Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩხენკელი: 1 ოქტომბრიდან სწავლა ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება


საქართველოს განათლების მინისტრი ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მიმართვას აქვეყნებს. მიმართვაში იგი აღნიშნავს, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში, ხოლო დანარჩენ მუნუციპალიტეტებში საკლასო ოთახებში დაიწყო. მისი თქმით, 1-ლი ოქტომბრიდან სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.

მინისტრის მიმართვაში აღნიშნულია, რომ 2020 წელი, პანდემიიდან გამომდინარე, გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის და საქართველოსაც სასწავლო წლის დაწყება უჩვეულო პირობებში უწევს.

„თითოეული მოსწავლის, მასწავლებლის, სტუდენტის, ლექტორისა და თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა ჩვენი ხელისუფლების უპირველესი საზრუნავია“, - ამბობს მინისტრი, რომლის თანახმადაც, გაზაფხულის სემესტრის საფუძველზე, საქართველოს განათლების სამინისტროს ჰიბრიდული სწავლების თვალსაზრისით უკვე საკმაო გამოცდილება დაუგროვდა. მისივე თქმით, დისტანციური სწვლების პროცესში „მნიშვნელოვანი ბურჯი“ იყო პროექტი „ტელესკოლაც“, რომელიც 15 სექტემბრიდან კვლავ განაახლებს მაუწყებლობას.

„იმისათვის, რომ წარმატებით დავძლიოთ ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევა, თითოეული მოქალაქისაგან საჭიროა უდიდესი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენა, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს. მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით შევძლებთ ამ ყველაფერთან გამკლავებას და სასწავლო პროცესი დაუბრუნდება ჩვეულ გარემოს – ყველა სკოლაში დავბრუნდებით საკლასო ოთახებში, ხოლო უნივერსიტეტებში – აუდიტორიებში.

მე, როგორც მინისტრი და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, უდიდეს მადლობას გიხდით თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს, სტუდენტსა და ლექტორს, მშობელს, საგანმანათლებლო დაწესებულებების უკლებლივ ყველა თანამშრომელს თქვენი გამძლეობის, პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის“, - აღნიშნავს მიმართვაში მიხეილ ჩხენკელი.

დღეიდან საქართველოს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

გაზაფხულის შემდეგ, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო სასწავლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, საკლასო ოთახებს მოსწავლეთა მხოლოდ ნაწილი დაუბრუნდა.

ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრად მომატების გამო, ჯერჯერობით ისევ დისტანციური სწავლების რეჟიმზე არიან თბილისის, გორის, რუსთავის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედისა და ხულოს სასწავლო დაწესებულებები. კორონავირუსის გავრცელების გამო, საკლასო ოთახებში სწავლა ჯერჯერობით არ განახლდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზოტსა და ჩხაკაურაში და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში.

საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც სწავლა საკლასო ოთახებში უკვე განახლდა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციების შესრულება მოეთხოვებათ. მათ შორისაა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, მერხებს შორის დისტანციის შენარჩუნება და დამცავი ნიღბების გამოყენება. პირბადე სავალდებულო არ არის მხოლოდ მოსწავლეებისთვის.

XS
SM
MD
LG