როგორ გააჩერა "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტი საგამოძიებო კომისიის გამო

"წარმოუდგენელია ის, რაც პარლამენტში ხდება. კონსტიტუცია აძლევს უფლებას 50 დეპუტატს შექმნას საგამოძიებო კომისია და ამ უფლების რეალიზაციისთვის ხელის შეშლა დაუშვებელია", - წერს ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი. 

„ოცნება”, უკვე ორი დღეა, ღიად უშლის ხელს ოპოზიციის ინიციატივას - შეიქმნას საპარლამენტო კომისია სასამართლო სისტემაში შესაძლო დანაშაულების გამოსაძიებლად. ის, რასაც მმართველი პარტია მოსამართლეებისთვის „პოლიტიკურ სოლიდარობას“ ეძახის, ოპოზიციისთვის „სასამართლო კლანის“ მფარველობის მკაფიო გამოხატულებაა.

18-19 აპრილს, უმრავლესობის დეპუტატებმა უარი თქვეს რეგისტრაციაზე, რომელიც კენჭისყრის წინ გასავლელი სავალდებულო პროცედურაა. კვორუმი ვერ შედგა და სხდომაზე კენჭი ვერც საგამოძიებო კომისიის შექმნას უყარეს და ვეღარც რიგში მდგომ კანონპროექტებს.

ექსპერტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, ხელისუფლების ეს სვლა კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და პარლამენტის საქმიანობასაც აზარალებს.

  • როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ასე და რა შეიძლება გამოიწვიოს „ოცნების“ ბოიკოტმა?

„არ დავუშვებთ“, „არ შევაქმნევინებთ“

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას და სოლიდარობას ქართველ მოსამართლეებს და აქედან გამომდინარე, დღესაც, რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობა არ გაივლის რეგისტრაციას“, - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ამ სიტყვებს, 19 აპრილს, სხდომათა დარბაზში სიცილი და ტაში მოჰყვა, მაგრამ არა მოულოდნელობის გამო - რეგისტრაცია „ოცნებამ“ არც 18 აპრილს გაიარა და წინასწარვე განაცხადა, რომ ოპოზიციის განზრახვას ნებისმიერი ხერხით შეუშლის ხელს.

  • „ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით განვიხილოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მიერ კომისიის შექმნას სასამართლოსთან დაკავშირებით. ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ, ეს არის ჩვენი პრინციპული პოლიტიკური პოზიცია“, - თქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
  • „ნაცები“ სასამართლოზე საპარლამენტო კომისიას ქმნიან, ეს არის თანამედროვეობის პარადოქსი და ასეთ პარადოქსებს ჩვენ არ დავუშვებთ, იმიტომ ვართ ხელისუფლებაში“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
  • „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ შედგეს, რადგან ძალიან მავნებლური ინიციატივაა. ძალიან სახიფათო პრეცედენტი შეიძლება გააჩინოს, როდესაც სასამართლო ხელისუფლების ავკარგიანობის შესახებ ცალკეული მოსამართლეების ანგარიშვალდებულება გავაჩინოთ პარლამენტში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
სასამართლო სისტემაში სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციამ დღის წესრიგში მას შემდეგ დააყენა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „მნიშვნელოვანი კორუფციის“ გამო, სანქციები დაუწესა ყოფილ და მოქმედ მოსამართლეებს, რომლებსაც, უკვე წლებია, სამოქალაქო საზოგადოება „სასამართლო კლანის“ ლიდერებად მოიხსენიებს.
„ქართულმა ოცნებამ“ სანქცირებულ მოსამართლეებს თავიდანვე უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოყენებული ზომა საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფად შეაფასა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, 10 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სანქცირებული მოსამართლეების კვალიფიკაციასა და პატიოსნებაში ეჭვი არავის ეპარება, ამაყობს ყველა მოსამართლით და, რომ სასამართლოს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არავის აქვს.

ასევე ნახეთ "ოცნებამ" მოსამართლეებისადმი სოლიდარობის ნიშნად სხდომაზე რეგისტრაცია ისევ არ გაიარა
ასევე ნახეთ საგამოძიებო კომისიის შექმნის ხელშეშლა სასამართლო კლანის მხარდაჭერაა - მართლმსაჯულების კოალიცია

„როგორც გამოჩნდა, "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ ბოლომდე გადაეფაროს სასამართლოს კლანს და დაიცვას სანქცირებული მოსამართლეები... კლანს აჩვენებენ - თქვენ ხელშეუხებლები ხართ, თქვენ ჩვენ გიცავთ“, - ამბობს „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე, დეპუტატი ხათუნა სამნიძე.

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ამჯერად სწორედ „რეფორმების ჯგუფმა“ წამოაყენა, თუმცა მას მხარდაჭერა მალევე გამოუცხადა ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა და, როგორც სამნიძე გვეუბნება, გროვდება საკითხის გასატანად საჭირო ხმების რაოდენობა. ხელისუფლების ქმედებებში სხვებიც „კლანის“ მფარველობას ხედავენ.

„ხელისუფლება, რომელსაც სჯერა საკუთარი განცხადებების, რომ სასამართლოში პრობლემები და მძიმე დანაშაულები არ არის, არ შეუშინდებოდა სიმართლის დამდგენი კომისიის შექმნას... იმით, რაც დარბაზში მოხდა, "ქართული ოცნება", პოლიტიკურად და სამართლებრივადაც, შეუერთდა კლანს“, - უთხრა 18 აპრილს, ჟურნალისტებს „ლელოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა.

ასევე ნახეთ ხელისუფლებას შანსი აქვს, გამოიძიოს სასამართლო სისტემაში კორუფციის ის ბრალდებები, რაც წლებია ცნობილია - დეგნანი
ასევე ნახეთ პრემიერ-მინისტრი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა

აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა 19 აპრილს განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა „ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს კორუფციის ის ბრალდებები მართლმსაჯულების სისტემაში, რაც წლებია ფართოდ ცნობილია“. ელჩმა ასევე თქვა, რომ აშშ ყოველთვის მოუწოდებდა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს, პარლამენტი ქართველი ხალხისა და ამომრჩევლის საჭიროებებზე სამუშაოდ გამოეყენებინათ.

როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს?

დეპუტატი ხათუნა სამნიძე დარწმუნებულია, რომ, ადრე თუ გვიან, „ქართულ ოცნებას“ მოსამართლეთა საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის საკითხის კენჭისყრაზე გატანა მოუწევს; მაგრამ შეეცდება, რომ საკითხის ჩასაგდებად ხელსაყრელ დროს დაელოდოს.

„ეს საკითხი [კომისიის შექმნის] უკვე განხილულია და აუცილებლად უნდა ეყაროს კენჭი. კენჭისყრას სხვა საკითხებიც ელოდება. ახლა "ქართული ოცნება" ჩასაფრებულია, როდის იქნება კენჭისყრის შესაძლებლობა ისეთ ვითარებაში, როდესაც ოპოზიცია არ იქნება საკმარისი რაოდენობით [პარლამენტის სხდომაზე]... გვიჭირს ამ მხრივ ოპოზიციას, სულ 51 ხმა გვაქვს და პრობლემაა თითოეული დეპუტატის გამოკლება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მუდმივად ვიყოთ მობილიზებული და "ქართულმა ოცნებამ" ვერ ნახოს ხელსაყრელი მომენტი საკითხის ჩასაგდებად“, - გვითხრა სამნიძემ.

დეპუტატის ინფორმაციით, მოსამართლეები მზად არიან, რომ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ღიად ილაპარაკონ სასამართლოს პრობლემებზე და „ამის ეშინია ქართულ ოცნებას“.

კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტში საგამოძიებო კომისია პარლამენტის წევრთა არანაკლებ 1/5-ის (30 დეპუტატი) ინიციატივითა და 1/3-ის (50 დეპუტატი) ერთი მხარდაჭერით იქმნება. კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.

  • პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, „თუ პარლამენტის წევრი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში არ გაივლის რომელიმე რეგისტრაციას, მას თითოეულ ასეთ შემთხვევაში დაუკავდება ხელფასის 5% (მაგრამ არაუმეტეს დღის განმავლობაში 10%-ისა) და ეს პასუხისმგებლობა „პარლამენტის წევრს დაეკისრება კალენდარული თვის განმავლობაში ოთხზე მეტი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში“.
  • პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე (ბოიკოტი)“.

ხელისუფლება ოპოზიციის არსენალით

1992 წლიდან სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, „ქართული ოცნების“ კოალიციის ყოფილი წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე გვეუბნება, რომ უმრავლესობამ „აბსურდში ამოყო თავი“, რადგან ახლა ის ეწინააღმდეგება როგორც ოპოზიციისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლების განხორციელებას, ასევე - მთლიანად პარლამენტის საქმიანობასაც.

„ეს არის პარლამენტის საქმიანობისთვის არსებითი ხელშეშლა, რადგან პარლამენტი ვერ შეძლებს ვერანაირი გადაწყვეტილების და ვერც კანონის მიღებას, რადგან კანონპროექტის კენჭისყრის წინაც სავალდებულოა რეგისტრაცია. თუ კანონპროექტებისთვის გაივლის რეგისტრაციას, მაშინ უმრავლესობამ საგამოძიებო კომისიის შექმნასაც უნდა უყაროს კენჭი და სწორედ ამას არიდებს თავს. გამოდის, რომ უმრავლესობა უწევს ბოიკოტირებას პარლამენტს. არადა, ბოიკოტი ოპოზიციის ხელში არსებული იარაღია და ჩვეულებრივ, უმრავლესობის მიერ მიღებული ან მისაღები გადაწყვეტილებების წინააღმდეგ გამოიყენება“, - ეუბნება ვახტანგ ხმალაძე რადიო თავისუფლებას.

„ოცნების“ ტაქტიკა, ერთი შეხედვით, ჰგავს ამერიკისა და ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოში გამოყენებულ მექანიზმს - ფილიბასტერს (Filibuster), რაც ამა თუ იმ საკანონმდებლო აქტის განხილვის პროცესის, უწყვეტი, გაჭიანურებული მსჯელობით შეფერხებას გულისხმობს. თუმცა, როგორც ვახტანგ ხმალაძე გვეუბნება, ქართული რეალობისგან განსხვავებით, ფილიბასტერის წესს დასავლეთში ძირითადად უმცირესობა იყენებს და (1800-იანი წლებიდან) ეს წესი იმისთვის შეიქმნა, რომ უმცირესობაში მყოფ ძალებს გავლენის ბერკეტი შეენარჩუნებინათ.

ცნობილია შემთხვევა, როდესაც, 2013 წელს, რესპუბლიკელმა სენატორმა უწყვეტად ილაპარაკა 21 საათის განმავლობაში, აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ჯანდაცვის რეფორმის შეფერხების მიზნით.

2017 წელს, როდესაც ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული სადავო კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა, იმხანად პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია პროცედურების გაჭიანურებაში დაადანაშაულა და თქვა - „ინგლისური ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ხორციელდებოდა ე.წ. ფილიბასტერინგი, რაც არის [კანონპროექტის განხილვის] პროცედურის დროში ხელოვნურად გაწელვა“.

„ოცნებას“ აკრიტიკებს კიდევ ერთი ყოფილი თანაგუნდელი, ყოფილი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი.

„წარმოუდგენელია ის, რაც პარლამენტში ხდება. კონსტიტუცია აძლევს უფლებას 50 დეპუტატს შექმნას საგამოძიებო კომისია და ამ უფლების რეალიზაციისთვის ხელის შეშლა დაუშვებელია! სამართლებრივ სახელმწიფოში კონსტიტუცია უნდა სრულდებოდეს“, - წერს ის საკუთარ ფეისბუკგვერდზე.

ყოფილი დეპუტატი თვლის, რომ, ხელშეშლის ნაცვლად, „ოცნება“ ახლა თვითონ უნდა ქმნიდეს საგამოძიებო კომისიას და ინტერესდებოდეს - „რა კორუფციული ფაქტებია სასამართლო სისტემაში“.

ასევე ნახეთ "სასამართლოს გუშაგი" "ოცნების" გადაწყვეტილებას მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობად აფასებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ „პოლიტიკური სოლიდარობა“ სინამდვილეში „სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული აქტი“ და „მოსამართლეებზე პოლიტიკური ზემოქმედების მცდელობაა“.

„ეს წარმოაჩენს, რამდენად მნიშვნელოვანია მმართველი პოლიტიკური ძალისთვის სასამართლო სისტემაში დღეს არსებული "კლანური მმართველობის" მხარდაჭერა და შენარჩუნება. ამასთან, ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინტერესში არ შედის სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების გამოსწორება“, - აცხადებს „სასამართლოს გუშაგი“, რომლის დამფუძნებელი, ნაზი ჯანეზაშვილი, წლების განმავლობაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო და ძალიან ხშირად ლაპარაკობდა სასამართლო სისტემაში „კლანის“ არსებობის შესახებ.

ახლო წარსულში, მათ შორის - „სასამართლოს გუშაგმაც“ გამოაქვეყნა ინტერვიუები ყოფილ მოსამართლეებთან, როცა ისინი სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს ღიად ამხელდნენ. ორგანიზაცია აუცილებლად თვლის საგამოძიებო კომისიის შექმნას.

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი შიშობს, რომ „ქართული ოცნების“ ეს ქმედება უარყოფითად აისახება მთლიანად ქვეყნის ინტერესებზე, რადგან „აისახება ევროკომისიის ანგარიშში, როგორც პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი“ და, შესაბამისად, შესაძლოა, გახდეს „კიდევ ერთი არგუმენტი“ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საწინააღმდეგოდ.