პაციენტები ჰყვებიან, რომ მოლოდინის დრო ბოლო წლებში მკვეთრად შემცირდა. ამასთან, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის ფონზე ზოგ რეგიონში წამლების დიდი დეფიციტი გაჩნდა. ეს წამლები მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა სვა, რომ გადანერგილმა ორგანომ იმუშაოს.
ამ სტატიაში მოგითხრობთ პაციენტების ისტორიებსა და იმას, თუ როგორ მუშაობს ორგანოების გადანერგვის სისტემა რუსეთში.
დიალიზი და დედის თირკმელი
ალექსეიმ თირკმელი დედისგან მიიღო ათი წლის წინ. მაშინ 26 წლის იყო. თირკმლების არტერიების პრობლემები ბავშვობიდან ჰქონდა. რამდენიმე ოპერაციის შემდეგ თირკმლის უკმარისობა განუვითარდა. ექიმებმა გადანერგვა ურჩიეს.
„როდესაც თირკმელი ჩერდება, დიალიზზე გადადიხარ (ამ პროცედურით ადამიანის ორგანიზმიდან ნარჩენები და ზედმეტი სითხე გამოაქვთ), - ჰყვება ალექსეი, - შეგიძლია ორგანოს მომლოდინეთა რიგშიც ჩადგე. მაშინ საშუალოდ 3-4 წელი გიწევდა ლოდინი. დიალიზზე წელიწადიც არ ვიყავი, დედის თირკმელი გადამინერგეს“.
დედამ თავად გადაწყვიტა, შვილისთვის დონორი გამხდარიყო. გადანერგვამდე ის მთლიანად გამოიკვლიეს და აუცილებელი ანალიზები გაუკეთეს. ექიმები უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ დონორი ნარკოზს გაუძლებს, ჯანმრთელი გული და ჯანმრთელი ღვიძლი აქვს, ქრონიკულ დაავადებებსა და გართულებებს არ უჩივის.
ოპერაცია მოსკოვში ჩატარდა. ვინაიდან ის ფასიანი სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სიაში შედის, ალექსეის ოჯახს არაფერი გადაუხდია.
„დედამ ხელი მოაწერა თანხმობას და საოპერაციო ოთახში გადაგვიყვანეს, - იხსენებს ის, - დონორს პატარა ლაპარასკოპიულ ჭრილობას უკეთებენ, ორგანოს იღებენ და რეციპიენტს გადაუნერგავენ“.
ოპერაციის შემდეგ ალექსეი სწრაფად გამოჯანმრთელდა. მაგრამ იმისთვის, რომ თირკმელი ორგანიზმს შეეთვისოს, ჯერ იმუნიტეტის დამაქვეითებელი სპეციალური პრეპარატების მიღებაა საჭირო, შემდეგ კი სხვა წამლების.
„წამლები ძვირია, მაგრამ სახელმწიფო მათ უფასოდ გასცემს, - ამბობს ალექსეი, - ზოგჯერ შეიძლება დეფიციტი წარმოიქმნას, იმის გამო, რომ სახელმწიფომ საკმარისად არ შეიძინა. ახლა რუსეთი ცდილობს, თვითონ აწარმოოს ანალოგიური წამალი. მაგრამ მომხდარა, რომ პაციენტებს ჩანაცვლებულმა წამლებმა პრობლემები შეუქმნა. მაინც მნიშვნელოვანია, პრეპარატი ორიგინალური იყოს. მოსკოვში ეს პრობლემა ჯერ არ არის, მაგრამ ვიცი, რომ ზოგიერთ რეგიონში უკვე მთლიანად რუსულ ანალოგებზე გადავიდნენ“.
ორიგინალური წამლების ანალოგებით შეცვლა რუსეთში ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყეს, მაგრამ წამლების მომარაგების პრობლემამ სწორედ სრულმასშტაბიანი ოპერაციის დაწყებისა და სანქციების შემოღების შემდეგ იჩინა თავი.
DSM Group-ის გენერალური დირექტორი სერგეი შულიაკი „ნოვაია გაზეტასთან“ ინტერვიუში ჰყვება, რომ ბაზრიდან ძირითადად ძვირადღირებული, მძიმე პათოლოგიებისთვის განკუთვნილი წამლები ქრება, თუმცა არა სანქციების გამო. მსხვილი მწარმოებლების უმეტესობამ რუსეთში მხოლოდ კლინიკური ექსპერიმენტები შეაჩერა, მედიკამენტები ისევ შემოაქვთ.
უცხოური პრეპარატები სახელმწიფო შესყიდვების გამო გამოილია, მათ ადგილს კი რუსული ანალოგები იკავებენ. DSM Group-ის გამოთვლებით, 2023 წელს სახელმწიფო შესყიდვები მთელ რუსეთში 23 პროცენტით შემცირდა, რეგიონებში - 34,5 პროცენტით.
„მგონია, რომ იმუნოსუპრესორების (ეს პრეპარატი, ორგანოების გადანერგვის შემდეგ იმუნიტეტის დასაქვეითებლად გამოიყენება) კუთხითაც იგივე პრობლემაა, რაც სხვა წამლების მხრივ, - ჰყვება ქირურგი ალექსანდრ ვანიუკოვი, - ლოგისტიკა ძალიან ხანგრძლივი და ძვირი გახდა. ახლა რუსეთის ჯანდაცვის სექტორის ამოცანაა, მიუწვდომელი პრეპარატები რუსულით შეცვალოს. იმის გამო, რომ ეს სწრაფად კეთდება, ხარისხი მოიკოჭლებს. თან, რამდენადაც ვიცი, რუსეთში არავინ ატარებს კვლევებს ანალოგების ეფექტიანობაზე. გააკეთეს პრეპარატი, ფორმულა დაარეგისტრირეს, წამალი დაარეგისტრირეს და წავიდა! ახლა შეიძლება აწარმოო და ხალხს დაურიგო.
იმის გამო, რომ ანალოგები ნაკლებად არის შესწავლილი, შეიძლება ორიგინალთან შედარებით მეტი გვერდითი მოვლენა ჰქონდეს. თუ წამალი უხარისხოა, არაეფექტიანია და ადამიანს არ ერგება, ის ფაქტობრივად მომაკვდინებელი ხდება, - ამბობს ექიმი, - ან პაციენტი საწყის წერტილს უბრუნდება და ხელმეორედ სჭირდება ტრანსპლანტაცია. ეს პირველ ოპერაციაზე გაცილებით პრობლემურია. ამის გამო თავად ოპერაცია ისეთი რთული არ არის, როგორც ორგანოების ფუნქციონირების შენარჩუნება და სათანადო მედიკამენტოზური მხარდაჭერა“.
სოციალურ ქსელებსა და იმ პაციენტების ჩატებში, რომლებიც ორგანოების გადანერგვას ელიან, პრობლემებზე ლაპარაკობენ. მაგალითად, ივლისში „ვკონტაქტეში“ მომხმარებელი წერდა, რომ ანექსირებულ ყირიმში „ზემპლარა“ არ იშოვება. ეს წამალი ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის დროს ინიშნება. იმავეს წერენ პაციენტები ჩელიაბინსკის ოლქიდან, ასევე ვლადივოსტოკიდან და სამარიდან.
„ტელეგრამის“ ჩატში პაციენტები ჩივიან, რომ „მეტიპრედის“ შოვნა უჭირთ. ესეც თირკმლების დაავადების დროს ინიშნება, თუმცა სხვა მრავალ ავადმყოფობასაც კურნავს. პრეპარატის დეფიციტის შესახებ პირველად 2024 წლის იანვარში ალაპარაკდნენ. ჩატის ერთ-ერთი მომხმარებელი ჰყვება, რომ მხოლოდ რუსული ანალოგი მიიღო და ისიც მას შემდეგ, რაც ორი თვით ადრე პროკურატურას მიმართა.
სხვა მომხმარებლები ჰყვებიან, რომ წამლების მისაღებად თვეები იბრძოლეს. „პოლიკლინიკაში ვრეკავდი და ასე მოვიპოვე წამალი... სადღაც თვე-ნახევრის შემდეგ სხვა ქალაქში იპოვეს და ჩვენს აფთიაქში გადმოაგზავნეს“, - ამბობს ვერა (სახელი შეცვლილია). ისეთებიც არიან, ვინც წამლის მიღება მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით მოახერხა.
ასეთი განუკითხაობის გამო ტრანსპლანტაციის რიგში მდგარი ხალხი ძალიან ნერვიულობს. მაგალითად, ივანი (სახელი შეცვლილია) რიაზანიდან, „ვკონტაქტეს“ ერთ-ერთ ჯგუფში კითხულობს, ოპერაციის გადადებას აზრი თუ აქვს, იქნებ, მომავალში აფთიაქებში წამლები შეიტანონო. მომხმარებლები არწმუნებენ, რომ მაინც ჯობს, ორგანო ახლა გადაინერგოს და მედიკამენტებზე მერე იზრუნოს. „თუ უცხოური წამლები გინდათ, მიდით აფთიაქში და იყიდეთ“, - ურჩევს ერთი.
მაგრამ პრობლემა წამლის ღირებულებაა. საკუთარი ფულით მედიკამენტების შეძენა ყველას არ შეუძლია. ჩატებში პაციენტები წერენ, რომ ზოგი წამალი თვეში 200 დოლარამდე უჯდებათ.
„ახლა ბევრი ავარია და ხანძარია, თან ომია და ორგანოები ბევრია“
ილგიზს (სახელი შეცვლილია) თირკმელი 2010 წელს გადაუნერგეს ყაზანში. მაშინ 26 წლის იყო. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მაგრამ თირკმელი დიდხანს მაინც ვერ ემსახურა. ახლა ისევ დიალიზზეა და გადანერგვის მომლოდინეთა რიგში ჩადგომასაც გეგმავს.
„ეზოს ძაღლმა მიკბინა. იმის გამო, რომ თირკმელი მქონდა გადანერგილი, ტრავმატოლოგიურში ტეტანუსის აცრა არ გამიკეთეს და ქირურგთან გამიშვეს. ქირურგმა დიდხანს არ იფიქრა, ჯერ ერთი ნემსი გამიკეთა, მერე - მეორე. პნევმონია დამემართა. ეს ახალი წლის დამდეგს ხდებოდა. როდესაც დღესასწაულის შემდეგ მივადექი ექიმს, მითხრა, ვეღარაფერს გიშველი, ისევ დიალიზი უნდა იკეთოო“, - ჰყვება ილგიზი.
ხელმეორედ ოპერაციის გაკეთებას კარგა ხანი ვერ წყვეტდა, ოპერაციების ახლანდელი ხარისხი არ მოსწონს.
„ადრე კათეტერს და დამატებით მილებს საგანგებოდ ახალი თირკმლისთვის აყენებდნენ. ახლა მხოლოდ მილს აყენებენ თირკმლისთვის და იმასაც სხეულში ტოვებენ. შემდეგ შარდ-სასქესო ორგანოებიდან გამოაქვთ. ამაში სასიამოვნო არაფერია. წლების განმავლობაში ამის გამო ვიკავებდი თავს“, - ამბობს ის.
ცოტა ხნის წინ მისმა მეგობარმა, რომელთან ერთადაც დიალიზზე დადიოდა, ახალი თირკმელი მიიღო. ამან უბიძგა, ოპერაციისთვის საჭირო საბუთები მოეგროვებინა. მოტივაცია იმანაც მისცა, რომ ბოლო დროს ორგანოს ძველებურად დიდხანს აღარ ელოდებიან. ილგიზის მეგობარი მხოლოდ წელი იცდიდა. „ჩემი აზრით, ახლა ყველგან ავარიებია, ხანძარი, თან ომია და ორგანოები უფრო მომრავლდა“, - ამბობს ილგიზი.
რუსეთში ახლა მართლაც უფრო ხშირად აკეთებენ ორგანოების გადანერგვას. 15 წლის განმავლობაში ტრანსპლანტაციების რაოდენობა თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. ყველაზე ხშირად თირკმლების გადანერგვა ხდება. 2023 წელს, მაგალითად, სულ 3 ათასზე მეტი ოპერაცია გააკეთეს, აქედან 1640 თირკმლების ტრანსპლანტაციას უკავშირდებოდა. მეორე ადგილს ღვიძლი იკავებს - 752 ოპერაცია.
ქირურგი ალექსანდრ ვანიუკოვი მიიჩნევს, რომ ნაკლებად სავარაუდოა ტრანსპლანტაციების რაოდენობა სრულმასშტაბიან ომს უკავშირდებოდეს. „დონორული ორგანოების მიმართ საკმაოდ მაღალი მოთხოვნებია, ჭირს მათი შოვნა. შესაძლოა, აქ დაბალი ბაზის ეფექტმა იმუშავა (როდესაც რომელიმე მაჩვენებელი ძალიან დაბალი ნიშნულიდან მკვეთრად იზრდება. - რ.თ.), რადგან დონორები ცოტა იყო, ბოლო წლებში კი მართლა მომრავლდნენ. ან შესაძლოა ოპერაციებს უფრო ბევრგან აკეთებენ“.
27 წელი დიალიზზე
თირკმელი ყაზანში აინურსაც (სახელი შეცვლილია) გადაუნერგეს. მას ბავშვობიდან თირკმლების ქრონიკული დაავადება ჰქონდა, ხოლო როდესაც 10 წლისას გრიპი დაემართა, მისი მდგომარეობა უკიდურესად გართულდა. 17 წლისას თირკმლები აღარ უმუშავებდა.
აინური რიგში ორი წელი იდგა. სამი თვის წინ ახალი თირკმელი მისცეს, მანამდე 27 წელი დიალიზს იკეთებდა.
„მანამდე რიგში არ ვდგებოდი, რადგან უხარისხოდ აკეთებდნენ ოპერაციებს, - განმარტავს აინური, - გვერდითი მოვლენები უამრავი იყო, თან 10-20 წელი იცდიდი. მერჩივნა დიალიზზე ჩემი ფეხით მევლო. ახლა მითხრეს, რომ ოპერაციებს უფრო ხშირად აკეთებენ და რეაბილიტაციაც უკეთესად მიდის, ამიტომ გადავწყვიტე“.
რიგში ჩადგომამდე პაციენტმა ანალიზები უნდა აიღოს და ოპერაციამდე ყოველ ორ თვეში შეამოწმოს. როგორც კი საავადმყოფოში საჭირო ორგანო გამოჩნდება, რამდენიმე პაციენტს დამატებითი გამოკვლევებისთვის იბარებენ. ამის შემდეგ ექიმები წყვეტენ, ორგანო ვის უფრო მეტად შეესაბამება. აინური ოპერაციამდე დამატებითი ანალიზების ჩასაბარებლად სამჯერ მივიდა საავადმყოფოში.
რიგში ხელმეორედ
35 წლის ალექსანდრი (სახელი შეცვლილია) ტიუმენიდან არის. პირველად თირკმელი 2001 წელს გადაუნერგეს ორმხრივი ჰიპოქციის გამო. რამდენიმე წლის წინ თირკმელი გაითიშა და ისევ რიგში ჩადგომა მოუხდა.
სანამ ალექსანდრი ოპერაციისთვის ემზადება, პრეპარატების პრობლემა არა აქვს, მხოლოდ ის აწუხებს, რომ რუსული ანალოგები გვერდითი მოვლენებით გამოირჩევა. თუმცა, ტიუმენში მათ უფასოდ და უპრობლემოდ გასცემენ.
პირველი ოპერაციის დროს ალექსანდრს მოუყვნენ, რომ თირკმელი 55 წლის მამაკაცისგან მიიღო. მას თავის ტრავმა ჰქონდა. ზოგადად ექიმები პაციენტებს ამასაც არ ეუბნებიან. დონორების ანონიმურობა დაცულია.
„"რთული" პაციენტები არავის უყვარს“
ტრანსპლანტაციის ყველა ოპერაცია კარგად არ სრულდება. ერთ ასეთ შემთხვევაზე „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ 39 წლის ირინა (სახელი შეცვლილია) ჰყვება. ის სამხრეთ ურალიდანაა.
2022 წელს ირინას მოსკოვში გადაუნერგეს თირკმელი. ოპერაცია წარუმატებელი გამოდგა. მანამდე, 2014 წელს, ირინას ძვლის ტვინის გადანერგვაც გაუკეთეს სანქტ-პეტერბურგში. რეაბილიტაციას ორი თვე დასჭირდა, რადგან ოპერაციის შემდეგ ქალი რეანიმაციაში მოხვდა და ხელოვნურ კომაში შეიყვანეს.
თირკმლის გადანერგვა უარესი გამოდგა. ირინას სისხლდენა დაეწყო და ორგანოს ამოკვეთა გახდა საჭირო. ახლა მორიგი ოპერაციისთვის საავადმყოფოს ეძებს.
„"რთული" პაციენტები არავის უყვარს, - ამბობს ირინა, - ექიმისთვის უარის თქმა უფრო იოლია, ვიდრე დახმარება. პაციენტი იძულებულია თავად მოძებნოს ექიმი, დააინტერესოს ის, ან ემპათია გამოიწვიოს მასში. ეს სულაც არ არის იოლი, რადგან ქირურგ-ტრანსპლანტოლოგებს სამუშაო ისედაც თავზე აყრიათ“.
ვინ იყო თირკმლის დონორი, ირინამ არ იცის, თუმცა ძვლის ტვინის დონორის ვინაობა ექიმებმა ორი წლის შემდეგ გაუმხილეს. ის გერმანიის მკვიდრი გამოდგა, დონორების გლობალური ბაზიდან. ტრანსპლანტაციის ხარჯები საკუთარ თავზე აიღო საქველმოქმედო ფონდმა „ადვიტამ“.
„მან ძვლის ტვინი ჩააბარა, რადგან მის ძმისშვილს მსგავსი ოპერაცია დასჭირდა და ახლობლებმა გადაწყვიტეს, პოტენციური დონორები გამხდარიყვნენ. დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ცოტა მშრალია - მე საკუთარ თავზე მოვუყევი, დონორობისთვის მადლობა გადავუხადე. მისითაც დავინტერესდი, მაგრამ ურთიერთობისთვის მეტი გადაკვეთის წერტილი არ აღმოგვაჩნდა“, - ამბობს ირინა.
ვინ შეიძლება რუსეთში ორგანოების დონორი გახდეს?
ცოცხალი ადამიანი დონორი მხოლოდ ნათესავისთვის ხდება. ოპერაციის წინ დონორს აუცილებლად იკვლევენ, რომ გადანერგვა მისი ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ აღმოჩნდეს. შემდეგ დონორი თანხმობას აცხადებს. მას შეუძლია, ნათესავს თირკმელი ან ღვიძლის ნაწილი მისცეს.
უფრო ხშირია გარდაცვალების შემდეგ დონაციის შემთხვევები. 2023 წელს ტრანსპლანტაციების მხოლოდ 13 პროცენტის შემთხვევაში იყვნენ დონორები ნათესავები, 2022 წელს - 18 პროცენტის, 2021-ში - 19 პროცენტისა.
მიიჩნევა, რომ ერთ დონორს რვა პაციენტის დახმარება შეუძლია. გარდაცვალების შემდეგ ადამიანისგან შეიძლება აიღონ თირკმლები, ღვიძლი, ფილტვები, გული, პანკრეასი, წვრილი ნაწლავი, თვალის რქოვანა, ძვლისა და სახსრების ფრაგმენტები.
მაგალითად, მაქსიმმა დონორის რქოვანა 2000 წელს მიიღო მოსკოვში. მას ბავშვობიდან ჰქონდა მხედველობის პრობლემა. როდესაც 30 წლის გახდა, მორიგი გეგმური შემოწმებისას ექიმმა კერატოკონუსის დიაგნოზი დაუსვა (რქოვანას დეგენერაცია).
მაქსიმს ოპერაციები მოსკოვის სხვადასხვა კლინიკაში უტარდებოდა, მაგრამ დონორის ვინაობა არცერთში არ გაუმხელიათ.
გარდაცვალების შემდეგ დონორები რუსეთში ძირითადად ის პაციენტები ხდებიან, რომლებიც საავადმყოფოებში მძიმე ჭრილობის ან ტვინის დაავადების შედეგად მოკვდნენ. ამის შესახებ გადაცემაში „ტაკიე დელა“ ჰყვება საქველმოქმედო ფონდ „ორგანოების დონორობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ანდრეი ანისიმოვი.
ზრდასრულებისთვის რუსეთში თანხმობის პრეზუმფცია მოქმედებს. დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ამაზე წინასწარ უარი არ უთქვამს. დონორები შესაძლოა ბავშვებიც იყვნენ, მაგრამ ამისთვის ერთ-ერთი მშობლის თანხმობაა საჭირო.
ასევე ექიმები უნდა დარწმუნდნენ, რომ დონორს არ ჰქონდა კიბო, შიდსი, C და B ჰეპატიტი, სიფილისი ან სეფსისი. დონორის ვინაობას პაციენტს არ უმხელენ, შესაძლოა მხოლოდ წლოვანება და სიკვდილის მიზეზი უთხრან.
ეთიკური პრობლემები
რუსეთში ტრანსპლანტოლოგიის მთავარი პრობლემა ეთიკური მხარეა. ალექსანდრ ვანიუკოვის თქმით, დღემდე გაუგებარია, როგორ უნდა დაადგინო ადამიანის გარდაცვალება, ვინ იღებს გადაწყვეტილებას ამის შესახებ და როგორ უნდა მოელაპარაკო ახლობლებს, თუკი ისინი გადანერგვის წინააღმდეგი არიან. ფორმალურად სიტყვიერი უარიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ტრანსპლანტაცია არ შედგეს.
საქმე იოლდება, როდესაც დონორი თავად აწერს ხელს თანხმობას თავისი ორგანოების გამოყენებაზე.
„ეთიკური პრობლემების გამო ლოგისტიკური პრობლემებიც იქმნება. ორგანო ახალი უნდა იყოს. დონორის შესახებ დროულად უნდა აცნობო კლინიკას, ჯგუფი უნდა გამოვიდეს ორგანოს გადასატანად. თან ეს ყველაფერი მალე უნდა მოხდეს, - ჰყვება ალექსანდრი, - კანონმდებლობა იხვეწება, მაგრამ რამდენადაც ვიცი, დღეს რუსეთში მკაფიო პროგრამა და დონორების ერთიანი რეესტრი ჯერ არ არის“.