რეფორმა თუ მილიტარიზაცია?

ვლადიმირ პუტინი შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში. 16 დეკემბერი

მიმდინარე წლის ბოლოს. რუსეთის სამხედრო უწყების პირველი პირები გამოვიდნენ ინიციატივით, რომელიც წვევამდელთა ქვედა და ზედა ასაკობრივი ზღვრის შეცვლას, რამდენიმე ახალი ოპერატიული დაჯგუფების შექმნას და შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს იმ ფონზე, როდესაც რუსეთის არმია ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგს განიცდის უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ მასშტაბურ ომში, რომელსაც კრემლი პირველი დღეებიდანვე „სპეცოპერაციას“ უწოდებს.

21 დეკემბერს ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით გამართულ თავდაცვის სამინისტროს გაფართოებულ სამხედრო კოლეგიაზე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგი შოიგუმ, თავის საანგარიშო მოხსენებაში ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის გაწვეულთა ასაკის ქვედა ზღვრის 18-დან 21 წლამდე გაზრდა შესთავაზა. შესაბამისად, აქამდე არსებული 27 წლის ნაცვლად 30 წლამდე გაიზრდება წვევამდელთა ზედა ასაკობრივი ზღვარი.

ასევე, რუსეთის არმიას შეემატება სამი დივიზია და მათ შორის ოკუპირებულ ხერსონსა და ზაპოროჟიეში.

ასევე ნახეთ პუტინის ომი უკანასკნელ რუსამდე?!

დასავლეთის ქვეყნების სამხედრო დაზვერვების ანგარიშების თანახმად, უკრაინაში გაჩაღებულ ომში რუსეთმა დახოცილებისა და დაჭრილების სახით დაახლოებით 100 000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, მაგრამ ოფიციალურად კრემლი მხოლოდ 5037 ჯარისკაცის დაღუპვას აღიარებას, თანაც ეს არის რუსეთის მიერ სულ ბოლოს, სექტემბრის თვეში გასაჯაროებული მონაცემი.

იმისათვის, რომ პირადი შემადგენლობის დანაკარგი შეევსო, სწორედ სექტემბერში რუსეთის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის მიზანს შეადგენდა ფრონტის ხაზზე მყოფი დანაყოფების დაახლოებით 300 000 რეზერვისტითა და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქით შევსება.

მობილიზაციის შესახებ ბრძანება არ შეეხებოდათ წვევამდელებს, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება წელიწადში ორჯერ ერთი წლის ვადით იწვევს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. სამხედრო სავალდებულოს სამსახურის გავლის შესახებ მოქმედი კანონის თანახმად, რუსეთში ყოველ წელს 18-დან 27 წლის დაახლოებით 120-140 ათას მოქალაქეს იწვევენ. თანაც, სწრაფი სამსახურის ჯარისკაცებს უფლება არ აქვთ, რომ წავიდნენ საზღვარგარეთ და მონაწილეობა მიიღონ საომარ მოქმედებებში.

21 დეკემბერს, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კოლეგიაზე საანგარიშო მოხსენებით გამოსვლის დროს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა უნდა გაიზარდოს 1,5 მილიონ ადამიანამდე. შოიგუს თქმით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ "გარანტირებული იყოს სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანების გადაჭრა".

ამჟამად, რუსეთის შეიარაღებული ძალები ჯამში 1,1 მილიონი სამხედრო მოსამსახურისგან შედგება.

ვინაიდან წვევამდელების გაგზავნა საზღვარგარეთ მიმდინარე საომარ მოქმედებაში კანონით აკრძალულია, რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში გაჩაღებულ ფართომასშტაბიან ომში კონტრაქტით დაქირავებულ მოხალისე ჯარისკაცებს (რუსულად „კონტრაქტნიკებს“) უხმო. 24 თებერვლის ინტერვენციამდე, რუსეთს ჯამში 400 000 კონტრაქტით დაქირავებული ჯარისკაცი ჰყავდა, აქედან 150 000 სახმელეთო ჯარებში.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერში“ ირიცხება 50 000 სამხედრო პირი, რომელთა უმრავლესობაც ციხეებიდან გათავისუფლების პირობით გადაბირებული ყოფილი მსჯავრდებულია.

შოიგუს თანახმად, სამომავლოდ გაზრდილ რუსეთის სამხედრო ძალებს კონტრაქტით საფუძველზე დაქირავებული 695 000 ჯარისკაცი ეყოლება. მათ შორის ამ კატეგორიის 521 000 სამხედრო პირი 2023 წლის ბოლომდე იქნება მობილიზებული.

„ახლა ყველაფერი სამხედრო მიზნებს დაექვემდებარება“

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მთავარსარდალს არმიის სამხედრო სტრუქტურების ძირეული განახლების იდეაც შესთავაზა. შოიგუ მიიჩნევს, რომ ნატოს გაფართოების კვალობაზე, ასევე უნდა გაფართოვდეს და გაძლიერდეს ქვეყნების რუსეთის დასავლეთ სამხედრო ოლქის საბრძოლო პოტენციალი.

„ვითვალისწინებთ რა ნატოს მისწრაფებას, გაზარდოს სამხედრო პოტენციალი რუსეთის საზღვრებთან და ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებას ფინეთისა და შვედეთის ხარჯზე, საჭიროა საპასუხო ზომების მიღება რუსეთის ჩრდილო-დასავლეთის შესაბამისი დაჯგუფების შექმნის მიზნით“, - განაცხადა 21 დეკემბერს სერგეი შოიგუმ.

ამ კონტექსტში რუსეთის თავდაცვის მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ ჩამოყალიბდეს შეიარაღებული ძალების ორი სტრატეგიულ-ტერიტორიული გაერთიანება - მოსკოვისა და ლენინგრადის სამხედრო ოლქების სახით.

რუსეთის არმიის დივიზიების რაოდენობას დაემატება სამი ახალი დივიზია, მათ შორის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში და ასევე საარმიო კორპუსი კარელიაში.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

21 დეკემბერს გამართულ თავდაცვის სამინისტროს კოლეგიაზე, სხდომაზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც. მან განაცხადა, რომ არმია სახელმწიფოსგან მიიღებს ყველაფერს, რაც ესაჭიროება. ამასთან, პუტინის თქმით, რუსეთში არ მოხდება ცხოვრების "მილიტარიზაცია".

თუმცა, სწორედ „მილიტარიზაციისკენ“ გადადგმულ ნაბიჯად აღიქვა კოლეგიაზე სერგეი შოიგუს მიერ წამოყენებული ინიციატივები ექსპერტთა ნაწილმა.

„პირველ რიგში, მე არ ვიტყოდი, რომ ეს არის რეფორმა. აქ რეფორმის ნატამალიც არ არის. რეფორმა იქნებოდა სრულად პროფესიული არმიის შექმნა, სადაც სავალდებულო გაწვევის ადგილი არ იქნებოდა. ასე რომ – ეს მხოლოდ ტაქტიკური ცვლილებებია, რომლებიც დასახული მიზნების დაკმაყოფილებას ემსახურება. და დასახული მიზანი ორია: უკრაინაში ოპერაციის შეტევითი ხასიათის შენარჩუნება და ნატოს გაფართოებისადმი სამხედრო წინააღმდეგობა. ეს არის ის ორი მიზანი, რომელიც ხმამაღლა განცხადდა და რომლისკენაც იქნება შემდგომში რუსეთის საზოგადოება მიმართული. მილიტარიზაცია, გასაწვევი ასაკის გაზრდა, არმიის რიცხოვნობის და არმიისათვის განკუთვნილი ხარჯების ზრდა. ანუ, ახლა ყველაფერი სამხედრო მიზნებს დაექვემდებარება“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უფლებადამცველი ორგანიზაცია „წვევამდელი სკოლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსეი ტაბალოვმა.

თუ რუსეთის პრეზიდენტი მხარს დაუჭერს სერგეი შოიგუს წარმოდგენილი ინიციატივებს, ეს გახდება რუსეთის არმიის ყველაზე დიდი ძირეული რეკონსტრუქცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, ომისა, რომელმაც აშკარად წარმოაჩინა რუსეთი არმიის ორგანიზაციული-სტრუქტურული ხარვეზები.

სხვათა შორის, იმჟამინდელი რუსეთის თავდაცვის მინისტრ, ანატოლი სერდიუკოვის ცვლილებები შეიარაღებული საბჭოთა ეპოქის სტრუქტურულ დემონტაჟს, მსხვილი დივიზიების, უფრო მობილური და თვითკმარი ბრიგადებით ჩანაცვლებას და ასევე სხვადასხვა სახეობის ჯარებს შორის ურთიერთქმედების ამაღლებას ითვალისწინებდა.