რატომ მეორე და რატომ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე? - თბილისში ახალი აეროპორტი აშენდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - ფოტოილუსტრაცია

მთავრობა თბილისში მეორე საერთაშორისო აეროპორტის აშენებას აპირებს. გეგმით, ახალმა აეროპორტმა ვაზიანში, ყოფილი სამხედრო აეროპორტის ტერიტორიაზე წელიწადში 19 მლნ მგზავრი უნდა მიიღოს.

საქართველოს სამი საერთაშორისო აეროპორტი აქვს, აქედან ორს, ბათუმისა და თბილისის აეროპორტებს, “ტავ ურბან საქართველო” მართავს. სახელმწიფოსთან 2005 წელს გაფორმებული კონტრაქტით ამ უფლებას კომპანია 2027 წლამდე ფლობს. იმავე ხელშეკრულებით არ შეიძლება, რომ თბილისის აეროპორტიდან 150 კილომეტრის რადიუსში საერთაშორისო აეროპორტი აშენდეს. GOOGLE MAP-ის მიხედვით, თბილისის აეროპორტიდან ვაზიანის ყოფილ აეროდრომამდე დაახლოებით 15 კილომეტრია.

“ტავ ურბან საქართველოს” პოზიცია ვაზიანში აეროპორტის მშენებლობაზე უცნობია, კომპანიაში კომენტარზე უარი გვითხრეს, თუმცა, თუ მშენებლობა გეგმით წარიმართა, ახალმა აეროპორტმა პირველი მგზავრი 2029 წელს უნდა მიიღოს. ანუ მაშინ, როცა კომპანიასთან დადებულ კონტრაქტს ვადა ამოეწურება.

ამ ეტაპზე უცნობია, ახალი აეროპორტის ოპერატორი კვლავ “ტავ ურბან საქართველო” იქნება თუ არა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია. მისივე თქმითვე, არსებული აეროპორტი ფუნქციონირებას შეწყვეტს, თუმცა რა იქნება ამ ტერიტორიაზე, მთავრობა ჯერ კიდევ მსჯელობს.

ლოგიკური იქნებოდა, თუკი “ტავ ურბან საქართველოს” ქვეყანაში დარჩენა 2027 წლის შემდეგაც უნდა, რადგან ქართული აეროპორტის მართვა კომპანიისთვის ძალიან მომგებიანია.

სჭირდება თბილისს ახალი აეროპორტი?

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს არსებობის მანძილზე ყველაზე მეტი მგზავრი 2018 წელს ჰყავდა, დაახლოებით 3,8 მლნ. ამის შემდეგ რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა გაწყვიტა, რის გამოც აეროპორტში მგზავრების რიცხვი შემცირდა, შემდეგ პანდემია დაიწყო, რამაც გლობალურად ავიაცია გააჩერა, ამან მგზავრების რაოდენობა 590 ათასამდე შეამცირა.

შარშანაც ვერ მოხერხდა 2018 წლის მაჩვენებელთან დაბრუნება, მაგრამ მთავრობა მიიჩნევს, რომ ქვეყანას იმხელა აეროპორტი სჭირდება, რომელსაც 19 მლნ მგზავრის გატარება შეუძლია.

“ჩვენი გათვლით, 2050 წლისთვის [მგზავრები] დაახლოებით 19 მლნ შეიძლება იყოს. აქ მხოლოდ ტურიზმს არ ვგულისხმობ, არამედ მოქალაქეების მეტ მობილობას”, - ამბობს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

ავიაციის ექსპერტის ირაკლი ნასიძის თქმით, ბოლო ოც წელიწადში საქართველოს აეროპორტებში მგზავრების ნაკადი “აგრესიულად” სწრაფად გაიზარდა. იგი ეჭვობს, მომდევნო წლებშიც ქვეყნის მთავარ აეროპორტს 19 მილიონი მგზავრის მიღება დასჭირდეს:

„დიდ სურათში რომ შეხედო, ფაქტობრივად, არარსებული ბაზრიდან [2003 წლისთვის] გავიზარდეთ 3,7 მლნ მგზავრამდე. ზრდის ეს მაჩვენებელი ძალიან “აგრესიული” იყო, თუმცა რაღაც დონეს რომ აღწევს, ზრდა კი გრძელდება, მაგრამ ეს ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც 2004 წლიდან იყო. ახლანდელი გათვლა, 19 მლნ მგზავრი, ამბიციური რიცხვია, რადგან ვამბობთ, რომ ჩვენი ტრაფიკი კიდევ 5-ჯერ გაიზრდება”, - ამბობს ამბობს ნასიძე.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თანახმად, სახელმწიფო ორ ვერსიაზე მსჯელობდა:

  • პირველი - გაეფართოებინა ძველი, რაც 900 მილიონი ლარი დაჯდებოდა
  • აეშენებინა ახალი - ფასი მილიარდ 260 მილიონი დოლარი

თუმცა ძველის რეკონსტრუქციით მგზავრთა ნაკადი 15 მილიონამდე ავიდოდა, ახალი კი 4 მილიონი ლარით მეტი მგზავრის მომსახურების საშუალებას იძლეოდა.

“კვლევამ გამოკვეთა, რომ ახალი აეროპორტის აშენება უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, ვიდრე არსებულის გაფართოება. მისი გაფართოება შესაძლებელია, მაგრამ მგზავრების იმ ოდენობის მიღება, რაც ახალ აეროპორტში იქნება შესაძლებელი, გაფართოების შემთხვევაში შეუძლებელია”, - ამბობს აზიის განვითარების ბანკის [ADB] წარმომადგენელი დავით კიზირია.

ბანკს კვლევა სახელმწიფომ დაუკვეთა. დავით კიზირიას თქმით, ვაზიანის ტერიტორია სახელმწიფოსთან ერთად შეარჩიეს - “საკმაოდ ბუნებრივი ლოკაციაა თბილისთან სიახლოვის გამო, თან ტერიტორია სახელმწიფოს ეკუთვნის და იქ წარსულში აეროპორტი იყო”.

ხელისუფლების გათვლებით, ახალმა აეროპორტმა ქვეყანას წელიწადში დაახლოებით 350 მლნ ლარის სარგებელი უნდა მოუტანოს.

ავიაციის ექსპერტს იასე ზაუტაშვილს მიაჩნია, რომ 19 მლნ მგზავრი თბილისისთვის ძალიან ბევრია და უფრო რაციონალური გადაწყვეტილება ძველის გაფართოება იქნებოდა: “რატომ აირჩია [სახელმწიფომ] ვაზიანის ტერიტორია?! თხუთმეტი კილომეტრით უფრო შორს უნდა ვატაროთ მგზავრი, თან მას საკუთარი ფუნქცია გააჩნია, სამხედრო წვრთნების კუთხით და შეიძლებოდა მისთვის ფუნქციის შენარჩუნება. სამაგიეროდ გაუმჯობესებულიყო არსებული აეროპორტი… საქართველოს იმხელა ტურისტული ინფრასტრუქტურა არ აქვს, რომ 17-18 მილიონი სტუმარი მიიღოს”, - ამბობს ის.

ვინ გადაიხდის აეროპორტის მშენებლობაში ფულს?

თითქმის 1,3 მილიარდი დოლარი, რაც ახალი აეროპორტის აშენებას სჭირდება, საქართველოს ბიუჯეტისთვის ძალიან დიდი თანხაა. მაგალითად, განათლების სამინისტროს ჯამური ბიუჯეტი ამაზე ნაკლებია.

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა “იმედის” ეთერში თქვა, რომ ვაზიანის აეროპორტი ფინანსურად “მიმზიდველი” პროექტია და აეროპორტების გაერთიანება [სახელმწიფო კომპანია] ბიუჯეტის ფულის დასაზოგად კერძო ინვესტიციების მოზიდვას შეეცდება.

აეროპორტი სამხედრო ბაზის გვერდით?

ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი და კარგად აღჭურვილი მრავალპროფილური სამხედრო ბაზა მდებარეობს, აქვეა ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ბაზაც, რომელიც არაერთხელ გამხდარა რუსეთის უკმაყოფილების საბაბი.

ასევე ნახეთ ახალი აეროპორტი ვაზიანის სამხედრო ბაზასთან - რა ვიცით მთავრობის ამ იდეის შესახებ?

აქ დისლოცირებულია მეოთხე მექანიზებული ბრიგადა - ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი, კარგად გაწვრთნილი და კარგად აღჭურვილი სამხედრო დანაყოფი შეიარაღებულ ძალებში.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ვაზიანზე აეროპორტის მშენებლობას სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისით არასწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს:

“გარდა იმისა, რომ ამ ბაზაზე შეიარაღებული ძალების დიდი კონტინგენტია განლაგებული, ის თბილისის ფარია. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მისი გადატანა ნიშნავს, რომ უნდა მოიძებნოს თბილისის გარშემო ასეთივე მასშტაბის ტერიტორია, უნდა დაიხარჯოს იგივე თანხა, რაც 30 წელი ჩვენი პარტნიორების მიერ იხარჯებოდა. რამდენიმე მილიარდზე ვლაპარაკობთ, რაც წარმოუდგენელი თანხაა”, - ამბობს ხიდაშელი და ამატებს, აეროპორტის გაფართოება შესაძლოა ქვეყანას ახლის მშენებლობაზე ძვირი დაუჯდეს, მაგრამ ამ ხარჯებში ვაზიანის სამხედრო ბაზის გადატანის თანხაც უნდა შევიდეს.

“ამის შემდეგ ვილაპარაკოთ, რა უფრო ძვირი ან იაფი დაუჯდება ქვეყანას. როგორ შეიძლება, ვაზიანზე, თითქოს ცარიელი მინდორია, ისე ვილაპარაკოთ. ვფიქრობ, ამ საკითხზე პარტნიორებს სრულიად ცალსახა პოზიცია ექნებათ, ისევე როგორც “აგენტების კანონზე”. ხელისუფლება დღეს ხომ ამ ტალღაზეა, რომ ყველაფერს აკეთებს იმის საწინააღმდეგოდ, რასაც ჩვენი პარტნიორები გვირჩევენ და რაც გრძელვადიანად ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს”, - ამბობს ხიდაშელი.

თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა რამდენიმე თვის წინ პარლამენტში თქვა, რომ პირველადი პოზიციაა, რომ აეროპორტი ვაზიანის ბაზას ხელს არ შეუშლიდა. თავდაცვის სამინისტროს ვკითხეთ, შეიცვლის თუ არა ვაზიანში არსებული სამხედრო ბაზა ადგილს.

განახლება: მასალის გამოქვეყნების შემდეგ თავდაცვის სამინისტროდან გვიპასუხეს, რომ "სამინისტრო პირველი დღიდან ჩართულია ახალი აეროპორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებულ განხილვებში.

შესაბამისი კომპეტენტური ჯგუფების მონაწილეობით, საკითხი შესწავლი იქნა შიდაუწყებრივ დონეზე, რის შემდეგაც არ გამოკვეთილა ვაზიანის ტერიტორიაზე სასწავლო პოლიგონის ფუნქციონირების, მათ შორის საერთაშორისო სწავლებების ხელმშემშლელი გარემოება.

აქვე აღსანიშნავია, რომ ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობის საკითხი განხილული იქნა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს სხდომაზე, თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით".