"გერასიმოვის დოქტრინა" - რატომ ჩააბარეს უკრაინასთან ომი გენშტაბის უფროსს?

ვალერი გერასიმოვი, რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდალი,  შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, კოლაჟი

რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლად შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის დანიშვნას "გერასიმოვის დოქტრინის" სახელით ცნობილ  დოკუმენტს უკავშირებენ. "ახალი თაობის ომის" რუსული თეორია, გერასიმოვმა საჯაროდ 2013 წელს წარადგინა, უკრაინაში რუსეთის პირველ შეჭრამდე.

რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლად ორიოდე დღის წინ დანიშნულმა არმიის გენერალმა, ვალერი გერასიმოვმა შეინარჩუნა გენშტაბის უფროსის პოტიც, რომელსაც ის, უკვე 10 წელია, უცვლელად იკავებს.

„გერასიმოვის დოქტრინას“ უწოდებენ საგარეო პოლიტიკურ პროგრამას, რომელიც რუსეთში მტრად მიჩნეული ქვეყნების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიმუშავეს. თუმცა, ამ დოქტრინაში სამხედრო დაპირისპირება მხოლოდ ერთ-ერთ ინსტრუმენტად არის განხილული. დოქტრინა ითვალისწინებს მმართველობის მკაცრ ცენტრალიზაციას.

ვინ არის გერასიმოვი?

67 წლის ვალერი გერასიმოვი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობაში მეორე პირია - შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.

გენერალური შტაბის უფროსის პოსტზე გერასიმოვი 2012 წელს დაინიშნა, მას შემდეგ, რაც მისი კანდიდატურა ვლადიმირ პუტინს, თავადაც ახლადდანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ წარუდგინა. ხოლო უკვე 2016 წელს, პუტინმა გერასიმოვს რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება მიანიჭა. რუსული წყაროები გერასიმოვს, სირიაში 2015 წლიდან დაწყებული სამხედრო ოპერაციის „ორგანიზატორად“ მოიხსენიებენ.

უკრაინის ნახევარკუნძულ ყირიმის ანექსიასა და დონბასში რუსეთის არმიის პირველი შეჭრაში ექსპერტებმა პირდაპირ ამოიცნეს "გერასიმოვის დოქტრინის" მეთოდები. 2015 წელს, უკრაინის სამხედრო პროკურატურამ გერასიმოვი დონბასში გაღვივებული კონფლიქტის „მთავარ იდეოლოგად“ დაასახელა.

2015 წლის აგვისტოში, უკრაინის სამხედრო პროკურორმა ანატოლი მატიოსმა განაცხადა, რომ გერასიმოვის ბრალდება კონკრეტული მასალებით მტკიცდება. უკრაინის მედიის თანახმად, იმავე პერიოდში, უკრაინის უშიშროების სამსახურმა ბრალდების შესახებ შეატყობინა გაუგზავნა გერასიმოვსა და კიდევ 10 რუს სამხედროს, როგორც 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში, ილოვაისკთან მომხდარი შეტაკების ორგანიზატორსა და შემსრულებლებს. არის ცნობები იმის შესახებაც, რომ ამ 11 პირს, გერასიმოვის ჩათვლით, დაუსწრებლად, პატიმრობაც მიუსაჯეს.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, ილოვაისკის ბრძოლაში 400-მდე უკრაინელი სამხედროს დაიღუპვა და კიდევ ასეულობით ადამიანი დაიჭრა. უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბრძოლებში რუსეთის არმიის რეგულარული საჯარისო ფორმირებები მონაწილეობდნენ.

ასევე ნახეთ მოპოვებულია უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მონაწილეობის ახალი მტკიცებულებები

2012 წელს, დანიშვნის შემკდეგ პუტინმა გენერალური შტაბის ახალ უფროსს საჯარო დავალება მისცა, რომ - „ააწყოს სტაბილური პარტნიორობა თავდაცვის სფეროს წამყვან სამრეწველო საწარმოებთან; გააგრძელოს არმიისა და ფლოტის გადაიარაღება; დახვეწოს ჯარების მართვის სტრუქტურა“. თავის მხრივ, გერასიმოვმა პუტინს უთხრა, რომ მისი მთავარი მიზანია „შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების ისეთ მდგომარეობაში შენარჩუნება, რაც იქნება შეიარაღებული ძალებისთვის დაკისრებული ყველა ამოცანის შესრულების გარანტია“.

10 წლის შემდეგ, ექსპერტები უკრაინაში მიმდინარე ომის 10-თვიან პეროდში, სწორედ იმაზე ლაპარაკობენ, რომ რუსეთის არმია სრულიად მოუმზადებელი იყო ამ ომის წარმოებისთვის, გამოვლინდა უამრავი ნაკლოვანება, რაც სპეციალისტებისთვის ჯარების აღჭურვისა და მართვის სისტემურ პრობლემებს ააშკარავებს.

ომის მსვლელობისას, გერასიმოვს მწვავე კრიტიკოსები გამოუჩნდნენ რუსეთშიც და განსაკუთრებით - სამხედრო კორესპონდენტებისა და ბლოგერების რიგებში. გენშტაბს აკრიტიკებდა „ვაგნერის“ დამფუძნებელი - პრიგოჟინი და ჩეჩნეთის ლიდერი - კადიროვიც.

ასევე ნახეთ “გენერალი არმაგედონი” ჩამოალაბორანტეს, პუტინის კარზე კონფლიქტია

სამხედრო კარიერა ვალერი გერასიმოვმა 1977 წელს დაიწყო - ოცეულის მეთაურის პოზიციით და მრავალსაფეხურიან კარიერულ კიბეზე, ის სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ლენინგრადის, მოსკოვისა და ცენტრალურ სამხედრო ოლქებს. გერასიმოვის ბიოგრაფიაში ვხვდებით ეპიზოდებს, როცა ის ოფიცრის პოზიციებზე მსახურობდა პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში, საბჭოთა კავშირის საჯარისო შენაერთების იქ ყოფნის დროს; ხოლო გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში პირადად ხელმძღვანელობდა 144-ე მოტომსროლელი დივიზიის გამოყვანას ესტონეთიდან.

რუსული წყაროების თანახმად, გერასიმოვი დაიბადა მუშების ოჯახში ყაზანში, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალი თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქში. მიღებული აქვს სამხედრო განათლება: ჯერ ყაზანის სუვოროვის სახელობის სამხედრო სასწავლებელში, შემდეგ იქვე - „უმაღლეს სატანკო სარდლობის სასწავლებელში“ და ბოლოს - გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიაც. მას ტანკისტადაც მოიხსენიებენ.

„გერასიმოვის დოქტრინა“

2013 წელს, რუსეთის სამხედრო მეცნიერებათა აკადემიაში, კრებაზე წარმოდგენილ მოხსენებაში, რუსეთის გენშტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა ჩამოაყალიბა არატრადიციული ომის თეორია და გამოიყენა ტერმინი „ახალი თაობის ომი“, როგორც „ჰიბრიდული ომისა“ და „რუხი ზონის“ სინონიმი. ეს თეორია ასევე ჟურნალმა „სამხედრო-სამრეწველო კურიერმა“ დაბეჭდა და „გერასიმოვის დოქტრინის“ სახელით დამკვიდრდა. ამ ყველაფერს კი, წინ უსწრებდა შოიგუსა და გერასიმოვის მიერ წარდგენილი საიდუმლო დოკუმენტის ("რუსეთის ფედერაციის თავდაცვის გეგმის") ხელმოწერა.

გერასიმოვის მიერ გასაჯაროებული თეორიის თანახმად - მტერთან ომის მთავარ იარაღს სამხედრო დაპირისპირება აღარ წარმოადგენს და სხვა ინსტრუმენტებთან სამხედრო ძალის შეფარდება - 4:1-ია. ამ თეორიის თანახმად, პრიორიტეტი ენიჭება ადამიანებზე ფსიქოლოგიურ, საინფორმაციო ზემოქმედებას, სამხედრო ძალით დაშინებასა და ეკონომიკურ წნეხს.

ესპრეტების შეფასებით, რუსეთის „ახალი თაობის ომის“ დოქტრინა ბრძოლის ველად უპირველეს ყოვლისა ადამიანების ტვინებს განიხილავს. ეს არის ერთგვარად ნიადაგის მომზადება შესაძლო ომისთვის. გერასიმოვის მიერ 2013 წელს დეკლარირებული ფორმულის თანახმად, მტერზე ასეთი ზემოქმედების შემდეგ, სამხედრო კონფლიქტი, მისი საჭიროების შემთხვევაში, იქნება ბევრად უფრო იაფი, როგორც ეკონომიკური, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით.

არასამხედრო ბრძოლის ინსტრუმენტებად განიხილება, მაგალითად:

  • ოლიტიკური და დიპლომატიური წნეხი;
  • ეკონომიკური ბლოკადა/სანქციები;
  • პოლიტიკური ოპოზიციის ფორმირება/ოპოზიციური ძალების ამოქმედება;
  • რუსეთის მოწინააღმდეგე ქვეყნის ხელისუფლების შეცვლა;
  • ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი, დაძაბულობის შემცირების ზომების ამოქმედება.

„მთავარი მიზანი ის არის, რომ ხისტი სამხედრო ძალის ალბათობა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი - მოწინააღმდეგის სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის იძულების გზით, რომ მხარი დაუჭიროს თავდამსხმელ ქვეყანას, საკუთარი მთავრობისა და ქვეყნის საზიანოდ“, - წერია „THE JAMESTOWN FOUNDATION“-ის მიერ, 2019 წელს გამოქვეყნებულ კრებულში.

2022 წელს, როცა რუსეთი კვლავ შეიჭრა უკრაინაში, რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად ანალიტიკოსები ასახელებდნენ მცდარ შეხედულებას - რომ რუს სამხედროებს უკრაინელები ყვავილებით დახვდებოდნენ და გამარჯვებაც „ბლიც კრიგით“ იქნებოდა შესაძლებელი. უკრაინელი ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ შესაბამისი ნიადაგის მოსამზადებლად, უკრაინაში რუსეთი წლების განმავლობაში მუშაობდა და საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავდა; მაგრამ საბოლოოდ, მოლოდინი არ გაუმართლდა - უკრაინელმა ხალხმა არ მოინდომა თავისუფლების დაკარგვა, ერთ მუშტად შეიკრა და ბრძოლას სრულ გამარჯვებამდე გეგმავს.

უკრაინასთან ერთად, "გერასიმოვის" დოქტრინის ჭრილში ანალიტიკოსები ხშირად ახსენებენ საქართველოს და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს.

რუსი მიმომხილველი, ზახარ ვინოგრადოვი, რომელიც სახელისუფლებო მედიასთან თანამშრომლობს, გამოთქვამს მოსაზრებას, რომ რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის პოსტისთვის გერასიმოვი სწორედ მისი სახელით ცნობილი დოქტრინის გამო შეარჩიეს. ამ კუთხით ვინოგრადოვი ყურადღებას ამახვილებს ცენტრალიზებული მართვის კონცეფციაზე, რომელიც ამ დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი ხაზია.

„[დოქტრინის მიხედვით] ძლიერი ცენტრალიზაცია შეეხება არა მხოლოდ სამხედრო და სახელმწიფო მმართველობას; არამედ სრულ მმართველობას - მატერიალური რესურსების, ჯარის, დიპლომატიური უწყებების, პოლიტიკური რესურსის, საინფორმაციო რესურსების მართვას... გერასიმოვის აზრით, სწორედ ასეთი მკაცრად ერთიანი მართვის გარეშე, ქვეყანის რყევის წინაპირობები იქმნება“, - წერს ზახარ ვინოგრადოვი და მისი შეფასებით „სამხედრო და სამოქალაქო რესურსების ცენტრალიზაცია ქმნის საფუძველს ჯარის მასშტაბური გადაწყვეტილებებისთვის, ჯარის ყველანაირი საჭიროებით უზრუნველყოფისთვის“.

ვინოგრადოვი ასევე წერს, რომ „გერასიმოვის დოქტრინაში“ თეორიული ხედვები ახლა პრაქტიკაში უნდა გამოიცადოს.