პირველზე PiS-ია, მაგრამ ოპოზიციამ გაიმარჯვა?
ეროვნული ეგზიტპოლების თანახმად, მმართველი პარტია „კანონი და სამართალი“ (PiS) პირველ ადგილზეა ხმების 36.8%-ით. თუმცა, სამმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივად საკმარისი ხმები დააგროვეს, რათა დაასრულონ PiS-ის რვაწლიანი მმართველობა. ეს იყო ბრიუსელთან დაპირისპირების, კანონის უზენაესობის დასუსტების და აბორტებსა და ლგბტ+ საკითხებთან დაკავშირებით სოციალური კონსერვატიზმის აღზევების ხანა. მემარჯვენე ცენტრისტულმა „სამოქალაქო კოალიციამ“ (KO) შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა - ხმების 31.6% და ის სავარაუდოდ შეეკვრება „მესამე გზას“ (ეს არის კოალიცია აგრარულ „პოლონეთის სახალხო პარტიასა“ და ცენტრისტულ „პოლონეთი 2050-ს“ შორის) და მემარცხენეებს, რომლებმაც ხმების 13.8% და 8.6% მიიღეს. ეს სამეული, როგორც ჩანს, 460 მანდატიდან 248-ს მოიპოვებს. PiS, რომელმაც 2019 წელს ხმების 44% მიიღო, იმედოვნებდა, რომ ან თავად მიიღებდა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საკმარის ხმებს, ან კი მეხუთე პარტიასთან ერთად შეძლებდა კოალიციის შექმნას. თუმცა, ულტრამემარჯვენე ლიბერტარიანულმა „კონფედერაციამ“ ცუდი შედეგი აჩვენა. ელოდნენ, რომ ის ხმების 10%-ს მიიღებდა, ეგზიტპოლების მიხედვით კი მხოლოდ 6.2% მიიღო.
ჯერ არაფერი დასრულებულა
საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას სამშაბათისათვის ელიან. ეგზიტპოლის ცდომილება 2%-ია, თუმცა უნდა გავიხსენოთ 30 სექტემბერს სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ვითარებაც. აქ ეგზიტპოლებმა ლიბერალური ოპოზიციის გამარჯვება აჩვენა, საბოლოო შედეგების მიხედვით კი იოლად გაიმარჯვა პოპულისტურმა მემარცხენე პარტია „სმერმა“. პოლონეთში საქმე კიდევ უფრო ჩახლართულადაა - ორივე მხარე აცხადებს, რომ გაიმარჯვა. პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, რომელიც PiS-თან არის აფილირებული, პარლამენტის პირველი სესია 30 დღის განმავლობაში უნდა მოიწვიოს. მან უნდა წარადგინოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელიც, როგორც წესი, უმსხვილესი პარტიისგან შეირჩევა ხოლმე, თუმცა კი ამის კონსტიტუციური ვალდებულება არ არსებობს. დუდა, სავარაუდოდ, PiS-ის წარმომადგენელს დაასახელებს, რადგან პირველზე ეს პარტია გავიდა და თავიც გამარჯვებულად გამოაცხადა. კანდიდატს ნდობა უმრავლესობამ უნდა გამოუცხადოს. თუ კანდიდატი ხმების 50%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, მაშინ პარლამენტი შეარჩევს ალტერნატიულ კანდიდატს და ეცდება მის დამტკიცებას. აქ, როგორც ჩანს, უპირატესობა სამ ოპოზიციურ პარტიას აქვს, რადგან მათ ერთად ხმების ნახევარზე მეტი აქვთ და ისინი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სავარაუდოდ დონალდ ტუსკს, KO-ს ლიდერს დაასახელებენ. არჩევნების ღამეს მანაც გამოაცხადა თავი გამარჯვებულად. მომდევნო რამდენიმე კვირა საინტერესო იქნება. PiS ეცდება გადმოიბიროს სხვა პარტიების, განსაკუთრებით „მესამე გზის“ კანდიდატები და პროცესი მაქსიმალურად გააჭიანუროს. ახალი მთავრობა შეიძლება მომავალ წლამდე ვერ შეირჩეს.
ტუსკის ტრიუმფალური დაბრუნება
შეიძლება ამას დრო დასჭირდეს, მაგრამ პოლონეთის მომავალი პრემიერი ალბათ დონალდ ტუსკი გახდება. ეს მისთვის დიდი პერსონალური გამარჯვებაა. ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ მან მოზეიმე მხარდამჭერებს ასე მიმართა: „ცხოვრებაში არასოდეს გამხარებია ეს თითქოს მეორე ადგილი. პოლონეთმა გაიმარჯვა. დემოკრატიამ გაიმარჯვა!“ ტუსკს პოლონეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად ეკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი - 2007-2014 წლებში. შემდეგ ის ბრიუსელში მსახურობდა - ჯერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი იყო, შემდეგ კი „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი და ვარშავას შარშან დაუბრუნდა. მის არყოფნაში PiS ეროვნულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე დომინირებდა და ახლა, წინასაარჩევნოდ ძირითად აქცენტს ყოფილ პრემიერთან დაპირისპირებაზე აკეთებდნენ. მათ სცადეს მიეღოთ ახალი კანონი, რომელსაც ოპონენტებმა Lex Tusk შეარქვეს. ამ კანონის მიხედვით შეიქმნებოდა კომისია, რომელიც შეისწავლიდა ნებისმიერს, ვისაც ძალაუფლებაში ყოფნის დროს „რუსეთის გავლენით“ მოქმედებაში დასდებდნენ ბრალს (PiS ტუსკს ხშირად ადანაშაულებდა ამაში) და მას თანამდებობის დაკავებას აუკრძალავდნენ. ევროკავშირის ზეწოლის შედეგად კანონის ენა შეარბილეს. თუმცა, ოპოზიციას მთავრობის ჩამოყალიბების შემთხვევაშიც არ ექნება საქმე იოლად. ისინი წესით ვერ მოაგროვებენ ხმების 3/5-ს, რომლითაც შეძლებდნენ პრეზიდენტის ვეტოების დაძლევას. სახელმწიფო მედია, სასამართლო და დიდი სახელმწიფო კომპანიები PiS-ის დაკომპლექტებულია და, სავარაუდოდ, მტრულად იქნება განწყობილი.
ამომრჩევლის ისტორიული აქტივობა
ამ არჩევნების ყველაზე შთამბეჭდავი ასპექტი ამომრჩევლის აქტივობა გახდა. აქამდე რეკორდი 1989 წლის არჩევნებში დაფიქსირდა, როდესაც პოლონეთი პირველად განთავისუფლდა კომუნისტების მმართველობისგან. მაშინ ხმა ამომრჩევლის 62.7%-მა მისცა. მას შემდეგ აქტივობამ იკლო და დროდადრო 50%-ზე ნაკლებიც იყო. ახლა კი, ეგზიტპოლების თანახმად, ხმის მისაცემად პოლონელი ამომრჩევლის 73 პროცენტი მივიდა. ამ არჩევნებს ხომ 1989 წლის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებად ახასიათებდნენ. თუ ოპოზიცია მთავრობის ჩამოყალიბებას მოახერხებს, ეს სწორედ ამ რეკორდული აქტივობის დამსახურება იქნება. აქამდე ითვლებოდა, რომ PiS უკეთ ახერხებდა ამომრჩევლის მობილიზაციას, ოპოზიციის მხარდამჭერები - ახალგაზრდები, ქალაქში მცხოვრებნი და უცხოეთში წასული პოლონელები კი, უფრო პასიურად მიიჩნეოდნენ. ამ არჩევნებში საქმე სხვაგვარად იყო. კვლევების თანახმად, 2023 წელს არჩევნებზე მისულების 60%-მა, ვისაც 2019 წელს ხმა არავისთვის მიუცია, ახლა სამ ოპოზიციურ პარტიას დაუჭირა მხარი. უფრო ლიბერალურად განწყობილი 18-29 წლის ამომრჩეველიც უფრო დიდი რაოდენობით გამოცხადდა საარჩევნო ყუთებთან, ვიდრე უფრო კონსერვატიული 60+ ასაკის ამომრჩეველი.
არც შიში, არც უკრაინით დაღლა
სლოვაკეთის არჩევნებში, როგორც ჩანს, დიდი როლი ითამაშა ამომრჩევლის დაშინებამ და უკრაინით დაღლამ. პოლონეთმა კი საპირისპირო შედეგი აჩვენა. საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ტარდებოდა რეფერენდუმიც, სადაც ოთხი შეკითხვა იყო დასმული სახელმწიფო საწარმოების, საპენსიო ასაკის, პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ბარიერის მოხსნისა და არაევროპელი ემიგრანტების ქვეყანაში დაშვების შესახებ. შეკითხვებს მკაცრად აკრიტიკებდნენ და მათ ფორმულირებას უსამართლოდ და სუბიექტურად მიიჩნევდნენ. მსგავსი ტიპის რეფერენდუმი „ფიდესმა“ გამოიყენა უნგრეთში მთავრობის მხარდაჭერის გასაზრდელად. PiS-ის რეფერენდუმი ვალიდური ვერ გახდა, რადგან მასში ამომრჩევლის 50%-ზე ნაკლებმა მიიღო მონაწილეობა. ასევე, როგორც ჩანს, არ გაამართლა მმართველი პარტიის ტაქტიკამ, მეტი სიმკაცრე გამოეჩინათ უკრაინის მიმართ. პოლონეთმა დაბლოკა უკრაინის აგროპროდუქციის შეტანა ევროკავშირში, რადგან ეს ამ ქვეყნის ფერმერების კეთილდღეობას უშლიდა ხელს და ევროკავშირს მოთხოვა გადაევადებინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უკრაინელ ლტოლვილებს შეეძლებოდათ ევროკავშირის ქვეყნებში დროებით მუშაობა და ჯანდაცვის მიღება. ამით PiS-მა სავარაუდოდ „კონფედერაციას“, ბიულეტენში ყველაზე ანტიუკრაინულ პარტიას წაართვა ხმები, თუმცა საბოლოოდ არჩევნებში გამარჯვებაში ვერ დაეხმარა.