სტალინი ერთადერთი საბჭოთა ბელადი არ არის, რომელიც ხატზე დახატეს. რატომ და რა წესით გამოსახავენ გარდაცვლილ ტირანებს ან, მაგალითად ცოცხალ ადამიანებს საეკლესიო მხატვრობაში? რადიო თავისუფლება თანამედროვე ხატმწერებს ელაპარაკა.
სამეგრელოში, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნაში მე-19 საუკუნეში აგებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დგას. ტაძრის დასავლეთ კედლის ქვედა მხარეს, კართან ჯოჯოხეთია გამოსახული. ეს სცენა იოანე ღვთისმეტყველის მიერ აღწერილი აპოკალიფსის ილუსტრაციაა.
იმ ცოდვილებს შორის, რომელთაც ამ ფრესკაზე ანგელოზები შუბით განგმირავენ, ეშმაკები კი ჯოჯოხეთის ცეცხლისკენ ექაჩებიან, ადვილად ამოსაცნობია ბოლშევიკური რევოლუციის ბელადი, ვლადიმერ ლენინი. ის ჯოჯოხეთის ცეცხლში სხვებთან ერთად იწვის.
ლენინის გამოსახულებისგან განსხვავებით, სხვა ცოდვილების სახეები კონკრეტულ პიროვნებებთან არ არის დაკავშირებული. ისინი ამ ფრესკაზე ან რომელიმე ცოდვას განასახიერებენ ან გვაჩვენებენ, რომ ჯოჯოხეთში ნებისმიერი შეიძლება მოხვდეს, განურჩევლად სოციალური სტატუსისა, იქნება ეს დედოფალი, მეფე, სასულიერო პირი თუ სხვა.
საბჭოთა ბელადები ჯოჯოხეთში
“ამ ფრესკაზე ლენინი უღმერთობას განასახიერებს - საბჭოთა რეჟიმის შემოქმედები კლავდნენ სასულიერო პირებს, ძარცვავდნენ ეკლესიებს, უღმერთო და ღმერთთან მებრძოლი ათეისტები იყვნენ”, - ასე ხსნის ჯოჯოხეთის სცენაში ლენინის გამოსახულების მოხვედრის მიზეზს ხატმწერი, დავით ხიდაშელი.
მან მხატვრების ჯგუფთან ერთად სუჯუნას ეკლესია 90-იან წლებში მოხატა. Საქართველოს დამოუკიდებლობა ახალი აღდგენილი ჰქონდა და იწყებოდა საბჭოთა წარსულის გადააზრება:
“სამხილებელი იყო ის კომუნისტური მოძღვრება, რომელმაც ამდენი ხნის განმავლობაში მილიონობით ადამიანი შეიწირა, საზოგადოების ბუნებრივი განვითარება შეაფერხა და სხვა კალაპოტში გადააგდო. ამ ბოროტების სათავე და თვალსაჩინო წარმომადგენელი კი, სწორედ, ლენინია”.
სუჯუნა გამონაკლისი არაა. ბიბლიური განკითხვის დღის სცენები ბევრ სხვა ქართულ ტაძარშია გამოსახული - ტიმოთეს უბნის, ბეთანიის, ნიკორწმინდის, იტრიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრებში, თუმცა საბჭოთა ბელადების სახე მხოლოდ ორშია აღბეჭდილი.
მეორე ასეთი ფრესკა რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში ცენტრალური შესასვლელის ზედა მარცხენა კუთხეში, დასავლეთ კედელზეა დახატული.
ის სუჯუნაში გამოსახული სცენისგან ერთი დეტალით განსხვავდება - მხატვრებმა რუსთავში ლენინთან ერთად, ჯოჯოხეთის ცეცხლში სტალინიც ჩააგდეს.
აქ ისეთი რამეა დახატული, არ ვეთანხმები და არ მომწონსო - რუსთავის ტაძრის წინამძღვარმა, ფრესკის გადაღებაზე უარი ასე გვითხრა.
საბჭოთა ბელადების ფრესკაზე გამოსახვა ტაძრის წინამძღვართან არც იყო შეთანხმებული - ახალგაზრდა ხატმწერების იდეა იყო. იმ პერიოდში “ასეთ დეტალებს” ყურადღებას არ აქცევდნენო, - ამბობს დავით ხიდაშელი. ის ფრესკის ერთ-ერთი ავტორიაა. ხიდაშელი იხსენებს, როგორ სთხოვა მრევლის ერთ-ერთმა წევრმა, ეკლესიაში სტალინი არ დაეხატათ.
“მოვიდა ერთი სათნო ქალბატონი და ტირილით ჩაგვივარდა მუხლებში, გვთხოვა არ დაგვეხატა [სტალინი]. გასაგები იყო მისი თხოვნა, სენტიმენტები ჰქონდა სტალინისადმი და იმ პერიოდში ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის უცხო არ იყო. მისი თხოვნა ნაწილობრივ გავითვალისწინეთ და სახეცვლილი გამოვსახეთ. მაინც იცნობთ, ულვაშებით”, - ამბობს, დავით ხიდაშელი
სტალინზე და ლენინზე მეტი ყურადღება მაშინ ამავე სცენის სხვა დეტალმა - ჰალსტუხიანმა კაცმა მიიპყრო.
“რუსთავის იმდროინდელ მერს მიამსგავსეს და ახსნა-განმარტებისთვის სამთავრობო დელეგაცია გამოგვიგზავნეს. ავუხსენით, რომ ეს იყო ზოგადი სახე და არავისთან კონკრეტულთან კავშირი არ ჰქონდა”, - იხსენებს ხატმწერი.
ცეცხლწაკიდებული ლენინი
თბილისში, ისანში, ზურაბიშვილის ქუჩაზე ბერი გაბრიელის სახელობის ტაძარი მდებარეობს. ამ ტაძრის ინტერიერში არქიმანდრიტ გაბრიელის ცხოვრების ეპიზოდებია გამოსახული. სამხრეთ კედელზეა ფრესკა ლენინის პორტრეტით, რომელსაც გაბრიელი ახალწმინდანი ცეცხლს უკიდებს.
ხატი ეყრდნობა ამბავს, რომელიც ბერი გაბრიელის ბიოგრაფიულ ტექსტებში წერია - 1965 წლის პირველ მაისს აღლუმის დროს მან ლენინის 12-მეტრიანი პორტრეტი დაწვა. ეს ამბავი ფრესკაზე ხატმწერმა კახაბერ დონაძემ გააცოცხლა.
ამ სცენის იდენტური ხატის დაწერა 2 წლის წინ ქართველმა ემიგრანტებმა ხატმწერ, თეა ინწკირველს დაუკვეთეს. მან ფრესკაზე ლენინის სახე და საბჭოთა კავშირის სიმბოლიკა - ნამგალი და ურო დაიტანა. ლენინის სახეცა და საბჭოთა სიმბოლოებიც ხატზე დამკვეთებმა არ მოიწონეს - ლენინის სახის ხატზე დატანა მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
ხატი კანონიკურად სწორად იყო შესრულებული და ხატმწერის მიერ დახატულ სცენაში ბოროტება მარცხდებოდა. თეა ინწკირველს გადახატვა მოსთხოვეს. მხატვარმა ლენინის სახე მთლიანად დაფარა ცეცხლით.
“ამ ხატზე [ფრესკა ლენინის დაწვით] კონტექსტი ზუსტადაც რომ სწორი იყო. როცა ამბავს ლენინის გამოსახულების დაწვაზე ჰყვები, აუცილებელია, ჩანდეს, რა იწვის და რა გააკეთა მთავარმა პერსონაჟმა. თუმცა ვალდებულები ვართ, მრევლს ანგარიში გავუწიოთ. ხატი იქმნება მლოცველისთვის, რათა გაიყვანოს ის სასუფევლამდე და თუ მას ამაში რაიმე ხელს უშლის, პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ”, - ამბობს ხატმწერი.
“ღვთისმოშიში” სტალინი
საბჭოთა ბელადების ეკლესიებში გამოსახვის იდეა ემოციური განხილვის თემა მას შემდეგ გახდა, რაც საზოგადოებამ ყურადღება მიაქცია სამების საკათედრო ტაძრის ერთ-ერთ ხატზე გამოსახულ სტალინს. სამების საკათედრო ტაძრისთვის ხატი მატრონა მოსკოველის ცხოვრების ეპიზოდებით პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა დაახატვინა.
ამ ხატის ერთ-ერთი ფრაგმენტი მეორე მსოფლიო ომის დროს, მატრონა მოსკოველისა და იოსებ სტალინის სავარაუდო შეხვედრას აღბეჭდავდა. ხატზე სტალინს ჭაობისფერი ლაბადა ეცვა, ხელი კი ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი. ის მატრონაზე დიდი ჩანდა.
“ეს ამბავი არა მატრონას, არამედ სტალინს განადიდებს. თუ სტალინი ღვთისმორჩილ ადამიანადაა გამოყვანილი, მაშინ ეს ხატი არაკანონიკურია იმიტომ, რომ ეკლესია წმინდანებად მისგან წამებულებს აკანონებს”, - ამბობს თეა ინწკირველი.
სარწმუნო წყარო სტალინისა და მატრონას შეხვედრის შესახებ არ არსებობს. ამბავი მათ სავარაუდო შეხვედრაზე,1993 წელს, ზინაიდა ჟდანოვას წიგნშია აღწერილი. მატრონა სიცოცხლის ბოლო წლები სწორედ თავის მეგობარ ჟდანოვასთან ცხოვრობდა. რუსეთის ეკლესიის კანონიზაციის სინოდალურმა კომისიამ საბუთებისა და ისტორიული წყაროების შესწავლის შემდეგ მატრონას ცხოვრებაზე კანონიკური (საეკლესიო სამართალი) ტექსტი დაწერა. ამ ტექსტში ვერ მოხვდა სადავო და დამახინჯებული ცნობები. მატრონას სტალინთან შეხვედრის ამბავიც ასეთ ცნობად ჩაითვალა.
“პრობლემა არა ხატწერის ცოდნა-არცოდნაში ან ტექნიკურად გაუმართავ ნამუშევარში, არამედ ამბავშია, რომელსაც ეს ხატი გვიყვება და ეს ამბავი არის მითი, ტყუილი”, - ამბობს ხატმწერი დავით ხიდაშელი და ამატებს:
“ასეთი ხატების მიზანია საზოგადოებაში დაამკვიდროს აზრი, რომ სტალინი კარგი, კეთილი და ღვთისმოშიში ადამიანი იყო. რომ მან თითქოს ეკლესიები აღადგინა, სასულიერო პირებს მსახურების უფლება მისცა, არადა, ყველაფერი პირიქით მოხდა, ეკლესია კა-გე-ბეს თანამშრომლებით გაავსო და ეს სფერო ბოლომდე ჩაწიხლა”.
ასევე ნახეთ სტალინი ხატზე - „ხალხების მამა“ და ეკლესიამიუხედავად იმისა, რომ სტალინი ხატზე, როგორც წმინდანი ისე არ იყო გამოსახული, საზოგადოების ნაწილმა მაინც მკრეხელობად ჩათვალა და ხატის სამებიდან გატანა მოითხოვა. აქტივისტმა, ნატა ფერაძემ პროტესტის ნიშნად ხატს ლურჯი საღებავი შეასხა. ახლა, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით ამ ამბავს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.
საღებავით დასვრილი ხატი ჯერ გაწმინდეს და სამების ტაძარში უფრო თვალსაჩინო ადგილზე გადაიტანეს, შემდეგ კი გადაწერეს - საპატრიარქომ ის არაკანონიკურად მიიჩნია და შესწორება ჯერ მჩუქებლებს სთხოვეს, საჯარო უარის შემდეგ კი საკუთარ თავზე აიღეს.
ხატმწერი თეა ინწკირველი ფიქრობს, რომ “ხატის ამოცანა ფაქტობრივი ინფორმაციის აღწერა სულაც არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივი ამბებიდან მეტყველებს”. მთავარია, ხატის დახმარებით გადმოცემული აზრი შეესაბამებოდეს ჭეშმარიტებას.
“არსებობს საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბოლშევიკური რეჟიმისგან დახოცილი ადამიანები წამებული წმინდანები არიან. მათ ახალმოწამეები ჰქვიათ. სტალინი ამ მოწამეების ტანჯვის ერთ-ერთი ხელმომწერი და ავტორი იყო. მატრონას ხატის ეს ფრაგმენტი ამ გადაწყვეტილების ამოყირავებაა”.
„ახალმოწამე სასულიერო პირების დღეს“ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 აგვისტოს აღნიშნავს და მათ “ტოტალიტარული რეჟიმის დროს ურწმუნოთაგან ვნებულებად” თვლის.
დამარცხებული ბოროტება
მატრონას ხატის დამკვეთი, დავით თარხან-მოურავი ამტკიცებდა, რომ მის საჩუქარზე „სტალინი უარყოფითი პერსონაჟია” - მატრონასთან შეხვედრის ეპიზოდი წარმოაჩენდა, “როგორ მოდრიკა ღმერთმა ყველა ღმერთთან მებრძოლი რეჟიმი”.
ხატმწერები ამბობენ, რომ ხატებსა და ფრესკებზე უარყოფითი პერსონაჟის გამოსახვას თავისი წესები აქვს: ის ან ბოროტების ჩადენის ან დამარცხების მომენტში უნდა იყოს გამოსახული, როცა უკვე განგმირული ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვის.
“მაგრამ თუკი ცოდვილი (ბოროტი) გამოსახულია სცენაში, სადაც ის უსმენს და ემორჩილება წმინდანს, ეს ნიშნავს, რომ ის მოიქცა და ღვთისმოშიში გახდა - მაგალითად, ჯვარცმული ავაზაკი, ზაქე, მონანული მეზვერე და ა.შ., ანუ როგორც დავით თარხან-მოურავი იტყოდა, "ღმერთმა მოდრიკა" და გახდა ღვთისმოსავი. ამისთანა "მოდრეკილი" და გა-ღვთისმოსავებული ადამიანი ბოროტი კი აღარაა, არამედ ცხონებულია. ამ კომპოზიციის მიხედვით, "მონანულ და შეწყალებულ მოდრეკილად" წარმოჩენილია სტალინი - ეკლესიის მტერი და დამაქცევარი”, - ამბობს თეა ინწკირველი.
ხატზე შეიძლება გამოსახული იყოს ახალი აღთქმის, ბიბლიის პერსონაჟები, წმინდანები, მნიშვნელოვანი მოვლენები.
ხატწერა ვიზუალურად გადმოსცემს იმას, რაც აღწერილია სახარებაში, ითქმება საგალობლებით და იკითხება ლიტურგიკულ ტექსტებში.
ხატზე წმინდანებთან ერთად უარყოფითი პერსონაჟები და ჩვეულებრივი ადამიანებიც გამოისახებიან. ხატწერის ენა, სიმბოლური მანიშნებლები, ყოველთვის ერთსა და იმავეს არ ჰყვება, ეს ძალიან იშვიათად ხდება, მაგრამ, მაგალითად, შარავანდედით შესაძლოა ბოროტებაც იყოს გამოსახული.
ცოცხალი ადამიანები ხატწერაში
მატრონას ხატის გარშემო ატეხილი ამბავი სტალინის ამოშლით არ დასრულებულა. მალევე სოციალურ ქსელში იმავე ხატის კიდევ ერთი ფრაგმენტი გავრცელდა, სადაც რამდენიმე ადამიანი მუხლზე დაჩოქილი ევედრება.
ეს ორი ადამიანი მატრონას ხატის დამკვეთებს: დავით თარხან-მოურავსა და ირმა ინაშვილს მიამსგავსეს. ეჭვები სახეების მსგავსებასთან ერთად, მათმა ჩაცმულობამაც გააძლიერა. მაგალითად, მლოცველ ქალს თეთრი და ცისფერი დეტალებით გაწყობილი ყელსახვევი უკეთია. ეს აქსესუარი პოლიტიკოს ირმა ინაშვილის იმიჯის განუყოფელი ნაწილია.
"გამეხარდებოდა, ასეთი დახვეწილი სახე და ცხვირი რომ მქონდეს”, - დაწერა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავმა კი თმის ფერზე გაამახვილა ყურადღება. ირმა ინაშვილს შავი თმა აქვს, ამ მანდილოსანს უფრო წითური-ყავისფერიო.
„ფიცი მწამს და შარფი მაკვირვებს… კანონიკურად არა, თუმცა მორალური თვალსაზრისითაა სადაო", - ამბობს ხატმწერი თამარ გოჩიაშვილი პოლიტიკოსების შესაძლო გამოსახვაზე და ამატებს: “როცა შენ რეალურად მხოლოდ და მხოლოდ 1000 დოლარს წირავ ხატისთვის… ქტიტორმა თავი არ უნდა გამოასახინო. უნდა გეყოს თავმდაბლობა და არ უნდა იყო ამპარტავანი”.
ტრადიციულად ქტიტორებს (ისინი, ვინც ტაძრის აგება ან აღდგენა, რამენაირად მისი შემოსვა დააფინანსეს) - მეფეებს, თავადებს, არქიტექტორებს, ხუროთმოძღვრებს უმეტესად ან მუხლებზე მდგომთ ვედრების პოზაში, ან მარჯვენა გაშლილი ხელით და ხელში მაკეტით გამოსახავდნენ.
“შუა საუკუნეებში ქტიტორების სიცოცხლეშივე ფრესკაზე გამოსახვას სრულიად სხვა დატვირთვა ჰქონდა. ეს არ იყო მხოლოდ პირადი განდიდების აქტი. მაშინ საერთაშორისო უსაფრთხოების გაგება არ არსებობდა და კონკრეტულ ტერიტორიაზე უსაფრთხოების გარანტიას მმართველები იძლეოდნენ. შესაბამისად, ტაძრებში კონკრეტული დინასტიის წარმომადგენლების გამოსახვა ერთგვარი პოლიტიკური მანიფესტაცია იყო და აჩვენებდა, ვისი მფარველობის ქვეშ იყო ტაძარი, ტერიტორია თუ სამრევლო”, - განმარტავს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი.
2015 წელს სამების ლავრის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში საფეხბურთო კლუბ "დინამოს" პრეზიდენტის რომან ფიფიას ფრესკა გამოსახეს. ის როგორც ქტიტორი, მავედრებლის პოზაში იყო დახატული. მან სამების ტაძრის აშენებას ფული შესწირა. სამების საკათედრო ტაძარში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საჯარო კრიტიკის შემდეგ რომან ფიფიამ თავისი გამოსახულების ფრესკის წაშლა ითხოვა. დღეს, მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში რომან ფიფიას ფრესკას ვეღარ იპოვით.
ფოტოგრაფმა, ზურაბ ცერცვაძემ ქანდაში 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიაში გადაიღო ფრესკა, სადაც მისივე ინფორმაციით, სხვა სასულიერო პირებთან ერთად ანდრია ჯაღმაიძეცაა გამოსახული, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.
“ნაკვთებზე ხომ არ დავიწყებ მსჯელობას? უაზრობაა… ჰკითხეთ მამა სერაფიმეს, ვინ გამოსახა, მე პირველად ვხედავ, რაღაც გეშლებათ, ნამყოფიც არ ვარ ქანდაში”, - გვითხრა ანდრია ჯაღმაიძემ, როდესაც მას ფოტო ვაჩვენეთ.
ტაძრის წინამძღვარმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა.
ფრესკებიც ხატწერის ფორმაა, რომელსაც თავისი წესები აქვს. სცენები, რომელსაც ეკლესიის კედელზე ხატავენ, რამდენიმე რამეზეა დამოკიდებული: ეკლესიის ზომაზე, ფორმასა და იმაზეც, რომელი წმინდანის თუ მოვლენის სახელს ატარებს ტაძარი. სცენებს ინტერიერში მხატვარი ანაწილებს.
კედლებზე თანმიმდევრულად იშლება ქრისტეს მიწიერი ცხოვრების სცენები. მიწასთან ახლოს გამოისახებიან წმინდანები: მეუდაბნოენი, მესვეტენი, მარტვილები და სხვანი. ხოლო მათთან ერთად, უმეტესად საკურთხეველთან ახლოს, ღვთისმშობლის ან მაცხოვრის წინაშე ვედრების პოზებით ხელაპყრობილი ქტიტორები.