26 დეკლარაციიდან, რომელიც უკრაინაში შეჭრამდე და შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ, გასულ წელს მიიღო ევროკავშირმა და მეტწილად სანქციებს შეეხებოდა, საქართველო მხოლოდ სამს შეუერთდა.
სანქციებზე არ მიერთებას საქართველოს მმართველი გუნდი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ხსნის. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ხშირად იმეორებს, რომ ორმხრივი სანქციების დაწესების შემთხვევაში "საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ზიანს მივაყენებთ საკუთარ ხალხს, თუ ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ რუსეთს".
16 მაისს, როდესაც ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა "შეშფოთება" გამოთქვა რუსეთის მხრიდან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე საქართველოს თანხმობის გამო, იქვე დასძინა, რომ საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან წლიდან წლამდე მცირდება. ევროკომისიის წარმომადგენელმა რიცხვები მოყვანა იმის საილუსტრაციოდ, სად დგას დღეს საქართველო.
"ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციებთან საქართველოს მიერთების შარშანაც დაბალი მაჩვენებელი 44%-დან წელს, ამდროინდელი მონაცემებით, კიდევ უფრო, 31%-მდე შემცირდა", - თქვა სტანომ.
ასევე ნახეთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს - სტანო რუსეთთან ფრენების აღდგენაზეევროკომისიის ბოლო ანალიტიკურ ანგარიშში, რომელიც 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნდა, წერია, რომ ასოცირების შეთანხმების (AA) წლებში საქართველოს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) დეკლარაციებსა და შემაკავებელ ზომებთან მიერთების 43-61%-იანი შესაბამისობის მაჩვენებელი ჰქონდა, ბოლოდროინდელი მონაცემებით კი დეკლარაციებთან მიერთების მაჩვენებელი შემცირებულია.
ამავე ანგარიშის მიხედვით, ბოლო პერიოდში, ძირითადად, ევროპის მშვიდობის ხელშეწყობის ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებშია გაუმჯობესებული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში (CSDP) თანამშრომლობა.
ევროკომისიის დასკვნაში წერია, რომ "საჭიროა დამატებითი ძალისხმევა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში თანხვედრის გასაზრდელად, კერძოდ, ევროკავშირის განცხადებებსა და გადაწყვეტილებებთან მიერთება, ასევე შემაკავებელი ზომების გამოყენება, სადაც და როცა იქნება საჭირო".
როგორ აცდა საქართველო EU-ის საგარეო პოლიტიკას?
18 მაისს გამოცემა Civil.ge-მ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტის, ეკა აკობიას ავტორობით გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია - "საქართველოს აცდენა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან", სადაც საუბარია იმაზე, რომ "პრობლემა არა მხოლოდ რაოდენობრივია, არამედ ხარისხობრივიც".
სტატიის ავტორი ევროკავშირის საბჭოს რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2022 წელს გაერთიანებამ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში 107 დეკლარაცია გამოსცა, საიდანაც საქართველო მხოლოდ 51-ს მიუერთდა, ანუ მხოლოდ 48%-ს. ამ მხრივ, საქართველო ჩამორჩება უკრაინისა (91%) და მოლდოვის (60%) მონაცემებსაც.
გასულ წელს ევროკავშირმა 26 დეკლარაცია გამოსცა, რომლითაც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სანქციები დაუწესა. საქართველო მათგან მხოლოდ სამს მიუერთდა, რაც უკრაინაში, "დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების არაკონტროლირებად ტერიტორიებს" ეხებოდა. "ამ სამ დეკლარაციასთან მიერთება, როგორც ჩანს, გამოხატავს საქართველოს თანმიმდევრულობას, შეეწინააღმდეგოს არაღიარებული ოკუპირებული/ანექსირებული რეჟიმების ლეგიტიმაციას, რაზეც თბილისი მიიჩნევს, რომ ეს რეჟიმები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რეჟიმების მსგავსია", - შენიშნავს აკობია.
იგი განსაკუთრებით საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ საქართველო არ მიერთებია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ისეთ დეკლარაციებს, რომლებიც ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს (2022 წლის 16 მაისი) და ადამიანის უფლებათა დღეს (2022 წლის 9 დეკემბერი) მიეძღვნა.
ამას გარდა, გასული წლის ანალიზით ეკა აკობიამ ისიც აღმოაჩინა, რომ 2022 წლის ივლისში საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის დეკლარაციას რუსეთში "უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ" კანონის შემოღების 10 წლისთავზე: "ეს გადაწყვეტილება მიიღეს რამდენიმე თვით ადრე, სანამ მმართველი უმრავლესობა ["ქართული ოცნება"] მსგავს კანონპროექტს დაუჭერდა მხარს საქართველოს პარლამენტში".
ეკა აკობია, რომელმაც საქართველოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრა არა მხოლოდ რაოდენობრივად, თემატურადაც შეისწავლა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ხსნის, რომ საქართველოს მხრიდან ასეთი ნაბიჯები, შესაძლოა, სიფრთხილეს გამოხატავდეს, თუმცა "არის საკითხები, სადაც იმდენად ოდიოზური და ავტორიტარული პრაქტიკებია სანქციების საგანი, საქართველომ ძალიან ყურადღებით უნდა განიხილოს ევროკავშირის ასეთ რეზოლუციებთან მიერთება-არმიერთება".
აკობიას შეფასებით, საქართველოსთან მიმართებით საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მწვავე განცხადებები, მათ შორის, იმით არის განპირობებული, რომ საქართველო უკვე არა ასოცირებული ქვეყანაა, არამედ აქვს ევროპული პერსპექტივა და განიხილება მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
"ეს უკვე არის გაწევრიანების პროცესის დასაწყისი და ბუნებრივია, პირდაპირი მოწოდებებია ამაზე, რომ გაწევრიანების პროცესის დაწყების დროს, ნებისმიერი მსურველი ქვეყანა ზრდის მის თანხვედრას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. როდესაც ამის ფონზე [თავსებადობის] ვარდნა გრძელდება, ეს, ბუნებრივია, ევროკავშირის მხრიდან კითხვის ნიშნებს იწვევს. ევროკავშირი გაწევრიანების პროცესს, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივია, იყენებს ასპირანტ ქვეყნებში ინსტიტუციური მდგრადობისა და ღირებულებითი თავსებადობის საკითხების გასაღრმავებლად და გასაუმჯობესებლად.
ევროკავშირის ოფიციალური პირების მხრიდან განცხადებები ზუსტად აქეთკენაა მიმართული, რომ საქართველომ თავისი სამთავრობო, სამოქალაქო უწყებებისა და ორგანიზაციების გათვალისწინებითა და ჩართულობით, ყურადღება მიაქციოს ამ პრობლემას", - ამბობს აკობია.
"ხელისუფლების ნაბიჯები სიფრთხილის პოლიტიკას სცდება"
ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის "ხმამაღალ" განცხადებაში ის პოლიტიკა და ის ნაბიჯები იგულისხმება, რაც "ქართულმა ოცნებამ" გადადგა ბოლო პერიოდშიო, გვეუბნება EPRC-ს უფროსი მკვლევარი, გიგი გიგიაძე, რომელიც წარსულში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და დანიაში საქართველოს ელჩი იყო.
"ეს არა მხოლოდ რუსების მიმართ მაამებლური პოლიტიკაა, არამედ, ევროკავშირის და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია", - ამბობს გიგიაძე და აღნიშნავს, რომ 2012 წელს დაწყებული რუსეთის "არგაღიზიანების პოლიტიკის" რიტორიკა ანტიევროპულ გზავნილებში გადაიზარდა. მისივე სიტყვებით, ის ნაბიჯები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დგამს, მნიშვნელოვნად სცილდება "სიფრთხილის პოლიტიკას".
"გასული წლის თებერვლიდან მმართველი გუნდი დაუფარავად გამოდის ანტიევროპული გზავნილებით, პირდაპირ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპასთან დაახლოებას, გვესმის განცხადებები, მაგალითად: "ასეთი ევროპა ჩვენ არ გვინდა". ამით პირდაპირ ცდილობს საზოგადოებაში ამ ნარატივის გაღვივებას. ამ რიტორიკის მიუხედავად, ბოლო გამოკითხვები ცხადყოფს, რომ პროევროპული განწყობები იზრდება. ძალიან კარგად ხედავს ამას ევროპა, კარგად ესმით ევროპელ პარტნიორებს, რაც ხდება დღეს საქართველოში".
ასევე ნახეთ IRI: მოსახლეობის 89% EU-ში, 80% კი NATO-ში გაწევრიანების მომხრეა ასევე ნახეთ NDI: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებააგიგიაძის თქმით, გაცხადებული პროევროპული კურსის მიუხედავად, ხელისუფლება, რეალურად, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას.
"მათ მიერ არჩეული ეს ორწახნაგოვანი პოლიტიკა - რომლითაც, ერთის მხრივ, უნდა დაერწმუნებინათ ევროპელები, რომ ეს ხელისუფლება პროევროპულია, მეორეს მხრივ, სრულიად წარმოუდგენელი დემოკრატიული რეგრესი ქვეყანაში - მკაფიო ხდება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის", - განმარტავს გიგი გიგიაძე და ჩამოთვლის ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულ ისეთ მოვლენებს, რამაც, მისივე აზრით, რეგრესი გამოიწვია:
- "გასულ წელს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე წამყვანი კრიტიკული არხის გენერალური მენეჯერის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება;
- მიმდინარე წლის მარტში რუსული სულისკვეთებით განმსჭვალული კანონმდებლობის მიღების მცდელობა, რომელიც ქართველი ხალხის ძალისხმევით უკან გაიწვიეს;
- და უკვე ბოლო პერიოდში, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა - ესაა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც სრულიად შეუსაბამოა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან".
გიგიაძე დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე მიერთების პროცენტულობის შემცირება იმ პოლიტიკური ხაზის გაძლიერებას ადასტურებს, რასაც ჰქვია "ევროკავშირის გზიდან საქართველოს ჩამოშორება და საქართველოს პოზიციონირება რუსეთისკენ". "[ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის] განცხადება პირდაპირ ახდენს ვიზუალიზაციას და ციფრებში, დათვლით გვაძლევს იმის აღქმის შესაძლებლობას, როგორ მცირდება საქართველოს მიერთება ევროკავშირის გადაწყვეტილებებთან, რაც, თავისთავად, "ქართული ოცნების" რეალურ პოლიტიკას ცხადყოფს"- ამბობს გიგიაძე.