15 იანვარს კომერციული ორგანიზაციების ნაწილმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა. „გაფიცვა“ - დააწერეს თანამშრომლებმა მაღაზიების, სალონების, კაფეების ჩაკეტილ კარებზე და ქუჩაში პლაკატებით გამოვიდნენ - გაფიცულები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვდნენ.
გაფიცვა, ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია პროტესტის გამოსახატად. ის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, საქართველოშიც და დანარჩენ მსოფლიოშიც. მას ყველაზე ხშირად შრომითი უფლებების გასაუმჯობესებლად იყენებენ, ხელფასის გასაზრდელად, შრომის პირობების გასაუმჯობესებლად და სხვა.
მაგალითად, ბოლო რამდენიმე დღეა, ათასობით ადამიანია გაფიცული ბელგიაში. ისინი მოსალოდნელ საპენსიო ცვლილებებს აპროტესტებენ. მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერეს რკინიგზამ, აეროპორტმა და სკოლებმა. ფრენების ნახევარი გადაიდო.
გაფიცვის არსი ისაა, რომ ორგანიზაციისა თუ კომპანიის თანამშრომლები შეთანხმებულად წყვეტენ მუშაობას და ამით დამსაქმებელს, სახელმწიფოს, აიძულებენ მათ ულტიმატუმებს დათანხმდეს. საქართველოში ბოლო დროს ყველაზე ხშირად მაღაროელები იფიცებიან ჭიათურასა და ტყიბულში.
გაფიცვა, რომელიც პროევროპული ყოველდღიური საპროტესტო გამოსვლების 49-ე დღეს მოეწყო, უფრო საპროტესტო აქციას ჰგავს, რადგან ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული და არა დამქირავებლის, - უთხრა რადიო თავისუფლებას პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა.
„გაფიცვა არსებობს სოლიდარობის მიზნით. ის შრომით საქმიანობას ეხება. თავისი ნორმები, თავისი ეტაპები აქვს. სამწუხაროდ, კანონმდებლობის გამო მარტივი გასაკეთებელი არ არის. 21 დღით ადრე განცხადება უნდა დაწერო, უნდა ჩამოაყალიბო, რატომ იფიცები. მედიაცია უნდა ჩაერთოს და თუ მანაც ვერ მოაგვარა დამსაქმებელთან საქმე, შეგიძლია გაიფიცო. თუ ეს წესები დაირღვა, დამსაქმებელს შეუძლია სადამსჯელო ზომები აამოქმედოს და თანამშრომელი გაათავისუფლოს კიდეც. ყველაზე უარესი ის არის, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ერთი ხელის მოწერით შეუძლია გაფიცვა შეაჩეროს“, - ამბობს პეტრიაშვილი.
ასევე ნახეთ საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა მიმდინარეობსსოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი კი ხსნის, რატომ ვერ გახდა გაფიცვა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური ბრძოლის მძლავრი იარაღი.
„გაფიცვას, როგორც წესი, აორგანიზებს დამოუკიდებელი პროფკავშირი, ჩვენთან კი პროფკავშირი უფრო ხელისუფლებასთან არსებული, კონფორმისტული ორგანიზაციაა“, - ამბობს ის.
15 იანვარს „საქართველო გაიფიცა“ სამსახურის ადგილების დროებით დატოვებით და ქუჩებში მსვლელობით. ასევე გამოიყენეს ზებრაზე გადასვლის პრაქტიკაც, როდესაც ბევრი ადამიანი გაუთავებლად გადადის ზებრაზე (ეს აკრძალული არ არის) და მანქანებს არ ატარებს.
გაფიცულთა შორის იყვნენ ქვეყნის ორი ყველაზე დიდი ბანკის: „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ და ასევე სააფთიაქო ქსელის PSP-ის თანამშრომლები. ისინი გაფიცვას 5 წუთით შეუერთდნენ.
იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში გაფიცვის მიზანია, მოიშალოს საზოგადოების რუტინული ცხოვრება, რაც საბოლოოდ ხელისუფლებას დააზარალებს. ხელისუფლება ვეღარ უზრუნველყოფს ცხოვრების ნორმალურ პირობებს, ვეღარ შეძლებს გადალახოს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, რაც მას მომხრეებს დაუკარგავს.
„მაგრამ ვინ შეიძლება ეს რუტინული ცხოვრება მწყობრიდან გამოიყვანოს? სტუდენტების გაფიცვა სოციალურ ცხოვრებას ვერ შეცვლის. სააფთიაქო ქსელის გაფიცვას შეიძლება ჰქონდეს აზრი. ყველა სააფთიაქო ქსელი არ იფიცება, მაგრამ მაინც. ბანკების გაფიცვასაც აქვს აზრი. ყველაზე შედეგიანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაფიცვა, მაგრამ ეს ამ ეტაპზე მიუღწეველია“, - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი. მისი აზრით, გაფიცვის კიდევ ერთი „მტერი“ ისიცაა, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ან უმუშევარია, ან თვითდასაქმებული - „საკუთარ თავს ხომ არ გაეფიცება ადამიანი?!“
პროტესტს ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, გაფიცულებს უცნობები გინებით და ბეისბოლის ჯოხებით დაესხნენ თავს.
გაფიცვის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ადრეც დაიწყო. 11 იანვარს, ბათუმში, აქციის მონაწილეები, მათ შორის მედიამენეჯერი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ჯერ სტიკერების გაკვრის გამო დააკავეს და მეორედ უკვე სისხლის სამართლის ბრალდებით. ამ სტიკერებით ისინი ხალხს გაფიცვისკენ მოუწოდებდნენ.
კაჭკაჭიშვილის თქმით, გაფიცვა რჩება ერთგვარ მანიფესტად, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენებს, რომ საქართველოში პროტესტი გრძელდება.
„ცოცხალ ჯაჭვს ხომ ჰქონდა ეფექტი, ამასაც ექნება. პროტესტი მრავალფეროვნდება და ეს კარგია, რადგან მხოლოდ რუსთაველზე შეკრება აღარაა ისეთი ეფექტური“, - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.
საქართველოში საპროტესტო გამოსვლების ახალი ტალღა 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო და 28 ნოემბრის შემდეგ ყოველდღიური გახდა. მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარებაა. პროტესტი გაამწვავა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
ასევე ნახეთ თბილისში, დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ ადამიანებს უცხო პირები თავს დაესხნენ