ბრიუსელი უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდასა და ნიგერის გადატრიალების შედეგებზე იმსჯელებს

რიკარდ იოზვიაკი

29-31 აგვისტოს ესპანეთის ქალაქ ტოლედოში ერთმანეთს არაფორმალურად ჯერ ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები შეხვდებიან, შემდეგ კი - საგარეო საქმეთა მინისტრები.

ამგვარ შეკრებებს ევროკავშირში „გიმნიხს“ უწოდებენ - ეს გერმანული ციხესიმაგრის სახელია, იქ შედგა პირველი ასეთი შეხვედრა. მას შემდეგ მსგავსი თავყრილობა წელიწადში ორჯერ ტარდება ხოლმე - იანვარში და აგვისტოს მიწურულს.

ეს ოფიციალური სამიტი არ გახლავთ - უფრო მინისტრების შინაურული შეხვედრაა, სადაც ისინი ხშირად ჰალსტუხსაც მოიხსნიან ხოლმე და ისე განიხილავენ ევროკავშირის გრძელვადიან მიზნებსა და სტრატეგიებს. მიიჩნევა, რომ „გიმნიხით“ იწყება პოლიტიკის საშემოდგომო სეზონი - ერთგვარი მოთელვაა გაეროს გენერალური ასამბლეის წინ, რომელიც ნიუ-იორკში სექტემბერში ტარდება.

ტოლედოში ძირითადად ორ საკითხს შეეხებიან: უკრაინის სამხედრო დახმარებას და სამხედრო გადატრიალებას ნიგერში.

რაც შეეხება უკრაინას: ევროკავშირმა ამ ქვეყანას სამხედრო დახმარების შვიდი ტრანში გამოუყო, რომლის საერთო ღირებულება 5,6 მილიარდი ევროა. მერვე ტრანშს - კიდევ ნახევარ მილიარდ ევროს - უნგრეთის ვეტო ადევს და შესაძლებელია, რომ ტოლედოში ამ ვეტოს მოხსნაზე შეთანხმდნენ.

უნგრეთის ვეტო გამოწვეულია უკრაინის ნაბიჯით. კიევმა უნგრული ბანკი OTP, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობას აგრძელებს, შავ სიაში მოახვედრა და „ომის საერთაშორისო დამფინანსებლის“ იარლიყი მიაწება. ბუდაპეშტმა სამხედრო დახმარების შემდეგი ტრანშიც მხარდაჭერის პირობად ამ ბანკის სიიდან ამოღება დაასახელა.

კიდევ ერთი განსახილველი საკითხი იქნება უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო დახმარების საკითხი. ევროკავშირის დიპლომატიურ კორპუსში განიხილავენ შესაძლებლობას, რომ კიევს მომდევნო 4 წლის განმავლობაში წელიწადში 5 მილიარდი ევრო გამოუყონ. ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება უნგრეთი, თუმცა მნიშვნელოვანია ევროკავშირის უმსხვილესი ფინანსური კონტრიბუტორის, გერმანიის პოზიციაც, რომლის აზრითაც, სამხედრო დაფინანსების საკითხი ევროკავშირის ბიუჯეტის გარშემო მოლაპარაკებების ფარგლებში უნდა მოგვარდეს.

ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის (EEAS) მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფლებამაც წაიკითხა, აღნიშნულია, „ევროკავშირის მზადყოფნა, რომ მდგრადი სამხედრო დახმარება მიაწოდოს უკრაინას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება“. ტექსტში ხაზგასმულია, რომ, მართალია, ევროკავშირი უკრაინას 2023 წელს 4 მილიარდამდე ევროს გადასცემს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და მეტია გასაკეთებელი რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის - უკრაინის სამხედროების წვრთნის საქმეში.

ევროკავშირის სამხედრო წვრთნის მისია უკრაინისათვის (EUMAM) 2022 წლის შემოდგომაზე შეიქმნა. ის ძირითადად პოლონეთიდან ოპერირებს და წელიწადში 100 მილიონი ევროს ბიუჯეტი აქვს. ამ პროგრამის ფარგლებში გაიწვრთნა 25 ათასი ჯარისკაცი - გეგმავენ, რომ ეს რიცხვი გაიზარდოს, ბიუჯეტი გაორმაგდეს და, თუ შესაძლებელი იქნება, წვრთნის ნაწილი უკვე უკრაინაში ჩატარდეს.

EEAS-მა კიდევ ერთი დოკუმენტი მოამზადა, რომელიც ასევე უკავშირდება სამხედრო დახმარების საკითხს - აქ განხილულია დამატებითი გარანტიები, რომლის შეთავაზებაც ბლოკს შეუძლია უკრაინისათვის. დოკუმენტში, რომელსაც ასევე გაეცნო რადიო თავისუფლება, განხილულია ევროკავშირის გრძელვადიანი მხარდაჭერა ევროპის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისათვის იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ შეწყვეტს უკრაინის დამორჩილების მცდელობას და ნათქვამია, რომ უკრაინის უსაფრთხოებას ევროკავშირის წევრობა დაიცავს.

დოკუმენტში უკრაინის მხარდასაჭერი კიდევ 11 პუნქტია, სადაც შედის ევროპული და უკრაინული თავდაცვის ინდუსტრიების თანამშრომლობა, დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება, მხარდაჭერა კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაში და დეზინფორმაციასთან ბრძოლა.

ტოლედოში უკრაინის გარდა ნიგერის სამხედრო გადატრიალებაზეც ილაპარაკებენ. ეს რთული საკითხია, რადგან დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობა, რომელიც ევროკავშირის პარტნიორი ორგანიზაციაა, განიხილავს ნიგერში სამხედრო ინტერვენციას, რაც მას არასოდეს გაუკეთებია. ევროკავშირის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ კონფლიქტი შესაძლოა გაფართოვდეს და ამან ევროპაში დევნილების ახალი ტალღა გამოიწვიოს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ნიგერში რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ როლსაც განიხილავენ. უცნობია, თუ რა გავლენა ექნება ვითარებაზე ევგენი პრიგოჟინის სიკვდილს. ევროკავშირის ამჟამინდელი პოზიციით არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები ნიგერში ოპერირებენ. თუმცა, როგორც ერთმა ევროპელმა დიპლომატმა მითხრა, გავრცელებული ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ნიგერის მოსახლეობა რუსულ დროშებს იქნევს, იმის დასტურია, რომ „მოსკოვი რაღაც ფორმით იქ ძალიანაც ჩართულია“.