პირველკლასელი ალექსი 15 სექტემბერს სკოლაში ვერ წავიდა. ალექსის დედა, ეკა ყურაშვილი, ამბობს, რომ მისი შვილი ამ დღეს განსაკუთრებულად ელოდა, თავად შეარჩია ჩანთა და სხვა სასკოლო ნივთები, ახლა კი არ იცის, როდის გამოიყენებს. ეკა ყურაშვილის თქმით, მისი შვილის კლასში სწავლა ჯერ არ დაუწყიათ, რადგან 6 წლის ბავშვებს დამოუკიდებლად არ შეუძლიათ სასწავლო ონლაინპლატფორმის გამოყენება:
„პირველკლასელმა არ იცის სკოლის სისტემა, სწავლის და სწავლების არსი და არასასკოლო გარემოში ამ ყველაფრის გაცნობიერება შეუძლებელია. ბავშვებს სურთ თანატოლებთან ურთიერთობა. მასწავლებელსაც არ იცნობს და ვერანაირად ვერ მოახერხებს ყურადღების კონცენტრირებას კომპიუტერთან ისე, რომ წერა-კითხვა ისწავლოს“.
ეკა ყურაშვილის მსგავსად, სხვა მშობლებმაც გვითხრეს, რომ მათ პირველკლასელ შვილებს სწავლა ჯერ არ დაუწყიათ. კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელების მომხრეა პირველკლასელის დედა ცირა ხუჯაძე: „მშობლის გარეშე ვერ ისწავლიან პირველკლასელები ონლაინ. ბავშვთან ერთად უნდა იჯდეს მშობელი, სხვაგვარად წარმოუდგენელია და იმის გამო, რომ მშობლების დიდი ნაწილი ამას ვერ ახერხებს, სწავლა ჯერ არ დაგვიწყია“.
ასევე ნახეთ დაკეტილი სკოლები - როგორ მოექცა სახელმწიფო უსამართლოდ ბავშვებს და მათ მასწავლებლებს
მოსწავლეთა მშობლები ამბობენ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლის გამკაცრებას ემხრობიან და სკოლაში სწავლის განახლებას არჩევენ. ეკა ყურაშვილის თქმით, თუ პირველი ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში არ განახლდა, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მშობლების ნაწილი იძულებული იქნება შვილს ონლაინსწავლის პროცესში დაეხმაროს და უარი თქვას სამსახურზე, რაც მათ ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს: „ბავშვს სწავლის გარდა კვებაც ხომ უნდა?! თუ არ ვიმუშავე, ეს ჩემს ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს“.
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის პირველი კლასის პედაგოგი თეა იობიძე გვეუბნება, რომ მისი 25 მოსწავლიდან რამდენიმე ონლაინპლატფორმაზე ამ დრომდე ვერ დარეგისტრირდა. თეა იობიძის თქმით, სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისთვის ტექნიკური პრობლემების მოგვარებასთან ერთად მშობლების ჩართულობაა აუცილებელი: „ბავშვებს ონლაინპლატფორმებზე დასარეგისტრირებლად მშობლის დახმარება სჭირდებათ. ამ დროისთვის 21 ბავშვია ჩართული TIMS-ში და დანარჩენებსაც ველოდები, თუმცა მშობლების დახმარების გარეშე შეუძლებელია მათი სწავლების პროცესის წარმართვა. პირველკლასელებს განსხვავებული და ინიდივიდუალური მიდგომა სჭირდებათ, რისი განხორციელებაც ონლაინსწავლებისას წარმოუდგენელია“.
ონლაინსწავლება პრობლემებს მხოლოდ პირველკლასელებს და მათ მშობლებს არ უქმნის. შვილების დასახმარებლად შვებულება აიღო მეორე და მერვეკლასელი შვილების დედამ, ჯული თოხაძემ. მისი თქმით, ონლაინპლატფორმის გამოყენების დროს ხშირად დახმარება ერთდროულად სჭირდება ორივე შვილს, რაც ფიზიკურად შეუძლებელია: „ჩემმა უმცროსმა შვილმა პირველი კლასი ონლაინ დაასრულა და ახლაც ონლაინ განვაახლეთ და იძულებული ვარ მის გვერდით დავჯდე და ვადევნო თვალყური, თუ რას აკეთებს. ორივე ბავშვს ერთდროულად ეწყება გაკვეთილი და მეორე შვილსაც სჭირდება ყურადღება. როგორც კი მასთან გადავალ, პატარას ყურადღება ეფანტება და „კალაპოტიდან ვარდება“.
15 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს, საქართველოს განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ 1 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან დიდ ქალაქებში მცხოვრები მოსწავლეებიც.
ასევე ნახეთ ჩხენკელი: 1 ოქტომბრიდან სწავლა ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება