლების შუა პერიოდში, უმსხვილესი სამხედრო საწარმოების უმეტესი ნაწილი თავმოყრილი იყო სახელმწიფო თავდაცვის ჰოლდინგში PGZ (Polska Grupa Zbrojeniowa), 2021 წელს კი შეიქმნა შეიარაღების სააგენტო, რომელიც პოლონეთის არმიის იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვის ცენტრალური ორგანოა. თუმცა, როგორც სამხედრო ანალიტიკოსები შენიშნავენ, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის აქტივებისა და შესყიდვების სისტემის კონსოლიდაციამ მნიშვნელოვნად არ გაზარდა წარმოება. ამიტომ 2023 წლის გაზაფხულზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ დამატებითი შეკვეთების გადაიტანა PGZ Dezamet-ში, რომელიც აწარმოებს საბრძოლო ჭურვებს როგორც მძიმე არტილერიისთვის, ასევე ნაღმმტყორცნებისთვისა და ყუმბარმტყორცნებისთვის.

რუსეთ-უკრაინის ომმა აჩვენა, რომ საარტილერიო ჭურვები შეიარაღების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც გავლენას ახდენს ომის მსვლელობაზე.

პოლონური Newsweek-ის მიხედვით, 2024 წლის ივნისის მონაცემებით, PGZ Dezamet წელიწადში 30-40 ათას ჭურვს აწარმოებს. შედარებისთვის, უკრაინაში ყველაზე ინტენსიური ბრძოლების დროს რუსული არმია დღეში 10 ათას ჭურვს ისვრის, უკრაინის არმია კი - 6 ათასს. Newsweek-ის ცნობით, 2023 წლის დეკემბერში შეიარაღების სააგენტომ გააფორმა კონტრაქტი PGZ-თან 2029 წლამდე 300 ათასი 155 მმ-იანი ჭურვების მიწოდებაზე. ჟურნალის ცნობით, პოლონეთში არ ხდება ჭურვის ჰილზების, კაფსულებისა და საარტილერიო დენთის მნიშვნელოვანი კომპონენტის, ნიტროცელულოზის წარმოება.

ნებისმიერი სხვა ქვეყნის მსგავსად, პოლონეთსაც არ შეუძლია დაეყრდნოს მხოლოდ საკუთარ სამხედრო-სამრეწველო ბაზას, ამიტომ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში ინვესტიციების ჩადების პარალელურად, ვარშავა ასევე ყიდულობს შეიარაღებასა და სამხედრო აღჭურვილობას საზღვარგარეთ.

პოლონურ საზოგადოებაში თავდაცვის ხარჯების ზრდას ჯერჯერობით არ გამოუწვევია რაიმე სერიოზული პროტესტი, ვინაიდან 2022 წლის თებერვლის შემდეგ რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხე გაიზარდა და რეალური გახდა.

ასევე ნახეთ ევროკავშირი საქართველოს სამთავრობო დახმარებას უჩერებს. უკვე ვიცით, რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯები

როგორი შეიძლება იყოს ომი რუსეთთან?

სვიატოსლავ ფომენკოს თქმით, 2023 წლის სექტემბერში, პოლონეთის მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა გამოაქვეყნა საიდუმლო დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია პოლონეთის გეგმები აღმოსავლეთიდან ჰიპოთეზური თავდასხმის შემთხვევაში. დოკუმენტი დათარიღებულია 2011 წლით, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ ბლაშაკის ოპონენტები (დონალდ ტუსკის პარტიის, „სამოქალაქო კოალიციის“ წევრები). ამ დოკუმენტის მიხედვით, 10-14 დღის განმავლობაში (ვიდრე ნატოს მოკავშირეები დასახმარებლად მივიდოდნენ) პოლონეთის თავდაცვის ხაზი უნდა განლაგებულიყო მდინარე ვისლას გასწვრივ ანუ ლამის მთელი ქვეყნის გავლით სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე.

გეგმა უშვებდა ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილის, მათ შორის ქალაქების - ლუბლინის, ჟეშუვის, ბიალისტოკის ოკუპაციის შესაძლებლობას, რაც კატეგორიულად მიუღებელია პოლონეთში მოქმედი ყველა პოლიტიკური ძალისათვის, რომლის წარმომადგენლები კმაყოფილი დარჩნენ 2024 წლის ივლისში გამართულ ნატოს სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რომლის მიხედვითაც, ალიანსი დაიცავს თავისი ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს.

ანჯეი დუდა (მარცხნივ) და დონალდ ტუსკი

პოლონელი სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, უკრაინის ომმა აჩვენა, რომ რუსული არმიის აქილევსის ქუსლი ლოგისტიკაა. ამიტომ პოლონეთი მნიშვნელოვნად აძლიერებს არტილერიას. თუ რუსეთი დაიწყებს კონფლიქტს, მასიური საპასუხო საარტილერიო და სარაკეტო შეტევა გაანადგურებს რუსეთის ლოგისტიკას კალინინგრადის ოლქსა და ბელარუსში, შედეგად, რუსული ტანკები ვერ შეძლებენ ქვეყნის სიღრმეში შეჭრას.

ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიასთან საუბარში პოლონელი სამხედრო ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ პოლონეთისთვის იდეალურია ისეთი არმია, რომლის სიძლიერის შეფასების შემდეგ, პოტენციური აგრესორი გადაიფიქრებს თავდასხმას.

„ამ მიდგომის მომხრე ვარ: შეგვიძლია ძალიან დიდხანს და ზრდილობიანად გთხოვოთ, რომ ხელი არ გვახლოთ, გავმართავთ ყველანაირ მოლაპარაკებას, ცალ მუხლზეც კი დავეშვებით, რომ ტრაგედიამდე არ მივიდეთ, მაგრამ თუ შეგვეხებით, სულ ცოტა 300 კილომეტრის სიღრმეში გადაგბუგავთ“, - განაცხადა პოლონეთის არმიის გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა რაიმუნდ ანჯეიჩაკმა.

სვიატოსლავ ფომენკოს თქმით, როგორც პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალი, ტომაშ პიოტროვსკი ამბობს, პოლონეთის არმია უნდა იყოს დიდი ზღარბივით: ნებისმიერ პოტენციურ აგრესორს უნდა ესმოდეს, რომ თუ გასრესას მოუნდომებს ან ხელს ჰკრავს, მწარედ დაიჩხვლიტება.

ასევე ნახეთ "ნატოს წევრი პატარა ქვეყნები უნდა დაფიქრდნენ, თუ რას ეთამაშებიან“ - ვლადიმირ პუტინი

2024 წლის ივლისში პოლონეთის გენერალურმა შტაბმა გამოაცხადა, რომ იწყებდა „აღმოსავლეთის ფარის“ სტრატეგიულ პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს ბელარუსისა და რუსეთის საზღვრებთან ტერიტორიების მომზადებას თავდაცვის საჭიროებისთვის. სამხედრო ექსპერტების თქმით, ამ პროგრამის დეტალები გასაიდუმლოებულია, თუმცა სამხედრო სპეციალისტებისთვის ცხადია, რომ საუბარია არა მხოლოდ საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობაზე, არამედ ერთგვარ საინჟინრო საქმიანობის „უმაღლეს კლასზე“, რაც გულისხმობს მტრისთვის სხვადასხვა სახის რთულად გადასალახი წინაღობების, მათ შორის წყლის ბარიერების მოწყობას.

2024 წლის სექტემბრის ბოლოს, პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად მიმართავენ ევროკავშირს, დააფინანსოს ბუნკერების, ბარიერების, გამყოფი ხაზებისა და სამხედრო საწყობების ქსლის მშენებლობა რუსეთსა და ბელარუსთან საზღვრების გასწვრივ.

პოლონეთის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფაქტორია მის ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების ყოფნა - ამჟამად მათი რაოდენობა დაახლოებით 10 ათასია. ამერიკელი ჯარისკაცები, სხვა საკითხებთან ერთად, პოლონელ სამხედროებს ამზადებენ და წვრთნიან. ცხადია, პოლონეთში აშშ-ის არმიის ჯარისკაცების ყოფნას სხვა, პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს - პოლონეთზე თავდასხმა ავტომატურად იქნება აღქმული თავდასხმად ამერიკელ სამხედროებზე, თუმცა, როგორც პოლონელი სამხედრო ექსპერტმა, გამოცემა Polityka Insight-ის მიმომხილველმა მარეკ სვერჩინსკიმ უთხრა ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიას, პოლონეთს არ შეუძლია იყოს მხოლოდ ნატოს იმედად, რადგან ისტორიულად პოლონეთს აქვს ორი ფობია: I - ერთი ერთზე ებრძოლოს თავისზე ბევრად ძლიერ მოწინააღმდეგეს და II - ზურგი აქციოს მოკავშირემ.

ასევე ნახეთ ნატოს წევრი პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ბელარუსიდან თავდასხმის მოლოდინში

“ამერიკელი სამხედროების ყოფნა პოლონეთში ძალიან მნიშვნელოვანია, მყარი გარანტიაა, მაგრამ ნატოს მესამე პუნქტი ასევე მოითხოვს წევრი ქვეყნებისგან სამხედრო გაძლიერებას, საერთო ძალისხმევას. პოლონეთი ასრულებს თავის ვალდებულებას. გარდა ამისა, არავინ იცის, რა იქნება წლების შემდეგ.

არაერთხელ მოგვისმენია ტრამპის განცხადება ნატოსთან დაკავშირებით... ამიტომ ლოგიკურიც არის საკუთარი შეიარაღებული ძალების იმედად ყოფნა.

და კიდევ: ალიანსის წევრი ქვეყნების ომში ჩართვას აუცილებლად დასჭირდება რაღაც დრო, რომელსაც ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება. ამ დროს არმიას მხოლოდ საკუთარი ძალების იმედად მოუწევს ყოფნა. პირველივე დღეებიდან ეს იქნება პოლონეთის არმიის ბრძოლა და არა ნატოს ოპერაცია“, - ამბობს სვიატოსლავ ფომენკო.

პოლონეთის არმიის როლი დღეს

2006 წლიდან პოლონური ავიაგამანადგურებლები, ნატოს სხვა ქვეყნების თვითმფრინავებთან ერთად, როტაციის პრინციპით იცავენ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ცას ბალტიის საჰაერო სივრცის პატრულირების პროგრამის ფარგლებში.

2022 წლის სექტემბრიდან, სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე, პოლონეთის სამხედრო თვითმფრინავები პატრულირებენ სლოვაკეთის საჰაერო სივრცეში. პოლონელი სამხედროების კონტინგენტი ამჟამად დისლოცირებულია ლატვიაში, რუმინეთსა და კოსოვოში. გარდა ამისა, დიდია პოლონეთის როლი უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში, განსაკუთრებით რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველ კვირებსა და თვეებში. ჟეშუვის აეროპორტი კვლავ რჩება უკრაინაში დასავლური იარაღის მიწოდების მთავარ ცენტრად.

სამხედრო ექსპერტის, კრაკოვის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევისა და განვითარების ცენტრის თანამშრომლის, ლუკაშ სტახის აზრით, თუ შენარჩუნდება პოლონეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ამჟამინდელი ტემპი, ევროპაში უძლიერესი არმიის შექმნას ხუთიდან ათ წლამდე დასჭირდება.

ასევე ნახეთ რუსი პროპაგანდისტები არჩევნებში “ქართულ ოცნებას” გულშემატკივრობენ