„მოსახლეობის დაცვით“ ახსნილ ინიციატივას საზოგადოების ნაწილი უკვე უწოდებს მზადებას მორიგი „რუსული კანონისთვის“ - „აგენტების კანონის“ მსგავსად.
„ოცნება“ ჯერჯერობით არ აკონკრეტებს - რას ჩათვლის „პროპაგანდად“ და რას აკრძალავს კანონით, მაგრამ ჩანს, რომ გეგმა ლგბტ თემის უფლებების და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.
დოკუმენტი ორ კვირაში მომზადდება. ის ჯერ თვალით არავის უნახავს.
სახელისუფლებო პარტიის ინიციატივით აღფრთოვანდნენ ანტიდასავლური და პრორუსული ძალები. რადიკალური პრორუსული ჯგუფი „ალტ-ინფო“ და მისი კონსერვატიული მოძრაობა აცხადებენ, რომ ამ ინიციატივას ფიზიკური ძალითაც დაიცავენ.
„ოცნების" შიში
29 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე, „ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, წყაროების მიუთითებლად, „საერთაშორისო კვლევების“ შედეგები გამოაცხადა:
- „მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც განსაკუთრებით აქტიურად ვრცელდება ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, 18-25 წლის ახალგაზრდებს შორის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების რაოდენობა უკვე დაახლოებით 20 პროცენტს, ზოგან კი მეტსაც შეადგენს“.
- „ეს მაჩვენებელი 7 წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა“.
მდინარაძემ თქვა, რომ „დღეს მსოფლიოში ფსევდოლიბერალები ილაშქრებენ ისეთი ტერმინების წინააღმდეგ, როგორიცაა დედა და მამა, ცოლი და ქმარი და ა.შ. ითხოვენ ე.წ. გენდერულად ნეიტრალური ტერმინოლოგიის დანერგვას, როგორიცაა მშობელი 1 და მშობელი 2 და ა.შ.“ და „ამის ლოგიკური გაგრძელება იქნება, მაგალითად, პასპორტიდან სქესის შესახებ ჩანაწერის ამოღება“.
„წარმოებს პროპაგანდა იმის შესახებ, რომ ბავშვმა თავად უნდა აირჩიოს საკუთარი სქესი“, „შეიძლება აღმოვჩნდეთ რეალობის წინაშე, როდესაც მოგვთხოვენ [ერთნაირსქესიანთა შორის] ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებას“, - ესეც მამუკა მდინარაძის სიტყვებია.
საგანგებოდ მსჯელობენ „პრაიდზე“. ითქვა, რომ ყოველწლიურად, საქართველოში სწორედ „ფსევდოლიბერალები“ ცდილობენ ლგბტ „პრაიდის“ „თავს მოხვევას“.
საქართველოში ანტილგბტ კამპანია ბოლო დღეებში გაძლიერდა.
უმრავლესობის წარმომადგენლებმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმის ტექსტს ათასგვარი ინტერპრეტაცია დაურთეს.
აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა 28 თებერვალს ჟურნალისტებს უთხრა, რომ გაკვირვებულია ინტერესით - რომელიც საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის „ინკლუზიურობის მიზნით“ შიდა მოხმარებისთვის შექმნილმა დოკუმენტმა გამოიწვია და, რომ „ამას საქართველოსთან კავშირი არ აქვს“.
„მე ამაყი დედა, ამაყი და, ამაყი ცოლი ვარ“, - თქვა ელჩმა. „ხალხის ძალაში“ კი თქვეს, რომ ელჩ დანიგანის სიტყვები მათი პრევენციული ზომების შედეგია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისთვის ცხადია, რომ „ოცნების“ მსჯელობა და საკანონმდებლო ინიციატივა სრულიად უსაფუძვლო ვარაუდებს უკავშირდება.
„მაშინ, როცა დღეს ხელისუფლება, ერთი მხრივ, უნდა ასრულებდეს იმ 9 ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირმა საკმაოდ დეტალურად გაგვიწერა, ხოლო მეორე მხრივ - უნდა ზრუნავდეს რეალურ პრობლემებზე, როგორიც არის: უმუშევრობა, მასობრივი მიგრაცია, სიღარიბე, ამის ნაცვლად - წინასწარი მონახაზიდან ჩანს, რომ ხელისუფლება ისევ აპირებს ანტიდასავლური კანონების ინიციირებას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ხელმძღვანელი, ქეთი ხუციშვილი. მისი შეფასებით, ასეთი ინიციატივები, ისედაც მწვავე პოლარიზაციის პირობებში, საზოგადოების დახლეჩისა და სხვადასხვა ჯგუფს შორის დაპირისპირების საფრთხეს ზრდის.
„სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ შიშობს, რომ ახალი კანონი მიმართული იქნება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.
ასევე ნახეთ კრემლი ქვიარების "განკურნებას" დაიწყებს?კონკრეტულად რა იგეგმება
მმართველი პარტია აცხადებს, რომ ორ კვირაში მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, „რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.
მამუკა მდინარაძემ 1 მარტს განაცხადა, რომ ლგბტ თემის უფლებები პროპაგანდისგან უნდა გაიმიჯნოს, მაგრამ იმასაც აღიარებს, რომ - უფლებებსა და პროპაგანდას შორის მკაფიო ზღვრის გავლება „მარტივი არ არის“.
რა შეიძლება ხელისუფლებამ ჩათვალოს ე.წ. ლგბტ პროპაგანდად? - მთავარ შეკითხვას პასუხი არ გაეცა. შესაძლებელია თუ არა, მაგალითად - კანონით აიკრძალოს ლგბტ „პრაიდის“ ჩატარება? - არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
29 თებერვალს, მამუკა მდინარაძემ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის გავრცელების გზებად ანიმაციური ფილმები და სერიალები დაასახელა. 1 მარტს კი თქვა, რომ - „ხელოვნებაში, შემოქმედებაში ცდილობენ დააინტეგრირონ ასეთი საკითხების პროპაგანდირება“.
მანამდე, 26 თებერვალს, „ხალხის სიმართლით აღჭურვის“ მიზნით მორიგი წერილი გამოაქვეყნა „ოცნების“ განაყოფმა - „ხალხის ძალამ“, სადაც ის, „ლგბტ პროპაგანდასთან“ ერთად, ტრადიციულად - აშშ-საც უტევს. უკვე მედიასთან, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი „საზოგადოების 90%-ისთვის“ მიუღებელ პროპაგანდისტულ ხერხებად ასახელებს:
- წიგნის გამოცემას;
- აღლუმის ჩატარებას;
- სოციალურ ქსელებში ქადაგებას.
ნიშნავს თუ არა, რომ ეს ყველაფერი აიკრძალება?
ექსპერტები იმედოვნებენ, რომ საქმე წიგნებისა და ფილმების აკრძალვამდე არ მივა. მაგრამ მოელიან, რომ „ოცნება“ ლგბტ „პრაიდების“ აკრძალვას დააკანონებს.
კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია გვეუბნება, რომ თუკი ლგბტ „პრაიდის“ გამართვას კანონით აკრძალავენ, ეს კონსტიტუციასთან შეუსაბამო ნაბიჯი იქნება.
„გამოხატვის თავისუფლების ნაწილში იქნება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, რა თქმა უნდა. საქართველოს კონსტიტუციით დაცულია ყველა ადამიანის უფლება და თავისუფლება.
სამართლებრივად რთული იქნება ჩვეულებრივი კანონით იმაზე მაღალი სტანდარტის დაწესება, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული“, - კოტე ჩოკორაია ფიქრობს, რომ „ეს არის საარჩევნოდ წარმოდგენილი საკითხი“ და სულისკვეთებით შეესაბამება ავტორიტარული და პოპულისტური მმართველობის ხელწერას.
„ოცნება“ აცხადებს, რომ კონსტიტუციას არ დაარღვევს.
ასევე ნახეთ არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას - კობახიძე ლგბტ გამოხატვის შემზღუდველ პროექტზე„რუსული კანონი 2“
„ოცნება“ და „ხალხის ძალა“ ყურადღებით აკვირდებიან - ვინ გამოვა ახალი ინიციატივის წინააღმდეგ.
მაგრამ „ოცნების“ ახალ ინიციატივას საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა უკვე უწოდა - „რუსული კანონი 2“. „რუსულ კანონს“ ხალხი, შარშან გაზაფხულზე, „აგენტების შესახებ“ კანონს უწოდებდა.
„რუსეთში ხდება ასეთი რაღაცეები და ჩვენზე გავლენას ახდენს სწორედ რუსეთის გრავიტაცია. როცა რუსეთის ანალოგია ხდება საქართველოში - ეს რუსული კანონია. რუსეთის გარდა, სხვა არცერთ სახელმწიფოს არა აქვს საქართველოში დემოკრატიის საწინააღმდეგო ინტერესი. ბუნებრივია, ჩემთვის ეს რუსული კანონია“, - გვეუბნება „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წარმომადგენელი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. მისი შეფასებით - „ოცნება“ ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მიმდევრის სტატუსის მოპოვებასა და „ალტ-ინფოს“ „ჩანაცვლებას“ გეგმავს.
ასევე ნახეთ სასჯელი „LGBT+ პროპაგანდისთვის" - „ალტ-ინფოს" კანონპროექტი პარლამენტში განხილვას ელის ასევე ნახეთ "ეს იქნება ნამდვილი დაბრკოლება საქართველოს ევროპულ გზაზე" - გერმანელი დეპუტატი "ლგბტ პროპაგანდის" ამკრძალავ ინიციატივაზე„ალტ-ინფო“ ბოლო პერიოდში „ოცნების“ მიმართ მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა, ახლა კმაყოფილია და „ოცნებას“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
„სანამ ეგ კანონი იქნება განხილვაში, მე პირადად - "ქართული ოცნების" კრიტიკას საერთოდ გავაჩერებ“, - ამბობს „ალტ-ინფოს“ „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე ვიდეომიმართვაში და თანაგუნდელების სახელით იმის პირობასაც დებს, რომ - „ოცნების“ ინიციატივას ქუჩაში ფიზიკურად დაიცავს.
„არ მაინტერესებს, ეგ ქულების დასაწერად არის თუ წინასაარჩევნოდ... არ მაინტერესებს, მანდ რა გათვლაა. თუ ეგ კანონი არის ნორმალური, თუ ეგ კანონი არის ისეთი, რაზეც ამდენი ხანი ჩვენ ყველა ვიბრძოდით... მაგაზე რომ გამოვარდეს "ნაცების" მხარე და [თქვან] რუსული კანონიაო, რაც მაშინ გააკეთეს - "მოლოტოვები" და ასე შემდეგ, გამოვალთ და მაგ კანონის ამბავს ფიზიკურად დავიცავთ ქუჩაში...“ - როგორც მახარაძე ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე - ვიდეო სიცხიანმა ჩაწერა.
„ტესტი ნომერი ორი!“ - ასე უწოდებენ ახალ ინიციატივას „ხალხის ძალაში“. პირველ ტესტად კი ე.წ. აგენტების შესახებ კანონს თვლიან.
პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ხელისუფლებას აქვს იმედი, რომ ამ ბოლო ინიციატივას „აგენტების კანონზე“ იოლად გაიტანს, რადგან ხალხი ქუჩაში არ გამოვა.
„ბედნიერი ვიქნები, თუკი საზოგადოება ახლაც გამოვა ქუჩაში და არ დაუშვებს ამ კანონს, მაგრამ მაქვს განცდა, რომ ადამიანები საკუთარ თავზე არ მიიღებენ ამ ინიციატივას“, - გვეუბნება ექსპერტი. მისთვის ცხადია, რომ ხელისუფლება „საარჩევნო მიზნებისთვის“ მზად არის - თავისუფლება და თანასწორობა „შუა საუკუნეების ღირებულებებს“ შესწიროს.