„გინდოდა არეულობა? ინებე!“: როგორ გეგმავდა ფსბ ამერიკაში უთანხმოების დათესვას

ალექსანდრ იონოვი, რუსეთის ანტიგლობალიზაციის მოძრაობის პრეზიდენტი, თითქმის მუდმივ კონტაქტში იყო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელებთან.

2018 წლის 12 მარტი იყო. მოსკოვში 18:00 საათი ხდებოდა, როდესაც ალექსანდრ იონოვმა, ბევრ ქვეყანაში ნამყოფმა ძვირიანი კოსტიუმების მოყვარულმა რუსეთის მოქალაქემ რამდენიმე ტექსტური შეტყობინება გააგზავნა ადგილობრივ ტელეფონის ნომერზე. შეტყობინებები ამერიკის შეერთებული შტატებისგან კალიფორნიის გამოყოფას შეეხებოდა.

ორი წლით ადრე, იონოვი, რომელიც ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციას სახელწოდებით „ანტიგლობალიზაციის მოძრაობა“, რუსეთის დედაქალაქში ოფისის გახსნაში დაეხმარა კალიფორნიის დამოუკიდებლობის მომხრე აქტივისტებს და მათთვის მოსკოვში კონფერენციაც მოაწყო სახელწოდებით „ერთა დიალოგი“.

იონოვის გაგზავნილი პირველი ორი მესიჯი შეიცავდა ამერიკულ მედიაში გამოქვეყნებული სტატიების ბმულებს, სადაც კალიფორნიის გამოყოფის შესახებ ლაპარაკობდნენ.

„გინდოდა არეულობა?, - წერდა იონოვი, - ინებე“.

მესიჯის ადრესატი, აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, იყო ეგორ პოპოვი, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სააგენტოს, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) ოფიცერი. პოპოვის უფროსი იყო ალექსეი სუხოდოლოვი, ქვედანაყოფის უფროსი კონსტიტუციური სისტემის დაცვისა და ტერორიზმთან ბრძოლის სამსახურში, რომელიც არაოფიციალურად ცნობილია, როგორც მეორე დირექტორატი.

ეს შეტყობინებები გამოქვეყნდა აშშ-ის სასამართლო პროცესის დროს. ამას გარდა, აშშ-ის ხელისუფლებამ კიდევ ათეულობით გვერდი მოიპოვა, სადაც ფსბ-ს ოფიცრების ერთმანეთში ლაპარაკია ასახული ამერიკელ აქტივისტებთან კოორდინაციის შესახებ. ზოგიერთ აქტივისტს ამ კვირაში ფლორიდაში აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ბრალი წაუყენა.

ამ მიმოწერიდან რამდენიმე ციტატა ადრე შეტანილი იყო სასამართლო დოკუმენტებში, თუმცა დეტალური ჩანაწერები - ორმოცამდე გვერდი - პირველად გასაჯაროვდა.

ამ მიმოწერაში ფსბ-ს თანამშრომლები, აშშ-ის პოლიტიკის გარდა, განიხილავენ მთავრობის კრიტიკოსებს, ფსბ-ს ბიუროკრატიას, დამოუკიდებელ მედიას, რომელსაც კრემლი მტრულად მიიჩნევს და რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში.

იონოვი, პოპოვი და სუხოდოლოვი, ფსბ-ს ორ სხვა ოფიცერთან, ევგენი ვისტორპოვსკსა და ალექსეი მიტიაგინთან ერთად - სავარაუდოდ, მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ ამერიკელ აქტივისტთა რამდენიმე ჯგუფთან, „რომლებიც ფსბ-ს აწოდებდნენ ინფორმაციას... აშშ-ში განხეთქილების დასათესად“.

იონოვი და FSB-ის ოფიცრები საჯაროდ არიან იდენტიფიცირებული, შარშან იუსტიციის დეპარტამენტმა იონოვთან ერთად ბრალი წაუყენა პოპოვს და სუხოდოლოვს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე აშშ-ის სასამართლო დარბაზში მოხვდეს.

2022 წლის 29 ივლისს, როდესაც აშშ-ის პროკურორებმა ოფიციალურად გამოაცხადეს პირველი ბრალდების შესახებ, იონოვმა პოპოვს მისწერა, „გადაყარე ტელეფონებიო“.

სარეზერვო ასლი ღრუბელში

იონოვისა და მისი ხელმძღვანელების მიერ ორკესტრირებული ძალისხმევის ზოგადი მონახაზი თავდაპირველად 2022 წლის ივლისში გამოქვეყნებულ 24-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში იყო აღწერილი. ამას მოჰყვა მეორე საბრალდებო დასკვნა, რომელიც 10 თვის შემდეგ გამოქვეყნდა.

მიმოწერის დეტალური ჩანაწერები ფლორიდის ფედერალურ საქმეს დაურთეს 2024 წლის 21 აგვისტოს, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე გაიხსნებოდა სასამართლო პროცესი ამერიკელი აქტივისტების წინააღმდეგ. მათ ბრალი ედებათ ფსბ-ს ოფიცრებთან კოორდინაციაში.

ერთ-ერთი აქტივისტის, პენი ჰესის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ ეს ჩანაწერები სასამართლოს არ უნდა განეხილა, რადგან ის „მითქმა-მოთქმას“ წარმოადგენდა. პროკურორებმა კი განაცხადეს, რომ „იონოვი ამ ამერიკულ ჯგუფებთან მუშაობდა ფსბ-ს სახელით, რუსეთის მთავრობის მხარდაჭერით, რაც ბრალდების არსებით ელემენტს წარმოადგენს“.

შეტყობინებები „იყო ამ შეთქმულების განუყოფელი ნაწილი, რომელიც აწვდიდა ფსბ-ს საჭირო ინფორმაციას ბრალდებულების "გამოყენებისთვის", რომ, მათივე სიტყვებით, "დაეთესათ განხეთქილება აშშ-ში"“, - თქვა პროკურორმა.

აშშ-ის პროკურატურამ ფლორიდის ქალაქ ტამპაში, სადაც საქმე განიხილება, დაადასტურა, რომ ჩატის ფაილები გადასცა იუსტიციის დეპარტამენტმა, როგორც აღმოჩენის პროცესის ნაწილი - ესაა მოთხოვნა, რომ ნებისმიერი მტკიცებულება სისხლის სამართლის სასამართლო პროცესის დაწყებამდე უნდა გაუზიარონ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს.

აშშ-ის პროკურატურის სპიკერმა არ გაამხილა, თუ როგორ მოიპოვეს შეტყობინებები - მაგალითად, გატეხეს თუ არა აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ფსბ-ს ოფიცრების ტელეფონები.

თუმცა, ჩატის თანმხლები მეტამონაცემები და სასამართლოს სხვა დოკუმენტები მიუთითებს იმაზე, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ კომუნიკაციების დიდი ნაწილი მიიღო iCloud-ზე, „ეფლის“ სარეზერვო სერვისის მეშვეობით.

ეს კი ნიშნავს, რომ იონოვი და პოპოვი, დიდი ალბათობით, იყენებდნენ „აიფონებს“, რომლებიც მიმოწერას, მათ შორის WhatsApp-ის შეტყობინებებს, „ეფლის“ სერვერებზე ინახავენ. ამან აშშ-ის პროკურორებს მისცა შესაძლებლობა, ისინი მოეპოვებინა სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის მეშვეობით.

რადიო თავისუფლებამ სთხოვა კომენტარი იონოვსა და ჩანაწერებში დასახელებულ სხვა პირებს, რომელთა ტელეფონის ნომრებიც სასამართლო ჩანაწერებში იყო ჩამოთვლილი.

იონოვისა და სუხოდოლოვის ნომრები გათიშული იყო. პოპოვის ნომერზე სავარაუდოდ ავტომოპასუხე იყო ჩართული.

ვისტოროპსკის სახელზე დარეგისტრირებულ ტელეფონს მამაკაცმა უპასუხა, სახელით მიმართვაზე გამოგვეპასუხა, თუმცა კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა და მალევე გათიშა. მიტიაგინის ნომერზე იდენტიფიცირებულ ტელეფონს მამაკაცმა უპასუხა, ჟურნალისტს ჰკითხა, ეხუმრებოდა თუ არა მას და შემდეგ ტელეფონი გათიშა.

"რატომ გაგზავნეს სასაკლაოზე?"

იონოვის საქმიანობა კალიფორნიის გამოყოფის მომხრეთა კულტივირებასთან დაკავშირებით კარგად არის დოკუმენტირებული.

დაახლოებით ერთი თვით ადრე, ვიდრე იონოვი დაიკვეხნიდა კალიფორნიელ აქტივისტებთან თავისი წარმატების შესახებ, პოპოვმა მას მისწერა და მოსთხოვა ფოტოები გადაეღო კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოში დაგეგმილი დემონსტრაციიდან. პოპოვი შეწუხებული იყო, რომ ამ ღონისძიებას ამერიკული მედია სათანადოდ არ აშუქებდა.

„ეს ერთადერთი სტატიაა, რომელიც მოვნახე“, - წერს პოპოვი.

ორი კვირის შემდეგ, მარტის დასაწყისში, პოპოვმა იონოვი დაპატიჟა მოსკოვის კაფეში, რომელიც მეორე დირექტორატის ოფისებთან ახლოს მდებარეობს.

პოპოვმა ასევე უთხრა იონოვს, რომ მის უფროსს, სუხოდოლოვს მასთან შეხვედრა სურდა. ამან იონოვის უკმაყოფილება გამოიწვია.

„გაბრაზებული ვარ AB-ზე რატომღაც“, - დაწერა მან სუხოდოლოვის სახელის და მამის სახელის ინიციალების გამოყენებით. „პრობლემებს იწვევს. ეს ნამდვილად არ მომწონს. შეიძლება ნერვები მომეშალოს და ჩხუბი დავიწყო“.

„ფული შეგვიმცირეს, ფაქტია“, - პოპოვმა იონოვის დამშვიდება სცადა. „სხვა დღის წესრიგია, სხვა ხალხია, პლუს კიდევ ბევრი სხვა რამე. არ არის საჭირო, ის კარგი ადამიანია, უბრალოდ ყველაფერს ვერ გვეუბნება. უფროსები ზღუდავენ“.

თუმცა, ამჟამად ფლორიდის ფედერალური სასამართლო სხვა ამერიკელი აქტივისტების საქმეს განიხილავს - ოთხი მამაკაცის და ქალის, რომლებიც შედარებით უცნობი პოლიტიკური ორგანიზაციის ამჟამინდელი ან ყოფილი წევრები არიან. ორგანიზაციას „აფრიკის სახალხო სოციალისტური პარტია“ ეწოდება. ზოგი მათგანი ასევე ეკუთვნის ამასთან დაკავშირებულ „უჰურუს მოძრაობას“.

ბრალდება ამტკიცებს, რომ აქტივისტები შეგნებულად თანამშრომლობდნენ იონოვთან და, შესაბამისად, ფსბ-სთან. იონოვმა მინიმუმ ერთ მათგანს გადაუხადა ფული 2015 წელს მოსკოვში გასამგზავრებლად და თავისი ორგანიზაციის, „რუსეთის ანტიგლობალიზაციის მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ კონფერენციაზე დასასწრებად. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

იონოვი ჯგუფს ასევე აძლევდა რჩევებს საპროტესტო ტრანსპარანტებზე ტექსტის ფორმულირების შესახებ. ბრალდების თანახმად, მან ასევე $3000 გადაუხადა რამდენიმე აქტივისტს, სან-ფრანცისკოში გასამგზავრებლად და „ფეისბუკის“ მშობელი კომპანიის, Meta-ს სათავო ოფისთან პროტესტის გასამართად მას შემდეგ, რაც ამ სოციალურმა ქსელმა პრორუსული პოსტები შეზღუდა მოსკოვის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ 2022 წლის 24 თებერვალს.

ჩანაწერებში ჩანს, რომ იონოვი ხშირად უგზავნიდა შეტყობინებას პოპოვს და უფრო იშვიათად - სუხოდოლოვს. ის აგზავნიდა ფოტოებს, ახალი ამბების სტატიებს და ონლაინფოტოალბომების ბმულებსაც კი.

შეჭრიდან ერთი დღის შემდეგ, იონოვი, როგორც ჩანს, კომენტარს აკეთებდა რუსეთის მმართველ კლასს შორის შიდა განხეთქილებაზე, მათ შორის კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის ქალიშვილის ინსტაგრამის პოსტზე, სადაც ეწერა „არა ომს!“.

„პესკოვმა გონება დაკარგა“, - მისწერა მან სუხოდოლოვს და შემდეგ შეტყობინებაში დასძინა: „სუყველა გაგიჟდა“.

ორივე მხარემ ასევე განიხილა ომის პირველი დღეები, როდესაც რუსი მედესანტეები ცდილობდნენ კიევის ჩრდილოეთით აეროპორტში შეჭრას. უკრაინელმა ჯარისკაცებმა კი სერიოზული ზიანი მიაყენეს მედესანტეებს და თავდასხმა ჩაშალეს.

„რატომ გაუშვეს სასაკლაოზე?“ - სუხოდოლოვმა ჰკითხა პოპოვს. „სად იყო დამატებითი ძალა? იყო თუ არა ეს ტაქტიკური შეცდომა?“

„ამის გასარკვევად [თავდაცვის სამინისტროს] მიმართე“, - უპასუხა პოპოვმა.

"ნამდვილი ულაყი ხარ"

2019 წლის აპრილის ბოლოს, რუს ქალს, სახელად მარია ბუტინას, აშშ-ში მიესაჯა 19-თვიანი პატიმრობა, რადგან ის არ დარეგისტრირდა უცხოურ აგენტად იუსტიციის დეპარტამენტში. ბუტინამ რამდენიმე წელი გაატარა შეერთებულ შტატებში და ცდილობდა პოლიტიკურ მოღვაწეებთან, ძირითადად რესპუბლიკელებთან დამეგობრებასა და მათი კეთილგანწყობის მოპოვებას.

განაჩენის გამოტანიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, იონოვმა, რომელიც ბუტინას დაცვისთვის ფულს აგროვებდა და პოპოვმა განიხილეს განაჩენი და ბუტინას მხარდამჭერი ღონისძიება, რომელსაც იონოვმა მოსკოვში უმასპინძლა. იონოვმა გააგზავნა ბმული ონლაინფოტოალბომზე, სადაც ჩანდა, რომ ღონისძიებას ათზე მეტი რეპორტიორი აშუქებდა.

„გასაოცარი მასალა ბუტინაზე! ნამდვილი ულაყი ხარ!“ - წერს პოპოვი იონოვს.

მარია ბუტინა (ცენტრში) ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იხდიდა სასჯელს აშშ-ს ციხეში. იონოვი მას დაეხმარა ადვოკატთა ხარჯების გადახდაში.


ამ გზავნილის ტონი მკვეთრად განსხვავდებოდა პოპოვის მესიჯისგან ექვსი კვირით ადრე. მაშინ ამერიკულმა ჟურნალმა „ატლანტიკმა“ გამოაქვეყნა მასალა, სადაც აღწერილი იყო იონოვის ფინანსური კავშირები ბუტინასთან. იონოვმა ბმული პოპოვს გაუგზავნა.

„ამას არ მოვახსენებ! შენ ბუტინას უფროსად მოგიხსენიებენ, მან კი აღიარა 2016 წლის არჩევნებში ჩარევა“, - წერს პოპოვი იონოვს. „ისინი ასევე ახსენებენ სეპარატისტების კონფერენციებს [მინიშნება „ერთა დიალოგის“ ღონისძიებაზე მოსკოვში]. ახლა სანქციებს დაგიწესებენ“.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ იონოვს სანქციები სამი წლის შემდეგ დაუწესა.

2022 წლის 29 ივლისს, პირველადი საბრალდებო დასკვნის განხილვისას, იონოვმა ურჩია პოპოვს გადაეგდო ტელეფონი. აშკარად ეჭვი ეპარებოდა, რომ ის გატეხილი იყო ან მასზე წვდომა ჰქონდათ.

„ხომ გითხარი, არაბებმა უცნაური ტელეფონი მოგცეს“, - უპასუხა პოპოვმა.

მესიჯიდან გაურკვეველია, თუ ვის მოიხსენიებს პოპოვი „უცნაური ტელეფონის“ წყაროდ, თუმცა იონოვს ჰქონდა ბიზნესინტერესები ლიბანსა და სირიაში.

„უკვე საუკუნეებია, რაც არ მქონია“, - უპასუხა იონოვმა. „ეს მეორეა“.


"პოლიტიკური დაყოფა სისუსტეა"

ათწლეულების წინ საბჭოთა და რუსეთის სადაზვერვო სააგენტოები ცდილობდნენ დეზინფორმაციის გავრცელებას და უთანხმოების გაღვივებას, რათა ძირი გამოეთხარათ უცხოური მთავრობებისათვის.

1980-იან წლებში კგბ-მ ხელი შეუწყო ჭორის გავრცელებას, რომ შიდსის გამომწვევი ვირუსი ამერიკამ გამოიგონა, ბიოლოგიური იარაღის კვლევის ფარგლებში.

2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს, რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულმა „ტროლებმა“ შექმნეს უამრავი ყალბი ონლაინპერსონა, რათა უთანხმოება დაეთესათ სოციალურ მედიაში.

„ეს კამპანია ცდილობდა ამერიკელების პოლარიზაციას სოციალური, იდეოლოგიური და რასობრივი განსხვავებების საფუძველზე. ამან გამოიწვია რეალური მოვლენების პროვოცირება. ეს იყო უცხოური მთავრობის ფარული მხარდაჭერის ნაწილი რუსეთის ფავორიტი კანდიდატის სასარგებლოდ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში“, - ნათქვამია აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის მიერ შედგენილ ორპარტიულ ანგარიშში.

2024 წლის 4 სექტემბერს, ფლორიდის სასამართლო პროცესის დაწყებიდან ერთი დღის შემდეგ, აშშ-ის ხელისუფლებამ გამოაცხადა ფართო სანქციები და სხვა ზომები რუსეთის სუბიექტების წინააღმდეგ. ისინი დაადანაშაულეს მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიაში ჩარევისა და ზემოქმედების მცდელობაში. სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა ახალი შეზღუდვები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ხუთი მედიასაშუალების წინააღმდეგ. მათ შორის იყო RT - რუსეთის სახელმწიფოს დაფინანსებული სატელევიზიო ქსელი, რომელიც ადრე Russia Today-ს სახელით იყო ცნობილი.

იუსტიციის დეპარტამენტმა ასევე ახალი სისხლისსამართლებრივი ბრალდება წაუყენა RT-ის ორ თანამშრომელს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებისათვის, ნაწილობრივ ტენესის მედიაკომპანიის გამოყენებით.

„რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რომ გააძლიეროს განხეთქილება თავისი მოწინააღმდეგეების საზოგადოებებში, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. მათი ფილოსოფიაა, რომ პოლიტიკური დაყოფა სისუსტეა“, - თქვა კევინ რიელმა, ლონდონის ბრუნეის უნივერსიტეტის მეცნიერმა და ფსბ-ს ახალი ისტორიის ავტორმა.

„თუ რუსეთის მთავრობა შეძლებს გააძლიეროს ოპოზიციური ჯგუფები შეერთებულ შტატებში ან სხვაგან, ამით ის დაასუსტებს დასავლეთის ძალებს მსოფლიოს თვალში“, - განუცხადა მან რადიო თავისუფლებას. „ეს ასევე მათ ნაკლებად მიმზიდველს გახდის რუსებისთვის. რუსეთს შეუძლია თქვას, რომ შეერთებული შტატები სუსტია, რადგან იქ ქაოსი და განხეთქილება სუფევს. ამ განხეთქილებას კი იწვევენ ჯგუფები, რომელთა ნაწილიც თავად ფსბ-ს მიერაა მხარდაჭერილი“.

ფსბ-ს მეორე დირექტორატს სამიზნეში მხოლოდ მემარცხენე პოლიტიკური აქტივისტები არ ამოუღია.

FBI-ის ძებნილთა პოსტერზე ნატალია ბურლინოვა

ფსბ-ს ორი ოფიცერი, რომლებიც იდენტიფიცირებული არიან იუსტიციის დეპარტამენტის სასამართლო დოკუმენტებში, დაკავშირებული იყვნენ პარალელურ საქმესთან, რომელშიც ფიგურირებს რუსი ქალი, სახელად ნატალია ბურლინოვა.

2023 წელს ამერიკელმა პროკურორებმა ბურლინოვას ბრალი წაუყენეს, მათი თქმით, მრავალწლიან ძალისხმევაში დასავლელი ახალგაზრდა პროფესიონალების მოსაზიდად, რომლებიც შესაძლოა თანაგრძნობით ყოფილიყვნენ განწყობილნი რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიმართ.

ბურლინოვა აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში ატარებდა შეხვედრებს მკვლევრებთან და სტუდენტებთან, აწყობდა კონფერენციებს, რომლებიც აფინანსებდა უნივერსიტეტის ახალგაზრდა კურსდამთავრებულების გამგზავრებას მოსკოვში, სემინარებსა და ლექციებზე დასასწრებად

ამ საქმიანობას, აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის თანახმად, ზედამხედველობდნენ და კოორდინაციას უწევდნენ პოპოვი და სუხოდოლოვი.