სასამართლო სხდომაზე, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ხუთ მოწმეს მოუსმინა და მხარეების ვიდეომტკიცებულებებიც ნახა.
მოსამართლე ვერდიქტს 26 ივლისს გამოიტანს, ამ სხდომაზე გაირკვევა, დააკისრებს თუ არა ის გუკა რჩეულიშვილს ადმინისტრაციულ ჯარიმას, რაც შეიძლება 1500-დან 3000 ლარამდე იყოს.
გუკა რჩეულიშვილი „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე 13 მაისს დააკავეს. სამართალდამცავები მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.
რატომ დააკავეს გუკა რჩეულიშვილი - ოქმის შინაარსი
„2024 წლის 13 მაისს, მოქალაქე გურამ რჩეულიშვილი, იმყოფებოდა აქციაზე, ქალაქ თბილისში, პარლამენტის მიმდებარედ, კერძოდ, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, იგინებოდა, ილანძღებოდა და არ ემორჩილებოდა პოლიციის არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება“, - წერია ოქმში, რომლიც მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა წაიკითხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა სასამართლოს სხდომაზე ოფიციალურ ოქმს სხვა დეტალებიც შეჰმატა:
„ბატონი გურამ რჩეულიშვილი სხვებთან ერთად იმყოფებოდა აქციაზე, რა დროსაც მისი მხრიდან გამოვლინდა აგრესია ლანძღვა-გინებით, არაერთხელ იქნა პოლიციის მხრიდან მოწოდებული, რომ შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება, რაც ბატონმა გურამმა არ გაითვალისწინა...
რა თქმა უნდა, მას აქვს უფლება, გამოხატოს სიტყვის თავისუფლება, თუმცა, ის არ უნდა გადასცდეს კანონით დადგენილ წესებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ ის უნდა იქნას სამართალდამრღვევად ცნობილი როგორც 166-ე, ისე 173-ე მუხლების პირველი ნაწილის დადგენილი წესით“.
სანამ დარბაზში მოწმეები შემოვიდოდნენ - გუკა რჩეულიშვილის სიტყვა
„მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად უდანაშაულო ვარ“, - ასე დაიწყო სიტყვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გუკა რჩეულიშვილმა:
„არცერთ იმ სამართალდარღვევას, რომელსაც ასახელებენ, ადგილი არ ჰქონია. ვსარგებლობდი კონსტიტუციით მონიჭებული უფლებებით, არცერთი მომენტით არ შევკამათებივარ, არცერთი უშვერი სიტყვა არ მიხმარია არცერთ ეტაპზე, არც გამიწევია წინააღმდეგობა. რა უნდა გამეწია, დაკავების მომენტში ჩემზე ფიზიკურად იძალადეს, რასაც თქვენც ნახავთ იმ მასალებში, რომლებიც დაცვის მხარემ მოგაწოდათ.
მართლა გაოგნებული ვიყავით იმით, რაც მოხდა. იმას, რასაც იქ გამოვხატავდი, არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ შევალ ჩემი პოლიტიკური გემოვნების საკითხში... ჩემს მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე მნიშვნელოვანი არის ის, რაც დღეს აქ მოხდება“.
12-13 მაისის ღამე „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტთან გაათენეს, მათთან ერთად გუკა რჩეულიშვილმაც.
გამთენიისას, მეგობრებთან ერთად პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ, ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან ავიდა და სამართალდამცავების კორდონის მოპირდაპირედ აღმოჩდა:
„სამართალდამცავების პირისპირ არ ვმდგარვარ, ჩემს წინ, აქციის მონაწილეთა ორი-სამი რიგი მაინც იდგა“, - იხსენებს გუკა რჩეულიშვილი და ამბობს:
„დაახლოებით ორი საათი ვიდექით იქ. ჩემი იქ დგომის მიზანი იყო, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც პარლამენტის სხდომაზე დასწრებას აპირებდნენ, მიმეწვდინა ხმა და გაეგოთ ჩვენი პოზიცია, თუ რას ვფიქრობდით ამ კანონზე. ამ ორი საათის განმავლობაში არაერთხელ დაიჭირეს სხვადასხვა ადამიანი...
სანამ მე დამიჭერდნენ, წამებით ადრე, ჩემთან ახლოს მდგომი ახალგაზრდა ბიჭის დაკავება დაიწყეს. ერთადერთი ჩარევა და კომუნიკაცია ჩემი მხრიდან სამართალდამცავების მიმართ იყო ის, რომ სიტყვიერად მივმართე - რა ხდება-მეთქი.
თუ სიტყვიერი გამოსარჩლება, „რას შვრებით“, შეიძლება ჩაითვალოს რაიმე სახის ხელის შეშლად, შეგიძლიათ, ჩათვალოთ.
აი, ამ ფრაზის შემდეგ, ორი თუ სამი ადამიანი მეცა და შემათრიეს კორდონში, დაახლოებით 20 მეტრის სიღრმეში ჩამწკრივებული იყო სპეცრაზმი. სანამ ეს კორდონი გამატარეს, ყველა, ვინც კი შორიახლოს იყო, მირტყამდა ხელს“.
მოწმე პატრულ-ინსპექტორები - „არღვევდა წესრიგს, იგინებოდა და დაკავდა“
პირველ მოწმედ სასამართლოს დარბაზში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი, გიორგი გაფრინდაშვილი გამოიძახეს.
მოსამართლეს ეუბნება, რომ სწორედ მან დააკავა გუკა რჩეულიშვილი მას შემდეგ, რაც რამდენიმე მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, რომ შეეწყვიტა ლანძღვა-გინება, გადასულიყო გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე და დამშვიდებულიყო, მისი მოწოდება არ გაითვალისწინა:
„კანონის მიმართ იგინებოდა, სალანძღავ სიტყვებს იყენებდა. მოვუწოდებდი არა მარტო მე, არამედ სხვა პოლიციელებიც. ვეუბნებოდით, რომ გადაწეულიყო, არ გაეგრძელებინა აღნიშნული ქმედება, და რომ არ შეწყვიტა ბატონმა გურამმა არც გინება და არც მოთხოვნას დაემორჩილა, ამის გამო დაკავდა“.
გუკა რჩეულიშვილის ადვოკატის, მარიამ პატარიძის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას სამხრე კამერა ჩართული, რომ გადაეღო როგორ არღვევდა წესრიგს რჩეულიშვილი, მოწმე-ინსპექტორმა უპასუხა, რომ არა:
„აქცია მიმდინარეობდა რამდენიმე დღის განმავლობაში, შესაბამისად, სამხრე კამერა ფიზიკურად ვერ მექნებოდა, დამჯდარი იყო“.
მარიამ პატარიძის კიდევ ერთ კითხვას - გუკა რჩეულიშვილის დაკავებისას [სამართალდამცავების მხრიდან] დანაშაულის შემცველი ნიშნები თუ დაინახა, გიორგი გაფრინდაშვილმა უპასუხა:
„არ დამინახავს“.
„არ დამინახავს“, - იგივე უპასუხა ადვოკატის კითხვას შინაგან საქმეთა სამინისტროს მეორე მოწმემ, კოტე ქავთარაძემაც.
თუმცა კოტე ქავთარაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ აქციაზე სამხრე კამერა ჩართული ჰქონდა:
„კამერა სულ მაქვს თან, ჩართულიც იყო. სავარაუდოდ, ჩანაწერი იყო, ან ხარვეზი აქვს, ან არ ვიცი. მე კამერასთან შეხება არ მაქვს, მე კამერა ყოველთვის ჩართული მაქვს. რა არის, იცით? ჩვენ კამერები გვაქვს, მაგრამ როდესაც ჩაწერა მიმდინარეობს, შემდეგ ჩანაწერების ამოსაღებად გადაეცემა სპეციალურ სამსახურს, შესაბამისად, მე არ ვიცი“.
კოტე ქავთარაძემ, ფაქტობრივად, სიტყვასიტყვით გაიმეორა კოლეგის მონათხრობი, რომ „აქციის მონაწილეების მხრიდან იყო კანონის მიმართ გინება“, რამდენჯერმე მოუწოდეს, რომ შეეწყვიტათ, თუმცა, მას შემდეგ, რაც მოწოდება აქციის მონაწილეებმა ყურად არ იღეს, მათი ნაწილი დააკავეს.
კოტე ქავთარაძეს გუკა რჩეულიშვილის დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამ პროცესს დაახლოებით 5-7 მეტრიდან ადევნებდა თვალს.
რას ჰყვებიან გუკა რჩეულიშვილის მეგობარი-მოწმეები
15 ივლისს, გუკა რჩეულიშვილის დაცვის მხარემ სამი მოწმე, გუკა რჩეულიშვილის მეგობრები, ვაჟა მარი, მარიამ ურუშაძე და სოფიო კუჭავა მიიწვია სასამართლოს დარბაზში.
მათ შორის, ვაჟა მარი, სამართალდამცავებმა იმ დღეს, გუკა რჩეულიშვილთან ერთად დააკავეს და მასაც, ისევე როგორც გუკა რჩეულიშვილს, ფიზიკურად გაუსწორდნენ:
„ვიდექით მშვიდობიანად, დავინახე, რომ ჩოჩქოლი ატყდა, შევეცადე, რომ დავხმარებოდი, მაგრამ ორივე შეგვათრიეს.
გუკასგან დაახლოებით სამი მეტრის დაშორებით ვიდექი. ჩვენი მხრიდან არანაირი შეურაცხმყოფელი შეძახილები არ ყოფილა. არც სხვების მხრიდან გამიგია შეურაცხმყოფელი შეძახილები. ჩვენ მესამე-მეოთხე რიგში ვიდექით, მე ასე მახსოვს...“, - ასე იხსენებს ვაჟა მარი გუკა რჩეულიშვილის დაკავების მომენტს.
მარიამ ურუშაძე, დაცვის მხარის კიდევ ერთი მოწმე, ჰყვება, რომ როდესაც სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს, უკანა რიგებში გადაინაცვლა და დაკავებამდე „ორი წუთით ადრე“ ჩამოშორდა გუკა რჩეულიშვილს. ამიტომ მისი დაკავების მომენტი არ დაუნახავს, თუმცა, ამბობს, რომ მთელი იმ ხნის განმავლობაში, აქციაზე ერთად იდგნენ და არ გაუგია, რომ გუკა რჩეულიშვილი იგინებოდა:
„ყველანი ერთად ვიდექით. არც ჩვენი და არც გუკას მხრიდან, არანაირი გინება არ ყოფილა. არ ვიცი, რა პრინციპით ხდებოდა, მაგრამ პირველ რიგებში ვინც იდგა, რაღაც მომენტში, პოლიცია გამოდიოდა და ამ ხალხს აკავებდა. მივხვდი, რომ იქ ვერ გავჩერდებოდი და ამიტომ უკან დავდექი. პოლიციელების მოწოდებები არ მესმოდა, იქიდან გამომდინარე, რომ სახეზე ნიღბები ეკეთათ და ვერ ვარჩევდი. ერთადერთი ვხედავდი, რომ გვიღებდნენ ფოტოებს“.
გუკა რჩეულიშვილის დაკავების მომენტი არ დაუნახავს არც სოფიო კუჭავას, დაცვის მხარის კიდევ ერთ მოწმეს. როგორც ჰყვება, მეგობრის დაკავებამდე ორი-სამი წუთით ადრე მას ჩამოშორდა, პოლიციელების სიახლოვეს გადაინაცვლა და ვიდეოს გადაღება დაიწყო:
„მე წინ ვიდექი, გუკა ჩემს უკან იყო. გუკა ზოგადად არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც იგინება და იმ დღეს განსაკუთრებით მშვიდად იყო. ერთ კადრსაც კი ვერ იპოვით, სადაც ის ხმამაღლა ლაპარაკობს. ჩვენს წინ იდგა მდუმარე კორდონი. ეს კორდონი პერიოდულად იხსნებოდა, გამოდიოდნენ სამართალდამცავები და აკავებდნენ ადამიანებს.
არანაირი მოწოდება არ ყოფილა მათი მხრიდან. ერთადერთი იყო, რომ უკანა მხრიდან, ნიღბიანი სამართალდამცავები ცუდ რაღაცებს იძახდნენ. გუკას დაკავების მომენტში მე ვიდეოს ვიღებდი. მერე აღმოვაჩინე, რომ თურმე გუკას აკავებდნენ“, - თქვა სოფიო კუჭავამ.
მოწმეთა ჩვენებების შემდეგ, მოსამართლემ მხარეებთან ერთად ვიდეომტკიცებულებები, სხვადასხვა მედიასაშუალების, მათ შორის, რადიო თავისუფლების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები დაათვალიერა.
გუკა რჩეულიშვილის ადვოკატი, მარიამ პატარიძე ამბობს, რომ არც მათ და არც შსს-ს მიერ წარმოდგენილ ვიდეოკადრებში არ ჩანს და ისმის, რომ გუკა რჩეულიშვილი აგრესიულია ან იგინება. კადრები ძირითადად ასახავს გუკა რჩეულიშვილის დაკავების მომენტსა და ამ დროს, სამართალდამცავების ძალადობას.
„ერთ-ერთი ტელეკომპანიის კადრებში კარგად ჩანს, როგორ ელაპარაკება ჟურნალისტი რესპონდენტს და მის უკან რაღაც მომენტში ჩნდება გუკა რჩეულიშვილი და ამ დროს იწყება დაკავება. გიორგი გაფრინდაშვილი და კოტე ქავთარაძე ამბობენ, რომ იმიტომ გადაწყდა მისი დაკავება, რომ მოწოდების მიუხედავად, გინება არ შეწყვიტაო, თუმცა, საქმეში წარმოდგენილი ნეიტრალური მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ეს ასე არ ყოფილა“, - ამბობს მარიამ პატარიძე.
კადრებში ასევე ისმის შეძახილები, „მონა“, „მონა“, თუმცა, ეს შეძახილი არ ეკუთვნის გუკა რჩეულიშვილს:
„დიახ, „არა რუსულ კანონთან“ ერთად იყო შეძახილი, „მონა“, შესაძლოა იყო სხვა სიტყვებიც აქციის მიმდინარეობისას, მაგრამ დღეს ჩვენ არ ვაფასებთ სხვა პირების მხრიდან ჩადენილ სამართალდარღვევებს და არცერთ ვიდეოში, მათ შორის, როდესაც ხდება გურამ რჩეულიშვილის დაკავება, არათუ მისი მხრიდან, არამედ, საერთოდ არ ისმის ამგვარი შეძახილები“, - მიუთითებს გუკა რჩეულიშვილის ადვოკატი და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს მიმართავს:
„წარმოუდგენელია, რომ ადამიანები, თქვენს მიერ მოყვანილი მოწმეები, ხედავდნენ თურმე სამართალდარღვევის ჩადენას და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ შეუმჩნევიათ. ეს საკითხი არსებითი და მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ვიხილეთ გურამ რჩეულიშვილის დაკავების კადრები და მაშინ, როდესაც დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავენ დამკავებლები, ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციისადმი“.
დაკავებისას ნაცემი აქციის მონაწილეები და კითხვები გამოძიებასთან
გუკა რჩეულიშვილი, ისევე როგორც აპრილ-მაისის აქციებზე დაკავებული სხვა არაერთი მოქალაქე, გარდა სავარაუდო სამართალდამრღვევის სტატუსისა, დაზარალებულის სტატუსსაც ატარებს.
მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე გამოძიება მიმდინარეობს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
გამოძიება მაისშივე დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას.
თუმცა, ამ დრომდე, არც გუკა რჩეულიშვილისა და არც სხვების მიმართ ჩადენილ შესაძლო კანონდარღვევაზე, არცერთი სამართალდამცავი არ გამოუვლენიათ.
გუკა რჩეულიშვილმა თავის დაკავებასა და სამართალდამცავების ძალადობაზე რადიო თავისუფლებასთან ჯერ კიდევ მაშინ ილაპარაკა, როდესაც ცემის შედეგად მიღებული დაზიანებები მოშუშებული არ ჰქონდა.
ეს ვიდეო დაცვის მხარემ 15 ივლისს, სასამართლოში, ერთ-ერთ ვიდეომტკიცებულებად წარადგინა.
კონკრეტულად 13 მაისს, იმ დღეს, როდესაც გუკა რჩეულიშვილი დააკავეს, სამართალდამცავებმა აქციის კიდევ 19 მონაწილე დააკავეს. მათ უმრავლესობას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა 15 ივლისს გამოაქვეყნა ანგარიში „აქციები დაკვირვების ქვეშ“, სადაც საუბარია სწორედ სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე.
როგორც ანგარიშში წერია, „უშუალოდ აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეთა დასაკავებლად გამოყენებული ტაქტიკა, რა დროსაც, სავარაუდოდ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ნიღბიანი თანამშრომლებისგან შემდგარი ჯგუფი მიზანში იღებდა ცალკე მდგომ დემონსტრანტებს, წრეში აქცევდა, სამართალდამცველების კორდონისკენ მიათრევდა ან უზღუდავდა ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობას, არ წარმოადგენს კანონიერ საპოლიციო ღონისძიებას. აღნიშნული განსაკუთრებით თვალშისაცემი 13 მაისის დილის აქციაზე იყო“.
აპრილ-მაისში, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათგან 193 - ადმინისტრაციული მუხლით, ხოლო ცხრას გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება.
დაკავებულებიდან ნახევარზე მეტი, სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე მიუთითებდა.
ამავე ანგარიშის თანახმად, სასამართლო პროცესებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სასამართლოზე მტკიცებულებების სტანდარტი „კვლავ უკიდურესად დაბალია“.
მოსამართლეები ძირითადად სწორედ პოლიციელების მონათხრობზე დაყრდნობით, ერთგვარი კონვეიერული წესით იღებენ აქციის მონაწილეთა დაჯარიმების გადაწყვეტილებებს.
ასევე ნახეთ აქციაზე ნაცემი აქტივისტი კახა კვეკვესკირი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმაგამონაკლისი შემთხვევებია, როდესაც მოსამართლეები ან წყვეტენ საქმეს, ან მხოლოდ შენიშვნით შემოიფარგლებიან.
დანარჩენ შემთხვევებში, აქციების დროს დაკავებულებს სოლიდური ჯარიმები ეკისრებათ. მათ შორის, აქციის იმ მონაწილეებსაც, რომლებსაც სამართალდამცავები დაკავებისას სასტიკად გაუსწორდნენ და დღეს მათ დაზარალებულების სტატუსიც აქვთ.
ასევე ნახეთ ჯარიმების „კონვეიერი“ - სასტიკად ნაცემ დავით ქაცარავასაც დასჯიან?8 ივნისს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე სხვადასხვა უწყებიდან და ცხელი ხაზის მეშვეობით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ჯამში 138 შეტყობინებაა შესული.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას.
„მომხდარი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, სამართალდამცავების მიერ გამოყენებული ძალის გადამეტების საკითხის შესწავლის, ასევე გამოძიებისთვის საინტერესო ინდივიდუალურ ეპიზოდებში სამართალდამცავების, მათ შორის სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი პირების იდენტიფიცირებისა და ამოსაცნობი ნიშნების დადგენის მიზნით, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.
მათ შორის, სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან, ინტერნეტ სივრციდან, კერძო ობიექტებიდან და საჯარო უწყებებიდან მიმდინარეობს გამოძიებისთვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერების, სამხრე ვიდეოკამერისა და ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერების ამოღება. ამ დროისთვის ჯამში მხოლოდ 700 საათის ხანგრძლივობის ვიდეომასალაა ამოღებული, რომლის შესწავლაც გამოძიების ფარგლებში დეტალურად მიმდინარეობს“, - წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში, რომელიც 8 ივნისს გავრცელდა.
17 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „აგენტების კანონის“ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ჯარიმები (იმ დროის მონაცემებით) 150 ათას ლარს აღემატებოდა.