კიევში მზიანი ამინდია, თუმცა ჰორიზონტზე ღრუბლები მოჩანს

რიკარდ იოზვიაკი

გასულ კვირას პირველად ვეწვიე უკრაინას 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. მოკლე ვიზიტი იყო. კიევში ორი ღამე გავატარე - კონფერენციას დავესწარი - ამიტომაც რაიმე აზრიანის თქმა მიჭირს ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

ერთი რამ, რაც შევნიშნე (ისევე, როგორც ბევრმა სხვა უცხოელმა, ვინც ქალაქს ბოლო ორი წლის განმავლობაში ესტუმრა), ის იყო, რომ დედაქალაქში ცხოვრება, ერთი შეხედვით ნორმალურად მიდიოდა.

ზაფხულის კარგი ამინდი იყო და კაფეები და რესტორნები სავსე იყო ხალხით. იმ ძველ ომამდელ კიევს მახსენებდა. ჩემი იქ ყოფნის განმავლობაში, არ ჩართულა განგაშის სირენები, რაც მთელ ქვეყანაში თითქმის ყოველდღიურ მოვლენად იქცა.

თუმცა, უკეთ თუ დააკვირდები, შეამჩნევ, რომ ომმა სინამდვილეში ბევრი რამ შეცვალა. ქალაქში, სადაც ომამდე 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, შუახნის მამაკაცი თითქმის არსად დამინახავს. საღამოს, როდესაც კომენდანტის საათი მოახლოვდა, ოდესღაც გაბრდღვიალებული ქალაქი ახლა მკრთალად ანათებდა.

ქუჩებში კი კარგი განწყობა იდგა, მაგრამ სხვა ყველაფერი მიუთითებს, რომ უკრაინას წლის ბოლოს საკმაოდ მძიმე თვეები ელის.

სპრინტი დასრულდა, დაიწყო მარათონი

კიევში ერთდღიან კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებს შეეხებოდა. ამ ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ ქალაქის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ანალიტიკური ცენტრი - „ახალი ევროპის ცენტრი“ და „საერთაშორისო რენესანსის ფონდი“.

ღონისძიება სამი წლის წინ დაიგეგმა, როდესაც უკრაინამ, საქართველოსა და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვა და მალევე მიიღო მოწვევა. ფორუმში მონაწილეობდნენ ამ პროცესში ჩართული პოლიტიკოსები, ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები.

ასევე ნახეთ კანდიდატის სტატუსის მოლოდინში - რა ხდება შემდეგ?

ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით განწყობა ამაღლებული იყო. კატარინა მატერნოვამ, უკრაინის ელჩმა ევროკავშირში, აღნიშნა, რომ "ახლა გაფართოებასთან დაკავშირებით გარდაუვალობის განცდა არსებობს". თუმცა, მან ისიც მალევე დასძინა, რომ მსვლელობა ევროკავშირისკენ მომავალში შენელდება. "ჩვენ ახლა სპრინტიდან მარათონზე უნდა გადავერთოთ. ტექნიკურ სამუშაოებს დრო სჭირდება", - თქვა მატერნოვამ.

თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრისათვის, ოლჰა სტეფანიშინასათვის, რომ დარწმუნებით ეთქვა - უკრაინა ევროკავშირს და ნატოს 2030 წლისთვის შეუერთდებაო.

ოლჰა სტეპანიშინას ცოტა ხნის წინათ მართლმსაჯულების პორტფელიც ჩააბარეს. ის რამდენიმე დღის წინ ამ მხრივ ჩასატარებელი მიღწევების განსახილველად ბრიუსელში იყო ჩასული. ევროკომისია მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობით კმაყოფილი დარჩა. ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ გაწევრიანების 33 თავიდან სულ მცირე ხუთზე მოლაპარაკებები შეიძლება 2025 წლის პირველ ნახევარში დაიწყოს. უკრაინა კი ცდილობს, რომ ამ დროისთვის ყველა თავის ნახევარი მაინც გაიხსნას.

იჰორ ჟოვკვამ, პრეზიდენტის შტაბის უფროსის გავლენიანმა მოადგილემ, დამაჯერებლად ახსნა, თუ რატომ უნდა მიიღოს ევროკავშირმა უკრაინა წევრად სწრაფად და აღნიშნა, რომ ბლოკი „უკრაინის სამხედრო გამარჯვების შემდეგ უფრო ძლიერი გეოპოლიტიკური მოთამაშე გახდება“.

მან ასევე თქვა, რომ „ევროკავშირის ბიუროკრატია არ ემხრობოდა უკრაინის წევრობას“ 2022 წელს და თავდაპირველად ლაპარაკი შეეხებოდა ნახევრად კანდიდატობას ან წინასწარ კანდიდატობას, ნაცვლად იმისა, რომ რეგულარული კანდიდატის სტატუსი შეეთავაზებინათ. მისი თქმით, ცვლილება განაპირობა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო პირადმა ურთიერთობებმა ევროკავშირის ლიდერებთან და უკრაინის მიერ ბრძოლის ველზე ნაჩვენებმა წარმატებებმა.

უკრაინა აშკარად ელის, რომ ეს დინამიკა (ზელენსკის პიროვნება და სიძლიერე ბრძოლის ველზე) უზრუნველყოფს მის დასავლეთთან დაახლოებას. თუმცა, საკითხავია, რამდენ ხანს გასტანს ეს ვითარება.

კიევი vs ვარშავა?

კიევში ბევრს ლაპარაკობდნენ დაძაბულ შეხვედრაზე, რომელიც ჩემს ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე შედგა ზელენსკისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის შორის.

პრესაში წერდნენ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ჩიოდა, ვარშავიდან სამხედრო აღჭურვილობის მოწოდება შენელდაო, სიკორსკი კი ამბობდა, კიევი ევროკავშირში უახლოეს მომავალში ვერ გაწევრიანდებაო, ამ პროცესის გასავლელად ვარშავას ათწლეული დასჭირდაო.

ასევე ნახეთ "გამარჯვების გეგმით" ზელენსკი "სამართლიანი მშვიდობის" მიღწევას აპირებს

ამ ცნობების მიხედვით, განხეთქილების კიდევ ერთი წყარო იყო 1943 წელს ვოლინიაში უკრაინელი ნაციონალისტების მიერ ეთნიკური პოლონელების დახოცვა. სიკორსკის მსხვერპლთა სათანადო ექსჰუმაცია და დაკრძალვა მოუთხოვია.

ასევე, როგორც ორმა დასავლელმა დიპლომატმა მითხრა, უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი ის იყო, რომ სიკორსკი შეხვდა პეტრო პოროშენკოს, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს და ზელენსკის კონკურენტს.

სიკორსკიც და პოროშენკოც ევროპის სახალხო პარტიის წევრები არიან, ამიტომ მათ შეხვედრაში, წესით, უცნაური არაფერი უნდა ყოფილიყო. თუმცა, დიპლომატებმა მითხრეს, რომ გაჩნდა ეჭვები, რომ პოროშენკო შესაძლოა დაუპირისპირდეს ზელენსკის 2025 წლის არჩევნებში და გაერთიანდეს ვალერი ზალუჟნისთან, ყოფილ მთავარსარდალსა და ერთ-ერთ იმ იშვიათ უკრაინელთან, რომელსაც შეუძლია მოქმედი პრეზიდენტის პოპულარობას გაუტოლდეს.

თუმცა, არჩევნები შესაძლოა მომავალ წელსაც არ ჩატარდეს. ბევრი უკრაინელი აღნიშნავს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია კრძალავს ომის დროს არჩევნების ჩატარებას და, ასეც რომ არ იყოს, მისი ორგანიზება ლოგისტიკურად შეუძლებელი იქნება - უამრავი ადამიანი ფრონტის ხაზზე იბრძვის და კიდევ უფრო ბევრს ომის გამო ქვეყნის დატოვება მოუხდა.

თუ პოლონეთსა და უკრაინას შორის მართლაც წამოიჭრა უთანხმოება, ეს კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ კიევის გზა ევროკავშირისკენ ია-ვარდით არ იქნება მოფენილი. როგორც წესი, ამ მხრივ წინაღობებს უნგრეთი ქმნის ხოლმე, მაგრამ ევროკავშირის კიდევ 26 წევრ ქვეყანას შეუძლია ვეტოს უფლება გამოიყენოს.

სავარაუდოა, რომ პოლონეთი თავის აღმოსავლელ მეზობელს სულ უფრო მეტად აღიქვამს კონკურენტად, განსაკუთრებით - სოფლის მეურნეობის სექტორში. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის კინკლაობა დასრულდეს.