ფაქტობრივად, პუტინი უკვე აწარმოებს საარჩევნო კამპანიას უკრაინაში მიმდინარე ომის და ოპოზიციური ველის სრული განადგურების ფონზე. 2024 წლის არჩევნები პუტინისთვის მე-5 საპრეზიდენტო არჩევნები იქნება 2000, 2004, 2012 და 2018 წლების არჩევნების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარება, ბევრი ანალიტიკოსი არ გამორიცხავდა საპრეზიდენტო არჩევნების საერთოდ გადადებას, თუმცა ასე არ მოხდა. რატომ?
8 დეკემბერს ვლადიმირ პუტინმა კრემლში უმასპინძლა სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამშობლოს გმირის დღესთან დაკავშირებით ჯილდოები გადასცა. საზეიმო ნაწილის შემდეგ შეხვედრის მონაწილეები პუტინთან პირისპირ სასაუბროდ მიუშვეს. ერთ-ერთმა „გმირმა“, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა არტიომ ჟოგამ თხოვნით მიმართა პუტინს, კიდევ ერთხელ ეყარა კენჭი რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე:
„თქვენ იმდენი გააკეთეთ ჩვენი დონბასისთვის, რომ მთელი ჩვენი ხალხის, ჩვენი დონბასის, შემოერთებული მიწების სახელით, მინდა გთხოვოთ არჩევნებში მონაწილეობა. თქვენი გადაწყვეტილების წყალობით, ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება და არჩევანის უფლება. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი საქმეა: საჭიროა ინტეგრაცია, სოციალური და ეკონომიკური კავშირების გამყარება... ვისურვებდით ყოველივე ამის გაკეთებას თქვენი ხელმძღვანელობით. თქვენ ჩვენი პრეზიდენტი ხართ, ჩვენ კი თქვენი გუნდი ვართ. თქვენ გვჭირდებით ჩვენ, თქვენ სჭირდებით რუსეთს“.
მეტი დამაჯერებლობისთვის თხოვნის პროცესში არტიომ ჟოგას გვერდით ედგნენ „ფრონტზე დაღუპული ბიჭების“ დედები, ერთი შრომის გმირი, ერთ-ერთი საწარმოს ხელმძღვანელი და ერთიც მაღაროელი იმიერბაიკალის მხარიდან.
„ჩვენ ყველა შევთანხმდით, რომ გვეთხოვა ვლადიმერ ვლადიმიროვიჩისთვის, კენჭი ეყარა პრეზიდენტის არჩევნებში“, - განაცხადა არტიომ ჟოგამ კრემლში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პუტინს „ხალხის თხოვნაზე“ დიდი თავპატიჟი არ დაუდია, მალევე დათანხმდა მეხუთედ გამხდარიყო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი:
„არ დავმალავ, რომ სხვადასხვა დროს განსხვავებული აზრები მქონდა, მაგრამ ახლა მართალი ხართ, ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა. მე ვიყრი კენჭს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე“.
ვლადიმირ პუტინი რუსეთის ფედერაციას მართავს 1999 წლიდან, ბორის ელცინის გადადგომის შემდეგ. 2000-იან წლებში ის ორჯერ აირჩიეს პრეზიდენტად: 2000 და 2004 წლებში, როცა საპრეზიდენტო ვადა ოთხი წლით განისაზღვრებოდა. 2008 წელს პუტინმა და მთავრობის მაშინდელმა მეთაურმა, დმიტრი მედვედევმა ერთგვარი „პოლიტიკური როქი“ გააკეთეს - თანამდებობები გაცვალეს: პრეზიდენტის სავარძელში ჩაჯდა დმიტრი მედვედევი, ხოლო პუტინმა დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
2012 წელს პუტინი მესამე წრეზე წავიდა, ამასთან, იმავე წელს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პრეზიდენტობის ვადა ოთხიდან ექვს წლამდე გაზარდა. 2018 წელს პუტინი მეოთხედ გახდა პრეზიდენტი. 2020 წლის 11 მარტს რუსეთმა პირველი კოსმონავტი ქალის, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, ვალენტინა ტერეშკოვას ინიციატივით, მიიღო ცვლილებები კონსტიტუციაში (ე.წ. პრეზიდენტობის ვადის განულების შესახებ), რომლის მიხედვითაც ვლადიმირ პუტინს შეუძლია პრეზიდენტის არჩევნებში კენჭის ყრა როგორც 2024, ასევე 2030 წელსაც. ვლადიმირ პუტინის საარჩევნო კამპანიებისა და პოლიტიკური მოღვაწეობის ფონი, როგორც წესი, ომები და ე.წ. სპეცოპერაციები - ჩეჩნეთის მეორე ომი, საქართველოსთან ომი, ყირიმის ანექსია, ომი აღმოსავლეთ უკრაინაში, სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში...
ასევე ნახეთ პუტინის სრულწლოვანება +18
არც რუსეთში და არც მის ფარგლებს გარეთ ეჭვი არავის ეპარება იმაში, თუ ვინ გახდება რუსეთის პრეზიდენტი. ჯერ კიდევ 2023 წლის აგვისტოში პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომ პუტინს ხელახლა აირჩევდნენ, ხმათა 90-ზე მეტი პროცენტით და, რომ ასეთი უპირატესობის გამო, არჩევნები "რეალურად დემოკრატია კი არა, ძვირადღირებული ბიუროკრატიაა".
პოლიტიკის ანალიტიკოსი და მწერალი იულია ლატინინა რადიო თავისუფლების რუსული რედაქციისათვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის მმართველ წრეები იყო ერთგვარი შეუთანხმებლობა იმასთან დაკავშირებით, უნდა ჩატარდეს თუ არა არჩევნები.
„ასეთივე უთანხმოება იყო ელცინის გუნდში 1996 წელს: ჩატარდეს არჩევნები თუ არ ჩატარდეს? მომხრეები იყვნენ ა. ჩუბაისი და ოლიგარქები, არჩევნების წინააღმდეგი იყო ა. კორჟაკოვი (ბ. ელცინის დაცვის უფროსი)... - ამბობს იულია ლატინინა, - ახლაც, ჩემი აზრით, მსგავსი ვითარება იყო: ნ. პატრუშევის პირობით პარტიას ნამდვილად არ სურდა არჩევნების დანიშვნა. ეს პარტია ისურვებდა, რომ პუტინს გაეგრძელებინა რუსეთის მართვა „ძალოვანი სტრუქტურების“ რესურსების დახმარებით და, შედეგად, მთლიანად იქნებოდა დამოკიდებული „ძალოვანთა“ კლანზე. მეორე პირობითი პარტია ლიბერალებისა - კირიენკო, სობიანინი, მიშუსტინი... - ისინი, რა თქმა უნდა, ამჯობინებდნენ, რომ პუტინს ემართა არჩევნების გზით, თუნდაც იმიტომ, რომ პოლიტტექნოლოგების მომსახურება დასჭირვებოდა. პუტინმა ეს უკანასკნელი აირჩია“.
იულია ლატინინას თქმით, შედეგის თვალსაზრისით ყველაფერი იმთავითვე ნათელია, რადგან, „ჯერ ერთი, ეს არის პუტინის არჩევნები და მეორეც, ეს საერთოდ არ არის არჩევნები. სინამდვილეში, ეს არის არა პოლიტიკური, არამედ სამხედრო პროცესი. რუსეთის ბედი ახლა ნამდვილად არ წყდება არჩევნებზე. რუსეთის ბედი წყდება ფრონტზე. არჩევნებში ყველა კოზირი პუტინის ხელშია“.
პოლიტოლოგი ალექსანდრ კინევიც შენიშნავს, რომ 2004 წლის შემდეგ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ინტრიგა აღარ ყოფილა, კრემლის მთავარ სამიზნეს კი ყოველთვის წარმოადგენდა არა პუტინის მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი, არამედ აქტივობა.
„პრეზიდენტის არჩევნები საერთაშორისო რეპუტაციის საკითხია, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ოფიციალურ რიტორიკასთან, რომ მოსახლეობის უმრავლესობა პუტინისკენაა”, - აღნიშნავს ალექსანდრ კინევი BBC-ის რუსულ რედაქციასთან საუბარში. მისი თქმით, მიმდინარე არჩევნების მთავარი პრობლემა ამომრჩევლების დაბალი აქტიურობა იქნება, რადგან, აშკარაა, რომ არჩევნებზე არ იქნება არანაირი კონკურენცია. არადა, როგორც კრემლთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, პუტინმა უნდა მიიღოს სულ ცოტა ხმების 80%, ხოლო აქტივობა იყოს 70-80%-ის ფარგლებში.
პუტინის გარდა ვინ შეიძლება იყაროს კენჭი?
სავარაუდოდ, ვლადიმირ პუტინის გარდა, 2024 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის „შეთანხმებული კანდიდატები“ ეყოლებათ სახელმწიფო სათათბიროს პარტიებს: რუსეთის ფედერაციის კომუნისტურ პარტიას, ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას და ე.წ. ახალ ხალხს. შესაძლებელია დაუშვან (ან არ დაუშვან) ლიბერალი კანდიდატები. მედიაში დასახელა ბორის ნადეჟდინისა და გრიგორი იავლინსკის გვარები.
იულია ლატინინას თქმით, პუტინის რეჟიმმა ჯერ კიდევ სურკოვის დროიდან შეიმუშავა ტექნოლოგია, რომლის მიზანი „ფერადი რევოლუციის“ თავიდან აცილებაა, რათა არ მოხდეს ის, რაც მოხდა ბელარუსში, სადაც ლუკაშენკამ არჩევნებში უნებლიეთ დაუშვა კანდიდატი, ვისაც ხალხმა ხმა მისცა.
„პუტინის რუსეთში მიღებული საარჩევნო ტექნოლოგია გულისხმობს იმას, რომ არ დაუშვას არჩევნებზე ისეთი კანდიდატი, რომელიც რამე სახის ენთუზიაზმს გამოიწვევს, რომლის გულისთვისაც ხალხი ქუჩაში გამოვა. ამიტომ, ყველაზე მთავარი, რასაც პუტინი აკეთებს, არის არა ის, რომ ქვეყანაში „ფერადი რევოლუცია“ არ მოხდეს, არამედ ის, რომ ქვეყანაში „ფერადი რევოლუციების“ პირობები არ შეიქმნას. პუტინის მთელი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ არჩევნები ისეთ მოწყენილობასა და ზიზღს იწვევდეს, რომ ხალხს წინასწარ ჰქონდეს ხელი ჩაქნეული. სხვათა შორის, მსგავსი რამ გააკეთა პუტინმა პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებითაც".
ასევე ნახეთ ვინ შეარჩია კრემლმა პუტინის კონკურენტებად?„რუსეთი კონსოლიდირებული ხდება - ასეთი იქნება მთავარი იდეოლოგიური ხაზი. ასევე საარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება კონსერვატიული ღირებულებები, რომ რუსეთი „ოჯახების ოჯახია“, - ამბობს რუსული გამოცემის „კომერსანტის“ წყარო, რომლის თქმითაც, ოჯახური ფასეულობების დაცვის ფარგლებში, რუსეთის ხელისუფლებამ უკვე მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც რუსეთში ექსტრემისტულად გამოცხადდა „ლგბტ მოძრაობა“ და აიკრძალა მისი საქმიანობა.
„პუტინის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება ომთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული განხეთქილების დამალვა, - ამბობს პოლიტოლოგი მიხაილ ვინოგრადოვი, - ამ მიზეზით, კრემლი აგორებს თემას „ერის მობილიზება მტრის წინააღმდეგ“, რათა გაამართლოს ადმინისტრაციული რესურსების მობილიზება არჩევნებში მაღალი აქტივობისა და მხარდაჭერის დასაფიქსირებლად“.
ამომრჩეველთა აქტიურობის მაჩვენებელი შეიძლება გაზარდოს პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის ინიციატივამაც, რომლის თანახმადაც, რუსეთის მოქალაქეებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ საპრეზიდენტო არჩევნებში და ხმა პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ მისცენ ნებისმიერ სხვა კანდიდატს.
„ყველა არჩევნები, თვით ყველაზე გაყალბებულიც, დაეჭვების დროა. ხალხი დაფიქრდება, ვინაა ხელისუფლებაში და რატომ. რუსეთის ოპოზიციის და ყველა პატიოსანი მოქალაქის მთავარი ამოცანაა, მთელი ძალით უპასუხონ ამ ეჭვებს. გავწიოთ აგიტაცია, რომ 71 წლის პუტინი, რომელიც 24 წელიწადი ხელისუფლებაშია, არ უნდა დარჩეს კიდევ 6 წლით. მან რუსეთს ზიანი მოუტანა, ის უნდა წავიდეს“, - ნათქვამია ალექსეი ნავალნის ბლოგპოსტში, რომელიც სოციალური ქსელებით გავრცელდა.
ნავალნის პოზიციას მიესალმა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მიხაილ ხოდორკოვსკი, რომლის თქმითაც, ოპოზიციის საერთო მიზანი უნდა იყოს, აჩვენოს ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ პუტინის მმართველობის გაგრძელება, რომ პუტინი მოჰბეზრდათ არა მხოლოდ პირადად მათ, არამედ თითქმის ყველას.
თუმცა ოპოზიციის გეგმების გასანეიტრალებლად იმოქმედებს როგორც მძლავრი ადმინისტრაციული რესურსი, ასევე ლამის ამოუწურავი შესაძლებლობების სახელმწიფო პროპაგანდა, რომლის ცენტრში, ცხადია, იდგება ვლადიმირ პუტინი.
„პრეზიდენტი პუტინი აქტიურად ეწვევა რეგიონებს და შეხვდება მოსახლეობას. ის აჩვენებს, რომ კარგ ფორმაშია, ღიაა კომუნიკაციისთვის და არ ეშინია ადამიანებთან კონტაქტის", - ვარაუდობს პოლიტიკური სტრატეგი პიოტრ ბისტროვი, რომლის თქმითაც, საარჩევნო კამპანიის დროს პუტინი შეეცდება გააქარწყლოს „ბუნკერში მყოფი პრეზიდენტის“ იმიჯი. პოლიტიკური ტექნოლოგიების სპეციალისტები ასევე ვარაუდობენ, რომ კრემლი პუტინის საარჩევნო კამპანიაში ჩართავს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ვეტერანებსა და „ვოენკორებს“. „კომერსანტის“ მიხედვით კრემლი შეეცდება არჩევნები ჩაატაროს დევიზით: „იმედი, ნდობა, მომავალი“.
„ომის ფონზე, კრემლის ჩანაფიქრის თანახმად, არჩევნებს უნდა ჰქონდეს „ფსიქოთერაპიული ხასიათი, - წერს გამოცემა, - ხალხი ელოდება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დასრულებას, ადამიანები დაიღალნენ, ამიტომ მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ მათ ჩვეულებრივ ცხოვრებას არაფერი ემუქრება და, რომ ქვეყანას გასაგები მომავალი აქვს“.
ანალიტიკოსების ვარაუდით, მარტში დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილების სამი თვით ადრე გამოცხადება დიდწილად უკავშირდება ფრონტზე ვითარების შეცვლას: კიევიდან, ხარკოვიდან, ხერსონიდან უკან დახევის დროს პუტინი გამოიყურებოდა "ლუზერად", ახლა, როცა, უზარმაზარი მსხვერპლის მიუხედავად, უკრაინის კონტრშეტევა ჩავარდა, პუტინი წელში გაიმართა, თუმცა, როგორც ლატინინა ამბობს, მოხდა უფრო უარესი: პუტინმა მოახერხა ჯარისა და ეკონომიკის გადაწყობა, რაც, მისი თქმით, უკრაინის კონტრშეტევის ჩავარდნაზე უარესია.
„ამ ოპერაციის მთავარი მარცხი რუსული არმიის რადიკალური ტრანსფორმაციაა. ამ სიტუაციაში არჩევნებსა და ნავალნის სტრატეგიაზე მსჯელობა ოთახში სპილოს არდანახვაა, რადგან ოთახში სპილო რუსული არმიის რადიკალური, საკმაოდ სერიოზული ტრანსფორმაციაა“, - უთხრა იულია ლატინინამ რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს.