უნდოდა, მაგრამ აღარ მიდის - რატომ ცვლიან გეგმებს მოსამართლეები, აშშ-ის სასწავლო ვიზიტამდე?

ფოტოილუსტრაცია

სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებიდან ერთი კვირის თავზე, მათი კოლეგების ნაწილმა უარი თქვა აშშ-ში წასვლაზე იმ სასწავლო პროგრამით, რომელში მონაწილეობაზეც თავად შეიტანეს განაცხადი.

ქართველი მოსამართლეები აშშ-ში, ერთ კვირაში, 22 აპრილს 8-დღით უნდა გამგზავრებულიყვნენ. მათგან სამმა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან ნანა ჯოხაძემ, ბათუმის სასამართლოდან თამარ ბეჟანიშვილმა და თბილისის სასამართლოდან კონსტანტინე კოპალიანმა, უარი თქვა პროგრამაში მონაწილეობაზე.

ცნობა უარზე იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა გაავრცელა. მან კოლეგების ეს ნაბიჯი სოლიდარობის გამოცხადებად შეაფასა, “რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა აშკარად უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ".

სანქცირებული მოსამართლეების მიმართ სოლიდარობა დაადასტურა მოსამართლე ნანა ჯოხაძემ და თქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება “შეურაცხმყოფელი და აღმაშფოთებელია”.

“ჩემი კოლეგების და მით უფრო, მათი ოჯახის სანქცირების გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელი და აღმაშფოთებელი იყო პირადად ჩემთვის. მტკიცებულებების, ფაქტების გარეშე კორუფციაზე საუბარი მიუღებელია, უდანაშაულობის პრეზუმფციის ელემენტარული დარღვევაა… აქედან გამომდინარე, უარი განვაცხადე წასვლასთან დაკავშირებით”, - უთხრა მოსამართლე ნანა ჯოხაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს.

ამ ამბავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი მოსამართლე წევრი, სერგო მეთოფიშვილი გამოეხმაურა საჯაროდ: “ქედს ვიხრი მათ წინაშე და გული მწყდება, რომ მე არ მაქვს საშუალება, მოვიქცე ანალოგიურად”.

სამს, ერთ დღეში დაეწია მეოთხე - მოსამართლე, რომელიც მანამდე ამბობდა, რომ ამერიკულ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი ჰქონდა. ბადრი კოჭლამაზაშვილმა აშშ-ში გამგზავრებაზე უარი იმით ახსნა, რომ "ვიზიტმა მკვეთრად პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა".

"...მოსამართლეთა ნაწილის წასვლა ან წაუსვლელობა გახდა პოლიტიკური შეფასების საგანი, ჩემი პროფესიის მკაცრი სპეციფიკურობის გათვალისწინებით, უარს ვაცხადებ მონაწილეობა მივიღო ისეთ ვიზიტში, რომელმაც პროფესიული დანიშნულების გარდა შეიძინა პოლიტიკური შინაარსიც", - დაწერა მან ფეისბუკის პირად გვერდზე.

ასევე ნახეთ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა აშშ-ში სასწავლო ვიზიტით წასვლაზე უარი განაცხადა სამი დღით ადრე, მოსამართლე კოჭლამაზაშვილი მასზე სხვა მოსამართლეების მხრიდან ზეწოლას დარწმუნებით გამორიცხავდა.

“ეს არის სასწავლო ვიზიტი, რომელიც უკავშირდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომებს. ვინც ამ სხდომებს უძღვება, ვინც იხილავს ამ კატეგორიის დანაშაულებს, ყველანი არიან განმცხადებლები, ერთ-ერთი ვარ მეც. დარწმუნებული ვარ [ზეწოლა არ იქნება], შემარჩიონ ჯერ, რადგან წასვლის სურვილი გამოვხატე, იმიტომაც შევავსე აპლიკაცია. ვნახოთ”, - ამბობდა მოსამართლე ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში 10 აპრილს.

ბადრი კოჭლამაზაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის უვადოდ დანიშნული მოსამართლეა. მის პორტფოლიოში რამდენიმე გამხმაურებული საქმეა, მათ შორის იგი, პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის ჯგუფურად გაფლანგვის საქმეს განიხილავს. თუმცა პროცესები, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეჩერებულია. მანვე განიხილა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ ე.წ. ძიუდოისტის ცემის საქმე, სადაც სრულად უდანაშაულოდ ცნო უგულავა.

“ეს არის თვითსანქცირება”

"გამოდის, რომ მოსამართლეები ამით აკეთებენ თვითსანქცირებას - რადგან [ლევან] მურუსიძე ვერ მიდის, არ უშვებენ, შესაბამისად, თვითონაც იმავე მდგომარეობაში იყენებენ თავს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი და “სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი და მოსამართლეების ამ გადაწყვეტილებას “უპასუხისმგებლოს” უწოდებს.

“ეს დღეები სოციალურ ქსელში იწერება, რომ მოსამართლე, რომელიც ტრენინგში მონაწილეობაზეც კი ვერ იღებს გადაწყვეტილებას თავისუფლად, როგორ შეიძლება მან მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ საქმეზე? ეს ლეგიტიმური კითხვები ჩნდება საზოგადოებაში და მოსამართლეებს ამაზეც უნდა ეფიქრათ. მათი უარი ტრენინგში მონაწილეობაზე, ერთი მხრივ, უხერხულობას ქმნის, მეორე მხრივ, ის აისახება მათ მიმართ და სასამართლოს მიმართ ნდობაზე.

ძალიან ბევრი კონკურსების გავლა უწევთ ადამიანებს, რომ ასეთ პროგრამაში მოხვდნენ. როდესაც ასეთი საშუალება გიჩნდება და არ იყენებ, ე.ი. არც პროფესიული განვითარების ინტერესი არ გაქვს. შენი ინტერესია [ლევან] მურუსიძის, [მიხეილ] ჩინჩალაძის და [ირაკლი] შენგელიას მიმართ გამოხატო ნდობა, მხარდაჭერა, მათ თვალში აღმოჩნდე კარგი თანამშრომელი თუ მეგობარი”, - ამბობს ის.

ჯანეზაშვილისთვის მოსამართლეების საჯარო განცხადებები, რომ პროგრამაზე თავიანთი ნებით თქვეს უარი, არადამაჯერებელია. იგი ვარაუდობს, რომ მათ მიმართ ზეწოლა იყო, რაზეც "არავინ საუბრობს ხმამაღლა”. მისივე სიტყვებით, მათ შესაძლებელია დაემუქრნენ დაქვეითებით, დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებით, სხვა სასამართლოში გადაყვანით... “მექანიზმები ბევრი აქვთ”, - დაამატა მან.

რამდენიმე კვირის წინ, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი მოსამართლეების სანქცირებაზე გაავრცელებდა განცხადებას, აშშ-ში სასწავლო ვიზიტით უკვე წასული იყო ქართველი მოსამართლეების 10-კაციანი ჯგუფი საქართველოს შვიდი სხვადასხვა სასამართლოდან.

ისინი დაესწრნენ სასამართლო პროცესებს, შეხვდნენ იურისტებს, მოსამართლეებს, მათ შორის - დენი ჩინს, რომელთანაც აშშ-ში სააპელაციო პროცესის შესახებ ისაუბრეს. პროგრამის ორგანიზატორების თანახმად, ქართველი მოსამართლეები დაესწრნენ ფედერალურ სააპელაციო დავას აშშ-ის მეორე ოლქის სააპელაციო სასამართლოში და განიხილეს სიტყვის თავისაუფლების დაცვის საკითხები აშშ-ში.

ქართველი მოსამართლეები, ასევე, შეხვდნენ ჟურნალისტთა კომიტეტის წევრებს და ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება და იცავს კომიტეტი ჟურნალისტებს, რომლებსაც მათი საქმიანობის გამო სასამართლო სანქციები ემუქრებათ.

“სოლიდარობის” სხვა მაგალითები

მოსამართლეთა ნაწილმა აშშ-ში ვიზიტზე უარი გასული წლის მაისშიც თქვა, როცა აშშ-ის საელჩომ ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე იმავე პროგრამიდან მოხსნა.

“სოლიდარულ” მოსამართლეებს შორის იყვნენ: ხათუნა ხარჩილავა, ნინო ნაჭყებია, მაია ქოქიაშვილი, გიზო უბილავა, რომეო ტყეშელაშვილი.

ოთხი დღით ადრე, ამას წინ უსწრებდა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება პარლამენტის პლენარულ დარბაზში, სადაც მან თქვა: "ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ, ეს, პირიქით, უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ. საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი". "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებდა იმასაც, რომ ხელისუფლება გვერდით დაუდგება და დაიცავს თითოეულ მოსამართლეს, რომელიც "ბოროტი პოლიტიკური ძალისგან ბულინგისა და ზეწოლის ობიექტი შეიძლება გახდეს".

5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან: თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.