აშშ-სა და რუსეთს მსოფლიოში, ჯამურად, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მხრივ.
21 მაისის მონაცემებით, აშშ-ში ყველაზე მაღალია COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი.
ამ დროს მეორე ადგილზე მყოფი რუსეთი მსოფლიოში მხოლოდ მე-19 ადგილზეა კორონავირუსით გარდაცვლილთა დარეგისტრირებული შემთხვევებით, რის გამოც რუსეთის მიერ მოწოდებული სტატისტიკა სულ უფრო მეტ ეჭვს აღძრავს დამკვირვებლებში.
რა არის ამის მიზეზი? რუსეთი ამცირებს კორონავირუსით დაღუპულ მოქალაქეთა ციფრს, თუ, პირიქით, აშშ ზრდის?
მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ცდილობს დაიცვას კორონავირუსით გამოწვეული სასიკვდილო შემთხვევების კლასიფიკაციის თაობაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპები: „COVID-19-ის დროს გამოწვეული სიკვდილი არ უნდა მიეწერებოდეს სხვა დაავადებას (მაგალითად, კიბოს) და უნდა აღირიცხებოდეს ცალკე, მიუხედავად ადრინდელი მდგომარეობისა, რაც, სავარაუდოდ, განაპირობებს (ორგანიზმში) COVID-19-ის მწვავე ფორმით განვითარებას“.
სხვაგვარად თუ ვიტყვით, თუ გულით დაავადებული ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა და შემდეგ გარდაიცვალა, ასეთი შემთხვევა უნდა იქნეს კლასიფიცირებული, როგორც კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილი. ეს შეეხება, ასევე, დიაბეტს ან რესპირატორულ დაავადებებს, როგორიცაა პნევმონია.
„როდესაც პანდემიას იკვლევთ, საჭიროა აღრიცხოთ რაც შეიძლება მეტი, ხოლო შემდგომ უნდა მოხდეს დაავადების შემთხვევების განსხვავებული კლასიფიცირება“, -ამბობსსტივენ ვან გუხტი, ბელგიის სციენსანოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის წამყვანი ვირუსოლოგი.
ექსპერტები სხვადასხვა ახსნას უძებნიან კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის სტატისტიკაში არსებულ სხვაობას: ზოგჯერ ამას ასაზრდოებს ქვეყნის შიდა ტრადიცია და ძველი ინსტიტუციური პრაქტიკა, ზოგჯერ, შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს პოლიტიკაში.
კორონავირუსის გლობალური სტატისტიკის თვალსაზრისით, ყველაზე სანდო ინსტიტუტის - ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის - თანახმად, სიკვდილიანობის მონაცემებში სხვაობა შესაძლოა უკავშირდებოდეს ისეთ საკითხს, როგორიცაა მოსახლეობაში ჩატარებული ტესტირების მოცულობა: რაც უფრო მასშტაბურია ტესტირება, მით მეტია მსუბუქად დაავადებულთა გამოვლენის მაჩვენებელი, რაც შემდეგში ამცირებს სასიკვდილო შემთხვევების კოეფიციენტს.
გარდა ამისა, რაც უფრო ხანდაზმული და დაავადებულია ქვეყნის მოსახლეობა, მით მეტია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. კიდევ ერთი ფაქტორია ცალკეული ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა. მაგალითად, საავადმყოფოებისა და მედპერსონალის ხარისხი გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ მკურნალობას ღებულობს ინფიცირებული პაციენტი და ხდება თუ არა მათი გამოჯანმრთლება.
აშშ-ის ჯანდაცვისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სახელმწიფო უწყება - დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი- აცხადებს, რომ მისი სტატისტიკა ეფუძნება აშშ-ის 50-ვე შტატიდან მიღებულ და მონაცემთა ერთიანი ეროვნული სისტემის მიერ გადამუშავებულ ციფრობრივ მონაცემებს.
ამ სტატისტიკის ნაკლია ინფორმაციის დროში გაჭიანურება: ვიდრე COVID-19-ის შედეგად გარდაცვალების შემთხვევათა მონაცემებს გადაამუშავებენ, მიანიჭებენ კოდს და ცხრილში შეიტანენ, შესაძლოა რამდენიმე კვირა გავიდეს.
COVID-19, როგორც კატალიზატორი
რუსეთში არსებობს უფრო ფუნდამენტური ხასიათის პრობლემა, რასაც მრავალი მტკიცებულება ადასტურებს: რუსეთში კორონავირუსით დაავადებული ბევრი ადამიანის სიკვდილი მიაწერეს სხვა დაავადებას და მდგომარეობას.
ელენა მელინნიკოვა, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფექციურ დაავადებათა განყოფილების უფროსი, 4 მაისს ამტკიცებდა, თითქოს პაციენტთა დაბალი სიკვდილიანობა რუსეთში დაავადების სწრაფი გამოვლენითა და დროული მკურნალობით ყოფილიყოს განპირობებული.
ასევე ნახეთ არარსებული მკვდრებირუსეთმა მაღალი შეფასება დაიმსახურა თავისი მასშტაბური ტესტირების ეროვნული პროგრამისთვის, რომლის ფარგლებში 7,5 მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება.
მაგრამ რუსეთის ოფიციალურმა მონაცემებმა, რომელიც გულმოდგინე დაკვირვების ქვეშ არის, მაისის დასაწყისში მიიპყრო ყურადღება, როდესაც რამდენიმე გამოცემაში - „მოსკოვ ტაიმსში“, ნიუ-იორკ ტაიმსსა“ და„ფაინენშელ ტაიმსში“ - დაიბეჭდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ოფიციალურ სტატისტიკაზე 70 %-ით მეტია.
ამას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქვეყნის მთავარი მარეგულირებელი უწყების განრისხება მოჰყვა.
ასევე ნახეთ რუსეთი მოითხოვს Google-ისგან, დაბლოკოს COVID-19-ის შესახებ გამოქვეყნებული არაზუსტი ინფორმაციასაგარეო საქმეთა სამინისტრომ პუბლიკაციას უწოდა „უსაფუძვლო სპეკულაცია“ და „მორიგი ანტირუსული ფეიკი“ და მოითხოვა პუბლიკაციაში მოყვანილი ინფორმაციის უარყოფა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმაც აღნიშნა, რომ არ არსებობს რუსეთში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ხელოვნური შემცირების ფაქტები.
მაგრამ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი, COVID-19 -ის ვირუსის სწრაფი გავრცელების ფონზე, კვლავაც რჩება დისკუსიის საგნად რუსეთის შიგნით. მიხაილ ტამმა, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატმა, რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რეგიონიდან მიღებული მონაცემები, რომელიც ორივე მაჩვენებლის მიხედვით საერთო სტატისტიკაში იყრის თავს, არსებით სხვაობაზე მეტყველებს. „უფრო სწორად, კორონავირუსის დიაგნოზით დაღუპული ადამიანების ნახევარზე მეტი ამ სტატისტიკაში არ ხვდება“, - ამბობს მიხაილ ტამი.
„როდესაც მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტმა აღიარა, რომ კორონავირუსით დაავადებული ადამიანების 60 %-ზე მეტი სიკვდილიანობის სტატისტიკაში არ მოხვდა, უწყებამ დააზუსტა, რომ კორონავირუსმა მათ შემთხვევაში ითამაშა მხოლოდ კატალიზატორის როლი რაღაც სხვა დაავადებების განვითარებაში. ტერმინი „კატალიზატორი“ ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არ მოკვდებოდნენ, COVID-19-ით რომ არ ყოფილიყვნენ დაავადებულნი. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ არ უნდა შევიდნენ ეს ადამიანები სტატისტიკაში“, - კითხულობს მიხაილ ტამი და დასძენს, რომ სხვა ფაქტორებზე რომ არაფერი ითქვას, მოსკოვის ხელისუფლების მიერ მოწოდებული ეს განმარტებაც კარგად აჩვენებს, „თუ რამდენად დიდია შემცირება“.
ბრძოლა იმიჯისთვის?
რუსეთის გარდა ირანიც განეკუთვნება იმ ქვეყანათა რიგს, რომლებშიც კორონავირუსის საერთო რაოდენობა ეჭვს იწვევს. ირანმა, რომელიც საწყის ეტაპზე კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობით ერთ-ერთ პირველ ადგილზე იყო, გასულ თვეში შეწყვიტა პროვინციების სტატისტიკის გამოქვეყნება, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ქვეყნის რვა რეგიონში ვარაუდობდა „ეპიდემიის ზრდის ტენდენციას და პიკს“.
21 მაისის მონაცემებით, ირანში ოფიციალურად 7 249 პაციენტი ითვლება გარდაცვლილად. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი თავის მონაცემებში ეყრდნობა ირანის ხელისუფლებისგან მიღებულ სტატისტიკას.
მეორე მხრივ, არსებობენ ქვეყნები, - მაგალითად, ბელგია, - რომელიც კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით - 9 186 ადამიანი - მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა, რაც პროცენტულად ყველაზე მაღალია მსოფლიოში: 100 ათასი კაციდან 79,50 %.
შედარებისათვის: აშშ-ში ეს მაჩვენებელი თითქმის ერთ მესამედს -27,61%-ს - უდრის, მაშინ როცა რუსეთში COVID-19 -ით გარდაცლილთა საერთო მაჩვენებელი 100 ათას კაცზე 1,88 %-ია.
ბელგიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი, ივ ვან ლაეტემი, თვის დასაწყისში ცდილობდა უარეყო გავრცელებული აზრი, თითქოს კორონავირუსი ბელგიისათვის აღმოჩნდა ყველაზე საზიანო, ასეთი „ჭარბი სტატისტიკის“ მიზეზად კი ასახელებდა ქვეყანაში ყველა სასიკვდილო შემთხვევის კორონავირუსთან დაკავშირებას.
"შემთხვევათა აღრიცხვის ჩვენეული მეთოდი მეცნიერულად ყველაზე ზუსტი და სამართლიანია“, - აცხადებდა 15 მაისს ვან ლაეტემი.
კორონავირუსის ახალი სახეობის, COVID-19-ის, პანდემიის საწყის ეტაპზე ბევრმა ქვეყანამ არ იცოდა, თუ როგორ მოეხდინა მასზე რეაგირება, რა კლასიფიკაცია მიეცა და როგორ ეწარმოებინა სასიკვდილო შემთხვევების აღრიცხვა. მაგრამ ვითარება იცვლება ინფორმაციებისა და მონაცემთა გადამუშავების კვალობაზე, - აცხადებს სტივენ ვან გუხტი, ბელგიის სციენსანოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის წამყვანი ვირუსოლოგი.
„ცოტა სულელურად გამოიყურება, როდესაც ქვეყნები თავიანთ იმიჯზე ზრუნავენ, ამ ვირუსით გამოწვეული შედეგების გამო. ამაში დამნაშავე არავინაა. ასეთია ბუნების ძალა, რომელსაც ცდილობენ გაუმკლავდნენ. ამ იმიჯის გამო ქვეყნებს შორის საკმაოდ დიდი კონკურენციაა“, - უთხრა ვან გუხტმა რადიო თავისუფლებას და დასძინა, რომ ასეთი მიდგომა, დიდწილად, პოლიტიკას უკავშირდება. „ჩვენთვის კი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე მეცნიერებისთვის, სულ ერთია, უკეთესად გამოიყურება ერთი ქვეყანა მეორეზე, თუ არა. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი მონაცემი მივიღოთ რაც შეიძლება სწრაფად“.
WHO და პოლიტიკური ზურგი რეჟიმებისთვის?
და კიდევ არსებობენ ქვეყნები, რომელთა კორონავირუსული სტატისტიკა სრულიად არადამაჯერებელია. მაგალითად, თურქმენეთს დღემდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევის შესახებ და ეს იმ დროს, როდესაც ქვეყანა იმყოფება ისეთ სამეზობლოში, რომელშიც ეს ყველამ გააკეთა.
თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა, და სხვა ქვეყნების ლიდერების კრიტიკის ობიექტი გახდა, მეტწილად, ორგანიზაციის ჩინეთისადმი დამოკიდებულების გამო, ქვეყნისა, სადაც კორონავირუსი პირველად გავრცელდა გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში. კრიტიკოსების აღქმით, WHO თითქოს ცდილობდა ზურგი გაემაგრებინა ავტორიტარული რეჟიმებისათვის.
თავისი წილი კრიტიკა დაატყდა თავს WHO-ს რეგიონალურ წარმომადგენლებსაც, მაგალითად, ტაჯიკეთში, სადაც ხელისუფლება დაჟინებით ამტკიცებდა, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში საერთოდ არ დაფიქსირებულა კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტი. ქვეყნის პრეზიდენტმა კი საერთოდ უგულებელყო კორონავირუსის პრევენციის მიზნით საერთაშორისო ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაცია ქვეყანაში შეზღუდვების შემოღების შესახებ.
ასევე ნახეთ ტაჯიკეთი აცხადებს, რომ იქ კორონავირუსი არ არის, თუმცა პანდემიას მაინც ებრძვისმაგრამ ტაჯიკეთის ხელისუფლება იძულებული გახდა 30 აპრილს გამოეცხადებინა ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ. 21 მაისის მონაცემებით კი, ტაჯიკეთში დარეგისტრირებულია კორონავირუსით დაავადების 2 140 შემთხვევა და 44 გარდაცვლილი პაციენტი.
ჯეიმს უოლდვორტმა, WHO-ს წარმოამდგენელმა ჟენევაში, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კორონავირუსის შესახებ მონაცემებში განსხვავება გამოწვეულია სხვადასხვა ქვეყნებში არსებული აღრიცხვის განსხვავებული მეთოდოლოგიით და ასევე ტესტირების სტრატეგიებით.
უოლდვორტმა თავის ელექტრონულ წერილში არ უპასუხა რადიო თავისუფლებას, უმაგრებს თუ არა ზურგს WHO გარკვეულ შემთხვევებში ავტორიტარულ რეჟიმებს, რომლებიც შეშფოთებული არიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად გამოწვეული პრობლემების ნეგატიური გაშუქებით.