რით იყო ეს წელი გამორჩეულად ცუდი?

გია ნოდია

ბევრი ჩემი თანამოქალაქისთვის 2022 წელი არც გამორჩეულად ცუდი იყო და არც გამორჩეულად კარგი. ერთი ჩვეულებრივი წელი გადავაგორეთ. მაგრამ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის (ვერ ვიტყვი, რამდენად დიდია ის), ძალიან, შესაძლოა, კატასტროფულად ცუდი წელი იყო.

მეც ამ ნაწილს ვეკუთვნი და ვეცდები, დავასაბუთო, რატომ მგონია ასე.

2022 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, უარი თქვა ეროვნულ პროექტზე, რომელსაც ბოლო ათწლეულებში ქვეყნისთვის გამაერთიანებლის, მიმართულების მიმცემის ფუნქცია ჰქონდა. მას განვითარების ევროპული პროექტი შეგვიძლია ვუწოდოთ. მისი ძირები, სულ მცირე, ჩვენს პირველ რესპუბლიკაში, ხოლო კიდევ უფრო ადრე, თერგდალეულთა მოძრაობაშია. ის ემყარება წარმოდგენას, რომ ჩვენი ქვეყანა თავისი მოწოდებით და ამბიციით ევროპულია; თუმცა ჩვენი პოლიტიკური სისტემით და ცხოვრების წესით კმაყოფილი არასოდეს ვყოფილვართ, ის მაინც ვიცოდით, საითკენ გვინდა წასვლა.

კრიტიკოსები მეტყვიან, რომ შეფასება, თითქოს ამ პროექტზე უარი ვთქვით, უსამართლო ან, სულ მცირე, გადაჭარბებულია. მათ კონკრეტული არგუმენტები ექნებათ. სწორედ ამ წელს მივიღეთ ის, რისკენაც დიდხანს ვისწრაფოდით და ჯერ კიდევ შარშან ამ დროს, მიუღწეველი ჩანდა: ე.წ. „ევროპული პერსპექტივა“. ამით ევროპამ, როგორც იქნა, თავის ნაწილად გვაღიარა, თუმცა გვითხრა, რომ პოლიტიკური სისტემა ჯერ გასამართი გვაქვს. ეჭვგარეშეა, რომ ეს ძალიან დიდი ნაბიჯია. რა თქმა უნდა, ევროპას ის რუსეთის აგრესიით გამოწვეულმა გეოპოლიტიკურმა შოკმა და უკრაინელების გმირობით აღფრთოვანებამ გადაადგმევინა; მაგრამ, ამავე დროს, ის ქართული საზოგადოების და პოლიტიკური კლასის მრავალწლიანმა ძალისხმევამაც მოამზადა. ეს ჩვენი მიღწევაცაა და უნდა ვიზეიმოთ.

გარდა ამისა, საქართველომ თავისი ევროპული ორიენტაცია კიდევ ერთხელ დაადასტურა იმით, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა. მართალია, უარი გვითხრეს, მაგრამ არა საბოლოოდ: ცოტა მოწესრიგდით, თორმეტი კონკრეტული რეკომენდაციით იხელმძღვანელეთ და ერთ წელიწადში განვაახლოთ საუბარიო. პარალელურად, მოვილაპარაკეთ ახალ პროექტზე, რითაც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროსადენი გავა და ევროპის ელექტროენერგიით მომარაგებაში მნიშვნელოვან როლს შევასრულებთ. რა ნამუსით უნდა გვითხრას ვინმემ, რომ ამ წელს ევროპულ პროექტზე უარი ვთქვით?

ეს ყველაფერი რომ ვიცი, იმიტომ ვამბობ, რომ ეროვნულ პროექტზე „ფაქტობრივად“ ვთქვით უარი: ფორმალურად ის მართლაც ძალაშია. არც იმის ხაზგასმა დამვიწყებია, რომ ეს ფაქტობრივი უარი ხელისუფლებამ თქვა და არა ქვეყანამ, არა საზოგადოებამ. თუმცა, იმასაც ვერსად წავუვალთ, რომ ქვეყნის სახელით ლაპარაკის უფლება ხელისუფლებას აქვს.

მეორე მხრიდანაც შემომედავებიან: ან მანამდე რატომ მეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა საქართველოს ევროპული გზით წაიყვანდა? რატომ ვიყავი ასეთი გულუბრყვილო? არ უნდა მცოდნოდა, რომ ივანიშვილი თავიდანვე რუსული პროექტი იყო? ხოლო თუ ეს ვიცოდით, რა გავიგეთ 2022 წელს ახალი?

ამ შემოდავებასაც აქვს თავისი ლოგიკა. თუმცა, პირადად მე ამ მხრივ გულუბრყვილობას ვერ დავიბრალებ: პოლიტიკაში მისი შემოსვლის მომენტიდანვე ივანიშვილი დავინახე, როგორც საფრთხე, საფრთხე ქვეყნისთვის და არა მხოლოდ იმდროინდელი ხელისუფლებისთვის. პრობლემის ძირი ჩემთვის იყო არა ის, რომ რუსეთის ხელისუფლებას მასზე გავლენის საიდუმლო ბერკეტები ექნებოდა - ამას ვერ გამოვრიცხავდი, თუმცა ვერც ვამტკიცებდი, არამედ მთავარი, როგორც მისი პირველივე მიმართვებიდან და ინტერვიუებიდან გამოჩნდა, ეს ადამიანი თავისი აზროვნების წესით ძალზე შორს იდგა იმ ნორმებისგან და იდეალებისგან, რასაც ახალი საქართველოს პოლიტიკური პროექტი ემყარებოდა; ევროპული დემოკრატიისა, რომელზეც ძალიან ბევრს ლაპარაკობდა, მას არაფერი ესმოდა. მისი მიდრეკილება კონსპირაციულ-პარანოიდული აზროვნებისკენ აჩვენებდა, რომ რუსეთზე მენტალურად იყო მიბმული და არა მხოლოდ მისი კაპიტალის წარმოშობით. ამ ნიშნით ის განსხვავდებოდა საქართველოს სამივე წინამორბედი ლიდერისგან, მათ შორის ყოფილი კომუნისტი ფუნქციონერის ედუარდ შევარდნაძისგან.

მიუხედავად ამისა, მისი საწყისი პოლიტიკური პროექტი, როგორც ჩანს, მართლაც ის იყო, რომ ერთმანეთთან შეეხამებინა დასავლური ინტეგრაციისა და რუსეთის დაყვავების პოლიტიკა. მე მათ შორის ვიყავი, ვისაც ამ ორი რამის შეთავსება უპერსპექტივოდ მიაჩნდა; მაგრამ ეს სულაც არ გამორიცხავს, რომ მას შეიძლებოდა, სხვანაირად ჰგონებოდა. მას გვერდზე დაუდგა არაერთი ფიგურა, რომლის გულწრფელ პროდასავლურ განწყობაში ეჭვს ვერ შეიტანდი. მეტიც, მისი პოლიტიკის ფორმულა: „დასავლეთი, ოღონდ რუსეთის გაღიზიანების გარეშე“, ბევრი ევროპელისთვისაც უფრო მისაღები აღმოჩნდა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს უფრო ხისტი მიდგომა. ამ ყველაფრის ფონზე, ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ, საქართველო, მთავრობის და მთლიანად პოლიტიკური კლასის აშკარა მანკიერებების მიუხედავად, ე.წ. „ასოცირებული ტრიოს“ (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო) ლიდერად მიიჩნეოდა.

შემდეგ რაღაც შეიცვალა - ჯერ ივანიშვილში, მერე მსოფლიოში. ვერ დავიჩემებ იმის ცოდნას, რა ხდება ბიძინა ივანიშვილის ტვინის ხვეულებში, მაგრამ, როგორც მისი პარტიის ქმედებებიდან ჩანს, რაღაც მომენტში მან ჩათვალა, რომ დასავლეთი პირადად მისი მტერია და მისი „ჩაძირვა“ უნდა; დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნები ამ ჩანაფიქრს მხოლოდ ნიღბავს. ის კვლავ აღიარებს კოლექტიურ დასავლეთს, როგორც ძლიერ და ანგარიშგასაწევ ძალას, ამიტომ მასთან ურთიერთობის საბოლოოდ გაფუჭება არ უნდა და ბალანსის დაჭერას ცდილობს. მაგრამ აშკარად ვხედავდით: მისი ვეზირები სულ უფრო თამამად აკრიტიკებდნენ დასავლეთს და სულ უფრო ღიად უარყოფდნენ მის პრინციპებს.

მერე რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ეს მოვლენა იქცა ჭეშმარიტების მომენტად, მან შექმნა ახალი მორალური სიცხადე. ყველას, მაგრამ განსაკუთრებით ქვეყანას, რომელიც ევროპულ ოჯახში შესვლის ამბიციას აცხადებს, მკაფიო პოზიცია მოეთხოვება: უნდა თქვა, ვის მხარეს ხარ. საქართველომ ამ სიცხადეზე უარი თქვა. ამ პირობებში, რუსეთსა და დასავლეთს შორის ბალანსის პოლიტიკა პოლიტიკურ შიზოფრენიად იქცა. ხელისუფლება გვეუბნება, რომ წარმატებით მუშაობს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და პარალელურად აარსებს თავის პოლიტიკურ ფილიალს, რომელიც დასავლეთის, როგორც მტრის ხატის დამკვიდრებაზე ღიად მუშაობს და ერთი-ერთში იმეორებს რუსული პროპაგანდის სტერეოტიპებს. ის აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება კვლავ მის მიზნად რჩება და, ამავე დროს, ამერიკას და ევროკავშირს მიაწერს ფარულ შეთქმულებას საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევის მიზნით.

ზუსტად არ ვიცით, რატომ არ ამბობს ივანიშვილის მთავრობა ცხად და ცალსახა უარს დასავლურ ორიენტაციაზე: ქართული საზოგადოების რეაქციისა ეშინია, დასავლეთის, რომელიც ოლიგარქს პირად ანგარიშებს გაუყინავს, თუ ორივესი. მაგრამ ქვეყნის დასავლური ორიენტაცია რომ წმინდად ფორმალური დარჩა და აღარაფერი აქვს საერთო არც ევროპის და არც, თუ გნებავთ, ქართველი თერგდალეულების ღირებულებებთან, ცხადია.

როგორ შეიძლება შევაჯამოთ ყველაფერი ეს? ერთი ვარიანტი ასეთი იქნება: ათი წლის წინ მაშინდელ ხელისუფლებაზე გაბრაზებულმა ხალხმა ქვეყანა პარანოიისადმი და უცნაური ახირებებისადმი მიდრეკილ მილიარდერს ჩააბარა. ბევრ ადამიანს, ვისაც საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლისა სწამს (მათ შორის საქართველოს მეგობრებს დასავლეთში), ჰქონდათ ილუზიები, რომ ამით ქართულ დემოკრატიას ახალი პერსპექტივები გაეხსნა. ეს ილუზიები თანდათან ქრებოდა, ხოლო 2022 წელს ისინი საბოლოოდ გაქარწყლდა. საქართველოს ტრადიციული ეროვნული პროექტი ღია დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა არა ცალკეული მარგინალური ჯგუფების, არამედ მისი ხელისუფლების მხრიდან.

ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ყველაზე ცუდი ეს არ არის. კოლექტიურად ხალხს შეიძლება შეეშალოს და ცუდი არჩევანი გააკეთოს; ეს დემოკრატიული გამოცდილების ნაწილია და ამისგან არც ერთი ერი არაა დაზღვეული. უფრო მძიმეა უიმედობის და უპერსპექტივობის განცდა: ხალხი, ვისთვისაც ივანიშვილის ხელისუფლება მიუღებელია - რაც სამოქალაქო შეგნების მქონე ადამიანების დიდი უმრავლესობაა, - ვერ ხედავს ალტერნატივას, ანუ საკუთარ თავში ვერ გრძნობს იმის ძალას, რამე შეცვალოს. ეს ნიშნავს, რომ მომავლის კრიზისიც გვაქვს. იმაზე წუწუნს, რომ აწმყო არ გვწყალობს, შეჩვეული ვართ; მაგრამ ახლა აღარც ის გვგონია, რომ მომავალი ჩვენია. ეს განცდა ნელ-ნელა გვივითარდებოდა, მაგრამ ამ წელს მიაღწია აპოგეას.

მე ვიზიარებ პესიმისტურ განწყობას, თუმცა არა უიმედობას. ოღონდ იმედის საფუძველი არაა უკრაინის მოსალოდნელი გამარჯვება რუსეთთან ომში - არა იმიტომ, რომ ამ გამარჯვებისა არ მჯერა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი ომიც უკრაინელების მოსაგები არ მგონია. ცხადია, ამ უკანასკნელ შემთხვევაში დემოკრატიისთვის და კანონის ფარგლებში ბრძოლას ვგულისხმობ და არა „ცხელ“ ომს და ამ ბრძოლის მოგების რესურსებს საქართველოშიც ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული დემოკრატია არასოდეს ვყოფილვართ, ასეთ დემოკრატიად ქცევის ამბიციამ საკმაოდ ღრმა ფესვები გაიდგა ჩვენს ცნობიერებაში: მას ისე ადვილად ვერ ამოძირკვავ.

მაგრამ ახლა 2022 წელზე ვწერ; ამ წელს სინათლე გვირაბის ბოლოს ჯერ არ დაგვინახავს. როგორც ჩანს, ურემი ჯერ საკმარისად არ გადაბრუნებულა, რომ გზა გამოჩენილიყო.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.