რატომ უნდა ვეძებოთ ტყვია შვილებში?

ნათიას ორი შვილი ჰყავს. მისი შვილები ზუსტად იმ ასაკისანი არიან, რომლებსაც გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, სისხლში ტყვიის შემცველობის გამოკვლევა უტარდებათ. გამოკვლევები საქართველოს მასშტაბით უკვე მესამე თვეა მიმდინარეობს და დეკემბრის ბოლოს დასრულდება. 2-დან 7 წლამდე ბავშვებს, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ვენიდან სისხლის ნიმუშს უღებენ, რომელიც შესამოწმებლად იტალიაში იგზავნება. მოხვდებიან თუ არა ნათიას შვილები ამ გამოკვლევაში, არ იცის, თუმცა, ამბობს, რომ ტესტის ჩატარებაზე უარს არ იტყვის:

„ამ ასაკში ტყვიის მომეტებული შემცველობა ჩემი შვილების განვითარებისთვის და ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში და საზიანოა. ის, რომ კვლევა ტარდება, ძალიან კარგია და გარდა იმ მიზნისა, რაც აქვს დასახული, რომ დადგინდეს რამდენად მასშტაბურია ეს პრობლემა და რა შეიძლება იყოს წყარო, ასევე კარგი საშუალებაა, საკუთარი შვილის შემოწმებისთვის. ის ანალიზები, რასაც სხვადასხვა კლინიკა გვთავაზობს, არც ისე იაფი ღირს და თუ რამდენიმე შვილი გყავს, საკმაოდ სოლიდური თანხა ჯდება. ამას გარდა, იმდენად ბევრმა კლინიკამ დაიწყო ამ ტიპის ანალიზების გაკეთება, რომ მათ სანდოობაში შეიძლება ეჭვიც შეიტანო. ამ გამოკვლევაში მონაწილეობის შემთხვევაში კი მგონია, რომ ანალიზის პასუხებიც უფრო დამაჯერებელია და თან ეს პროცედურაც ნაკლებად სტრესულია ბავშვისთვის, როცა სახლში მოდიან მისთვის სისხლის ასაღებად. მეორე საკითხია, რას ვშვრებით, თუკი ბავშვის სისხლში მომატებული ტყვიის შემცველობა აღმოაჩნდება და ვერ ვადგენთ წყაროს ან მკურნალობაზე ხელი აღარ მიგვიწვდება. დარწმუნებული ვარ, ასეთი შემთხვევები ბევრი იქნება და ალბათ, ამაზეც უკვე უნდა დაიწყოს ფიქრი სახელმწიფომ, რა იქნება მათი შემდგომი ნაბიჯი, როცა კვლევა დასრულდება“.

მიმდინარე წლის სექტემბერში, საქართველოში შინამეურნეობათა, ანუ ოჯახების ერთ-ერთი უდიდესი გამოკვლევა დაიწყო. გამოკვლევის შედეგად უნდა შეგროვდეს მონაცემები ოჯახების, ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესახებ ქვეყნის მასშტაბით. სწორედ ამ გამოკვლევის ფარგლებში ჩაიდო ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის მაჩვენებლის გამოვლენაც. გამოკვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით დაიგეგმა, რაც საქართველოს მასშტაბით 1500 ბავშვის სისხლის ნიმუშის აღებასა და ამ გზით, პრობლების იდენტიფიცირებასა და საერთო სურათის დანახვას გულისხმობს. სისხლის ნიმუშები გამოსაკვლევად იტალიის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიგზავნება. საბოლოო პასუხები 2019 წლის გაზაფხულზე, სავარაუდოდ, მარტში გახდება ცნობილი. ანალიზის პასუხები პირადად დაეგზავნება გამოკვლევაში მონაწილე თითოეული ბავშვის მშობელს.

ასევე ნახეთ ბავშვებში ტყვიის შემცველობის დასადგენად 20 სექტემბრიდან კვლევა იწყება

ვინ და რა პირობებში ატარებს ტესტს სისხლში ტყვიის შემცველობაზე?

სისხლის ანალიზის აღებას უზრუნველყოფს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. მათი განმარტებით, დღეის მონაცემებით, გამოკვლევაში ჩართვის მაჩვენებელი 60%-ს შეადგენს და მშობლების მნიშვნელოვანი ნაწილი უარს ამბობს შვილისათვის ტესტის ჩატარებაზე. ამ მხრივ განსაკუთრებით რთულადაა მდგომარეობა დედაქალაქში.

კვლევა არანაირ ზიანს არ აყენებს არც ბავშვსა და არც მის ოჯახს.

ლელა სტურუა არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ იმისათვის, რომ გამოკვლევებმა 95%-იანი სიზუსტე აჩვენოს, საჭიროა 1500-მდე ბავშვის გამოკვლევა და აუცილებელია, რომ მშობელთა ჩართულობა იყოს მაქსიმალურად მაღალი. როგორც ის ამბობს, მშობლების ნაწილი გამოკვლევაზე უარის მიზეზად ბავშვების პედიატრებს ასახელებენ, რომლებიც მათი თქმით, არ ურჩევენ მშობლებს მონაწილეობა მიიღონ გამოკვლევაში. ნაწილი კი თვლის, რომ სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის გამოვლენის შემთხვევაში არაფერი შეიცვლება და ტესტის გაკეთების მიზანს ვერ ხედავენ. ნაწილი კი უფრთხის სისხლის ანალიზის აღებას იმ მიზეზით, რომ შესაძლოა, ბავშვს რაიმე ზიანი მიადგეს: „სისხლის ანალიზს ვაკეთებთ სახლში. ჯგუფში შედის მაღალკვალიფიციური ფლებოტომისტი; პირი, რომელიც ბავშვის ფიზიკურ მონაცემებს ამოწმებს და ინტერვიუერი. დაცულია აბსოლუტურად ყველა ჰიგიენურ-სანიტარული ნორმა. კვლევა არანაირ ზიანს არ აყენებს არც ბავშვსა და არც მის ოჯახს. აღსანიშნავია, რომ თითოეული ოჯახი მიიღებს ტესტის პასუხს და თუკი ბავშვის სისხლში აღმოჩნდება ტყვია, ოჯახი მიიღებს შეთავაზებას გაიაროს პირველადი კონსულტაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრში და შემდეგ უკვე იაშვილის კლინიკაში, სადაც თუკი საჭირო გახდება, დაიგეგმება დამატებითი ღონისძიებები“.

რატომ უნდა ჩატარდეს გამოკვლევა სისხლში ტყვიის შემცველობაზე?

მცდარია მოსაზრება, რომ არ არსებობს მკურნალობის გზები

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, გამოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყება მორიგი ეტაპი, რათა დადგინდეს წყარო, რომელიც იწვევს ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალ შემცველობას. ანდრია ნადირაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის სტატისტიკის და მონიტორინგის ოფიცერი ამბობს, რომ წყაროს დასადგენად, ოჯახებს, რომლებიც გამოკვლევაში მონაწილეობენ, დაურიგდებათ სპეციალური კითხვარი: „სისხლის აღებიდან ორი კვირის შემდეგ, ოჯახს კვლავ ვუკავშირდებით და ოჯახი ავსებს სპეციალურ კითხვარს, რომელმაც უნდა გაგვიყვანოს სავარაუდო წყაროებზე. კითხვარი მოიცავს კითხვებს, მაგალითად, როდის შეღებეთ სახლი, როგორი წყლის მილები გაქვთ, არის თუ არა თქვენი საცხოვრებლის სიახლოვეს ავტომობილების შემკეთებელი პუნქტი ან ბენზინგასამართი სადგური და ა.შ. სისხლის ანალიზის შედეგებისა და ამ კითხვარში მიღებული პასუხების შედარებით, ჩვენ შევეცდებით დავადგინოთ წყარო, თუ რა შეიძლება იყოს მიზეზი ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობის მატებისა. ჩვენ ამ გამოკვლევის შედეგად მივიღებთ ინფორმაციას თუ რამდენად სერიოზულად დგას ქვეყანაში სისხლში ტყვიის შემცველობის პრობლემა და ასევე საიდან, რა წყაროდან მოდის ეს პრობლემა. მთავარია, რომ ბავშვი მოვაცილოთ წყაროს. თუკი სათამაშოა ამის მიზეზი, მოვაცილოთ სათამაშოს, თუკი საღებავია, მაშინ ჩამოვფხიკოთ საღებავი და ა.შ. მცდარია მოსაზრება, რომ არ არსებობს მკურნალობის გზები და რა აზრი აქვს ამ გამოკვლევის ჩატარებას, თუკი ბავშვის სისხლში მომატებულია ტყვიის შემცველობა, ბავშვებს ვამისამართებთ ტოქსიკოლოგებთან. ხოლო, როდესაც განსაკუთრებული შემთხვევაა, აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვაქვს კავშირი ემორის უნივერსიტეტთან და ამ უნივერსიტეტის სპეციალისტები, ქართველ სპეციალისტებთან ერთად ერთვებიან პროცესში“.

სისხლში ტყვიის რა რაოდენობის შემცველობა ითვლება ნორმად?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, ზოგადად, სისხლში საერთოდ არ უნდა იყოს არანაირი რაოდენობის ტყვია. თუმცა, ისევე როგორც ამერიკა, საქართველო იყენებს რეკომენდაციას, რომ თუკი სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მიკროგრამ დეცილიტრზე მეტია, ის აჭარბებს ნორმას და უნდა დაიწყოს პრობლემის ძიება.

რას იწვევს სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა?

ტყვია ორგანიზმში აქვეითებს ბავშვის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, იწვევს ანემიას.

ტყვია მძიმე, ტოქსიკური ლითონია, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მცირე ოდენობითაც კი საზიანოა. ტყვია ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს შესუნთქვით, საკვებით, სითხის მიღებით. ტყვიას შეიცავს საწვავი და საღებავი, ეს ნივთიერება შეიძლება აღმოჩნდეს კოსმეტიკასა და სათამაშოებში.

სისხლში ტყვიის შემცველობის გამოკვლევა საქართველოს რამდენიმე კლინიკაშია შესაძლებელი და გამოკვლევის საფასური დაახლოებით 120 ლარს შეადგენს.

ასევე ნახეთ როგორ აღმოვაჩინოთ და ვუმკურნალოთ ტყვიას სისხლში

საქართველოში ჰაერში ტყვიის გადაჭარბებული რაოდენობა ოფიციალურად არ დასტურდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ტყვიის შემცველობა ატმოსფერულ ჰაერში დასაშვებ ნორმაზე მნიშვნელოვნად მცირეა. ამავეს ამტკიცებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოხედვის”თბილისში ჩატარებული ორთვიანი გამოკვლევაც. კვლევის ავტორების აზრით, დედაქალაქის ჰაერს უფრო მასშტაბური და ხანგრძლივი შესწავლა სჭირდება.