როგორ ებღაუჭება რუსული კინო „ჩებურაშკას“ ყურებს

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ბაზარი დატოვა თითქმის ყველა მსხვილმა კინოკომპანიამ, მათ შორის მსოფლიო კინოწარმოების ისეთმა გიგანტებმა, როგორებიცაა Warner Bros., Sony, Disney, Universal, Paramount, რომელთა ნაწარმსაც რუსული კინობაზრის 80% ეკავა. გაჩენილმა სიცარიელემ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო რუსეთის კინოთეატრების ქსელი, რომელსაც მოულოდნელად მხსნელად მოევლინა რეჟისორ დმიტრი დიაჩენკოს „ჩებურაშკა“.

2022 წელს გადაღებულმა ამ ფილმმა, რომლის პრემიერა 2023 წლის 1 იანვარს გაიმართა, მოხსნა გაქირავების ყველა რეკორდი: ორი კვირის მონაცემებით „ჩებურაშკას“ კინოგაქირავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,5 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 53 მლნ დოლარი) შეადგინა.

  • რატომ შეიშალა რუსეთი ახალ ჩებურაშკაზე?
  • რა აქვს ამ ფილმს ისეთი, რამაც მისი კომერციული წარმატება განაპირობა?
  • გამოიყვანს თუ არა „ჩებურაშკა“ რუსეთის კინოგაქირავების ქსელს კრიზისიდან?
  • ე.წ. ოჯახური კინო - თავშესაფარი მკაცრი ცენზურის პირობებში?
  • როგორ მუშაობს ცენზურა რუსულ კინოსა და თეატრში

რუსი რეჟისორი და კინოკრიტიკოსი დავიდ შნეიდეროვი „ჩებურაშკას“ წარმატების მიზეზს მარტივად ხსნის: რუსეთში სხვა არაფერია სანახავი, რადგან, მისივე სიტყვებით, „დიდი ჰოლივუდის“ გასვლის შემდეგ რუსულ კინოგაქირავებას ყოფა ეტირა. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მაყურებელი მიეძალა ე.წ. ოჯახურ კინოს, რასაც უდავოდ მიეკუთვნება ახალი „ჩებურაშკა“, რუსეთის ყოველდღიურობაში გამეფებული ძალადობა და მილიტარიზმია.

„ხალხი დაიღალა ძალადობით, დეპრესიით, სევდით და, როცა რაღაც სუფთა და ნათელი გამოჩნდა, რა გასაკვირია, რომ მიეძალა მას. ბევრმა შეადარა ერთმანეთს "ავატარის" და "ჩებურაშკას" შემოსავლები რუსულ კინოგაქირავებაში, მაგრამ, ჩემი აზრით, მათი შედარება შეუძლებელია. "ჩებურაშკა" მართალია გაქირავების ჩემპიონია, ბევრი ფული მოაგროვა, მაგრამ მისი კომპიუტერული გრაფიკა საზიზღრობაა. არა იმიტომ, რომ რუსეთში ცუდი "კომპიუტერშიკები" ცხოვრობენ... არა, ისინი კარგები არიან... უფრო ზუსტად, იყვნენ, რადგან თითქმის ყველა მათგანმა დატოვა ქვეყანა“, - ამბობს დავით შნეიდეროვი, რომლის თქმითაც, „"ჩებურაშკა", სულ ცოტა, სამი თაობის გრძნობებს შეეხო, - ბებია-ბაბუების თაობას ძალიან აინტერესებს, რა უქნეს ამ ლაწირაკებმა მათი ბავშვობის კერპს - ჩებურაშკას; დედებს და მამებს აინტერესებთ, სადამდე მივიდნენ ფილმის ავტორები, სიწმინდეზე რომ ხელი აღმართეს, ბავშვებს კი აინტერესებთ, რატომ გიჟდებოდნენ მათი წინაპრები ჩებურაშკას ამბავზე და რატომ მღეროდნენ ისინი სუფრასთან მსხდომნი ნიანგ გენასა და ჩებურაშკას სიმღერას. თუ ჩვენ "ბოევიკის" სანახავად დავდიოდით, ჩვენი ცოლები კი - მელოდრამისა, ახლა სამი თაობა - ბებიები, მშობლები და ბავშვები - ყველანი ერთად მიდიან "ჩებურაშკას" სანახავად“.

ვიტალი შლიაპო, სტუდია „Yellow, Black and White“-ის გენერალური პროდიუსერი და ფილმ „ჩებურაშკას“ სცენარის თანაავტორი, ამბობს, რომ ფილმის წარმატების მრავალ კომპონენტს შორის პირველ რიგში გამოსაყოფია თვითონ პერსონაჟის, „ჩებურაშკას“ ბრენდი, რომელიც 60 წელზე მეტი ხნისაა.

„აბსოლუტურად ყველა იცნობს ამ გმირს, ამიტომ ბევრს სურდა ენახა, როგორია ჩებურაშკა თანამედროვე კინოში. მეორეც, დახვეწილი სცენარი, სადაც ჩებურაშკას აბსოლუტურად საბავშვო ისტორიაში ორგანულად არის ჩაქსოვილი მეორე მთავარი პერსონაჟის, "გენას" აბსოლუტურად ზრდასრული ისტორია, რომელიც ბავშვებმა შეიძლება ბოლომდე ვერ გაიგონ, მაგრამ ეს გარემოება ფილმის აღქმას არანაირად არ შეუშლის ხელს. შედეგად, მოვიცავით მაქსიმალურად ფართო აუდიტორია, როდესაც გვერდიგვერდ მსხდომი ბავშვები და უფროსები თავ-თავიანთ ჩებურაშკას უყურებენ“, - ამბობს ვიტალი შლიაპო.

ჩებურაშკა - ლიტერატურული პერსონაჟი, რომელიც გამოიგონა მწერალმა ედუარდ უსპენსკიმ 1966 წელს, როგორც წიგნის „ნიანგი გენა და მისი მეგობრების“ ერთ-ერთი მთავარი გმირი. 1969 წელს რომან კაჩანოვის მულტფილმის, „ნიანგი გენას“ გამოსვლის შემდეგ „ჩებურაშკა“ ფართოდ გახდა ცნობილი. წიგნის თავდაპირველ ვერსიაში ჩებურაშკა იყო უშნო, ტლანქი არსება (დიდი ყურებითა და ყავისფერი ბეწვით), რომელიც უკანა თათებზე დადიოდა. ჩებურაშკას დღეისთვის ცნობილი უწყინარი, კეთილი სახე (დიდი ყურებითა და დიდი თვალებით) სწორედ მულტფილმის გადაღებისას შეიქმნა ფილმის პროდიუსერის ლეონიდ შვარცმანის უშუალო მონაწილეობით.

"ძველი" ჩებურაშკა

რას უყურებენ რუსები

მსოფლიო კინოწარმოების „გიგანტების“ რუსეთიდან წასვლამ რუსეთის კინოთეატრებს წაართვა შესაძლებლობა (ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად), გაექირავებინათ ახალი ფილმები, მათ შორის 2022 წლის ყველაზე გახმაურებული და შემოსავლიანი სურათები. მაგალითად, გაუქმდა 2022 წელს დაგეგმილი ყველა პრემიერა, მათ შორის „ბეტმენის“ გაგრძელება, ანიმაციური „მინიონები“ („მინიონები: გრავიტაცია“), „იურული პერიოდის სამყარო: ბატონობა“, „ფანტასტიკური არსებები“ („დამბლდორის საიდუმლოებანი“) და სხვა ფილმები, რომლებმაც ასობით მილიონი დოლარი შეაგროვეს მსოფლიო კინოგაქირავებაში.

შეძლებენ თუ არა რუსი კინომწარმოებლები დამოუკიდებლად, ჰოლივუდისა და კინოინდუსტრიის სხვა წარმომადგენლების გარეშე, უზრუნველყონ კინოთეატრების შევსება და ბაზარს მიაწოდონ საჭირო რაოდენობის პროდუქცია?

როგორც გამოცემა „როსბიზნესკონსალტინგი“ (РБК) წერს, დიდი ალბათობით, არა. 2022 წლამდე რუსული ფილმების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი ბაზრის მხოლოდ 27%-ს შეადგენდა. რუსეთში კი კინოდისტრიბუციის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ თვეში ერთხელ მაინც გამოდიოდეს ისეთი ახალი ფილმი, რომლის გაქირავება 1 მლრდ რუბლს ($14,6 მლნ) მაინც მოაგროვებს.

ნიანგი "გენა" ე. უსპენსკის კიდევ ერთი პერსონაჟი. ახალ "ჩებრაშკაში" გენა ადამიანია

პესიმისტურად არის განწყობილი ალექსეი ვორონიკოვიც - რუსეთის კინოთეატრების მფლობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, რომლის თქმითაც, „ჩებურაშკა“ კარგი ფილმია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ „ჩებურაშკა“ ერთადერთია.

„თუ „ჩებურაშკამ“ 20 მილიარდი რუბლი (30 მლნ დოლამდე) მაინც შეაგროვა, მაშინ შესაძლებელი იქნება ლაპარაკი იმაზე, რომ მან გადაარჩინა კინოთეატრები. „ჩებურაშკას“ მაჩვენებელი ჯერჯერობით 3,5 მილიარდი რუბლია და ალბათ მალე 4 მილიარდზეც ავა. კინოთეატრები ამოისუნთქავენ, ვალების ნაწილის დაფარვას შეძლებენ (15 ოქტომბრის მდგომარეობით კინოთეატრებს 4,6 მილიარდი რუბლის დავალიანება ჰქონდათ). აქ ასევე გასათვალისწინებელია, რომ კინოთეატრები დისტრიბუტორებს 50%-ს აძლევენ, პლუს იხდიან ქირას და პერსონალის ხელფასს. ამიტომ არ ღირს იმაზე ლაპარაკი, რომ ერთ ფილმს შეუძლია კინოთეატრების გადარჩენა“, - ამბობს ალექსეი ვორონიკოვი.

როგორია ბოლო წლების რუსული ფილმების კომერციული წარმატება?

2022 წლის მარტ-დეკემბერში მხოლოდ ორ რუსულ ფილმს ჰქონდა მეტ-ნაკლები კომერციული წარმატება: „ერთი“ (355 მილიონი რუბლი) და „პარმის გული“ (931 მილიონი რუბლი).

„იმისთვის, რომ კინოთეატრებმა იარსებონ და იმუშაონ თუნდაც ნულოვანი ბალანსით, მათ წელიწადში 30-35 მილიარდი რუბლის ბრუნვა უნდა ჰქონდეთ, - ამბობს ალექსეი ვორონიკოვი, - სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვახერხებთ ბევრი ბლოკბასტერის შექმნას. გაქირავების წინა რეკორდსმენი იყო 2019 წელს გადაღებული „ყმა“, 2021 წელს - „უკანასკნელი გოლიათი: სიბნელის მაცნე“ (გაქირავებიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 2,2 მლრდ რუბლი). მანამდე 2018 წელს იყო „T-34“ (2,27 მილიარდი რუბლი), 2017 წელს - „ზევით მოძრაობა“ (2,94 მილიარდი რუბლი). წელიწადში ათი ასეთი ფილმი უნდა გამოვიდეს, რომ კინოთეატრებმა მხოლოდ რუსული ფილმების დისტრიბუციით ირჩინონ თავი. ჩემი გათვლებით, რუსული კინოს ბრუნვის მოცულობა 2023 წელს 10-15%-ით შემცირდება წინა, 2022 წლის ბრუნვასთან შედარებით. ასე რომ, მხოლოდ „ჩებურაშკა“ თავისი რეკორდული შემოსავლებით ვერაფერს შეცვლის“.

საბავშვო კინო, როგორც თავშესაფარი?

რუსეთში, სადაც უმკაცრესი ცენზურა მოქმედებს, სადაც ფაქტობრივად დახურეს კინოს შესახებ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ჟურნალი „ისკუსტვო კინო“, სადაც აპატიმრებენ და ციხეში სვამენ რეჟისორებსა და მსახიობებს, სადაც „უცხოეთის აგენტის“ იარლიყს აწებებენ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, „საბავშვო კინო“ შეიძლება იქცეს ერთგვარ მხსნელ ნიშად, რომლის ფარგლებშიც რეჟისორები შეძლებენ თავი დააღწიონ ზრდასრულთა თემებზე პირდაპირ მსჯელობას, როგორც ეს ხშირად ხდებოდა საბჭოთა პერიოდში.

ასევე ნახეთ ჟურნალმა "ისკუსტვო კინომ" უკანასკნელი ნომერი გამოუშვა

„თავის დროზე საბჭოთა კავშირში ბევრად უფრო თავისუფლად შეიძლებოდა ლაპარაკი საბავშვო კინოში, ვიდრე ზრდასრულთა კინოში, რადგან რეჟისორები ფლობდნენ ეზოპეს ენით ლაპარაკის დახვეწილ უნარს და ჩვენც საბავშვო ფილმებში ხშირად ვხედავდით ჯიბეში დამალულ სამი თითის კომბინაციას. დიახ, მაღალი ხარისხის საბავშვო კინო, შექმნილი პატიოსნად, პროპაგანდისტული ინსინუაციების, მორალიზაციისა და ჭკუის სწავლების გარეშე - ეს, რა თქმა უნდა, ის გზაა, რომელსაც შეიძლება დაადგეს რუსული კინო, თუმცა ჯერჯერობით ამას არავინ აკეთებს“, - ამბობს კინომცოდნე დავით შნეიდეროვი, რომელიც ასევე სკეპტიკურად უყურებს როგორც ცენზურასთან ბრძოლაში „კინოშედევრების“ დაბადების პერსპექტივას, ასევე რუსეთის კულტურის სამინისტროს დაკვეთას ე.წ. პატრიოტულ ფილმებზე.

დავიდ შნეიდეროვი

„ტარკოვსკის, დანელიას, რიაზანოვის და სხვათა შედევრები გადაიღეს არა საბჭოთა რეჟიმის წყალობით, არამედ, რა თქმა უნდა, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, - ამბობს დავით შნეიდეროვი, - რუსეთის კულტურის სამინისტროს პატრიოტული კურსისგან კარგს არაფერს ველოდები, რადგან ბოლო მრავალი წელია, ყველა პატრიოტული ფილმი სამარცხვინოდ ჩავარდა გაქირავებაში. ხალხს არ სურს ომზე გადაღებული ფილმების ყურება: წარუმატებელი აღმოჩნდა როგორც „პოდოლსკელი კადეტები“, ასევე „ფრთები ბერლინის თავზე“ და „პირველი ოსკარი“. ჩაფლავდა „ყირიმის ხიდიც“. ხალხს არ უნდა ცუდი პატრიოტული ფილმების ყურება, ხოლო კარგი პატრიოტული კინოს გადაღების პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს“.

როგორ მუშაობს ცენზურა რუსულ კინოსა და თეატრში

ვიდრე სრულიად რუსეთი „ჩებურაშკას“ სანახავად კინოთეატრების ბილეთების რიგში იდგა, მოხდა პუტინის რუსეთისთვის ნიშანდობლივი მოვლენა: მოსკოვის სამხატვრო თეატრის (МХАТ) ხელმძღვანელმა, კონსტანტინ ხაბენსკიმ ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო სამსახურიდან გაათავისუფლა რუსეთის სახალხო არტისტი დმიტრი ნაზაროვი და მისი მეუღლე, რუსეთის დამსახურებული არტისტი ოლგა ვასილიევა. მსახიობები რეგულარულად აქვეყნებენ ვიდეოებს ინტერნეტში, სადაც ისინი კითხულობენ ანტისაომარი შინაარსის ლექსებს, ღიად აკრიტიკებენ რუსეთის ხელისუფლებას და პირადად ვლადიმირ პუტინს.

კონსტანტინ ხაბენსკი

„რუსეთში მცხოვრებ ადამიანს გამოხატვის მცირედი თავისუფლებაც კი არ აქვს. პუტინის ძალაუფლების სისტემა, რომელიც დიქტატურად ჩამოყალიბდა, აღარ ტოვებს ადგილს ორაზროვნებისა და თამაშისათვის“, - ამბობს რუსი კრიტიკოსი ანდრეი არხანგელსკი, რომლისთვისაც მიუღებელია თეატრის ხელმძღვანელის არგუმენტი:

„ხაბენსკის (რომელსაც ყველაფერი ესმის და ჯერ კიდევ "წესიერ ადამიანებში" ითვლება) არგუმენტი ტიპურია ნებისმიერი ტოტალიტარული სისტემისთვის: უნდა გადავარჩინო თეატრი. გავწირავ ორს, რათა გადავარჩინო მთელი გუნდი. ამას ვაკეთებ ხელოვნებისათვის, რათა მან განაგრძოს არსებობა. გაუგებარია, რისთვის შეიძლება იმსახუროს ადამიანმა დღევანდელ რუსეთში. არ არსებობს ისეთი იდეა, რომლის გამოც ღირს თვალის დახუჭვა რუსეთის მიერ ჩადენილ უსამართლობებზე. ვლადიმირ პუტინის მიერ დაწყებული უსამართლო ომის დროს ასეთი ხელოვნება არავის სჭირდება“.

ანდრეი არხანგელსკი

ანდრეი არხანგელსკის თქმით, წლების შემდეგ ე.წ. სპეციალური ოპერაციის დროს რუსეთში დადგმული ყველა სპექტაკლი თუ ფილმი სირცხვილით მიეცემა დავიწყებას. შერცხვებათ თუნდაც იმის გახსენების, რომ ასეთ დროში საერთოდ რაღაც ითამაშეს, გადაიღეს ან დაწერეს, თუ, რა თქმა უნდა, ეს არ იყო ომის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები.

„არსებობს განცდა, თითქოს პუტინი ეჭვიანობს რეჟისორებზე (გავიხსენოთ, მაგალითად, უმოტივაციო სისასტიკე კირილ სერებრენიკოვთან მიმართებით). ალბათ ოცნებობდა გამხდარიყო ყველაფრის მთავარი რეჟისორი, ადამიანთა სულების რეჟისორი. და, როგორც ჩანს, მან წარმატებით შეძლო ეს. პუტინის ომი არის ტრაგიკული პიესა, რომელშიც თითქმის ყველა რუსი იძულებულია ითამაშოს სტატისტის როლი“, - ამბობს ანდრეი არხანგელსკი, რომელიც დარწმუნებულია, რომ პუტინის „მზაკვრულ დადგმაში“ მხოლოდ ერთადერთი გზით შეიძლება კარგი ადამიანის როლის შესრულება: არ უნდა მიჰყვე რეჟისორ-დემიურგის დაწერილ სცენარს:

„გარკვეული დროის შემდეგ დაფასდება არა სცენაზე ჩადენილი გმირობები, არამედ ადამიანური თავდადება. არაადამიანობაში გადასარჩენი არაფერია, მაგრამ შენი, საკუთარი სულისა და სინდისის გადარჩენა შესაძლებელია. ნაზაროვმა და ვასილიევამ, ალბათ, თავიანთი საუკეთესო როლები შეასრულეს ამ სპექტაკლში“.