ის არ შიმშილობს საპატიმროში პირობების გაუმჯობესებისთვის, არც იმისთვის, რომ „პროკურატურა ან სისტემა მის მიმართ დამოკიდებულებას შეცვლის“, მზია ამაღლობელი შიმშილობს „პროტესტისთვის უსამართლობის გამო“, - ასეთი გზავნილები გამოაქვთ იურისტებს ქალთა სპეციალური დაწესებულებიდან, სადაც ისინი მზია ამაღლობელს პერიოდულად ხვდებიან, საქმის დეტალებზე ლაპარაკობენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მცირე ინფორმაციასაც იღებენ.
ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა მზია ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში 27 იანვარს, საღამოს საათებში ნახა. როგორც რადიო თავისუფლებას უყვება, მათ დაახლოებით საათ-ნახევარი ისაუბრეს.
მისი თქმით, იმ მომენტისთვის, ჟურნალისტი იყო აქტიური, ადვოკატთან შეხვედრების სივრცეში საკუთარი ფეხით, დახმარების გარეშე მივიდა, ილაპარაკეს საქმეზე:
„მზიას გუშინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ყოფილა შემაფერხებელი ფაქტორი, რომ წარგვემართა სრულფასოვანი სამუშაო პროცესი. საკმაოდ მხნედ იყო. საუბრისას არ ჰქონია პრობლემა“, - ეუბნება გიორგი ხიმშიაშვილი რადიო თავისუფლებას.
ადვოკატმა შეამჩნია, რომ მზიას წონა აქვს დაკლებული, თუმცა, ამბობს, რომ ამ ეტაპზე, არა საგანგაშოდ:
„თქვა, რომ რამდენჯერმე ჰქონდა თავის ტკივილი და მიიღო გამაყუჩებელი. საწყის ეტაპზე ჰქონდა კუჭის ტკივილი და მისცეს მედიკამენტი. ჯანმრთელობის სხვა საგანგაშო პრობლემის შესახებ არ უსაუბრია. სპეციალური სამედიცინო პროტოკოლით მიდის მისი კონტროლი, დაკვირვება, წნევის, პულსის, წონის შემოწმება.
მზია თვლის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის, ნორმალურია და ორგანიზმი და ჯანმრთელობა ჯერჯერობით აძლევს შესაძლებლობას, რომ შიმშილი გააგრძელოს.
მზია უარს ამბობს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე, სპეციალურ სამედიცინო ჩარევაზე. გუშინდელი მდგომარეობით, რისი საშუალებაც მქონდა მენახა ვიზუალურად, ეს საჭიროება მას არ ჰქონდა და თვითონაც თქვა, რომ ამის საჭიროება არ იყო.
მზია ცდილობს და მისი მხრიდან ჩვენი დავალებაც ეს არის, რომ ინფორმაცია მის შესახებ მაქსიმალურად ობიექტურად მივაწოდოთ საზოგადოებას, რომ არ იყოს გადამეტებული ნერვიულობა“, - ეუბნება გიორგი ხიმშიაშვილი რადიო თავისუფლებას.
მზია ამაღლობელი რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, ამაზე მეტყველებს მისი ერთი ფრაზაც, რომელიც ჟურნალისტმა 23 იანვარს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ხელით გამოგზავნა პენიტენციური დაწესებულებიდან:
„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“.
მზია ამაღლობელის დაკავებას ორ კვირაზე მეტია, ყოველდღიურად აპროტესტებენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე მისი კოლეგები, ჟურნალისტები.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის გათავისუფლების მოთხოვნით შეიქმნა პეტიცია, რომელსაც 300-ზე მეტი ჟურნალისტი, რედაქტორი და მედიამენეჯერი აწერს ხელს.
საპროტესტო აქციები იმართება სხვადასხვა უწყებასთან. მათ შორის ერთ-ერთი ხმაურიანი აქცია 28 იანვარს გაიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, სადაც ჟურნალისტებმა მოითხოვეს როგორც მზია ამაღლობელის გათავისუფლება, ისე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის სამსახურიდან გათავისუფლება, რომელსაც მზია ამაღლობელი მის მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს.
რა საფრთხეს ხედავენ ექიმები?
27 იანვარს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, რომ ხანგრძლივი შიმშილობის ფონზე, მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და დაუყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო.
მზია ამაღლობელის მეგობრები და კოლეგები ამბობენ, რომ მას აქვს რამდენიმე სახის ქრონიკული დაავადება და, შესაბამისად, ჟურნალისტს განსაკუთრებული მეთვალყურეობა ესაჭიროება.
ამ განცხადებების საპასუხოდ, პენიტენციურმა სამსახურმა, რომელიც მანამდე არანაირ ინფორმაციას არ გასცემდა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პატიმრის პერსონალური მონაცემების დაცვის საბაბით, 27 იანვარს, საღამოს გაავრცელა განცხადება, მხოლოდ ზოგადი წინადადებებით შემოიფარგლა და დაწერა, რომ „უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით“, „უწყვეტად მიეწოდება კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება“ და „მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, მყისიერი რეაგირებისთვის მოთავსებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში“.
რაც შეეხება კონკრეტულად ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამის შესახებ უწყებას არც გუშინ და არც დღეს აღარაფერი უთქვამს.
ექიმი-ექსპერტი, მედიცინის დოქტორი თამუნა გოდერიძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრობს იმ რისკებზე, რაც პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობას, განსაკუთრებით კი, საპატიმროში დაწყებულ შიმშილობას ახლავს თან.
მისი თქმით, განსაკუთრებით საყურადღებო ის ადამიანები არიან, რომლებსაც თან ახლავთ სხვადასხვა ქრონიკული დაავადება.
„მაგალითად, თუკი ადამიანს აქვს დიაბეტი ან არტერიული ჰიპერტენზია, არ აქვს მნიშვნელობა, რაც არ უნდა სწორი ტაქტიკით მიდიოდეს მკურნალობა, შიმშილობის გახანგრძლივების პირობებში, გარდაცვალების ფაქტის დადგომას თავიდან ვერ აგვაცილებს.
საპატიმროში დაწყებული შიმშილობა, სადაც სამედიცინო მკურნალობის მაღალი სტანდარტების არსებობა დიდ ეჭვქვეშაა, კიდევ უფრო ზრდის ცუდი გამოსავლის ალბათობას.
ნებისმიერ ორგანიზმს აქვს კონკრეტული ზღვარი, რომლის გადალახვის შემთხვევაში ორგანიზმში შეუქცევადი პროცესები იწყება და აღარ ექვემდებარება აღდგენას“, - ამბობს თამუნა გოდერიძე.
ექიმის თქმით, მოშიმშილის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პენიტენციური დაწესებულების ტაქტიკას, სამედიცინო პერსონალის ყურადღებასა და სამედიცინო კვლევების ზუსტ დაგეგმარებას.
თამარ გოდერიძე ამბობს, რომ მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ევალება ჯანდაცვის სამინისტროსაც, რომელიც ჩართულია მართვის პროცესში.
რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროსა და უშუალოდ ჯანდაცვის მინისტრს, 27 იანვარს, მიხეილ სარჯველაძემ დუმილით უპასუხა ჟურნალისტების კითხვას მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
28 იანვარს პრესკონფერენცია გამართეს ბათუმელმა ექიმებმაც.
„ჩვენი ყველას ვალია, რომ არ დავუშვათ, შიმშილით გამოწვეული დაზიანება გახდეს შეუქცევადი, რომელიც ვეღარ გამოსწორდება. შეიძლება გადარჩეს ადამიანის სიცოცხლე, მაგრამ ვერ გადარჩეს მისი ჯანმრთელობა. მით უფრო, საფრთხე უფრო სერიოზულია, რადგან ქალბატონ მზიას არაერთი ქრონიკული დაავადება აქვს“, - თქვა მედიცინის დოქტორმა კახაბერ ქაშიბაძემ.
ბათუმელი ექიმების ნაწილი მოითხოვს, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად პენიტენციურ დაწესებულებაში შეუშვან მრავალპროფილური ექიმებისგან შემდგარი კონსილიუმი.
ასევე ნახეთ ბათუმელი მედიკოსები საუბრობენ შიმშილობის გამო მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის რისკებზერა ემართება ადამიანს შიმშილობისას?
საკვებზე ხანგრძლივად უარის თქმა გავლენას ახდენს ადამიანის სხეულის უმეტეს ორგანოებსა და სისტემებზე, იწვევს კუნთების სისუსტეს, დაუცველობას ინფექციების მიმართ, ფსიქოლოგიურ პრობლემებს და, საბოლოოდ, ორგანოთა უკმარისობას.
თუ ადამიანი, რომელიც იწყებს შიმშილობას, ჯანმრთელია პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის გამოყენებამდე და შიმშილობისას განაგრძობს სითხის მიღებას, მას ექვსიდან რვა კვირამდე პერიოდში შესაძლებელია სიკვდილი დაემუქროს.
ფატალური შედეგი შეიძლება გაცილებით ადრე - სამი კვირის შემდეგ დადგეს, თუკი მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. სითხეებზე უარის შემთხვევაში, სიკვდილი შეიძლება დადგეს ერთი კვირის შემდეგაც. მიუხედავად იმისა, რომ კუნთების მასის დაკარგვა შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემა იყოს, ადამიანი, როგორც წესი, კვდება ინფექციის ან ორგანოთა უკმარისობის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ პირობებში ადამიანებს შეუძლიათ საკვების გარეშე გაძლონ რამდენიმე კვირა, ფიზიკური და გონებრივი პრობლემები ორ-სამ დღეში უკვე სახეზეა. ნახშირწყლების ნაკლებობის გამო, სხეული იწყებს ცხიმებისა და ცილების რეზერვების გამოყენებას.
ადამიანი კარგავს ცხიმებსა და კუნთოვან მასას, სხეული იცვლის მეტაბოლიზმს. ასევე მნიშვნელოვნად იკლებს ელექტროლიტების დონე, რაც არღვევს სხეულის სხვადასხვა ფუნქციას.
ორი კვირის შემდეგ ადამიანს შეიძლება დაეწყოს თავბრუსხვევა, სისუსტე, დაკარგოს კოორდინაციის უნარი და შეუსუსტდეს გულისცემა. მომდევნო კვირაში შეიძლება დაიწყოს ნევროლოგიური პრობლემები, მაგალითად, გაუარესდეს მხედველობა.
ერთი თვის შემდეგ ან სხეულის წონის 18 პროცენტზე მეტის დაკარგვის შემდეგ, სხეული მუდმივად ზიანდება. ძნელდება ყლაპვის რეფლექსი, ძლიერდება თავბრუსხვევა, ქვეითდება სმენა და მხედველობა, ვითარდება ორგანოს უკმარისობა.
45 დღის შემდეგ, არსებობს სიკვდილის მაღალი რისკი, უმეტესად ინფექციის ან გულ-სისხლძარღვთა კოლაფსის გამო.
ასევე ნახეთ შიმშილობის ანატომია: რატომ აცხადებენ და რა მოსდის ადამიანს?რატომ არ აქვს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი?
მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით.
იმ ღამეს ის ორჯერ დააკავეს - ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჯერ „გაიფიცე“ სტიკერის გაკვრისთვის და მეორედ უკვე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.
14 იანვარს, ბათუმის რაიონულმა სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, მისი ბრალი კი ასე ჩამოყალიბდა - „პოლიციელზე თავდასხმა“, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
15 იანვარს, როდესაც მზია ამაღლობელი ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მოინახულეს იურისტებმა, მათ ინფორმაცია გამოიტანეს, რომ ჟურნალისტს, დაკავების შემდეგ, ბათუმის პოლიციის სამმართველოს პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე არასათანადოდ მოეპყრო:
„დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე [მზია ამაღლობელს] აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა.
ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება", - წერდა განცხადებაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 13 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას, თუმცა, ამ დრომდე დაკავებულ ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი არ აქვს მინიჭებული.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან - მიუხედავად იმისა, რომ მზია ამაღლობელს, ამ ეტაპზე, არ აქვს დაზარალებულის სტატუსი, მის ადვოკატებს მაინც შეუძლიათ, რომ მოითხოვონ საქმის მასალების გაცნობა:
„სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაზარალებულის სტატუსის არმქონე პოტენციურ მსხვერპლებს, სისხლის სამართლის საქმესთან წვდომის და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს. ეს წესი მოქმედებს 2022 წლიდან, როდესაც დამტკიცდა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობისა და ინფორმაციის მიწოდების შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტი.
მზია ამაღლობელის საქმეზე ბათუმის სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება, ადვოკატებს აქვთ შესაძლებლობა, შეხვდნენ საქმის უშუალო გამომძიებელს, დასვან შეკითხვები და გაეცნოს საქმის მასალებს მიმდინარე გამოძიებაზე“, - ეუბნებიან უწყებაში რადიო თავისუფლებას.
რაც შეეხება მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თქმით, ამას განსაზღვრავს გამოძიების ზედამხედველი ორგანო, პროკურატურა.
- რა პროცესშია გამოძიება?
- რატომ ჭიანურდება მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება?
ჰკითხა რადიო თავისუფლებამ გენერალურ პროკურატურას, თუმცა, სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის პასუხი არ მიუღია.
„ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ როცა გამოძიება ოფიციალურად დაიწყო, მაშინვე მიენიჭებინათ მზიასთვის დაზარალებულის სტატუსი და ამასთან დაკავშირებით წერილობითაც მივმართეთ უწყებას. თუმცა, გამოცდილების თანახმად, ისინი, სავარაუდოდ, ელოდებიან მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას. ჩვენ გვქონია შემთხვევა, რომ თვეობით გაგრძელებულა ეს პროცესი, რადგან გამოძიება ამბობს, რომ, მაგალითად, მათ ჯერ არ მიუღიათ ექსპერტიზის პასუხები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი შორენა ლოლაძე.
შორენა ლოლაძის თქმით, წინა კვირაში, გამომძიებელთან სატელეფონო საუბრისას შეიტყვეს, რომ გამოძიებამ ამოიღო მზია ამაღლობელის ტანისამოსი, რომელზეც მიმდინარეობს ექსპერტიზა, რათა დადგინდეს, ინახავს თუ არა ის პოლიციელის გენეტიკურ პროფილს (დნმ).
რაც შეეხება საქმის სხვა მასალებსა და მათი გაცნობის მოთხოვნას, ასევე გასულ კვირაში, წერილობით მიმართა საიამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, თუმცა, ამ დრომდე უწყებისგან პასუხი არ მიუღიათ:
„ამ კვირაში ჩვენ კვლავ მივმართავთ საგამოძიებო უწყებას როგორც საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნით, ისე დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ. გამოძიების დაწყებიდან უკვე ორი კვირაა გასული და იმ შემთხვევაში, თუკი საგამოძიებო პროცესი სათანადოდ მიმდინარეობს, უკვე მთელი რიგი დოკუმენტაცია, გამოკითხვის ოქმები, დანიშნული ექსპერტიზების შესახებ ინფორმაცია უნდა არსებობდეს საქმის მასალებში“, - ეუბნება შორენა ლოლაძე რადიო თავისუფლებას.
მზია ამაღლობელის დაკავებას ყოველდღიურად ეხმაურებიან უცხოელი პოლიტიკოსები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები. 28 იანვარს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ შოკირებულია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრებით მაშინ, როდესაც მედიაზე, პოლიტიკოსებსა და აქციების მონაწილეებზე თავდასხმისთვის არავინ დასჯილა.
28 ნოემბერსვე გამოეხმაურა მზია ამაღლობელის დაკავებისა და შიმშილობის ფაქტს ამერიკელი დემოკრატი კონგრესმენი, „ქართული კოშმარის არაღიარების აქტის“ თანაავტორი სტივ კოენი, რომელმაც მოუწოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი.
ასევე ნახეთ ამაღლობელის საქმე ევროკავშირის დებატების ეპიცენტრში უნდა იყოს - ზურაბიშვილი