რუსეთში ამბოხის მცდელობის შედეგად, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დაქირავებულები უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა "უკრაინსკა პრავდასთან" ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთში შეიარაღებულმა დაპირისპირებამ რუსეთის ხელმძღვანელობის კომპრომისი გამოიწვია.
"კიდევ ერთხელ განადგურდა მითი რუსეთის რეჟიმის ურყევლობის შესახებ. დანაკარგები განიცადეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო-კოსმოსურმა ძალებმა. და ასევე "ვაგნერი" აღარ მიიღებს მონაწილეობას უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში. და ეს არის რუსეთის ფედერაციის ყველაზე ეფექტური ქვედანაყოფი, რომელსაც შეეძლო წარმატების მიღწევა ნებისმიერ ფასად", - მოჰყავს გამოცემას ბუდანოვის სიტყვები.
- 23 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების წინააღმდეგ დაიწყო „სამართლიანობის მარში“.
- 24 ივნისის ღამეს „ვაგნერელებმა“ აღმოსავლეთ უკრაინაში თავიანთი ბაზებიდან პრაქტიკულად წინააღმდეგობის გარეშე გაიარეს როსტოვის ოლქამდე, სადაც უბრძოლველად აიღეს დონის როსტოვი, რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი და რუსული არმიის ერთ-ერთი მთავარი შტაბი. მოგვიანებით მათ მოახერხეს რუსი სამხედროების დაბლოკვა კიდევ ერთ მილიონიან ქალაქში, ვორონეჟში.
- რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ამბოხება, ღალატი და ზურგიდან დარტყმა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
- აჯანყება შეწყდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინთან მოლაპარაკების შემდეგ. მას ბელარუსში გამგზავრების გარანტიები მისცეს.