რუსეთის ფედერაცია უკრაინასთან გაჭიანურებული, სისხლისმღვრელი და უზომოდ ხარჯიანი ომის ფონზე, მასშტაბურ სამხედრო რეფორმას იწყებს. თავდაცვის მინისტრ, სერგეი შიოგუს, ინიციატივით მნიშვნელოვნად იცვლება როგორც არმიის რიცხოვნობა, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკი. პარალელურად რუსეთის მთავრობა ამკაცრებს კანონმდებლობას და სპეცსამსახურებს მოღალატეების, დივერსანტებისა და ხალხის მტრების გამოვლენას ავალებს.
რუსეთში შეიქმნება ორი ახალი სამხედრო ოლქი, რამდენიმე ახალი დივიზია და სხვა დიდი სამხედრო ფორმირებები, რის შედეგადაც რუსეთის ჯარში სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა იქნება 500 ათასით მეტი, ვიდრე დღესაა და 350 ათასით მეტი, ვიდრე 2023 წლის 1 იანვრიდან უნდა ყოფილიყო. ასევე დაგეგმილია სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის ასაკის სამი წლით გაზრდა. ფორმალურად სამხედრო რეფორმის ავტორი რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუა.
შოიგუს გეგმის ძირითადი პუნქტები
- ორი სტრატეგიული ტერიტორიული გაერთიანების - მოსკოვისა და ლენინგრადის სამხედრო ოლქების შექმნა
- სამი მოტომსროლელი დივიზიის ფორმირება როგორც ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ასევე კარელიაში არმიის კორპუსის სახით.
- შვიდი მოტორიზებული ბრიგადის რეორგანიზაცია მოტომსროლელთა დივიზიებად დასავლეთ, ცენტრალურ, აღმოსავლეთ სამხედრო ოლქებსა და ჩრდილოეთის ფლოტში
- საჰაერო-სადესანტო ძალების ორი ახალი დივიზიის შექმნა
- საზღვაო ქვეითთა ხუთი დივიზიის ფორმირება სამხედრო-საზღვაო ძალების მოქმედი ბრიგადების ბაზაზე
- თითოეული საერთო-საჯარისო და სატანკო არმის უზრუნველყოფა შერეული საჰაერო დივიზიითა და არმიის საავიაციო ბრიგადით, რომლის განკარგულებაში იქნება 80-100 საბრძოლო ვერტმფრენი
- დამატებით საავიაციო დივიზიების სამი სამმართველოს, რვა ბომბდამშენი საავიაციო პოლკის, ერთი გამანადგურებელი საავიაციო პოლკის და არმიის ექვსი საავიაციო ბრიგადის შექმნა
- სამხედრო ოლქების ხუთი საარტილერიო დივიზიის და მაღალი სიმძლავრის საარტილერიო ბრიგადების ჩამოყალიბება სტრატეგიულ მიმართულებებზე
- სამი სარემონტო ქარხნის და გაძლიერებული სარემონტო ქვედანაყოფების შექმნა საჯარისო რგოლების დონეზე
- მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკის 18-დან 21 წლამდე, მაქსიმალური ასაკის კი 27-დან 30 წლამდე ეტაპობრივი გაზარდა
- საბოლოო ჯამში, შეიარაღებული ძალების რიცხვის გაზრდა 1,5 მლნ სამხედრომდე, მათ შორის კონტრაქტით აყვანილი სამხედროებისა - 695 000-მდე .
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დმიტრი გუდკოვის თქმით, შოგიუსა და პუტინის ამ გეგმის უკან დგას სურვილი, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაითრიონ ომში:
„რატომ საუბრობს შოიგუ გაწვევის ასაკის შეცვლაზე? იყო 18-27 წლები, უნდა გახდეს 21-30. ერთი მარტივი მიზეზის გამო: საჭიროა მეტი ხალხი ომისთვის. მათთვის ასაკი არ არის მნიშვნელოვანი, მათთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ სკოლის შემდეგ ბევრი ყმაწვილი აბარებს უმაღლეს სასწავლებელში, რათა ჯარისგან დაიხსნას თავი. ისინი ცხადია ვერ დაიცდიან 21 წლამდე, ვერ გადადებენ ცხოვრების გეგმებს სამომავლოდ. ასე რომ, ეს ძალიან ვერაგული და ეშმაკური ნაბიჯია. და ისინი [პუტინი, შოიგუ], ცხადია, არც ომს დაასრულებენ. ბოლო რუსამდე არ დაასრულებენ“.
რუსი ბლოგერისა და ჟურნალისტის მაიკლ ნაკის თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი ასევე დაჟინებით მოითხოვს, რომ საკონტრაქტო სამსახურში გადასვლა გაწვევის პირველივე დღიდანვე იყოს შესაძლებელი.
„ეს ნიშნავს, რომ წვევამდელი შეიძლება დაუყოვნებლივ ჩააგდონ ხორცსაკეპ მანქანაში, თუ მას აიძულებენ კონტრაქტის გაფორმებას“, - ამბობს მაიკლ ნაკი.
სურვილები და შესაძლებლობები
რის ხარჯზე აპირებს რუსეთის ხელისუფლება სამხედრო რეფორმის გატარებას? რატომ გახდა საჭირო მისი ჩატარება ახლა? გადაჭრის თუ არა შოიგუს გეგმა რუსეთის არმიის იმ პრობლემებს, რომლებმაც თავი იჩინა უკრაინასთან ომში?
მთავარი კითხვა, რომელსაც სამხედრო ექსპერტები სვამენ, ასე ჟღერს: საიდან უნდა „მოიტანონ“ 350 ათასი ახალი ჯარისკაცი?
ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანი საიტი ასახელებს რამდენიმე სავარაუდო პასუხს:
- გამოაცხადებენ ახალ მობილიზაციას
- სამსახურში აიყვანენ მობილიზაციის პირველი ტალღისას გაწვეულ მოქალაქეებს
- არ დაითხოვენ წვევამდელებს, გააფორმებენ მათთან იძულებით კონტრაქტებს
- რუსეთის არმიის შტატში ჩარიცხავენ ე.წ. დონბასისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან მობილიზებულ მამაკაცებს
- რუსეთის არმიის რიგებში მიიღებენ მოხალისეებსა და კერძო სამხედრო კომპანიების მებრძოლებს
2022 წლის 21 სექტემბრის ბრძანებულებით მობილიზებულ ჯარისკაცთა ზუსტი რაოდენობა უცნობია: რუსეთის მთავრობის მტკიცებით, გაწვეული იქნა 318 ათასი ადამიანი, დამოუკიდებელი მედიის მტკიცებით კი - ბევრად მეტი.
საყოველთაო-სავალდებულო სამსახურში წლის განმავლობაში ორჯერ (გაზაფხული-შემოდგომა) ხდება გაწვევა, რასაც 130-140 ათასი ახალგაზრდა ექვემდებარება. 2022 წლის გაზაფხულზე 134,5 ათასი წვევამდელი გაიწვიეს.
დაქირავებულთა და მოხალისეთა რაოდენობა, ღია წყაროების მონაცემებით, რამდენიმე ათეულ ათასს შეადგენს.
რაც შეეხება დონეცკსა და ლუგანსკს, 2014 წლიდან უწყვეტად მიმდინარეობს მობილიზაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელთა საერთო მოსახლეობა დაახლოებით 3,5 მილიონია.
შოიგუს რეფორმის სიცოცხლისუნარიანობა
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის (2007-2012 წწ) ანატოლი სერდიუკოვის მიერ გატარებული რეფორმის მიუხედავად, რუსეთის ჯარში სარდლობისა და კონტროლის სისტემა მაინც საბჭოთა ყაიდისა დარჩა. სპეციალისტების შეფასებით, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება მმართველობას - ქვედანაყოფების ფორმირების საბჭოთა მოდელს, რომელიც ცნობილია "სამი-ოთხი" პრინციპით და, რომლის საფუძველია საბრძოლო განაწესი: მეტყვიამფრქვევე ან ყუმბარმტყორცნი თანაშემწეებით, სნაიპერი და მეავტომატე. სამი-ოთხი ამგვარი განაწესი უკვე ათეულია, რომელსაც სჭირდება ერთი მეთაური, როგორც წესი, სერჟანტი. სამი-ოთხი ასეთი რაზმი ქმნის ოცეულს, რომლის მეთაური ოფიცერია. სამი-ოთხი ოცეული - ასეულია, რომელსაც ჰყავს ერთი მეთაური და მისი ორი მოადგილე ოფიცერი; სამი-ოთხი ასეული ბატალიონია, რომელსაც ჰყავს მეთაური, შტაბის უფროსი, მეთაურის მოადგილე ოფიცრები. სამი-ოთხი ბატალიონი პოლკია და ა.შ.
რუსი სამხედრო ექსპერტის ილია კრამნიკის თქმით, ერთი ოცეულის მეთაურობისთვის საჭიროა ერთი ოფიცერი და ხუთი სერჟანტი, ასეულისთვის - ექვსი ოფიცერი და 15 სერჟანტი, ბატალიონისთვის - 18 ოფიცერი და 45 სერჟანტი. სინამდვილეში კი მეტი მეთაურია საჭირო. რაც უფრო მსხვილია დაჯგუფება, მით მეტი დამხმარე ქვეგანყოფილებაა საჭირო - ინჟინერ-მესანგრეთა, ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო, ნაღმმტყორცნების, კავშირგაბმულობის, დაზვერვის, უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორები და ა.შ.
„ახალი ფორმირებების ჩამოყალიბების გამოცხადებულ გეგმას ორი სერიოზული პრობლემა აქვს. პირველი: სამეთაურო-საშტაბო პერსონალის დეფიციტი ახლად ჩამოყალიბებული ფორმირებებისა და გაერთიანებებისთვის. რუსეთის ჯარი ისედაც ყოველთვის განიცდიდა და განიცდის უნარიანი ოფიცრების ნაკლებობას, - ამბობს სამხედრო ექსპერტი, - მეორე პრობლემა კი ტექნიკის დეფიციტია. ახალი ფორმირებები უნდა შეიქმნას ომის მსვლელობისას, რომელიც შთანთქავს და ანადგურებს არსებულ ტექნიკას, რასაც განახლება ან ახლით ჩანაცვლება სჭირდება“.
კვალიფიციური, გამოცდილი ოფიცრებისა და ჯარისკაცების, ტექნიკისა და საბრძოლო მასალის დეფიციტი ეჭვის ქვეშ აყენებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიერ დაანონსებული ცვლილებების ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობას. როგორც დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი, იგორ სტრელკოვი (გირკინი) ამბობს, ფურცელზე და ფორმალურად, ისედაც „იზრდება“ რუსეთის არმია:
„გუშინ იყო ბრიგადა - დღეს უკვე დივიზიაა! მშვენიერია! თან არ გვჭირდება დიდი რაოდენობით დამატებითი სამხედრო ტექნიკა... ოცეულს დავარქმევთ ასეულს, ასეულს - ბატალიონს, ბატალიონს - პოლკს, პოლკს - ბრიგადას , ბრიგადას - დივიზიას და ა.შ. შედეგად, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალები შეიტყობენ, რა ძალა უპირისპირდება მათ, დაუყოვნებლივ და უბრძოლველად გამოაცხადებენ კაპიტულაციას... და რაც ძალიან მნიშვნელოვანია: ბევრი ახალი თანამდებობა შეიქმნება რუსი გენერლებისთვის“.
"ბრიგადის პრინციპი" საშუალებას იძლეოდა, საჭიროების შემთხვევაში, ბრიგადებისაგან შექმნილიყო საარმიო დაჯგუფება. ამგვარი სისტემა მორგებული იყო შედარებით მცირე მასშტაბის კონფლიქტებში მონაწილეობისათვის. 2012 წელს, ახალი თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს დროს, რუსეთის არმიამ დაიწყო დივიზიებისა და ჯარების აღდგენა. დიდი ომის დროს დივიზიებს უპირატესობა აქვთ ბრიგადებთან შედარებით სწორედ იმ თვალსაზრისით, რომ დივიზიის შემადგენლობაშია საკუთარი, მეტად მრავალფეროვანი ძალები და საშუალებები. ამ ხარვეზის გამოსწორების მცდელობაა აქედან გამომდინარე ვხედავთ პროგრამაში როგორც ახალი საარტილერიო დივიზიების შექმნას, ასევე დივიზიებში დამატებითი ბრიგადების შეყვანას.
სამხედრო ექსპერტი დავიდ გენდელმანის თქმით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, ამ ცვლილებებით გაუმკლავდეს პრობლემას, რაც დაკავშირებულია ცოცხალი ძალისა და შეიარაღების ნაკლებობასთან.
„მთლიანობაში, მიმართულება თავისთავად სწორია. ვინაიდან ომმა, გარდა თვისებრივი ხარვეზებისა, გამოაჩინა რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და საშუალებების რაოდენობრივი ნაკლებობა, დღის წესრიგში დადგა მათი გაზრდის აუცილებლობა, მაგრამ მისი სისრულეში მოყვანა იქნება ძალიან რთული. ყველა ამ ახალი შენაერთისათვის საჭიროა უზარმაზარი მატერიალური რესურსი, რასაც, თავის მხრივ, სჭირდება უახლოეს მომავალში თავდაცვის მრეწველობის საომარ რელსებზე გადაყვანა, რაც არარეალურია ამჟამინდელი ტემპების გათვალისწინებით და მთელი ეს გეგმა ძალიან ჩამოჰგავს მეგალომანიას“.
კუდიანებზე ნადირობა
რუსეთის ხელისუფლება ჯარის რიცხოვნობის გაზრდის პარალელურად ასევე ზრუნავს კანონების გამკაცრებასა და „კუდიანებზე ნადირობის“ წახალისებას. ვლადიმერ პუტინმა მოუწოდა სახელმწიფო უშიშროების სამსახურს, „მკაცრად აღკვეთოს“ უცხოური სადაზვერვო სამსახურების ქმედებები, ოპერატიულად გამოავლინოს მოღალატეები, ჯაშუშები და დივერსანტები. ამის შესახებ პუტინმა განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ მისალოც გამოსვლაში.
პუტინი მიიჩნევს, რომ სპეცსამსახურებმა არ უნდა შეასუსტონ მუშაობა ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და „დაუყოვნებლივ უნდა მოახდინონ რეაგირება მებრძოლ ნაციონალიზმზე, ძალადობისკენ მოწოდებებსა და რუსეთში ეთნიკური სიძულვილის გაღვივებაზე“.
„აუცილებელია სასტიკად აღიკვეთოს უცხოური სადაზვერვო სამსახურების ქმედებები, სწრაფად გამოვლინდეს მოღალატეები, ჯაშუშები და დივერსანტები“, - ამბობს პუტინი.
რუსეთში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 2022 წლის ზაფხულში მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით „მტრის მხარეზე გადასვლა“ მიჩნეულია სახელმწიფო ღალატად, თუმცა ამ მუხლით დაკავებულთა ახლობლები ხშირად აცხადებენ, რომ ბრალდების წაყენება ხდება მტკიცებულებების გარეშე.
2022 წლის 20 დეკემბერს რუსეთის დუმამ მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამუდამო პატიმრობას დივერსიული საქმიანობის ხელშეწყობის, დივერსანტების გადაბირების, დივერსიის დაფინანსების, დივერსანტების წვრთნისა და დივერსიული გაერთიანებების შექმნისთვის.
პუტინის მოწოდებამ, სწრაფად გამოვლინდეს მოღალატეები, ჯაშუშები და დივერსანტები, ბევრს გაახსენა 85 წლის წინანდელი მოვლენები, როცა 1937 წელს, შინსახკომის (НКВД) ათასობით თანამშრომელმა, მათ შორის სახალხო კომისარმა ნიკოლაი ეჟოვმა, მიიღო დირექტივა, დაეწყო კამპანია „კონტრრევოლუციური ელემენტების“ გამოვლენის, დაკავებისა და განადგურების მიზნით.
16 ივლისს ეჟოვმა შეხვედრა გამართა НКВД -ს რეგიონული განყოფილებების ხელმძღვანელებთან, რათა განეხილათ და დაეგეგმათ მომავალი ოპერაცია. ამ შეხვედრის მონაწილემ, НКВД - ს დასავლეთ ციმბირის სამხარეო განყოფილების ხელმძღვანელმა, სერგეი მირონოვმა, მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ ხელქვეითებს ასეთი დავალება მისცა:
„პირველი ოპერაციის ლიმიტი 11 000 კაცია, ეს იმას ნიშნავს, რომ 28 ივლისისათვის 11 ათასი ადამიანი უნდა დააპატიმროთ, თუმცა შეგიძლიათ 12 ათასის, 13 ათასისა და თუნდაც 15 ათასის დაპატიმრებაც. არანაირ დათქმას არ ვაკეთებ, პირველი კატეგორიით (დასახვრეტები) 20 ათასის ადამიანის დაპატიმრებაც შეიძლება “.
ტერორი წმ. გიორგის ლენტით
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მესამე მოსმენით მიიღო კანონი წმინდა გიორგის ლენტის შეურაცხყოფის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. ლენტის საჯარო წაბილწვა ითვალისწინებს ჯარიმას 5 მილიონ რუბლამდე ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამის შესახებ წერს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვებგვერდი. დოკუმენტების მიხედვით, ცვლილებები შევიდა „რუსეთის სამხედრო დიდების დღეებისა და ხსოვნის დღეების შესახებ“ და „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების უკვდავყოფის შესახებ“ კანონებში.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც „გამოიყენებს წმინდა გიორგის ლენტის სიმბოლიკას ისტორიულ მეხსიერებასთან შეუსაბამო მიზნებისთვის“, აღიკვეთება.
2022 წლის მასში კრასნოიარსკის სამხარეო საგამოძიებო კომიტეტმა ნაციზმის რეაბილიტაციის ბრალდებით დააკავა ნორილსკის მკვიდრი მამაკაცი, რომელმაც წმინდა გიორგის ლენტი დაწვა. გამოძიების თქმით, აპრილის ბოლოს 18 წლის მამაკაცმა მესინჯერში გამოაქვეყნა ორი ვიდეო, სადაც ის ცეცხლს უკიდებს წმინდა გიორგის ლენტს და იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდებს მაყურებელსაც.
წმინდა გიორგის ლენტის სამხედრო დიდების სიმბოლოებთან გაიგივების შესახებ კანონპროექტი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში 2022 წლის აპრილში შევიდა. პროექტი პირველი მოსმენით სექტემბერში მიიღეს. ინიციატივის ავტორები არიან მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ გენერალური საბჭოს მდივანი ანდრეი ტურჩაკი და დუმის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ოლგა ზანკო.
წმინდა გიორგის ლენტს, როგორც ე.წ. „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების სიმბოლოს, რუსეთში 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან იყენებენ და ის წარმოადგენს კრემლის პოლიტიკის ლოიალურობის ერთგვარ სიმბოლოს. ნარინჯისფერ-შავი ლენტი ასევე ფართოდ გამოიყენებოდა დონბასის სეპარატისტული მთავრობის მიერ. წმინდა გიორგის ლენტის დემონსტრირება აკრძალულია უკრაინაში, მოლდოვაში, ლატვიასა და ლიტვაში.