როგორ დაემხობა პუტინის „მარადიული“ რეჟიმი?

"ფრონტზე მყოფი ჯარისკაცები - კრემლის მთავარი საფრთხე", ილუსტრირებული ფოტო

რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ჩეხეთში მცხოვრებ რუს პროფესორს, ისტორიკოს ანდრეი ზუბოვს ესაუბრა იმაზე, თუ როგორ ემხობიან დიქტატორები და ავტორიტარული რეჟიმები, რომლებიც უკანასკნელ მომენტამდე ურღვევი სიმტკიცის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ.

სირიელმა ამბოხებულებმა, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება, გაანადგურეს ყოფილი პრეზიდენტის ჰაფეზ ალ-ასადის, ჩამოგდებული ბაშარ ალ-ასადის მამის სამარხი. მავზოლეუმის დანგრევის სცენა შესაძლოა ანტიკურ ტრაგედიასაც დამსგავსებოდა, აჯანყებულებს რომ დიქტატორის შეპყრობა და სიკვდილით დასჯა მოეხერხებინათ, მაგრამ ბაშარ ალ-ასადი ვლადიმირ პუტინმა გადაარჩინა - რუსეთში შეიფარა.

„თუმცა ისტორიული ანალოგიების თავიდან აცილება შეუძლებელია“, - ამბობს ანდრეი ზუბოვი, ბრნოს მასარიკის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი. მისი თქმით, ნაკლებად გაუმართლა კიდევ ერთ დიქტატორს, ასადის თანამედროვეს, ლიბიის ლიდერს მუამარ კადაფის, რომელიც ამბოხებულებმა ნაფლეთებად აქციეს. კადაფის მკვლელობის კადრებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბევრ ადამიანზე, მათ შორის პუტინზეც, რომელიც მაშინ (2011 წ.) რუსეთის პრემიერ-მინისტრი იყო.

„კადაფის თითქმის მთელი ოჯახი დახოცეს, მისი ცხედარი მსოფლიოს ყველა არხზე აჩვენეს - შეუძლებელია ამის ნახვა ზიზღის გარეშე. რა არის ეს? აჩვენებენ მთლიანად სისხლში ამოთხვრილ ადამიანს, დაჭრილს, ჯერ კიდევ ცოცხალს, როგორც უსწრაფებენ სიცოცხლეს და ამ ყველაფერს ეკრანებზე უშვებენ.

მსგავსი არაფერია მსოფლიოს არცერთი რელიგიის მორალში - არც ქრისტიანობაში, არც იუდაიზმსა და არც მაჰმადიანობაში, რომ მსგავსი რამ მედიაში გავრცელდეს.

ახლა პოლიტიკურ შემადგენელზე არ ვსაუბრობ - ეს ცალკე საკითხია, სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. მაგრამ წარმოუდგენელია, რომ ეს ნაჩვენებია ეკრანებზე და მას მილიონობით ადამიანი უყურებს, მათ შორის, სხვათა შორის, უყურებენ ბავშვებიც. ეს არ არის რაიმე სახის ანიმაცია, არც გამონაგონი, ეს არის ცხოვრების სურათები“, - თქვა ვლადიმირ პუტინმა 2011 წელს.

მუამარ კადაფი 1969 წელის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ოთხ ათწლეულზე მეტხანს მართა ქვეყანა. ბოლო მომენტამდე დარწმუნებული იყო, რომ ხალხი თაყვანს სცემდა თავის ეპატაჟურ ლიდერს, რომელიც სტუმრებს იღებდა კარავში ქალთა გვარდიის მებრძოლებით გარშემორტყმული. მსგავსი ბედი ეწია კიდევ ერთ დიქტატორს, რუმინელ ნიკოლაე ჩაუშესკუს, რომელმაც 1989 წლის ნოემბრის პარტიის ყრილობაზე თითქმის ასპროცენტიანი მხარდაჭერა მიიღო, მაგრამ ფაქტობრივად ერთი თვის შემდეგ, რევოლუციის მსვლელობისას, სამხედროებმა შეიპყრეს და დახვრიტეს. რუსეთში გაქცეულმა ბაშარ ალ-ასადმაც სირიის ბოლო არჩევნებში უზარმაზარი უპირატესობით გაიმარჯვა. არჩევნებში მიღებული დიდი რიცხვების სიყვარული ბევრ დიქტატორს აერთიანებს.

რადიო თავისუფლება: ყველა დიქტატორს აქვს საერთო თვისება - სხვა დიქტატორის ბედი საკუთარ თავზე გადაიტანოს. პუტინი უკვე მეოთხედი საუკუნეა ხელისუფლებაშია და წასვლას არ აპირებს. ხელახლა გადაწერილი კონსტიტუციით, ის შეიძლება 2036 წლამდე დარჩეს, მერე კი, ვინ იცის, მართული პარლამენტის, პროპაგანდისა და პოლიტიკის მიმართ გულგრილი მოსახლეობის პირობებში, იქნებ მონარქადაც გამოაცხადოს თავი. რას გვეუბნება დიქტატორების გამოცდილება? რა არის მთავარი გაკვეთილი?

ანდრეი ზუბოვი: მთავარი გაკვეთილი - არ არსებობს ურღვევი რეჟიმები. ორი თაობის რეჟიმი, რომელიც 1954 წლიდან იმართებოდა მტკიცე ხელით, რამდენიმე დღეში ბანქოს ქოხივით დაინგრა. ამ რეჟიმს უშედეგოდ ებრძოდნენ სულ მცირე 2011 წლიდან, სირიაში რევოლუციის ეპოქიდან მოყოლებული. ვერ შეძლეს მისი დამარცხება მათ შორის ირანისა და რუსეთის დახმარების გამო, მაგრამ მოწინააღმდეგეებისთვის ხელსაყრელ მომენტში მან დაკარგა წინააღმდეგობის გაწევის ყოველგვარი უნარი და ჩამოიშალა.

რუსეთის ოპოზიციას სულ მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ ასეთი ხელსაყრელი მომენტები ყოველთვის დგება ნებისმიერი ტირანული რეჟიმისთვის, როცა ის კარგავს ხალხის მხარდაჭერას. ასადის რეჟიმმა, რა თქმა უნდა, დიდი ხნის წინ დაკარგა ხალხის მხარდაჭერა.

ისტორიკოსი ანდრეი ზუბოვი, ბრნოს მასარიკის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი

რადიო თავისუფლება: თუ არსებობს დიქტატურის იდეალური ფორმულა, რომელსაც უნდა მიჰყვეს ყველა ავტორიტარული ლიდერი თუ დესპოტი, რათა თავიდან აიცილოს გადატრიალება და სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა? სად არის წითელი ხაზი, რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს?

ანდრეი ზუბოვი: ასეთი ზღვარი არ არსებობს. ისეთი დესპოტებიც კი, მაგალითად, როგორიც იყო რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II, რომელიც ცდილობდა თავისი აბსოლუტური ძალაუფლების გამოყენებით ხალხისთვის თავისუფლების მინიჭებას, საბოლოოდ ტერორისტის ბომბით დაიღუპა.

ერთადერთი რჩევა, რომელიც ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიამ ჩამოაყალიბა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში, ასეთია: მართვა ხალხის გარეშე, მაგრამ ხალხისთვის. ეს პრინციპი ჯერ კიდევ მუშაობს. ასეთ შემთხვევებში კიდევ შეიძლება რაღაცის გაკეთება.

რადიო თავისუფლება: რატომაა შეუძლებელი აჯანყების დაწყება ქვემოდან? რუსეთში ყველა ცვლილება ხდებოდა მაშინ, როცა მმართველი კლასის წევრები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ.

ანდრეი ზუბოვი: რატომ? ყველაზე საშინელი კატაკლიზმი რუსეთში მოხდა ზუსტადაც რომ ქვემოდან წამოსული აჯანყების სახით. გავიხსენოთ 1917 წლის რევოლუცია. ამან გამოიწვია ელიტის, მმართველი ფენის ტოტალური შეცვლა. ასე რომ, რუსეთში ყველაფერი შესაძლებელია, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

ვერ ვხედავ მიზეზს, რომლის გამოც ახლა რუსეთში ასეთი უზარმაზარი აჯანყება ქვემოდან არ დაიწყება, რადგან ვითარება ძალიან მსგავსია 1917 წლისა. ჯარი ვერ იგებს ომს, განიცდის მძიმე დანაკარგებს, უკმაყოფილოა შეიარაღებული ძალების მართვით.

რაღაც მომენტში, „ხიშტი მიწაში ან საკუთარი მეთაურის წინააღმდეგ“ - სავსებით შესაძლებელი რამეა. პრიგოჟინი ამის პირველი მერცხალი იყო და მგონია, რომ ყველაფერი ამაზე არ შეჩერდება.

ასევე ნახეთ ვის ახსოვს რევოლუცია?

რადიო თავისუფლება: ეს „თოფიანი კაცი“, როგორც რეჟიმის საფრთხე, შეიძლება წარმოიშვას ღრმა პერიფერიაში, სოფლად თუ მეგაპოლისში?

ანდრეი ზუბოვი: ფრონტზე, როგორც ყოველთვის. 1917 წლის რევოლუცია ლენინის წყალობით არ მომხდარა. ლენინი იყო რევოლუციის იდეოლოგიური მოტორი. მაგრამ იდეოლოგიური ძრავები ჩვეულებრივ მუშაობენ ფუჭად, ნამდვილი „ბენზინი“ კი სამხედრო მასების უკმაყოფილებაა, ჯარისკაცებისა, რომლებმაც უარი თქვეს სასაკლაოზე წასვლაზე - ისინი, ვინც პეტროგრადის გარნიზონში იმყოფებოდნენ. შემდეგ ეს განწყობა თანდათან გავრცელდა ფრონტზე. „ფრონტის პრავდა“, „თხრილის პრავდა“ და უბრალოდ „პრავდა“ - ყველა ეს ბოლშევიკური გაზეთი გამოიცემოდა მილიონობით ეგზემპლარად (გერმანული ფულით). დღეს ჩვენ არ გვჭირდება გაზეთები, ახლა ინტერნეტია.

რადიო თავისუფლება: პუტინი ისტორიული ანალოგიებისა და ციტატების დიდი მოყვარულია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მონდომებული სტუდენტია და ყველაფერს აკეთებს, რომ არ გაიზიაროს თანამდებობებიდან გადაყენებული ნიკიტა ხრუშჩოვის, მიხაილ გორბაჩოვისა და იგივე ეკატერინბურგში ოჯახთან ერთად დახვრეტილი ნიკოლოზ II-ის ბედი?

ანდრეი ზუბოვი: ისტორიას მართლაც ძალიან ბეჯითად სწავლობს, უყვარს. ადამიანური შეცდომები თითქმის გარდაუვალია, ანგარიშსწორება კი... ხრუშჩოვის ვარიანტი დიდი ხანია გავიარეთ. ელიტამ ვერ მოაცილა პუტინი ისე „რბილად“, როგორც სემიჩასტნიმ, ბრეჟნევმა და შელეპინმა გადააყენეს ხრუშჩოვი. გორბაჩოვთანაც ყველაფერი უფრო რბილად გამოვიდა. ახლა კი ამ ყველაფერს, ცხადია, უკვე ბევრად უფრო სასტიკი სიტუაციის სუნი ასდის. პუტინმა, რა თქმა უნდა, მიუშვა საზოგადოების ქვედა ფენები, გაასინჯა მათ სისხლისა და მკვლელობის გემო. პუტინი აკეთებდა იმას, რაც არასოდეს არ უნდა გააკეთოს მმართველმა, თუ სურს უსაფრთხოდ მეფობა. ასადს წასასვლელი არსად ჰქონდა - მის წინააღმდეგ დაიწყო სამოქალაქო ომი. ასე ხდება ყოველთვის, როცა უმცირესობა მართავს უმრავლესობას მისი ნების წინააღმდეგ. პუტინის წინააღმდეგ კი არანაირი სამოქალაქო ომის ნასახიც კი არ ყოფილა. მართავდა და მართავდა უპრობლემოდ. პუტინმა თავისი ავანტიურიზმით, ჯერ მიუნხენის გამოსვლით, შემდეგ კი საქართველოში, სირიასა და უკრაინაში მოქმედებებით, დაიტეხა თავს სრულიად გიჟური მასშტაბის აღშფოთება. თვითონ ვარ რევოლუციების წინააღმდეგი. რევოლუციები საზარლობაა, მაგრამ იმასაც ვხედავ, როგორ საშინლად მომართა პუტინმა რევოლუციის ეს მექანიზმი.

ასევე ნახეთ რუსეთის ახალი ისტორია - „პუტინის იარაღი“ სკოლაში შედის

რადიო თავისუფლება: პუტინი გაბოროტებულებისა და ღარიბების ლიდერია? ეთანხმებით ამგვარ შეფასებას?

ანდრეი ზუბოვი: არა, ასე არ ვფიქრობ. 2013-2014 წლებამდე, ვალდაის შეხვედრებზე, ფორუმებზე, პუტინი პოზიციონირებდა როგორც მდიდრების, წარმატებულებისა და კაპიტალის შემქმნელების ლიდერი... იმ ხალხისა, რომლებსაც უფრო მეტი უნდოდათ. მახსოვს 2007–2008 წლების საუბრები, რომ „კარგი იქნებოდა, თბილ ზღვებზე ბაზებიც რომ გვქონოდა, რომ ცუდი არ იქნებოდა, მსოფლიოზე ბატონობაც რომ აღგვედგინა“. ღარიბებსა და გაბოროტებულებს ასეთი რამ საერთოდ არ სჭირდებათ. ღარიბები და გაბოროტებულები იყვნენ პასიური მასები, რომლებიც ვერ ხვდებოდნენ, რომ მათ ძარცვავდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი არ ცხოვრობდნენ ყველაზე ცუდად, ვიდრე პუტინი არ ჩაერთო ავანტიურისტული ომების რიგში. პუტინი - უფრო მეტად რუსეთში ჩამოყალიბებული ახალი პლუტოკრატიის ლიდერია. როდესაც პუტინი პლუტოკრატიისთვის სრულიად ზედმეტი გახდა, მას შეეძლო მიემართა ხალხისთვის, შეეძლო გამხდარიყო ხალხის ლიდერი ნაპოლეონის მსგავსად, მაგრამ პუტინმა ეს ვერ შეძლო. არა, მას კი უნდოდა ამის გაკეთება, სწორედ მაშინ, როცა ყირიმის ანექსია მოახდინა, პუტინი აპირებდა თავზე გადახტომოდა ე.წ. ოლიგარქებს და პირდაპირ ხალხისთვის მიემართა, მაგრამ ომმა არ გაუმართლა. ისე არ გამოვიდა, როგორც მას უნდოდა. შესაბამისად, არ გამოვიდა მიმართვაც.

ასევე ნახეთ პრიგოჟინი აცხადებს, რომ მოსკოვზე მსვლელობით ცდილობდა "ვაგნერის" გადარჩენას და არა ხელისუფლების დამხობას

რადიო თავისუფლება: ხშირად ისმის სხვადასხვა წყაროდან, რომ თუ პუტინს დაამხობენ ან ხელისუფლებას ჩამოაშორებენ, ერთი ძაღლიც კი არ გამოვა მის დასაცავად. ასეა?

ანდრეი ზუბოვი: ძაღლების შესახებ ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ ის, რომ პუტინის დასაცავად არავინ გამოვა, უბრალოდ ისტორიული ფაქტია. როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრეოდა 1992 წლის დეკემბერში, არავინ გამოსულა მის დასაცავად. რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის უმაღლესმა საბჭოებმა მხარი დაუჭირეს საბჭოთა კავშირის დაშლას. ბელარუსში მხოლოდ ერთი ადამიანი იყო, რომელმაც სსრკ-ს დაშლის წინააღმდეგ მისცა ხმა - ეს იყო ლუკაშენკა. რუსეთში ასეთი იყო ექვსი-რვა ადამიანი, უკრაინაში, ჩემი აზრით, ერთიც კი არ ყოფილა. როცა პრიგოჟინმა მოსკოვზე გაილაშქრა, პუტინის დასაცავად არავინ გამოვიდა. ვითომ მოსკოვის მახლობლად ФСБ-ს რაღაც ნაწილებს უყრიდნენ თავს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ენის ტრიალი იყო და სხვა არაფერი. პრიგოჟინი მდინარე ოკაზე რომ გადასულიყო და სვლა გაეგრძელებინა, ისე შევიდოდა მოსკოვში, როგორც დანა კარაქში. ასე რომ, იგივე მოხდება ახლაც. რა თქმა უნდა, მის დასაცავად არავინ გამოვა.