30 ივნისს, უკრაინის საერთო-ეროვნული ტელემარათონის მსვლელობის დროს პირდაპირ ეთერში საუბრისას, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა, ილაპარაკა იმ პროგრესზე, რომელსაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ბახმუტის გარშემო მიაღწიეს.
"თავად ქალაქში (ბახმუტი - რ.თ.) არ შევსულვართ. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბნების კონტროლს.
მთავარი ბრძოლები ახლა ქალაქის გარშემო მიმდინარეობს. და იქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეტევა რამდენიმე მიმართულებით მიდის. ეს არ არის მხოლოდ ფლანგები, არამედ ბევრად უფრო ფართო ფრონტი", - განაცხადა ანა მალიარმა.
ამ განცხადების ფონია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის არშემდგარი ამბოხი, რომელმაც სერიოზული დარტყმა მიაყენა არა მხოლოდ კრემლის იმიჯს, არამედ მძიმედ აისახა ასევე რუსეთის არმიის მორალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
„პუტინის რეჟიმი დასუსტებულია, იგი სტრატეგიულად ძირგამოთხრილია. მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს პრიგოჟინის მხარდამჭერი გენერლებისა და ოფიცრების რიგების წმენდაში. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პროცესი პოზიტიურ გავლენას მოახდენს საბრძოლო მოქმედებების მსვლელობაზე“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს „ახალი გეოპოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ ექსპერტმა, მიხაილო სამუსმა, რომელმაც განმარტა, თუ რაში მდგომარეობს უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული ინიციატივის არსი.
„რუსეთის არმიას არავითარი სტრატეგიული ჩანაფიქრი არ აქვს“
„უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული ინიციატივა მდგომარეობს იმაში, რომ ახლა სწორედ უკრაინის შეიარაღებული ძალები კარნახობენ, თუ რა მიმართულებაზე ჩატარდეს ოპერაციები და რა ხასიათის უნდა იყოს ეს: შეტევითი, თავდაცვითი თუ სხვა.
ანუ ფაქტობრივად რუსეთის არმიას ამჟამად არ შეუძლია ფლობდეს რაიმე ინიციატივას, ვინაიდან მას არ ჰყოფნის რესურსები, არ ჰყოფნის, თავად, სტრატეგიული ჩანაფიქრიც კი, რაც რუსეთის არმიას მისცემდა შესაძლებლობას, წინ წასულიყო, ან თავი დაეცვა.
უკრაინის არმიას კი აქვს სტრატეგიული ჩანაფიქრი და ის გასაგებია: უკრაინის მთელი ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება.
რუსეთის არმიას კი, განსაკუთრებით პრიგოჟინის არშემდგარი პუტჩის შემდეგ, ფაქტობრივად არავითარი სტრატეგიული ჩანაფიქრი აღარ აქვს. საერთოდ გაუგებარია, თუ რატომ განაგრძობს რუსეთი ამ ომს. თუმცა, სრულიად აშკარაა, რომ ის არმია [რუსეთის - რ.თ.] ვერავითარ წარმატებას ვეღარ მიაღწევს“, - დარწმუნებულია მიხაილო სამუსი.
უკრაინაში არ უარყოფენ, რომ მოწინააღმდეგეს ფრონტის ხაზზე და კონკრეტულად ქალაქ ბახმუტისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით, დიდი ძალები ჰყავს მოზიდული, ხოლო უკრაინის არმიას, როგორც ტექნიკის, ისე პირადი შემადგენლობის მხრივ, მოქმედება უხდება „მტრის აბსოლუტური უპირატესობის პირობებში“.
ასევე ნახეთ გენერალი ზალუჟნი ადასტურებს უკრაინის არმიის წინსვლასშუა კვირაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ფრონტზე არსებული სიტუაცია განიხილა აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთან, გენერალ მარკ მილისთან.
უკრაინის თავდაცვის ძალების გარკვეულ წინსვლას ადასტურებს არაერთი სხვა წყაროც, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა და ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW).
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, საჯაროდ ყოველთვის აცხადებს, რომ უკრაინელების კონტრშეტევები მოგერიებულია.
„უკრაინის შეტევა - ეს შოუ არ არის“
ივნისის დასაწყისიდან უკრაინის თავდაცვის ძალები ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში უტევენ რუსეთის საოკუპაციო ჯარების პოზიციებს. ეს ითვლება უკრაინის კონტრშეტევის მოსამზადებელ ფაზად, რასაც სამხედროები „კონტრშეტევის ფორმირების“ აქტიურ ოპერაციას უწოდებენ.
26 ივნისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ ამ პერიოდში, მხოლოდ სამხრეთში გათავისუფლებულია 130კმ² ფართობი.
„რაც შეეხება კონკრეტულად უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის მსვლელობას, რომელიც ორიოდე კვირის წინ დაიწყო, დღეისთვის ტარდება აქტიური დაზვერვა ბრძოლით და კონტრშეტევის ფორმირების აქტიური ოპერაცია სამეთაურო პუნქტების, ღრმა ზურგში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობების, ლოგისტიკური ცენტრებისა და სხვა ელემენტების გასანადგურებლად იმისათვის, რათა შეიქმნას პირობები თავდაცვის იმ ხაზების გასარღვევად, რომლებიც რუსეთმა შექმნა ზაპოროჟიეს ოლქში.
ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებსა და კვირებში, უკრაინის ჯარები უშუალოდ დაიწყებენ ზაპოროჟიეში რუსეთის თავდაცვითი ზღუდეების გარღვევას. ასევე არ გამოვრიცხავ აქტიურ ქმედებებს დონეცკისა და ხერსონის მიმართულებით. ანუ უკრაინის არმია წინ ყველა მიმართულებით იმოძრავებს“, - აცხადებს სამხედრო ექსპერტი მიხაილო სამუსი.
ამ ფონზე უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას ძალიან აღიზიანებს დასავლეთის რიგ სახელმწიფოებში გამოთქმული კომენტარები, რომელთა თანახმად, უკრაინის არმიის შეტევა მოსალოდნელზე ნელა მიმდინარეობდა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ Washington Post-თან ინტერვიუში ილაპარაკა.
ეს არის უკრაინელი გენერლის პირველი დიდი ინტერვიუ უკრაინის არმიის შეტევის დაწყებისა და რუსეთის პროპაგანდის მიერ უკრაინელი მთავარსარდლის დაჭრის შესახებ გავრცელებული ჭორების აგორების შემდეგ.
„ეს არ არის შოუ ან სხვა ამის მსგავსი, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს და რომელზეც ფსონს ჩამოდიან. ყოველი დღე, ყოველი მეტრი სისხლის ფასად გვიჯდება. შესაძლოა ეს გეგმები ისე სწრაფად ვერ ხორციელდება, როგორც შოუს მონაწილეებს ან მაყურებლებს სურთ, მაგრამ ეს მათი პრობლემაა“, - განაცხადა გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა კვლავ მოუწოდა ნატოს ქვეყნებს, რომ სწრაფად მიაწოდონ უკრაინას გამანადგურებელი თვითმფრინავები.
„ბრძოლა თვითმფრინავების გარეშე ეს იგივეა, რაც ცეცხლსასროლი იარაღი მშვილდისრით“, - დასძინა უკრაინელმა გენერალმა. მაგრამ უკრაინის ხელმძღვანელობის ყველაზე ოპტიმისტური გათვლით, უკრაინა პირველ F-16 ტიპის გამანადგურებელს მხოლოდ წლის ბოლოს მიიღებს.
„ლოგიკური იქნება, თუკი ახალი წლისთვის პირველი F-16 მაინც აფრინდება“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.
ასევე ნახეთ "ჩემს მომდევნო დაბადების დღეზე ყირიმში მოვილხენთ“. ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან
„პუტინის რეჟიმი დასუსტებულია, იგი სტრატეგიულად ძირგამოთხრილია“
უკრაინის ხელისუფლება არ მალავს, რომ ფართო კონტშეტევისთვის კარგ წინაპირობას წარმოადგენს რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის არშემდგარი პუტჩი, რომლის შედეგად უკრაინის ფრონტის ხაზზე აღარ იქნებიან და საომარ მოქმედებებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიანი ნაწილის მებრძოლები.
"კიდევ ერთხელ განადგურდა მითი რუსეთის რეჟიმის ურყევობის შესახებ. დანაკარგები განიცადეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო-კოსმოსურმა ძალებმა. და ასევე "ვაგნერი" აღარ მიიღებს მონაწილეობას უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში. და ეს არის რუსეთის ფედერაციის ყველაზე ეფექტური ქვედანაყოფი, რომელსაც შეეძლო წარმატების მიღწევა ნებისმიერ ფასად", - განაცხადა 29 ივნისს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა "უკრაინსკა პრავდასთან" ინტერვიუში.
ასევე ნახეთ ამბოხის მცდელობის შემდეგ “ვაგნერი” უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას აღარ მიიღებს - ბუდანოვიუკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთში შეიარაღებულმა დაპირისპირებამ რუსეთის ხელმძღვანელობის კომპრომისი გამოიწვია. შესაბამისად, აქტუალური ხდება კითხვა, თუ რამდენად აისახება ეს კომპრომისი უკრაინის ფრონტის ხაზზე მყოფი რუსეთის არმიის მორალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და რა გავლენას მოახდენს „უვაგნერელობა“ უკრაინის არმიის საბრძოლო გეგმებზე.
"რაც შეეხება ევგენი პრიგოჟინის არშემდგარი ამბოხების მცდელობის მორალურ-ფსიქოლოგიურ მნიშვნელობას. ჩემი აზრით, ეს იყო დარტყმა უწინარესად რუსეთის ჯარისკაცებისა და ოფიცრების მორალის და მოტივაციის წინააღმდეგ.
რაც შეეხება უკრაინის არმიას, ეს ცოტა რამეს თუ ცვლის. რადგან უკრაინის არმია განაგრძობს თავისი ამოცანების შესრულებას და ტაქტიკურ დონეზე, პრიგოჟინის აჯანყება, მცირედით თუ აისახება საბრძოლო ოპერაციების მსვლელობაზე, რადგან რუსეთის არმიას, ბუნებრივია, არ შეუცვლია თავისი წესები და არ გაუყვანია ფრონტიდან თავისი ჯარები.
ნებისმიერ შემთხვევაში, პუტინის რეჟიმი დასუსტებულია, იგი სტრატეგიულად ძირგამოთხრილია. მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს პრიგოჟინის მხარდამჭერი გენერლებისა და ოფიცრების რიგების წმენდაში. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პროცესი პოზიტიურ გავლენას მოახდენს საბრძოლო მოქმედებების მსვლელობაზე", - დარწმუნებულია მიხაილო სამუსი.
ჯერჯერობით ძნელია დაზუსტებით იმის თქმა, ჰყავდა თუ არა ევგენი პრიგოჟინს მხარდამჭერები რუსეთის გენერალიტეტში და დაიწყება თუ არა მისი რიგების წმენდა.
მიმდინარე კვირაში რამდენიმე დასავლური გამოცემითა და რუსული ინტერნეტარხებით გავრცელდა ცნობები, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მიერ ორგანიზებული ამბოხების გამო, დაკავებული არიან უკრაინაში რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის მოადგილე, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, გენერალი სერგეი სუროვიკინი, მისი მოადგილე, გენერალი ანდრეი იუდინი და ისინი ლეფორტოვოს იზოლატორში იმყოფებიან.
ასევე ნახეთ გენერალი სუროვიკინი დაკითხეს და გაათავისუფლეს - "ვაჟნიე ისტორიი"სუროვიკინის ბედთან დაკავშირებით კრემლმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ასევე არაფერი უთქვამს გენერალზე, რომელიც საჯაროდ ბოლოს 23 ივნისს, „ვაგნერის“ მიერ წამოწყებული ამბოხისა და მოსკოვისკენ „სამართლიანობის მარშის“ დღეს გამოჩნდა.
რუსი გენერალი სერგეი სუროვიკინი, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაური და უკრაინაში რუსული ჯარების მეთაურის მოადგილე, არ დაუპატიმრებიათ, არამედ დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, - ამის შესახებ 29 ივნისს რუსეთის გენერალურ შტაბსა და რუსეთის უშიშროებასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა "ვაჟნიე ისტორიი" იტყობინებოდა.
- 23 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების წინააღმდეგ დაიწყო „სამართლიანობის მარში“.
- 24 ივნისის ღამეს „ვაგნერელებმა“ აღმოსავლეთ უკრაინაში თავიანთი ბაზებიდან პრაქტიკულად წინააღმდეგობის გარეშე გაიარეს როსტოვის ოლქამდე, სადაც უბრძოლველად აიღეს დონის როსტოვი, რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი და რუსული არმიის ერთ-ერთი მთავარი შტაბი. მოგვიანებით მათ მოახერხეს რუსი სამხედროების დაბლოკვა კიდევ ერთ მილიონიან ქალაქში, ვორონეჟში.
- რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ამბოხება, ღალატი და ზურგში დარტყმა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
- აჯანყება შეწყდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინთან მოლაპარაკების შემდეგ. მას ბელარუსში გამგზავრების გარანტიები მისცეს.