საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსი მრჩეველთა საბჭომ დღეს თავიდან გამოაცხადა - მას შემდეგ, რაც 31 მაისს საბჭომ ვერ აირჩია რეგიონალური მაუწყებლის ხელმძღვანელი და კონკურსი ჩავარდა. ფარული კენჭისყრის შედეგად პირველ ტურში ხმები დირექტორობის 8 კანდიდატიდან 4-ზე გადანაწილდა, მეორე ტურში კი იგივე შედეგი დადგა: დირექტორის ასარჩევად საჭირო სამი ხმა ვერც ერთმა ვერ მიიღო. საბჭოს ხუთი წევრიდან ორმა ხმა მისცა მერაბ წულუკიძეს, თითო-თითო ხმა მიიღეს ირმა ზოიძემ, ბაჩო გურაბანიძემ და ნათია ზოიძემ.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპზე ჩავარდნას ღია წერილით გამოეხმაურა ერთ-ერთი კანდიდატი, ნათია ზოიძე, რომელიც ამჟამად რეგიონალური მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას ასრულებს. გავრცელებულ განცხადებაში იგი ირწმუნება, რომ წერილს პირადი მოტივით არ წერს, თუმცა კონკურსის შედეგი (მიიღო ერთი ხმა)აღიქვა მოთხოვნად (როგორც საჯაროდაც უთხრეს), რომ ის მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკას ჩამოშორდეს. „მრჩეველთა საბჭო 31 მაისის გადაწყვეტილებით ხელს უწყობს არხის თავისუფალი საინფორმაციო პოლიტიკის ვექტორის შეცვლას“, - ფიქრობს ნათია ზოიძე. მისი შეფასებით, ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის, იმპიჩმენტის საკითხის დაყენებიდან დღემდე ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო არის პოლიტიკურად მოტივირებული.
„ნათია კაპანიძის უნდობლობიდან ერთ კვირაში სახელისუფლებო გუნდის სხვადასხვა ვერტიკალის ინიციატივით მომიგზავნეს ჩემთვის ძალიან ახლობელი და ძვირფასი ადამიანები. მთხოვდნენ, მშვიდად გამეგრძელებინა მუშაობა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილის პოზიციაზე და სასურველი იყო, დირექტორის არჩევნებში არ მიმეღო მონაწილეობა. უმოქმედობა იქნებოდა ხელისუფლების თანამზრახველობა, რადგან ცხადი იყო, რომ ხელისუფლება სასურველ კანდიდატს ამზადებდა“, - ნათქვამია საჯარო წერილში, თუმცა ვის გულისხმობს ხელისუფლების სასურველ კანდიდატში, ნათია ზოიძე წერილში არ აკონკრეტებს და არც განმარტებას იძლევა. მან რადიო თავისუფლებას უარი უთხრა ინტერვიუზე.
ასევე ნახეთ გაიგე, ვის სურს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელობანათია ზოიძის წერილის პათოსს არ იზიარებს მრჩეველთა საბჭოს წევრი გიორგი ირემაძე:
„იქ გამოხატული ვარაუდები, სწორედაც რომ, თუ ლოგიკურად მივუდგებით, დამდგარი შედეგის საპირისპიროა. დამდგარმა შედეგმა კი აჩვენა, რომ არც ერთი ძალაუფლების მატარებელმა სავარაუდო გავლენამ, რომელზეც შეიძლება ფიქრობდეს საზოგადოება, არ იმუშავა. დადასტურდა, რომ მრჩეველთა საბჭო არ არის გავლენის ქვეშ. ნათიას აქვს უფლება ემოციური დამოკიდებულება ჰქონდეს თემისადმი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის, რა გადაწყვეტილებაც მიიღო მრჩეველთა საბჭომ, წერილის სულისკვეთებას ლოგიკურად არ ადასტურებს“.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი ბეჟან გობაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ, მცდელობის მიუხედავად, მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობა არ მოექცა გავლენის ქვეშ, რასაც, მისივე თქმით, ადასტურებს ის ფაქტი, რომ საბჭომ დირექტორი ვერ აირჩია. ბეჟან გობაძე საბჭოს ერთადერთი წევრია, რომელმაც ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის, გადაყენებას მხარი არ დაუჭირა და მაშინ ეს პროცესი შეაფასა პოლიტიკურად მართულად. თუმცა ახალი დირექტორის კონკურსის ჩავარდნის შემდეგ იგი დადებითად აფასებს შედეგს:
„მცდელობები ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ჰქონდა, მაგრამ, მთლიანობაში, ბორდი რომ არ მოექცა არავის გავლენის ქვეშ, ეს იყო ფაქტი, იმიტომ რომ არ იქნა არჩეული დირექტორი. ვფიქრობ, რომ ვინც წინა დირექტორის გადაყენების საკითხი დააყენა, იმ ადამიანებმა ხელისუფლების დავალებით ორი ხმა მისცეს ახალ კანდიდატს. ვინც დააყენა დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი, ისინი ისევ ერთად იყვნენ და ლობირებდნენ ერთ კანდიდატს. პირადად ჩემი საქმეში გაყვანაც უნდოდათ, რომ მეც პირადად დამეჭირა მხარი, მაგრამ მრჩეველთა საბჭო არ მოექცა პოლიტიკური გავლენის ქვეშ“.
აზრს, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის გადაყენებასა და ახალი დირექტორის არჩევის პროცესზე პოლიტიკური გავლენის მცდელობა იქნებოდა, იზიარებს რეგიონალური მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატი ირმა ზოიძე. იგი ამბობს, რომ სწორედ ამის გამო გადაწყვიტა კონკურსში მონაწილეობა მიეღო და განაცხადის შეტანას მეორედ გამოცხადებულ კონკურსშიც აპირებს:
„არის საფრთხეები, რომ ყველაფერი სწორად არ წავიდეს. არიან დაინტერესებული ადამიანები, ხელისუფლების წევრები, რომლებსაც სურთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტელევიზია და რადიო იყოს მათი რუპორი და ეს ჩემი ეჭვები გამართლდა კიდეც, იმიტომ რომ მთლიანად ამ კონკურსის პროცესში, დებატების და გასაუბრების დროსაც ადვილი დასანახი იყო და ის ორი ხმა როგორ მიიღო ერთმა კანდიდატმა. უბრალოდ, ბორდი ამ შემთხვევაში არ არის ერთსულოვანი და ეს გასაგებია, მაგრამ მცდელობები რომაა, ეს დასანახია“.
ასევე ნახეთ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის იმპიჩმენტის საქმემე ამ ეჭვებს უნდა ვუპასუხო? - ასეთი კითხვა დაგვისვა გიგა ჩხარტიშვილმა მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით. იგი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში „ქართული ოცნების“ კვოტით მოხვდა. სწორედ მან დააყენა მრჩეველთა საბჭოში ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის, გადაყენების საკითხი.
„მე იმდენი ეჭვი მაქვს, ძალიან ბევრი ეჭვი მაწუხებს ცხოვრებაში ვიღაცების საქმიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ ეჭვებით ლაპარაკი ფაქტებზე არის ჭორაობა. ყველას ეჭვებზე კომენტარი რომ ვაკეთო, გამოდის, რომ უნდა ვიჭორაო. ვფიქრობ, რომ მრჩეველთა საბჭოს თითქმის ყველა წევრს თავისი შეფასების კრიტერიუმი ჰქონდა, ზოგს პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ზოგი კანდიდატის წარსულს ითვალისწინებს, ზოგი ხედვას აფასებს, ზოგიც კანდიდატს ენდობა და ა.შ. გადაწყვეტილების მოტივაცია კი მეტ-ნაკლებად ყველას ერთნაირი ჰქონდა“, - ამბობს გიგა ჩხარტიშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ხუთი წევრიდან ორი „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტითაა არჩეული, ერთი კი - „ქართული ოცნების“, თითო-თითო წევრიც - რესპუბლიკური პარტიისა და პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით. ამ შემადგენლობით მრჩეველთა საბჭოს 4-მა წევრმა ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. თავის მხრივ, ნათია კაპანაძემ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.